მეორე ოთხშაბათი: კაფკას კვირეული

მოდი თავი მოვიტყუოთ, რომ ახლა ოთხშაბათია. უვნებელი ტყუილია, არაფერს დაგვიშავებს. წინაზე კაფკას “მეტამორფოზას” და “პროცესს” დაგპირდით. ოღონდ, ამჯერად შენიშვნას გავითვალისწინებ და მთლიან შინაარს არ მოგიყვებით. წიგნის დასასრულის გამჟღავნება მისადმი ჩემს ინტერესზე, დიდად არ მოქმედებს. მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს ერთი სიტყვითაც კი შეგიძლია დაუკარგო ინტერესი. მგონი, თითოეულ ადამიანს აქვს ასეთი მიდრეკილება ნებისმიერი წიგნისადმი. ისინი ქვეცნობიერად თითქოს ჩასაფრებულები იყვნენ და ერთ ცუდ შეფასებას ელოდნენ სხვისგან. ამიტომაა, რომ ძალიან იშვიათად თუ ვეკითხები ადამიანებს აზრს ისეთ წიგნებზე, რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს.

რახან პირველი მეტამორფოზა წავიკითხე, მისით დავიწყებ:

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას(ასაკი აღარ მახსოვს 16 იყო თუ 18).  ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა.  რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ,  მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება.

კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას  ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. რამდენიმე რევიუს გადავხედე და ყველას წიგნის მთავარი აზრი ეგზისტენციალიზმიდან გამომდინარე გამოჰყავდა. მათთვის წიგნის მთავარი სათქმელი იყო ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანი:”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.”

მართლაც, წიგნს საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივყავართ, მაგრამ ჩემთვის წიგნში მთავარი მაინც ასეთი დასკვნის მიზეზია: როდესაც ადამიანი კარგავს თავის ფუნქციებს და პრივილეგიებს, ის უსარგებლო ხდება. სწორედ ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ემოციური თუ სხვა სახის კავშირები მასა და სხვა ადამიანებს შორის საკმაოდ მყიფეა და სინამდვილეში ურთიერთობების მხოლოდ მათზე დამყარება თითქმის შეუძლებელია, თუ ამ ყველაფერს ორივე მხრისთვის მატერიალური სარგებელი არ ექნება. კი, ჩვენ არ ვართ ჰიტლერები და ევთანაზიით არ ვხოცავთ ინვალიდებს(ამაში მორალიც გვზღუდავს), მაგრამ ამავდროულად ერთხელ მაინც წამოგვცდება ხოლმე, რომ ისინი მძიმე ტვირთად გვაწვანან.

ახლა “პროცესზე” გადავიდეთ. მაგრამ სანამ უშუალოდ წიგნზე ვისაუბრებდე, ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ: იქიდან გამომდინარე, რომ ვცდილობ წიგნის წაკითხვამდე ან კითხვისას არ მოვისმინო არავის აზრი(მიდრეკილება გაიხსენეთ), თავს ვარიდებ მათ შესახებ რამის წაკითხვას. ამიტომ, სანამ ამ წიგნს ვკითხულობდი, ძალიან მტანჯავდა ორი აზრი: ან რომ მისთვის მგონი ტვინი არ მყოფნიდა, ან კიდევ ამ ერთ კვირაში ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ინგლისური ენა აქვს შესწავლილი, რაღაც ჯანდაბა დაემართა და სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა და ეს იყო მიზეზი, რატომაც რაღაცებს ვერ ვიგებდი. საბოლოოდ, ეს ფიქრები მაშინ ამოვიგდე თავიდან, როდესაც წიგნის კითხვა დავამთავრე და სხვების შეფასებებიც მოვისმინე. შვებით ამოვისუნთქე მაშინ, როდესაც ვნახე, რომ თურმე ჩემი უვიცობის გამო კი არ იყო ბევრი ბუნდოვანი ადგილი, არამედ თვითონ წიგნი ყოფილა ასეთი.

წიგნში მოთხრობილი ამბავი “მეტამორფოზაზე” არანაკლებ უჩვეულოა. აქ პროტაგონისტი იოზეფ ქეი ერთ დილას გაიღვიძებს(დააკვირდით ესეც რომ გაიღვიძებს მაშინ აკეთებს თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვან “აღმოჩენას”) და აღმოაჩენს, რომ იგი ეჭვმიტანილია და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაგეგმილი. რაშია ეჭვმიტანილი, იოზეფი საბოლოოდ ვერც იგებს, ისევე როგორც ჩვენ, ხახამშრალი დარჩენილი მკითხველი. იოზეფი საკმაოდ შეძლებული ადამიანია და საზოგადოების მოწინავე ფენის წევრიც. იგი ერთ–ერთი ბანკში მაღალი თანამდებობის პირია. მისი ტვინი მთლიანად ამ სასამართლოსთან დაკავშირებული საქმითაა მოცული და სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ცდილობს, რაიმე გაარკვიოს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. მას სასამართლოში გამეფებული ბიუროკრატია და (ასე ვთქვათ) თავად სამართლის უსამართლობა უშლის ხელს. წიგნის კითხვისას თანდათან იკვეთება, რომ იოზეფის მთლიანი გარემოცვა, ყველა მისი ნაცნობი, თანამშრომელი, სინამდვილეში ამ პროცესშია ჩართული. საბოლოოდ ისეთი შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოთ, რომ “ტრუმანის შოუს” მსგავს ისტორიას კითხულობთ. საბოლოოდ, იოზეფი ამ ყველაფერს ხვდება, მაგრამ ის უძლურია, რადგან მარტოა ყველას წინააღმდეგ. რა ბედი ეწევა მის პროცესს და თავად იოზეფსაც, ამას ბოლო აბზაცში გაიგებთ, რომელიც ალბათ მთელ წიგნადაც ღირს. დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მას ციტატად, მაგრამ იგი ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას.

როგორც გითხარით, წიგნში ძალიან ბევრი რამ ბუნდოვანია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თუ მისი კითხვისას რაიმეს ვერ გაიგებთ. საერთოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ წიგნი ნაწილობრივ დაუსრულებელია. დაუსრულებელია ერთი მთლიანი თავი(თუ ზუსტად მახსოვს მერვე) და ასეც აწერია: “ეს თავი არ არის დასრულებული”. მართალია წიგნს საბოლოოდ, დასასრული აქვს, მაგრამ ის დასასრულამდე არის დასასრულებელი. ერთი სიტყვით, ბუნდოვან ადგილებზე ტვინს ნაკლებად თუ დაიჭყლეტთ და ისე წაიკითხავთ, უკეთესი იქნება. საერთოდ, ეს წიგნი კაფკას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ის იმ ხელნაწერებში იყო, რომლებიც მან სიკვდილის წინ მეგობარს, მაქს ბროდს გადასცა და სთხოვა დაეწვა ისინი:

“Dearest Max,” it began. “My last request: Everything I leave behind me . . . in the way of diaries, manuscripts, letters (my own and others’), sketches and so on, to be burned unread.”

შეიძლება მას უბრალოდ არ დასცალდა მისი დასრულება, ან სულაც მიატოვა და ამიტომაც აჩენს იგი ბევრ კითხვას. საბოლოოდ, მისი შეფასება გამიჭირდება, მაგრამ იურისტებისათვის და არა მარტო მათთვის, საკმაოდ საინტერესო წასაკითხი იქნება, რადგან დაინახავენ, რომ ზოგჯერ კანონი ყველაზე დიდი უსამართლობაა.

შემდეგი კვირისთვის, სავარაუდოდ, მიგელ დე უნამუნოს “ბურუსზე” დავწერ. კიდევ ერთი ეგზისტენციალისტი. უკვე მესამეა მიყოლებით. მაგრამ ეს უბრალო დამთხვევაა და სულ არ მქონდა ეგზისტენციალისტურ ლიტერატურასთან ზიარების განზრახვა. მაგრამ უნებლიედ ასეც გამოვიდა.

6 thoughts on “მეორე ოთხშაბათი: კაფკას კვირეული

  1. პროცესი სტრანნია, თავიდან მეც მეგონა რომ რაღაც გამომრჩა კითხვის დროს, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი ლაგდება, ნაწილობრივ მაინც. მეტამორფოზა ჩემთვის კაფკას პიკია, თან ოჯახის და მშობლებთან ურთიერთობის პრობლემები რაც რეალურად ჰქონდა, იდეალურად აქვს ასახული. ჩანახატებია საკმაოდ საინტერესო, რამდენადაც ვიცი 1 წელი თითქმის არაფერს წერდა, მხოლოდ ჩანახატებს აკეთებდა და ბროდის თხოვნით გამოსცა შემდეგ. პრაღაში მუზეუმშია დაცული ორიგინალები, ერთი საკმაოდ საინტერესო შავი ოთახიცაა მუზეუმში, ან პროცესის ან სასახლის მიხედვით გაკეთებული, ღირს ნახვად :>

  2. კარგი ხარ🙂 მეტამორფოზა ადრე წავიკითხე და მოგვიანებით გავიაზრე მაგრამ აი “პროცესი” არ მაქვს წაკითხული და დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ შენი პოსტის შემდეგ. კარგად წერ და მადლობა რომ “საიდუმლოებებს” არ ამხელ😉

  3. საინტერესო პოსტი იყო, კაფკა ზოგადად მართლა საინტერესო მწერალია. მე ამ ორიდან მარტო მეტამორფოზა მაქვს წაკითხული, პროცესი როგორც ვიცი ქართული თარგმანი არ არსებობს, თუ არის ხო არ იცით სად შეიძლება ვიშოვო?

  4. დამავიწყდა დამეწერა რომ საიტის დიზაინი ძალიან მომეწონა, ბასკიას ნახატები ფონისთვის კარგი გადაწყვეტააა:)) თუმცა თვითონ ბასკიაზე პოსტი ვერ ვიპოვეე რატომღაც:))

    • მადლობა. როცა რამეს მოვიფიქრებ დავწერ აუცილებლად. კაფკა ქართულად მე ვერსად ვერ ვიშოვე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s