კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

თბილისში ბევრი ხიდია. ყველა მტკვარზეა გადებული და ყველა უშნოა. ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზოგი ფეხებდაგრეხილი იქნებოდა, ზოგი ღიპიანი, ზოგი დიდცხვირა და ასე შემდეგ. უმეტესობას არც არანაირი ისტორია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ყოველ დღე ზურგზე ათასი მანქანა და ათასი კაცი გადაუვლის და გადმოუვლის ხოლმე. ხიდებსაც სხვა რა დარჩენიათ, მობზუებულები მინდობიან თავიანთ ბედს.

მაგრამ, ზოგჯერ თბილისურ ხიდებზეც ხდება საინტერესო ამბები. ამ ქალაქში, ალბათ,ა რ მოიძებნება  ხიდი, რომლიდანაც კაცი მტკვარში არ გადამხტარა თავის მოსაკლავად. ამიტომაც, ბევრ უკანასკნელ ფიქრს და სიტყვას ინახავენ ეს პირქუში ბებრები. ხანდახან საინტერესო დიალოგსაც მოჰკრავენ ხოლმე ყურს მათ ზურგზე მოსეირნეებისაგან.

აი, ახლა, უფერული ცხოვრების მქონე ერთ-ერთ თბილისურ ხიდზე, ორი ახალგაზრდა მოსეირნობს. გოგო და ბიჭი. გოგო, მაღალი, სწორთმიანი, გრძელფეხებიანი და მოხდენილცხვირიანი, ლაღად მოდის. ბიჭი კი, მასზე ერთი თავით დაბალი, სქელწარბიანი, ჩაფსკვნილი და მოკლეკისრიანი, აშკარად აღელვებულია და ლამისაა ნაბიჯიც კი აერიოს.

გოგო:

-იმ კაცის ამბავი იცი, რო დათვრა და ამ ხიდის მოაჯირზე რო დადიოდა?

ბიჭი:

-არა ნინო, არ ვიცი…

ნინო:

-მოგიყვე? დათვრა და მოაჯირზე გადი-გამოდიოდა…

ბიჭი სიტყვას აწყვეტინებს:

-ნინო, ნინო დაიცა რაღაც უნდა გითხრა.

-ხო, კაი, გისმენ დათო.

დათო მთელ თავის ძალღონეს იკრებს, ღრმად ისუნთქავს, ნინოს თავის უხეშ მარჯვენას ხელზე ჰკიდებს და აჩერებს:

-ნინო მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!- ლამის გაჰკივის. ალბათ, ზედმეტი ჰაერი ჩაისუნთქა.

ნინო მაშინვე სიარულს აახლებს. თავს დაბლა ხრის. რამდენიმე წამით თავის მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელს მოძრაობაში აკვირდება. შემდეგ ისევ მაღლა წევს, უყურებს და ეუბნება:

-ის კაცი თან ამბობდა ჩემს ბედს ვცდიო. ხიდიდან გადავარდა. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

-ნინო, მიყვარხარ!!!

-შენ იცი ცურვა?

 

 

პ.ს. მე აქ ვარ, მიყვარხარ და ყველაზე მაღალი ხიდის მოაჯირზეც გავივლი და მტკვარსაც გადავცურავ.

პ.პ.ს.(ჩამატებულია ორი თვის შემდეგ) მოგატყუე.

“Handsome Frank”

ტელეფონმა ღამის სამ საათზე დარეკა. დიდხანს რეკავდა სანამ თავისას არ მიაღწია და ლოგინიდან მამაკაცმა ხელი არ გადმოჰყო ყურმილის ასაღებად. მაგრამ მანამდე რამოდენიმეჯერ გვარიანად კი შეიგინა ნახევრადფხიზელმა ნახევრადმძინარემ.
–ვინც არ უნდა იყო, ცუდ დღეში ხარ!–ჩაიბურტყუნა ყურმილში.
–გამოფხიზლდი ფრენკი, საჩქარო საქმეა!–გაისმა მილიდან.
–რა ხდება, მაიკი შენ ხარ?
–ჰო, ჰო მე ვარ! შენ რა, სხვის ზარს ელოდი ამ დროს?–უპასუხა მოუთმენლად მაიკმა.
–არა, რა მოხდა მაიკ, რა ამბავია.–ფრენკს ხმაზე შეწუხება დაეტყო. იცოდა მაიკს არ სჩვეოდა უაზრო ხუმრობები და ყოველთვის საქმეზე რეკავდა.
–ფრენკ, აქ ისეთი ამბავია…უნდა მოხვიდე და თან სასწრაფოდ. ჯოუნს სტრიტის 16 ნომერია.
ფრენკი მაშინვე წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა, პირი დაიბანა გამოსაფხიზლებლად და ზარიდან 5 წუთში უკვე მანქანას ქოქავდა.
ფრენკი ფსიქოლოგი იყო. მართალია სულ რამოდენიმე თვის წინ შეუსრულდა 28 წელი, მაგრამ კოლეგებში უკვე საკმაო რეპუტაცია მოეხვეჭა. ეს კი, ძირითადად პოლიციასთან თანამშრომლობის წყალობით. ფრენკი მათ დიდად ეხმარებოდა დაკითხვის დროს. ბევრი თვლიდა, რომ მას ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა. მის წინ მჯდომი ადამიანი დიდი სიძნელით ბედავდა ტყუილის თქმას და ხშირ შემთხვევაში რამოდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ გულწრფელი ლაპარაკის სურვილი უჩნდებოდა. ხშირად, დამნაშავეებს სხვა, უფრო ადრე ჩადენილი და დაფარული დანაშაულიც კი უღიარებიათ. ეს, მეტწილად მისი ქარიზმატულობისა და ერთგვარი მამაკაცური შარმის დამსახურება იყო, რომელიც მისივე სქესის წარმომადგენლებზე არანაკლები ეფექტურობით მუშაობდა. ფსიქოლოგის პროფესიამ კი ამ “ნიჭს” თეორიული ცოდნა დაუმატა და მისი რეალიზებაც შეძლო.
ადამიანი, რომელმაც იგი ძილს მოსწყვიტა, გამომძიებელი მაიკ ჩენდლერი იყო. ყველაზე ხშირად ფრენკი სწორედ მასთან ერთად მუშაობდა და დიდი ხნის საქმიანი კავშირის შემდეგ, დაუმეგობრდა კიდეც. სწორედ ის ურეკავდა, როდესაც მისი დახმარება სჭირდებოდათ. ფრენკის პოლიციაც ხეირიანად უხდიდა და სხვა რა ენაღვლებოდა. განქორწინებულებთან მოსაწყენ კონსულტაციებს და 30 წლის კომპლექსებიანი ვაჟიშვილების ისტორიების მოსმენას, პოლიციასთან თანამშრომლობა ერჩივნა. ერთი ეგ იყო, როდის დასჭირდებოდი კაცმა არ იცოდა. ამიტომაც თავის გემოზე ვერ ისვენებდა. ახლაც ხომ ლოგინიდან წამოაგდეს.
ფრენკიმ ჯოუნსის 16 ნომრამდე მიაღწია. იქ ერთად მოეყარათ თავი პატრულის ეკიპაჟებს, სახანძროს და სასწრაფოს მანქანებს, და კიდევ საბანმოხვეულ, პიჟამოიან, ფრენკისავით ნახევრადმძინარე ნახევრადფხიზელ ხალხს. ფრენკი მათი სეირის მომლოდინე მზერის მიმართულებაზე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ჯოუნსის 16 ნომერში ხომ, ამ კვარტალში ყველაზე მაღალი შენობა იდგა. ხალხი კი, მის უმაღლეს წერტილს შესცქეროდა.
–ბავშვია, 19 წლის. ორსულადაა, შეყვარებულმა ეს რომ გაიგო მიატოვა. სასოწარკვეთილმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა.
–მაიკ, ეს შენ თვითონ მიხვდი რომ სასოწარკვეთილია?–გაიცინა ფრენკმა.
–რა იყო?–მაიკიმ გაიკვირვა.
–განა არსებობს არასასოწარკვეთილი თვითმკვლელი მაიკ? ხო მართლა, ჩემთვის ძილის წართმევის გამოსასყიდი ყავა სად არის?
–ახლავე მოვატანინებ ვინმეს. შენ კი ამდენ ყბედობას საქმეს მიხედო გირჩევნია.
–ნუ გეშინია, არ აპირებს გადმოხტომას.
–შენ რა იცი?
–ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ ყურადღება მიიქციოს. მის ასაკში ეს ბუნებრივია. სანუგეშო სიტყვებს ელის.
–და ამ დროს სცენაზე შეუდარებელი ფრენკი გამოდის!–თქვა მაიკმა გამოთქმით და ხელი ფრენკისკენ გაიშვირა.
–ერთი–ორი თბილი სიტყვა და ეგრევე მოლბება.–უთხრა ფრენკიმ და თვალი ჩაუკრა. –ჩემი ყავა ჯერ კიდევ არ მოსულა? რა ცუდად მუშაობს ამ ქალაქში პოლიცია!
–ჰო, ჰო ეგ სულ გადამავიწყდა.–თქვა მაიკიმ და პატრულის ერთ–ერთ ოფიცერს უხმო.
ფრენკი იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც მეხანძრეებს უშველებელი ბრეზენტი მოემარჯვათ და გოგონას გადმოხტომის შემთხვევაში გაშლას უპირებდნენ.
–ჰეი შენ, მანდ!–შესძახა ფრენკიმ. მის უკან უამრავი ცნობისმოყვარე შეგროვდა. “ნეტავ არ ეძინებათ ამ იდიოტებს?” –გაიფიქრა მან.
–რა გინდათ? უკვე ვთქვი რომ აქედან არ ჩამოვალ.–ჩამოსძახა გოგონამ ტირილით.
–ნუ ჩამოხვალ, მე უბრალოდ შენი სახელი მაინტერესებდა–ისევ ასძახა ფრენკიმ.
–ჯენი მქვია!–იყო პასუხი.
–ჯენი, მოდი დავილაპარაკოთ ჯენი! მე ფრენკი ვარ. შენზე 9 წლით დიდი ვარ მაგრამ შენი კარგად მესმის. თანაც ფსიქოლოგი ვარ. დაგეხმარები.
–არ მჭირდება მისტერ! თავი დამანებეთ!–გოგონა კვლავ ტიროდა.–მე აღარავის ვჭირდები. არც მე მჭირდება ვინმე!
ფრენკს ამ დროს მობილურზე შეტყობინება მოუვიდა:”დრო გაწელე სანამ მისი მშობლები მოვლენ. ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობენ. უკვე გზაში არიან.” ფრენკიმ მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხა:”არ მჭირდება” და ისევ ჯენის ახედა.
–ჯენი ასე არ გამოვა. მე და შენ უნდა დავილაპარაკოთ. შენ ხომ ორსულად ხარ?
–კი, და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ძალიან დიდი. ეს წყეული მუცელი რომ არა, არც მიმატოვებდა ოსტინი.
–ესე იგი მას ოსტინი ჰქვია? ჯენი, იცი, ოსტინი კრეტინია, კრეტინი და ლაჩარი! ის ალბათ შენსავით ახალგაზრდაა და ბავშვთან ერთად მომავალი პასუხისმგებლობის შეეშინდა. ამიტომაც გაიქცა შენგან. მაგრამ ჯენი, შენ ხომ არ ხარ მშიშარა! ჩამოდი და ჩვენ დაგეხმარებით!
–არ მჭირდება თქვენი დახმარება. ვეღარავინ დამეხმარებით. მე უვარგისი ვარ და ცხოვრება სამუდამოდ დავიმახინჯე. ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს.–ჯენი ტირილს უმატებდა და უმატებდა.
–ჯენი, მომისმინე ჯენი! მუცელზე ხელი დაიდე, აი ეგ არის შენი ცხოვრების აზრი. წარმოიდგინე როგორი იქნება რომ დაიბადება, შენი ხელით გაზრდი, ან თუ გინდა გააშვილებ. ცხოვრება ამით არ მთავრდება.
–ჩემთვის უკვე დამთავრდა. ყველასგან მიგდებული ვარ, მიტოვებული.–იმეორებდა გოგონა.
–შეხედე რამდენი ვართ! ჩვენ ყველა ვღელავთ შენ გამო ჯენი! შენ არ ხარ მარტო!–ფრენკი თანდათან აღელდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს ამდენ ხანს არ უნდა გაგრძელებულიყო.
–აქ ყველანი სეირის საყურებლად არიან მოსულები! სულელი არ ვარ ამას რომ ვერ ვხვდებოდე!
–ჯენი, დამშვიდდი, ჩამოდი და მე და შენ ერთად დაველაპარაკოთ ოსტინს. გინდა?
–არაფერიც არ მინდა. თქვენც ნუღარ ირჯებით მისტერ. ალბათ ამ ტყუილი ნუგეშით შოულობთ პურის ფულს, მაგრამ ჩემთან ეგ არ გაგივათ.
ამის თქმა იყო და გოგონა შვიდი სართულის სიმაღლიდან გადმოხტა. გადმოხტომამდე ოცი მეტრი სახურავის აღმოსავლეთ ნაწილისკენ გაირბინა და იქიდან გადმოეშვა. მეხანძრეებმა ვერ მიუსწრეს.
ფრენკი ერთ ხანს გაშეშებული იდგა. მას მაიკი მიუახლოვდა.
–სულელი ბავშვები!–ჩაილაპარაკა ფრენკიმ.
–გამომართვი შენი ყავა. ერთი–ორი თბილი სიტყვა არა?–უთხრა მაიკმა და დოინჯი შემოიწყო.
–არ გინდა ახლა! ეს ყავაც ცივია. რამე უფრო მაგარი შემომთავაზე. სულ ერთია ერთი კვირა მაინც აღარ დამეძინება.
მანქანაში ჩასხდნენ და უახლოესი ღია ბარისკენ გასწიეს.
ხალხიც მალე დაიშალა.
იმ დღეს ვერც ფრენკის ქარიზმამ გასჭრა, ვერც მისმა შარმმა. ალბათ იმიტომ, რომ ჯენი შვიდი სართულით იყო მისგან დაშორებული.