2012 წლის ფსიქოდელიური ქრონიკები

ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წლის იანვარში სტუდენტური სასწავლო გამოცემისთვის

(c) "ცხელი შოკოლადი

(c) “ცხელი შოკოლადი”

მწერალი და ესსეისტი პაატა ქურდაძე პარიზში ცხოვრობს და 3 ათასი კილომეტრით დაშორებულ ქართულ რეალობაზე წერს. თემა, რომელსაც მის წიგნებსა და ბლოგებში ყველაზე დიდი ადგილი უკავია, ქართული პოლიტიკური რეალობაა. ამას ის იმით ხსნის, რომ საქართველოში პოლიტიკა აბსოლუტურად ყველაფერშია. ის ხანდახან 20 წლის წინ მიტოვებულ თბილისსაც უბრუნდება ხოლმე. ჩვენ მას თბილისში, სახლში ვესტუმრეთ და 2012 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გავესაუბრეთ.

პირველი ოქტომბერი არის ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების პირველი შემთხვევაა ქართულ რეალობაში. თქვენი აზრით, ასეთი პრეცენდენტის არსებობა რას შეცვლის პოლიტიკურ კულტურაში, ცნობიერებაში?

ბევრს შეცვლის. საერთოდ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ყოველთვის გარკვეულ კვალს ამჩნევს. მე, ზოგადად პროგრესის მჯერა და რომ მკითხოთ, საერთოდ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა ხელისუფლებამ რაღაც პროგრესი მოიტანა(რაღა თქმა უნდა, იდეალური არცერთი არ იყო და თავისებურად, ყველა ხელისუფლება ცუდია. კარგი ხელისუფლება საქართველოს ჯერ არ ჰყოლია). პოზიტიური რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ის, რომ უბრალოდ, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა თავისებურად თვითონვე გამარჯვებულს აქცევს რაღაც ჩარჩოებში და აიძულებს, მომავალი არჩენებისთვის იფიქროს, რომ თვითონაც მოუწევს ხელისუფლების ამავე გზით გადაბარება. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ სააკაშვილის ხელისუფლება, ის თავისივე “ვარდების რევოლუციის” წარმატების მსხვერპლი გახდა, რადგან ამ რევოლუციამ ასწავლა ხალხს ხმის ამოღება. საკუთარი უფლებების მოპოვებისა და დაცვის გემო ადამიანებმა სწორედ ამ დროს იგრძნეს.

 თქვენს წიგნში, „ფსიქოდელიური ქრონიკა 2009“, ძველი ხელისუფლების სახეების იმიჯი და დისკურსი განიხილეთ, სადაც პოლიტიკური ელიტის ორმაგ ენაზე საუბრობთ(ერთი მხრივ, ზრდილობიანზე და დახვეწილზე ევროპელებთან ურთიერთობისას და მეორე მხრივ, აღგზნებულსა და აგრესიულზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში). როგორ შეადარებდით ახლანდელი მმართველი გუნდის ვერბალურ შესაძლებლობებსა და სტილს წინამორბედთან?

მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია შევადარო. ახალ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან ლაპარაკის შედარებით ადამიანური სტილი აქვს. რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება ვერბალური წამოცდომები, არცოდნა, აროგანტულობა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით. ყოველ შემთხვევაში,მათ ნაკლებად ახასიათებთ ის ცინიზმი, რასაც მე ყოველთვის ვგრძნობდი სააკაშვილსი გუნდისგან და რის გამოც მათ მიმართ უარყოფითად განვეწყვე. რაც შეეხება საგარეო ენას, მე მათი ლიდერის საგარეო ენას ფაქტობრივად არ ვიცნობ, რადგან საზღვარგარეთჯერჯერობით არავის, ან ძალიან ცოტას ელაპარაკება. როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და იმდროინდელმა კოალიციამ გაიმარჯვა, მახსოვს, სააკაშვილი საფრანგეთში სერიოზულ პოლიტიკურ ტოკ-შოუებში პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა. იქ ისხდნენ ექსპერტები, რომლებსაც პოლიტიკური კულტურის ძალიან მაღალი დონე აქვთ. მათთან შედარებით, სააკაშვილი მხოლოდ პოლიტიკური ბავშვი იყო, მაგრამ რისკავდა და ელაპარაკებოდა. მან ამით მიაღწია იმას, რომ ევროპა გარკვეულწილად შეაჩვია აზრს, რომ არსებობს ასეთი „ბედ ბოი“, რომელიც რაღაცას აკეთებს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი იმდენად იშვიათად ესაუბრებიან თავიანთ დასავლელ პარტნიორებს, რომ თითქოს რაღაც თვითიზოლაციას მიმართავენ. ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ივანიშვილს დასავლეთში არ იცნობენ და მის ბექგრაუნდიც არ იძლევა იმის საშუალებას რომ მან აპრიორი კარგი შთაბეჭდილება დატოვოს(რადგსნ როგორც ცნობილია მდიდრები ხელისუფლებაში ზოგადად არსად არ უყვართ). მას გაცილებით მეტი საერთაშორისო გახსნილობა და ურთიერთობები სჭირდება, ვიდრე დღეს აქვს.

გარკვეული ნორმაა, რომ ხელოვანთა რაღაც ნაწილი რეჟიმს უჭერს მხარს. ეს ძირითადად იმ კატეგორიის ხელოვანები არიან, ვინც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში იღებენ მონაწილეობას, სამაგიეროდ კი, მმართველი პარტიის პროპაგანდას ეწევიან(თქვენ ერთ-ერთ თქვენს წერილში, ასეთი ხალხის ქმედებას ვიღაცის “მატარებელზე შეხტომას” უწოდებთ). როდესაც მმართველი გუნდი იცვლება, ეს ხელოვანები ავტომატურად ხდებიან ერთგვარი მარგინალები და მათი(როგორც ძველი რეჟიმის ნაწილის) ვარსკვლავებიც ქრება. ოქტომბრის არჩევნები ამის ნათელი დასტურია. თქვენ როგორდაახასიათებდით ამ ტიპის ადამიანებს? ვინ არიან ისინი და რა ადგილი უკავიათ ხელოვნებაში?

ჩვეულებრივი ოპორტუნისტები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.ვნახე კიდევაც ადამიანები სწორედ ამ “მატარებლიდან”, “მიშას მატარებლიდან”, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ “აი, თავისუფლად ამოვისუნთქეთო”. მე რომ ვეკითხები, თქვენ რა გიჭირდათ „თავისუფლად ამოსასუნთქი“-მეთქი, მეუბნებიან, “რას ლაპარაკობ, ძალიან განვიცდიდითო”. ეს ცოტა საბჭოთა სტილის იპოკრიზმს წააგავს, წითელ ინტელიგენციას რასაც უწოდებენ: მშვენიერი ურთიერთობა გაქვს ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდას ეწევი, თან წუწუნებ რომ მორალურად დათრგუნული ხარ. ასეთი ადამიანები, ჩემი აზრით, ტრაგი-კომიკურები არიან. თუმცა, ვერ მოსთხოვ ყველა ხელოვანს, რომ იყოს ნონ-კონფორმისტი.არც ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნაში არის რაღაც ახალი. ხელოვანებისს შემოქმედებ დიდი ნაწილი სწორედ შეკვეთებითაა დამზადებული და შექმნილი თითქმის მის ყველა დარგში, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება.…მაგალითისთვის, რენესანსის ყველაზე დიდი შედევრები პაპისა და მაღალ იერარქიის შეკვეთებითაა შესრულებული.

დაახლოებით ასევე იყო საბჭოთა კავშირში. უამრავი დიდი ხელოვანი იძულებით ემსახურებოდა საბჭოთა პროპაგანდას. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, პროპაგანდისტული ნამუშევრების ხარისხი ხშირად გვავიწყებენ მათარათავისუფალ წარმომავლობას. მიშას „მატარებლის მგზავრები“ არ არიან მაიაკოვსკები და ეიზენშტეინები. ჩემთვის მათი უმრავლესობა არის უბრალოდ პატარა ოპორტუნისტი.მათ პიროვნული შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვცდილობ, უბრალოდ, არსადაა მათი შექმნილი ნორმალური პროდუქტი. ვერ მანახებთ ვერაფერს ხარისხიანს, რაც 2000-იან წლებში მათ შეუქმნიათ.

ახლანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება საპატრიარქოსა და სასულიერო პირებისადმი წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. ახალი მმართველი გუნდი ბევრად უფრო აქტირუად თანამშრომლობს ეკლესიასთან და ახლო ურთიერთობების დამყარებასაც ცდილობს. თქვენ რა მოტივს ხედავთ ამ ახალ სტრატეგიაში?

მე ნაწილობრივ არ დავეთანხმები თქვენს კითხვას. ჩემს ბოლო წიგნში საკმაოდ ბევრი მიწერია საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულებაზე.არასოდეს საქართველოში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, რადგან მათ შექმნეს ის ინტელექტუალური და სულიერი სიცარიელე, რომელიც ეკლესიამ დაიკავა. როდესაც ამის საშუალებას მისცემ, ეკლესია ყოველთვის დაისაკუთრებს კიდევ უფრო მეტ ადგილს, ვიდრე მას უკავია. ეს ყველა ეკლესიას ეხება(მათ შორის კათოლიკურსაც). უბრალოდ, ეს ეკლესიის ერთგვარი მზარდი ბუნებაა. ის, რაც საქართველოში მოხდა, მე მჯერა, რომ არის ქართული კულტურის პოლიტიკის არარსებობა. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ის არის კოალიცია, რომელში შემავალი პარტიების უმრავლესობა აშკარადულტრამემარჯვენე ნაციონალისტები არიან. მათთვის ეკლესიასთან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად ბუნებრივია. მე გაცილებით ამორალურად მიმაჩნია, როდესაც ვითომ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე აწყობილი ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ რელიგიურ “რენესანსს” საქართველოში.

ისედაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებით გაჯერებულმა ახალმა ხელისუფლებამ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა მიიღო სააკაშვილის ამ სპეკულაციური პოლიტიკით, რომელმაც ძალიან დიდი როლი მიანიჭა ეკლესიას. ეს უკანასკნელი აღმოჩნა ისეთ მდგომარეობაში, რომ დღეს, პირდაპირ, თუ ირიბად, ფაქტობრივად, ნებისმიერ სახელმწიფო საქმეში ერევა.ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 90-იანების ბოლოს, ჩანდა ეკლესიის აღზევების ნიშნები. მახსოვს ერთ-ერთ ახლადდაარსებულ გაზეთთან ვაპირებდი თანამშრომლობას, და როდესაც მათ ვუთხარი, რომ რელიგიაზე წერა აუცილებელი იყო და ვაპირებდი კიდეც, ასე მიპასუხეს _ რელიგიას არ ვეხებითო. ეს მითხრა ხალხმა, რომელიც მომდევნო 8 წლის განმავლობაში განაგებდა ქართულ კულტურას, პოლიტიკას. მათ დაუშვეს, ის, რომ ფაქტობრივად რელიგიამ ისედაც სუსტი პოზიციების მქონე კულტურა ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, ეკლესიას თავისი ადგილი აქვს. ვის რა უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესია. უბრალოდ, ის ძალიან დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში. მასმთლიანად უჭირავს კულტურისათვის განკუთვნილი სივრცე და ეს ძალიან ცუდია.

„ფსიქოდელიური ქრონიკის“ ერთ–ერთ თავში(„პატარა უკულტურო რევოლუცია“) თქვენ საპროტესტო კულტურასა და საქართველოში პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხებით. მაგალითისთვის იმდროინდელ(2009 წლის აპრილი) მოვლენებს და „უცნობის“ „საკანს“ განიხილავთ. 2012 წლის სექტემბერში კი, იყო სტუდენტების საპროტესტო მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ.რა განსხვავებები დაინახეთ ამ მოძრაობასა და უახლოეს წარსულში გამართულ სხვა საპროტესტო გამოსვლებს შორის?

პირველ ყოვლისა, ეს იყო ახალგაზრდების პროტესტი. მის წინამორბედებში კი, ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა საშუალო ასაკის და უფრო უფროსი ადამიანები იყვნენ(რა თქმა უნდა, იქაც იყვნენ სტუდენტები, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით). ყველაზე პრინციპული განსხვავება იყო ის, რომ ეს პროტესტი გამოიწვია არა რაღაც პოლიტიკურმა შეცდომებმა, არამედ ადამიანის ღირსების შელახვამ. როგორც მახსოვს, თავად სტუდენტებსაც არ სიამოვნებდათ, როდესაც პოლიტიკოსები მიდიოდნენ მათ აქციებზე და მე ეს ძალიან მომწონს. მაგრამ აქ, ჩემი აზრით, რაღაც ეგოისტური მომენტიც იყო: მგონია, რადგან იმ კადრებში ძირითადად ახალგაზრდებზე ძალადობას აჩვენებდნენ, მათ გააცნობიერეს, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ მათგანს შემთხვეოდა. ძალიან უბრალო შემთხვევის გამო(თუნდაც მარიხუანას მოწევაზე, ან ქუჩაში შელაპარაკების გამო), ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ. ასეთი მსუბუქი დანაშაულები მთელს მსოფლიოში ხდება, მაგრამ ამის გამო შენს სიცოცხლეს მთლიანად ხაზი არ უნდა ესმოდეს.

რაც შეეხება „უცნობს“,ახალგაზრდებს არანაირად არ შეეძლოთ საკუთარი თავის იდენტიფიციტრება მოეხდინათ კაცთან, რომელიც გამოდის ფეხბურთის მოედნის ცენტრში და მუხლებზე დროშაზე ეცემა საყოველთაო ოვაციების თანხლებით.ეს თქვენი თაობისთვისკი არა, ჩემთვისაც კი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცხო და გროტესკული პათეტიკაა.

თქვენს აუდიობლოგში „თბილისს ვეღარ იცნობ“, იმ სიმბოლოებზე საუბრობთ, რომლებიც პარიზს თავის ხიბლს აძლევენ და არასდროს იცვლებიან. მართალია, იქვე ამბობთ, რომ თბილისში ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ დაძველებას ვერ ასწრებს, მაგრამ მაინც, რა ასოცირდება თქვენთვის თბილისთან, რა არის(ან იყო) თქვენთვის თბილისის სიმბოლო?

საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი. მხედველობაში მაქვს რაღაც განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ზოგ ქალაქს ახასიათებს. დღეს კი ამბობენ, სადღა არის ასეთი ურთიერთობებიო, მაგრამ მე ახალი თაობის ნაწილში ამას მაინც ვხედავ. როგორც მამა რომ შეხედავს პატარა შვილს და აღმოაჩენს რაღაც მოძრაობას, სიცილს, თუ ნებისმიერ სხვა მანერას, და მიხვდება, რომ ეს ყველაფერითითქოსმისია, ამ ასაკში ისიც ასე იქცეოდა. ესგენეტიკურად გადაცემული რეფლექსური მოძრაობები, აზროვნება და მანერებია. სწორედ ასეთი მოვლენაა თბილისური ურთიერთობები და „თბილისელობა“ – „გენეტიკურად გადაცემული“. რა თქმა უნდა, მასში მარტო კარგი არ არის. ყველა ქალაქს აქვს რაღაც კარგი და ცუდი., თბილისს ბევრი აქვს ასეთი “გენეტიკურად ცუდიც”, რომელიც ხანდახანძალიან თვალში საცემია, თუმცა უფრო და უფრო ნაკლებად.

რაც შეეხება არქიტექტურას,…ქალაქი თეატრის დეკორაციას არ უნდა დაამსგავსო. ამის გამკეთებლებს ალბათ ეს მოსწონთ. ვიღაცას შეიძლება მართლა ასეთი ჰგონია ევროპა, მაგრამ ის სინამდვილეში ასეთი არ არის. “თავმოყვარე” ევროპულ ქალაქის ცენტრში ასე ადვილად ვერ ჩადგავ შუშის შენობას, ვერ გაჩეხავ ტყეს. ამას იქ არავინ არ გაპატიებს და ამ საქმეს გადაგაყოლებენ. მე უფრო კონსერვაციის მომხრე ვარ, ვიდრე რესტავრაციის. იმედი მაქვს, რომ ძველი ქალაქის ის ნარჩენები მაინც შენარჩუნდება, რაც დარჩა.

თქვენს ერთ-ერთ ბოლო წერილში, “ბეკეკა და დიდი დიპლომატია”, ქართულ დიპლომატიას და ზოგადად, უცხოელებთან ურთიერთობას, ბეკეკას ქცევას ადარებთ(მგლისა და კრავის ცნობილი იგავიდან), რომელიც ნებისმიერ სხვას თავისზე უპირატესად მიიჩნევს. ამ წერილში თქვენ აბსტრაქტულ მეორე პირს მიმართავთ, რომელშიც სავარაუდოდ, ქართულ მენტალიტეტს გულისხმობთ და მას “მარადიულ ბეკეკას” უწოდებთ. როგორ ფიქრობთ, ეს დაუძლეველი ფსიქოლოგიაა?

დაუძლეველი არ არის, მაგრამ ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული _ ჩვენი ცხოვრების შესახებ შემთხვევით მოსულ სტუმრის აზრს უფრო მეტად ვითვალისწინებთ ვიდრე ოჯახის წევრებისას. ეს აბსოლუტური უწიფობისა და პროვინციალიზმის ნიშანია. მაგალითად, მე ვიღაცას ჩემს მოსაზრებას ვუზიარებ, მას კი საპირწონედ მოჰყავს ვიღაც ამერიკელი ექსპერტი, რომელსაც უკვე მეორე ქართველი ცოლი ჰყავს, საქართველო ძალიან უყვარს… და “იმას უფრო დაეჯერება”. “ევროპულობის” ხაზგამსმელი ნიშანი პრინციპულობაა. როდესაც ევროპელი შენში პრინციპებსა და მათ ერთგულებას ხედავს, ის პატივს გცემს და როდესაც მის ყველა ნათქვამზე ტაშს უკრავ, ის უბრალოდ ხდება “პატარა თეთრი ადამიანი ”(ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა და გულისხმობენ უმნიშვნელო ადამიანს, რომელიც, მესამე სამყაროს ქვეყანაში მოხვედრილი, მოულოდნელად „ვარსკვლავი” ხდება). ჩვენთან ასეთი “პატარა თეთრი ევროპელები” ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან და მათი ერთგვარი კულტივირება, როგორც ყოველთვის, თვალშისაცემია.არ ვამბობ, რომ მათ საერთოდ არ უნდა მოვუსმინოთ, პირიქით. მაგრამ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავზე მუშაობა, იმისთვის, რომ ამ “პატარა თეთრი ევროპელის” დონეზე მაინც დავაყენოთ საკუთარი თავი. თუ ასე არ ვიზამთ, მაშინ გაგრძელოთ ეს კომიკური დაპირისპირება უცხოელ ექსპერთთა და მეგობართა აზრებით? ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია რომელიმე თავისი მეგობარი, ან ფავორიტი უცხოელი ექსპერტის მოსაზრება მოიყვანოს, განსხვავებული აზრის ერთადერთ არგუმენტად. შემდეგ რა ვქნათ?მათი კომპეტენცია და დიპლომები ვადაროთ ერთმანეთს? უცხოელ ექსპერტთა ოლიმპიადა მოვაწყოთ? აი ეს არის ჩემთვის “ბეკეკობა”. საკუთარი პრინციპებისა და აზრის უპატივისცემლობა..

ციცინოს ფურთხი და ბიძინა დაიჯესტი

დღეს, იმის გარდა, რომ აგუერომ ვილიარეალს 93–ე წუთზე გაუტანა, ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ყველაფერი ერთ ადამიანს უკავშირდება. რაღათქმაუნდა – ბიძინა ივანიშვილს. ჯერ იყო და მისი კუთვნილი ბანკის, “ბანკი ქართუ”–ს, საინკასაციო მანქანა გაიტაცეს და ბანკის თანამშრომლებს ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი; შემდეგ ადამიანი, რომელიც “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა; ნარკოტიკების შენახვა–მოხმარების მიზეზით დააკავეს; მოგვიანებით კი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ათ თანამშრომელს იარაღი ჩამოართვეს. ასევე, ბერამ დღს გაავრცელა თავისი ახალი სიმღერა და რეალ–TV–მ თავის შესაფერის სტილში, კიდევ ერთი გენიალური სიუჟეტი გამოაცხო, სახელად ციცინოს ფურთხი.

ასეთი დატვირთული და დახუნძლული დღეები ადამიანს ახსენებენ, რომ იგი ერთ დიდ, უშველებელ, უკიდეგანო და უსასრულო ტრაკში ცხოვრობს. ტრაკში, სადაც ყველას ძალაუფლება სწყურია; ტრაკში, სადაც ტვინგამორეცხილი ხალხის კონტროლი კიდევ უფრო ადვილია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს; ტრაკში, სადაც მაშინვე გესვრიან, თუ შენგან ოდნავი საფრთხე შეიგრძნეს; ტრაკში, სადაც ყველა იტყუება და ტრაკში, საიდანაც გამოძრომა მხოლოდ ქაქების გავლით შეიძლება.

მაგრამ ეს ტრაკი ტრაკად არც ბიძინა ივანიშვილს უქცევია, არც მიხეილ სააკაშვილს, არც მის წინამორბედებს და არც იმათ წინამორბედებს. ტრაკი ტრაკად ჩვენ ვაქციეთ. ჩვენი დოგმატური აზროვნებით, ჩვენი რეაქციულობით, ჩვენი ადვილად გაყიდვადობით, ჩვენი მიდრეკილებით კონფორმიზმისაკენ და ქარიზმატული მმართველობის სიყვარულით. ჩვენი ჰობი საკუთარი თავის მოტყუება და ილუზიებში ცხოვრებაა, რადგან ასე უფრო ადვილი და მარტივია.

გუშინ გამოაცხადეს, რომ 31 დეკემბრამდე, “მეტრომანის” ყველა მფლობელს ხუთლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებდნენ. ხალხი გიჟებივით მიაწყდნენ მეტროს სალაროებს და უკვე რვა საათზევე, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებოდათ და ბარათის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდათ, გადაადგილების მხრივ პრობლემები შეექმნათ, რადგან მათ იმისათვის, რომ ჩაერიცხათ სალაროსთან ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ნახევარსაათიან რიგში უნდა მდგარიყვნენ. (რიგში, ეს პირობითი ნათქვამია) და ჩვენ არ ვიყიდებით.

ჩვენ ყველა ადვილად გვიხმარს. მთავარია, თავის გამოსვლებში მზიან საქართველოზე ისაუბროს, წარსული და ტრადიციები ადიდოს, პირჯვარი გადაიწეროს და შემდეგ ყველას ფული გადაუყაროს.

ტვინის განძრევას და რამის შეცვლას რომ დაპაირებთ, მეც აქვე ვიქნები და დამიმესიჯეთ.