ორუელისეული პარალელური რეალობა

შუალედურმა გამოცდებმა მაიძულეს მხატვრულ ლიტერატურაზე ცოტახნით უარი მეთქვა, მაგრამ გული დამწყდა წინა ოთხშაბათისთვის არაფერი რომ არ მქონდა და გადავწყვიტე ახლა კომპენსაციის სახით ”1984”-ზე დავწერო.

ჯორჯ ორუელის ”1984” არის ის, რასაც ”საკულტო რომანს” უწოდებენ. ეს წიგნი ალბათ მისი დაწერის დღიდან არ კარგავს აქტუალურობას და პოპულარულობას. ორუელმა არ დაწერა უბრალო მხატვრული ნაწარმოები. ბევრი ადამიანისათვის მან შექმნა სამაგიდო წიგნი, რომელიც ჩემს ფაკულტეტზეც ზოგიერთ მიმდინარეობაზე სახელმძღვანელოდაც კი გამოიყენება. წიგნმა მწერალს იმხელა წარმატება მოუტანა, რომ თავის დროზე 1984 ჯორჯ ორუელის წლად გამოცხადდა.

”1984” რაღც თვალსაზრისით ”ცხოველების ფერმის” გაგრძელებაა. თუ ამ უკანასკნელში რევოლუცია როგორც პროცესია აღწერილი, 1984-ში რევოლუციის შედეგია ნაჩვენები, ანუ ის, რაც ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა: ძველი მონობის დამხობა ახლისათვის.

“დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს. დევნის მიზანი დევნაა, წამების მიზანი – წამება, ძალაუფლების მიზანი –  ძალაუფლება.”

წიგნის სიუჟეტი უინსტონ სმიტის გარშემო ვითარდება სახელმწიფოში, სადაც კონტროლი ისეთ მიკრო დონეებამდეა დასული, როგორიც ადამიანებისათვის გაღვიძების დროისა და საჭმლის ულუფის განსაზღვრაა. აქ აზრებიც კი კონტროლდება და ადამიანები თავიდან ერთი წუთითაც ვერ აირიდებენ თვალთვალს.

წიგნში, ერთი შეხედვით, სრულიად არარეალური და ფანტასტიკური სამყაროა აღწერილი, მაგრამ თუ კითხვისას პარალელებს გაავლებთ, ბევრ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელ რეალობასთაბ.

მთავარი გმირი,  უინსტონი ხვდება, რომ ის არის მონა, ტირანიის მსხვერპლი. მასში იღვიძებს გრძნობები, როგორებიცაა თავისუფლება, სიყვარული, ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი. გრძნობები, რომლებიც მმართველმა პარტიამ საზოგადოებაში გააქრო. უინსტონში ასევე ჩნდება გრძნობა, რომელიც თავიდანვე იცის, რომ დაღუპავს. ეს პროტესტის გრძნობაა. იგი მიდის პარტიის, დიდი ძმის, ”ინგსოცის”(ამ სახელმწიფოს პოლიტიკური იდეოლოგიის) წინააღმდეგ.

ორუელმა 1984-ში შექმნა სრულიად ახალი რეჟიმი. მან კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარიზმი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა და ამას თავადაც აღნიშნავს. ეს რეჟიმი წინამორბედებისაგან იმითაა გამორჩეული, რომ იგი აკონტროლებს წარსულს, აყალბებს მას ყველანაირად და ამით ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედებს. პარტიამ იცის, რომ წარსული სივრცეში არ არსებობს, ის მხოლოდ ადამიანის მეხსიერებასა და ქაღალდზეა და თუ ქაღალდზე მას შეცვლის, მაშინ მეხსიერებაში შეცვლაც არ გაუჭირდება. მეორე მისი უპირატესობა ის არის, რომ ის ადამიანებს, ”ერეტიკოსებს”, რომლებიც პარტიის წინააღმდეგ მიდიან, ჯერ ყველანაირ ღირსებას უკარგავენ და იქამდე მიჰყვათ, რომ ”ცოდვებს ანანიებინებენ”, პარტიას აყვარებენ და მხოლოდ მაშინ კლავენ. ამით ისინი თავიდან ირიდებენ იმ შანსს, რომ ვინმესთვის ისინი წამებულებად გადაიქცევიან.

“1984” აუცილებლად წასაკითხი წიგნია. მასში ყველაფერი იმდენად კარგადაა აღწერილი, რომ შეიძლება ”ოკეანიის”(სახელმწიფოსი, რომელსაც ორუელი აღწერს) რეალურად არსებობის შესახებ ეჭვიც კი გაგიჩნდეთ.

პირველი ოთხშაბათი

გადავწყვიტე კვირაში ერთხელ იმ წიგნებზე დავწერო ხოლმე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში წავიკითხავ. ვინაიდან ამას დღეს, ოთხშაბათს, ვიწყებ და თან კვირის ეს დღე ყოველთვის თავისუფალი მაქვს,  წიგნების დღე ოთხშაბათი იქნება.

ყოველთვის მინდოდა წიგნებზე მეწერა, მაგრამ რატომღაც სულ მეზარებოდა. ახლა, როგორც იქნა, მოვაბი თავი და ამ საქმეს სისტემატურ ხასიათსაც კი მივანიჭებ.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ორუელით დავიწყებ. სწორედ მისი “ცხოველების ფერმა” წავიკითხე ხუთშაბათს. ამ წიგნის წაკითხვა დიდი ხანია მინდოდა. როდესაც ლექციაზე მივდიოდი, ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა გადასასვლელში ბუკინისტების თაროზე ყდაზე დიდასოებიან წარწერას, “George Orwell”, მოვკარი თვალი. სულ რაღაც სამ ლარად შევიძინე და ლექციაზევე წავიკითხე, რადგან მხოლოდ 98–გვერდიანია.

წიგნი იყო 1992 წელს გამოცემული. მასში ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა აღმოვაჩინე, მაგრამ საერთო ჯამში, შთაბეჭდილებაზე ამან ნაკლები გავლენა იქონია. (სხვათაშორის, შემდეგ რომ დავხედე, რედაქტორი ჩემი ყოფილი ლექტორი ყოფილა: )

წიგნის სათაურს ყდაზე მიწერილი აქვს  სიტყვა “ზღაპარი”, მაგრამ ეს ის ზღაპარი ნამდვილად არ არის სამი–ოთხი წლის ბავშვებს რომ უნდა წაუკითხოთ ძილის წინ. დიახ, ეს არ არის ნამდვილი ამბავი, მაგრამ  არც დაუჯერებელია(მოლაპარაკე ცხოველების გამოკლებით). ორუელმა შექმნა საბჭოთა კავშირის ალეგორია, სადაც ცხოველები, რომლებიც თავს მონებად თვლიდნენ, მათ მფლობელ ფერმერს აუჯანყდნენ, ფერმიდან გააძევეს და დაეპატრონნენ კიდეც მას. ისინი ოცნებობდნენ ფერმაზე, სადაც თავიანთი თავის ბატონ–პატრონები თავად იქნებოდნენ, ადამიანების არცერთ თვისებას და ქცევას არ გადმოიღებდნენ და იცხოვრებდნენ სამართლიანად. თუმცა, თავისუფლებამ მოულოდნელად სულ სხვანაირი სახე მიიღო. ღორებმა, რომლებიც ყველაზე განათლებულები იყვნენ(პირველებმა ისწავლეს წერა–კითხვა, იყვნენ ცხოველთა იდეოლოგიის “ენიმალიზმის” ავტორები და რევოლუციის წინამძღოლები) შექმნეს “სოციალურ–პოლიტიკური” ელიტა. ისინი არ მუშაობდნენ, მაგრამ სხვებს ამუშვებდნენ, სვამდნენ ალკოჰოლს, მაგრამ სხვას უკრძალავდნენ, ეძინათ ადამიანების ლოგინში, მაგრამ სხვას ამისთვის სჯიდნენ. თანდათან მათ შექმნეს მინი ტირანიული სახელმწიფო. საბოლოოდ, ისინი ემსგავსებიან მათ, ვისაც ბოროტების უმთავრეს მიზეზად თვლიდნენ:”ფანჯარასთან გაყუჩებულები, ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან – ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ,ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი – ადამიანი.” სწორედ ამ წინადადებით მთავრდება წიგნი.

თუმცა დასასრულში ჩადებული ორუელის ვარაუდი არ გამართლდა და კომუნიზმი საბოლოო ჯამში არ დამსგავსებია კაპიტალიზმს, რადგან ის მასზე ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, შთანთქა კიდევაც კაპირალიზმმა. წიგნში კი, ცხოველების ფერმა წარმატებით იგერიებს მეზობელი ფერმერების თავდასხმებს. მაგრამ ამ გაუმართლებელ ვარაუდს თუ არ ჩავთვლით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ორუელმა თითქმის ზუსტად გაშიფრა საბჭოთა კავშირი, მისი სოციალური და პოლიტიკური წყობა, ჯერ კიდევ ცივი ომის დაწყებამდე და მისი სახის დასავლეთისათვის ბოლომდე წარმოჩენამდე.


წიგნი, რომელიც “ცხოველების ფერმის” შემდეგ წავიკითხე, იყო ალბერ კამიუს – “უცხო”.იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გულგრილი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი არ ტირის დედის დაკრძალვისას, შეყვარებულის კითხვაზე, მოიყვანს თუ არა მას ცოლად, პასუხობს რომ მისთვის სულ ერთია,  არ სწამს ღმერთის და თვლის, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე ოცნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე სურვილი – უფრო სწრაფად ცურვა შეეძლოს.

ერთ–ერთი ინციდენტის დროს იგი კლავს ადამიანს და ჯდება ციხეში, მაგრამ მისთვის ბევრი არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თავიდან გარკვეული პერიოდი ჯერ კიდევ ისე ფირქობს, როგორც თავსუფალი ადამიანი. საბოლოოდ, სასამართლო მას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს, მაგრამ მისთვის სულ ერთია. მისთვის ყველაფერი სულ ერთია. ის არ დარდობს, რომ დედა არ დაიტირა, რომ უფრო მეტ დროს არ ატარებდა მის მეგობრებთან, რომ არ ეუბნებოდა კომპლიმენტებს მის შეყვარებულს. ის არ ნანობს არაფერს. მისთვის სულ ერთია “x–ის მაგივრად y-ს გააკეთებდა თუ z-ს”.

მისი ასეთი დამოკიდებულების გამო საზოგადოება მას არაადეკვატურად და საშიშ პიროვნებად ჩათვლის. სინამდვილეში კი, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს ძალიან ცოტას, მაგრამ ამბობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს. მკვლელობის ინციდენტი კი შემთხვევითობა იყო.

კამიუ ამ ნაწარმოებში წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს და ბევრ საკითხს სხვა კუთხით უყურებს. ის ამბობს, რომ დედამისი იმიტომ არ დაიტირა, რომ სიცოცხლის ბოლოს იგი ბედნიერი იყო და არა იმიტომ, რომ საკუთარი მშობელი სძულდა. ის არ აქცევს ბევრ ისეთ წვრილმანს ყურადღებას, რომელმაც შეიძლება სხვები გაახაროს, ან გააბრაზოს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ  არასტანდარტულ ადამიანად, მაგრამ ამავდროულად სრულიად უხიფათოდ. თუმცა საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას მისი არ ესმის და ამიტომაც ეშინია,   ეშაფოტზე ხვდება.

რომ გითხრათ, წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია–მეთქი, მოგატყუებთ. პირველი ნაწილი მეორესაგან განსხვავებით ცოტა მოსაწყენიცაა, რადგან სიუჟეტი სიმძაფრეს მხოლოდ მეორე ნაწილში იძენს. ყველაზე მეტად კი მე ის მომეწონა, რომ კიტხვისას ერთი შეხედვით სრულიად გულგრილ წინადადებებსაც კი, თავიანთი ემოციური დატვირთვა გააჩნიათ. საერთო ჯამში, ამ დიდი მოაზროვნის წიგნმა შეიძლება ბევრ რამის მნიშვნელობაზე დაგაფიქროთ.

ვაპირებდი კიდევ დამეწერა კაფკას “მეტამორფოზაზე”, რომელიც ასევე ამ დღეებში წავიკითხე, მაგრამ პოსტი მომაბეზრებლად დიდი გამოვა, ამიტომ მას და კაფკას მეორე წიგნს “პროცესს” შემდეგ კვირას შემოგთავაზებთ. იმედია ისე არ დავწერე, რომ ამ წიგნების წაკითხვის სურვილი გამექრო თქვენთვის 😀