უხილავი ადამიანის განწირული ხმა

ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნებულია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ვებ–გვერდზე

ახლა, როდესაც ღამის 3 საათზე ნასვამი ახალგაზრდების ხმამაღალმა სიმღერამ გამაღვიძა, ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი, თუ რატომ უჩნდებათ ნასვამ ადამიანებს შუაღამით, ქუჩაში სიარულისას ხმამაღლა ღრიალის, სიმღერისა და გინების სურვილი.

ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ყველას დაახლოებით ერთნაირი სურათი წარმოგვიდგება: ახალგაზრდა ადამიანი(ან ადამიანთა ჯგუფი), რომელიც შუაღამისას ქუჩაში მოდის და ბოლო ხმაზე ღრიალებს, მღერის, იგინება. ის 9–სართულიანი კორპუსებით არის გარშემორტყმული და მისი ხმა ათასობით მძინარე ადამიანს სწვდება. მაგრამ რატომ უჩნდება ადამიანს ასეთი სურვილი? პროფესიონალ მკვლევარამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, არც საკმარისი ცოდნა მაქვს და შეიძლება ბევრისთვის ჩემი დაბლამოყვანილი მოსაზრება ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერდეს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ სიმართლისგან არც ისე შორს ვარ(ამ ყველაფერს იმიტომ აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოცემული ტექსტი მაინც პრეტენზიულად გამოიყურება):

ალკოჰოლი, როგორც ვიცით, ადამიანის გულწრფელობის ყველაზე ნაცადი და ეფექტური კატალიზატორია. ნასვამი ადამიანი ხშირ შემთხვევაში, უარყოფს სოციალურ ინტერაქციათა სტრუქტურებს, ნორმებს. ის ამ დროს ნაკლებად ცდილობს ითამაშოს სოციალურად სასურველის როლი. შედეგად, ის თითქმის ყველა საკუთარ სოციალურ როლსაც უარყოფს და როგორც ამ დროს იტყვიან – შიშვლდება.

რაც შეეხება ბოლო ხმაზე ყვირილს, ეს  სასოწარკვეთილების გამოხატვაა. ეს არის განწირული მცდელობა იმის საჩვენებლად, რომ შენ არსებობ. ახალგაზრდები, რომლებიც შუაღამისას ბოლო ხმაზე ღრიალებენ, ცხოვრობენ გარემოში, რომელიც მათ 24 საათის განმავლობაში თრგუნავს. ფხიზლები ისინი კომფორმისტები არიან, სრულიად ემორჩილებიან სოციალურ წნეხს, თუმცა, ნასვამობაში მაინც იღვიძებს პროტესტის გრძნობა და სწორედ მაშინ, მათ უჩნდებათ სრულიად ბუნებრივი სურვილი – იღრიალონ  ბოლო ხმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააღვიძონ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინონ საკუთარი არსებობის შესახებ. მათი ღრიალი, ხშირ შემთხვევაში,  ბევრ გინებასაც შეიცავს.  შუა ღამისას მთვრალი ადამიანის უმისამართო ძახილი “ბოზებო” ალბათ, ცოტას არ მოუსმენია. ძალიან დიდია ცდუნება, რომ ეს აგრესია დაკუავშირო შიშს, რომელსაც უსაფრთხოების(ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით) გრძნობის არქონა იწვევს.

scream

ინდივიდები, რომლებზეც ვსაუბრობ, არიან ადამიანები, ვინც მთელი რიგი მიზეზების გამო, ვერ იმკვიდრებენ საკუთარ თავს არსებულ გარემოში. ამის მიზეზი ძირითადად, თავად ეს გარემოა, რომელიც ნაკლებად ცნობს ცალკეულად აღებულ პიროვნებებს და მთლიანად კოლექტიური არსის მატარებელია. მართალია, მას შეუძლია ძლიერი სოციალური კონტროლი, მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ ამ სოციალურ ერთობას არ აქვს მთავარი საყრდენი ძალა – ღირებულებათა ჩამოყალიბებული სისტემა, რაც მის თვითმყოფადობას უნდა განაპირობებდეს. მისი რწმენები და შეხედულებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, შეიძლება თვიდან თვემდე შეიცვალოს. სწორედ ამიტომაც, გარდა იმისა, რომ ინდივიდებს უჭირთ საკუთარი იდენტობის პოვნა, ეს ძირგამოცლილი სოციალური ერთობა სოციალური კონტროლის სადავეების შესანარჩუნებლად ებღაუჭება ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ინდივიდებს ყველა არსებული საშუალებით აშინებს – იქნება ეს “ჩიპიანი პასპორტები”,  ”ლგბტ შეთქმულება” თუ რაღაც სხვა. სწორედ ასე ხელოვნურად, ძლიერი დათრგუნვით ინარჩუნებს არსებული სოციუმი საკუთარ თავს.

არსებობენ სხვა ტიპის ადამიანებიც, რომლებიც ხილვადობის მიღწევის სხვა ფორმებს მიმართავენ და მაგალითად, ირჩევენ თვითგამოხატვას მკვეთრად განსხვავებული ჩაცმულობით, ვარცხნილობით და სხვა ვიზუალური ელემენტებით. სხვები, ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლათ(და აღმოაჩნდათ, ან გამოიმუშავეს შესაფერისი ინტელექტუალური ინსტრუმენტები) “სუბლიმირებენ” საკუთარ შემოქმედებაში და ასე ახერხებენ თვითგამოხატვას. ხოლო დანარჩენებს კი, ვინც ვერ ახერხებენ თვითგამოხატვის ვერცერთი ფორმის გამოყენებას, როგორც აღვნიშნეთ, მხოლდ ერთი გზაღა რჩებათ – ყვირილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s