თავისუფლება?

WARNING: თქვენ ეს ესაა დემაგოგიით გაჟღენთილი პოსტის წაკითხვას აპირებთ. ნუ მიაქცევთ ავტორის ემოციურ აშლილობას ყურადღებას. ის უბრალოდ თქვენი ყურებით დაიღალა.

თავისუფლება, თავისუფალი, თავის–უფალი. სად არის თავისუფლება? ვინ არის თავისუფალი? შენ ცხოვრობ თავისუფალ ქვეყანაში, მეტიც, თავისუფალ სამყაროში. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხარ, მართალია, თუ არა ეს ყველაფერი? იქნებ ეს ილუზიაა, მირაჟია, დადგმული სპექტაკლი, სადაც ყველა მთავარ როლშია, მაგრამ, სინამდვილეში, ვიღაც, სცენის უკან თოკებს ათამაშებს. რა არის შენი თავისუფლება? ის, რომ ბუნებრივი უფლებები გაგაჩნია? “მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ!”  ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება გაქვს, ხმის მიცემის უფლება გაქვს, საკუთრების უფლებაც კი გაქვს და თუ გაგიმართლა, სიტყვის თავისუფლებაც. განა სხვა რა არის თავისუფლება, არა?

სინამდვილეში, შენ ბევრი რამის გარეშე, უბრალოდ, ვერ იარსებებ. საკუთარ უსაფრთხოებაზეც ვერ ზრუნავ დამოუკიდებლად. შენ გჭირდება ფული, შენ გჭირდება სოციალური ინსტიტუტები, შენ გჭირდება სახელმწიფო, შენ გჭირდება ღირებულებები და ნორმები, რომებიც შენს ქმედებას განსაზღვრავენ შენ მაგივრად.  განა, ეს ყველაფერი შენთვის აუცილებელი არ არის? კი, აუცილებელია, მაგრამ ვინ შექმნა ისინი? ბუნებამ? აა, სწორია, ადამიანმა! დიახ, ეს ყველაფერი შენ შექმენი, შენ მოიგონე. შენ მოიგონე სახელმწიფოები, შენ მოიგონე ინსტიტუტები, შენ მოიგონე ფულიც. შენ გაიხადე მათსავე ტყვედ თავი. მერე რა ქენი? მერე შენ თავისუფლება დაამახინჯე, გადააკეთე, ისევე როგორც სიქსტის კაპელა გადააკეთეს. ჰო, შენც შემოსე შიშველი თავისუფლება ამ შენი გამოგონებებით და მისი ბუნებრივი სახე გააქრე. მე არ მჯერა, რომ შენ ბუნებით თავისუფალი არსება ხარ. ასე რომ ყოფილიყო, შენ ამ ყველაფერს არ ჩაიდენდი. არა, შენ არ იბადები თავისუფლად. შენ ან მონად იბადები, ან მბრძანებელად. თუ ძალა შეგწევს, სხვას ჩაგრავ. თუარადა მთელი ცხოვრება მჩაგვრელს ემორჩილები. ეს შენ მიერ შეცვლილი სამყაროა. სამყარო, რომელმაც პირვანდელი სახე დაკარგა.

თუ დაფიქრდები, კითხვა გაგიჩნდება: მაშინ რა გამოდის, რომ არასდროს ვყოფილვარ თავისუფალი? როგორ არა, ყოფილხარ. ზოგჯერ განათებულა კიდეც, შენი მონობისკენ მიდრეკილი ტვინი. ზოგჯერ მარტინ ლუთერი ყოფილხარ, ზოგჯერ იარაღმომარჯვებული პარიზის კომუნარი,  ზოგჯერ ჯორდანო ბრუნო, ზოგჯერ ლეხ ვალენსა, მაძინი ან გარიბალდი… ზოგჯერ დაპირისპირებიხარ მსოფლიოს, ან სისტემას, რომელშიც ცხოვრობ. სწორედ მაშინ ყოფილხარ თავისუფალი–როდესაც თავისუფლებისათვის იბრძოდი.

არ გეყო თავის მოტყუება? არ გეყო ერთი დღე ოფლში ცურვა, იმისათვის რომ ფული იშოვო და მეორე დღეს დახარჯო? შოულობ, ხარჯავ, შოულობ, ხარჯავ, კიდევ შოულობ და კიდევ ხარჯავ. ეს დაუსრულებელი ციკლია. და, რაში ხარჯავ? ნივთებში, საგნებში, რომლებზეც ყიდვამდე გეუბნებიან, რომ მოდაშია, მაგრამ როგორც კი იყიდი, მოდიდან გადადიან.

ვიცი, რომ უკვე ამ აბზაცამდე გიჟად გყავარ მონათლული. მაგრამ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობ შენ ჩემზე, სანამ არ აღიარებ, რომ ტყვე ხარ. მე ვაღიარებ, ვაღიარებ რომ მონა ვარ, შენი შექმნილი სამყაროს მონა. მაგრამ მე შევეცდები, თავი გავინთავისუფლო. რატომ არ ცდი შენც? პრინციპები, პრინციპები, პრინციპები! ვერასდროს ახერხებ მათ გადაბიჯებას. ვერასდროს ახერხებ შეცდომის აღიარებას. საკუთარ თავს ღირებულებები შთაუნერგე და მათ მკაცრად ემორჩილები, სტერეოტიპები შეიქმენი და დაიჯერე ისინი. ერთადერთი, რასაც ვერასდროს დაიმორჩილებთ, ვერც შენ და ვერც შენი პრინციპები, ხელოვნებაა–ადგილი, სადაც ადამიანი საკუთარ თავისუფლებას პოულობს, აბსტრაქციაში, მაგრამ მაინც. ამბობ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე ხშირად ხმარობ ფრაზას, “შეუძლებელი არაფერია”. ნეტავ თუ უკვირდები მაინც ამ სიტყვათშეთანხმების არსს?

არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ ყველაფრის გამოქვეყნება. მაგრამ “აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”. მზად ვარ შენი ქვისთვის.

ცეცხლში გამოწრთობილი თაობა

ჩვენ სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით გაკვეთილებს.
ჩვენ შეშის ღუმელზე გვიცხობდნენ ხაჭაპურს.
ჩვენ ყველას გვქონდა რონალდოს ყვითელი მაისური.
ჩვენ ყველა არასაბჭოურ მანქანას ვეძახდით “ფირმას”.
ჩვენ გვეგონა, რომ ჯორდანისა და მეჯიკის გარდა, სხვა კალათბურთელები არ არსებობდნენ.
ჩვენ ვკატაობდით ტროლეიბუსებზე.
ჩვენ არ გვყავდა მანდატურები სკოლაში და გაკვეთილებიდან ტუალეტის ფანჯრიდან ვიპარებოდით.
ჩვენ ვთამაშობდით “ტეკენს”.
ჩვენ მართლა გვიკითხავდნენ ზღაპრებს ძილის წინ, ან ავადმყოფობისას.
ჩვენ ოცთეთრიან ნაყინებს ვჭამდით.
ჩვენ ვბლატაობდით, რომ მამაჩვენებს ტ-10 ჰქონდათ.

ჩემს თაობას ბევრი რამ გამოუცდია. მაგრამ დღეს ეს გამოვლილი პერიოდი უკვე სასარგებლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. იმ დრომ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჭირვება გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მიმართ იმუნიტეტიც გაგვაჩნია. ჩვენ ცეცხლში გამოწრთობილი თაობა ვართ და წყალშიც არ ვიძირებით. ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უტვინოებად გვთვლით და გგონიათ. არცერთმა არ ვიცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი. ჩვენ ვიცით, რომ მარქსი არ იყო ქვეყნის დამაქცევარი და ფროიდი გარყვნილების მეფე. ჩვენ არ ვსვამთ სტალინის სადღეგრძელოებს. ჩვენ არ ვიკეთებთ წამალს და ვიცით, რომ პრეზერვატივი არ ტეხავს. ჩვენთვის ქრთამი დანაშაულია და ბიძაშვილი ნათესავი და არა თანამშრომელი.
მოგწონთ თუ არა, მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არასდროს ჰქონიათ: ინდივიდუალურობა და გახსნილი გონება.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ქვეყნის აშენება. ჩვენ თავისუფლები დავიბადეთ.