საპნის ოპერების სოციალური მნიშვნელობა

ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნებულია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ვებ–გვერდზე

დღეს “ფეისბუკზე” ნანუკა ჟორჟოლიანი წუხდა, რომ მის შოუ–კონცერს ნინო ქათამაძისა და თეონა კონტრიძის მონაწილეობით, უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ორ თურქულ სერიალს. თავის პოსტში ის აღშფოთებული აღნიშნავდა, რომ ამ ქვეყანაში გემოვნება არ უვარგათ, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ქალბატონი ნანუკა მისი “მაღალესთეტიკური” გადაცემების დაბალ რეიტინგს საზოგადოების გემოვნებით ხსნის, ის ცდება. სინამდვილეში, გემოვნება აქ არაფერ შუაშია.

თურქულ და ლათინურ სერიალებს ნაციონალური მაუწყებლების ყოველდღიური ეთერის მინიმუმ 3–4 საათი უკავიათ. ყველა ამ სერიალს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის პარალელურადაც გადის, საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. ამ აუდიტორიის უდიდესი უმრავლესობა კი, დიასახლისები არიან.

ყველას, ვისაც სახლში ტელევიზორი აქვს, ეს სერიალები იმ დოზით მაინც აქვს ნანახი, რომ რაღაც ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს და უმრავლესობას ალბათ უჩნდება შეკითხვა, თუ რატომ არ ბეზრდება ხალხს ამდენი თითქმის იდენტური სერიალების ყურება. მათ ხომ ყველას ძალიან მსგავსი ნარატივი აქვს: ცენტრში არის ქალი, რომელსაც ახალგაზრდობაში დიდ ტკივილს მიაყენებს რაიმე ტრაგედია, ან ვინმე მისი ბოროტისმსურველი. შემდეგ ეს ქალი ბრუნდება(პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც), უკვე ტრაგედიაგადატანილი და გაძლიერებული, იმისთვის, რომ დაიბრუნოს ის, ვინც/რაც მას უსამართლოდ წაართვეს, პასუხი აგებინოს მის მჩაგვრელებს და აღადგინოს სამართლიანობა, დაძლიოს სოციალური დაბრკოლებები მასა და მის საყვარელ ადამიანს შორის, აღიდგინოს ღირსება, დაიბრუნოს მემკვიდრეობა და ა.შ. რა თქმა უნდა, არის სხვა ნარატივებიც, მაგრამ მათგან ეს ყველაზე პოპულარულია.

ლათინურ სერიალებს ასევე აქვთ ერთი ტრადიცია – მოქმედება თითქმის ყოველთვის ხდება რაღაც მსხვილ ფეოდალურ–კლანურ თემების ირგვლივ, სადაც ორი ფეოდალის(ან მაგნატის) ოჯახი ერთმანეთს უპირისპირდება. ეს “რომეო და ჯულიეტასეული” მოტივი აქვთ გადაღებული თურქულ სერიალებსაც, რომლებიც მსგავს ნარატივს იყენებენ.

სერიალები

 

მე ვიზრდებოდი და ვცხოვრობ იმ სოციალურ ჯგუფში, რომლის ოჯახებშიც სერიალებს ყოველთვის უყურებენ. ამიტომ, ძალიან ბევრი საპნის ოპერისთვის მომიკრავს თვალი და დიდი ხანია მივხვდი, თუ რა საჭიროა ეს ერთი და იმავე შინაარსის სერიალები და რატომ არ კარგავენ ისინი ამდენი წლის განმავლობაში რეიტინგს. თუ ჩვენ ზემოთ მოყვანილ ნარატივს დავუბრუნდებით და ჩვენს მთავარ ქალ პერსონაჟს დავახასიათებთ, აუცილებლად გამოვიყენებთ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა “დაჩაგრული”, “უსამართლობის მსხვერპლი”, “სამართლისათვის მებრძოლი” და ა.შ.

ახლა კი, დავსვათ მეორე შეკითხვა – როგორი არის ის საზოგადოება, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი გემოვნებას უწუნებს? – ის არის ძალადობრივი. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელშიც მედია საკუთარი რეიტინგისთვის არ ერიდება სიძულვილის ტირაჟირებას, რომლითაც ასე სავსენი არიან ყველანი, პოლიტიკოსებით დაწყებული, სასულიერო პირებით დამთავრებული. ჩვენ ყველანი რაღაც დოზით განვიცდით ძალადობას: ზოგზე ფიზიკურად ძალადობენ ქუჩაში, ზოგზე ეკონომიკურად ძალადობენ სამსახურში, ზოგზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ ოჯახში და ა.შ. ხოლო ამ გარემოს გამო ფრუსტრირებული და იმედგაცრუებული მამაკაცები კი თავიანთ დაგროვილ აგრესიას ხარჯავენ ოჯახში, ცოლებსა და ბავშვებზე ძალადობაში. აქედან გამომდინარე, დიასახლისების საკმაოდ დიდ ნაწილს ამ სერიალების პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობა უჩნდებათ. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ეცემა ამდენი წლის მანძილზე საპნის ოპერების რეიტინგი. მაყურებელი საკუთარ თავს ხედავს ამ ჩაგრულ გმირში და მასთან საკმაოდ მჭიდრო ფსიქოლოგიურ კავშირს ამყარებს, ხოლო როდესაც ჩვენი გმირი საბოლოოდ აღადგენს სამართლიანობას და დაიბრუნებს დაკარგულ ბედნიერებას, მაყურებელი ერთგვარ კათარზისს განიცდის, რაღაც დოზით ისიც მასთან ერთად ბედნიერდება და სწორედ ასე დევნის აგრესიას. მთავარი გმირი მაყურებლის მაგივრად აკეთებს იმას, რაზეც ისინი გამუდმებით ოცნებობენ – იბრძვის, იმაღლებს ხმას ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, აღწევს დამოუკიდებლობას, სიმტკიცეს და არ აჩაგვრინებს თავს სხვებს.

ამ თვალსაზრისით, საპნის ოპერები საკმაოდ ეფექტური იარაღია იმ ქვეყნის ხელისუფლების ხელში, რომელშიც დათრგუნულ მოქალაქეთა რიცხვი ძალიან დიდია და რომელშიც თავად სახელმწიფოც ხშირად უმთავრესი მოძალადეა. არ ვიტყვი, რომ ასეთ სერიალებს შეუძლიათ მომწიფებული რევოლუციის განეიტრალება, მაგრამ სამაგიეროდ, ეფექტურად ანეიტრალებენ დიასახლისის გულში მომწიფებულ ბრაზს. თანამედროვე არათავისუფალ, დახურულ საზოგადოებაში სწორედ ასეთი საშუალებით ხდება უკმაყოფილების წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთ საზოგადოებებში ჩაგრულების ნაცვლად სხვები მოქმედებენ, ოღონდ ეს სხვები ეკრანის გამოგონილი პერსონაჟები არიან. თავისუფალ საზოგადოებებში კი თავად დაჩაგრულებს მოუწოდებენ მოქმედებისკენ, ლოზუნგით, “we can do it” და არა ლოზუნგით, მარია სანჩეს როდრიგესს, ან იფეტ ჩაკირის შეუძლია ეს.

we can do it

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s