ისრის გაჩერება

უნივერსიტეტის ერთ–ერთი კორპუსის მეორე სართულის კიბეზე ვზივარ. ჩემ წინ მეტისმეტი მონდომებით ყავისფრად შეღებული ხის კარია, მის თავზე კი, დიდი თეთრი საათი, შავი ისრებით.საათი სამს თხუთმეტ წუთს აკლებს.მე კი, ისრის ჩემს გაჩერებას ვუცდი, სამ საათზე. სემინარის დაწყებას ველოდები, უფროსწორად მის დამთავრებას, მაგრამ დამთავრებისათვის ჯერ დაწყებაა საჭირო. იქამდე კი, რვეულში ვიწერ იმას რაც თავში აზრად პირველი მომივა:

ლოდინის ეს თხუთმეტი წუთი ყველაზე რთული დროა მთელი დღის განმავლობაში, რადგან ამ დროს უმოქმედოდ ხარ, დროს ემორჩილები. აქამდე მას სამი საათი ებრძოდი, მაგრამ ქუჩაში თანამოსაუბრეებიც გამოგელია, კოლოფში–სიგარეტი, ჯიბეში–ფული, ხოლო სახლიდან წამოღბული წიგნი საკმარისად სქელი არ აღმოჩნდა ამ დროისათვის. ბიბლიოთეკაში კი, წინა კვირის გაზეთებზე უკეთესი რამის პოვნის იმედი არ გაქვს.
ამიტომ, დანებდი დროს. გამოხვედი ბიბლიოთეკიდან, ერთადერთი ოთახიდან მთელს დედამიწაზე, სადაც დროის შეგრძნება ქრება. და შენ მაშინვე შეუერთდი იმას, რასაც დროის მიმდინარეობა ჰქვია.
დრო უხიდო მდინარესავითაა: ვისაც მისი მოთოკვა არ შეუძლია, შედის მის სიღრმეში და მიჰყვება დინების ბოლომდე, რათა მისი დასასრულიდან გადავიდეს მეორე ნაპირზე. ხოლო ის, ვინც მას იმორჩილებს, საკუთარ ხიდს აგებს მასზე და დაუბრკოლებლად გადადის მეორე მხარეს.
მე ამ ხიდისთვის ფიცარი ზედ უკანასკნელ მონაკვეთზე გამითავდა და, საბოლოოდ, მაინც მდინარეში აღმოვჩნდი. ეს თხუთმეტი წუთი კი, ამ მდინარის ბოლომდე დარჩენილი სიგრძეა.
თუმცა, მაჯის საათს დავხედავ და მივხვდები, რომ სულაც არ ჩავვარდნილვარ მდინარეში. მაინც მიპოვნია ის უკანასკნელი ფიცარი, რომელიც მჭირდებოდა. ეს ფიცარი ჩემი რვეულთან გასაუბრებაა. ისრის ჩემი გაჩერებაც მოსულა.

“დუელი მაღვიძარასთან”

იჭყიპინე რამდენიც გინდა. მაინც არ გამოგრთავ! ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც გარკვეული მოთხოვნილება, რომელიც ძილის დროს გაგჩენიათ, სიზმარში დაგიკმაყოფილებიათ და გგონებიათ, რომ ეს მართლა გააკეთეთ. მეც მეგონა რამოდენიმე წამის წინ, რომ მაღვიძარა გამოვრთე. ის კი, თურმე არ შეჩერებულა და აგერ უკვე 3 წუთია გიჟივით წკმუის და ალბათ, ხტუნავს კიდეც. მე კი, ჯერ კიდევ მძინავს და სულაც არ მინდა გამოღვიძება. მე ეს ძილი დავიმსახურე, მაღვიძარა კი, უსამართლოდ მართმევს წვალებით მოპოვებულ წუთებს. რა ჯანდაბა მემართება, როდესაც მთელი ნახევარი საათით ადრე მოვმართავ ხოლმე ღამღამობით. მაშინ სულ არ მანაღვლებს, რომ ხვალ ნაადრევად დარეკილი მაღვიძარა საამურ სიზმრებს დამიფრთხობს და სიურეალიზმიდან რეალიზმში დამაბრუნებს, თანაც უხეშად, ხელის კვრით. იქნებ ისეთი ძლიერით, რომ სადმე ცივ წუმპეშიც მომსვას. ფხიზელი ლოთისთვის ბევრად უფრო ადვილია ცოლს სასმელის გადამალვა სთხოვოს, ხოლო როდესაც წყურვილი შეაწუხებს, მუხლებზე მოეხვევა ხვეწნა-მუდარით ბოთლი დამიბრუნეო, გულში კი, გაკვირვებული და საკუთარ თავზე გაჯავრებული იქნება, ასეთი აზრი საიდან მომივიდაო.
ჯანდაბა! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ იდიოტმა საათმა წკრიალსა და ხტუნვას უმატა. ეტყობა მასაც ელევა მოთმინება ამდენი ხტუნვისაგან. მერედა გაჩერდეს, მაგრამ ჭკუა არ ჰყოფნის ამისთვის. სულელი საათი! ნეტავ გამახსენდეს, როცა მოვახერხებ, უფრო ჭკვიანი ვიყიდო. დავიმსახურე ძილი-მეთქი გითხარით და არ მომიტყუებიხართ თავის გასამართლებლად. მთელი ღამე სტატიაზე ვმუშაობდი. სტატიაზე, რომელიც დღეს 12 საათსა და 00 წუთზე ჩემი მსუქანი, შეღებილულვაშებიანი, კისერზემეჭეჭამოსული რედაქტორის მაგიდაზე უნდა იდოს. სტატია, რომლის დაწერაც მან მაქსიმუმ 16 საათის წინ დამავალა. მეტადრე კეთილშობილური საქციელია, ვერაფერს იტყვით! ოხ, ეგ ოფლიანი, ოდნავმელოტი გარეწარი! მისი ჯირკვლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზამთარია თუ ზაფხული. ყოველთვის ერთნაირად გამოყოფენ ოფლს. წესიერ  ოფლიან ადამიანთა რიცხვს რომ მიეკუთვნებოდეს, სამსახურში მინიმუმ 5 პერანგი მაინც უნდა ჰქონდეს გამოსაცვლელად. მაგრამ, ჩემი რედაქტორი ჰიგიენაზე მაღლა დგას, ის თავად არის სიწმინდე! ახლა იფიქრებთ, ასე თუ გეზიზღება, ადამიანო, წამოდი სამსახურიდანო. მაგრამ, “სამშობლოს არ ირჩევენო” ხომ გაგიგიათ? ხოდა, არც რედაქტორს ირჩევენ. თქვენთვის ძალიან ადვილია ჩემ მაგივრად მოაწეროთ ხელი წასვლის შესახებ განცხადებას და რამოდენიმე ასოს საჭირო ადგილას ლამაზად მოთავსებით გადაუსვათ ხაზი ჩემს კარიერასა და პერსპექტივებს. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, ეს სამსახურიც მჭირდება, ასე რომ, საჭირო თუ გახდება იქნებ ჩავეხუტო კიდეც იმ ჩემს ოფლიან რედაქტორს.
უნდა გამახსენდეს, რომ მარიტასაც დავურეკო. მუშაობის დროს მისი მესიჯებისთვის არ მიპასუხია. არ შემეძლო საქმე შემეწყვიტა. როდესაც მთლიანად საქმეზე ვარ კონცენტრირებული და უცბად მას მოვწყდები, დიდ აეროპორტებში საჭირო ენის  არმცოდნე რომ იკარგება, ისე ვიკარგები ხოლმე როდესაც დავუბრუნდები. ის კი, ალბათ, ჩემი ზარის მოლოდინში სარკის წინ დგას და ფიქრობს რამ შემაზიზღა მისი თავი, შეტყობინებებზე რომ აღარ ვუპასუხე. საბოლოოდ კი, იმ დასკვნამდე მივა, რომელამდეც ყველა მისნაირი მიდის: “სიმსუქნის ბრალია!” ის აზრი, რომ კი არ შემეზიზღდა, არამედ დაკავებული ვარ, სავარაუდოდ არც არასდროს მოუვა.
ალბათ, გგონიათ, რომ ამასობაში მაღვიძარა დაჭკვიანდა, და გაჩუმდა. ნურას უკაცრავად! რა ჯიუტი და პრინციპული ყოფილა ეს ოხერი. სიმართლე გითხრათ, ნებისყოფით არ გამოვირჩევი, ამიტომაც დუელში თავს დამარცხებულად ვაცხადებ. მე მაღვიძარას ვნებდები, ვემორჩილები და თვალებს ვახელ.

დრო

საათის ისარი, ბრუნვა წრიული,
და ვითომ, არის აქ, რამე ღვთიური?

დეკადა, წლები, ჭაღარა თმები:
უკბილო ბავშვიდან უკბილო ბებრამდე.

თვეები, კვირები, დღეები:
ფოთლების ქროლვიდან მდუღარე ქვიშამდე.

წუთები, წამები, დრონი, მეფენი:
გასროლა, დაცემა, სისხლი და სიკვდილი.

საათის ისარი, ბრუნვა წრიული,
და მაინც, არის აქ, რაღაც ღვთიური.