თურქული დღიურები ანუ .. მოგპარე, აპრილო, ერთი დღე!

ეს არის ჩემი ბლოგის ყველაზე აქტიური მკითხველის, ნინცას გესთ–პოსტი. ნინცა ვორდპრესზე არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც მე გამოვაქვეყნებ.

ჩაი მინდოდა… ყველას ეძინა და ხმაურს მოვერიდე.  მინდოდა, ლოგინზე უაზროდ ჯდომის გარდა კიდევ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ფიქრის თავი არ მქონდა და ფიქრსაც შევეშვი. დღემ ისე ჩაიარა ძილი მენანებოდა….. ასეთ დროს არც უნდა გეძინოს კაცს.. უნდა იჯდე და ლუდით გაჟღენთლმა შტერივით უნდა უყურო ფანჯარას….  კიდევ კარგი დედაჩემს სძინავს, აქ რომ შემოსულიყო,  შევეშინდებოდი.
ვიჯექი მთელი საათნახევარი და ჩემს უკან სავარძელზე ბავშვის ღუღუნს ვუსმენდი. წამით მომინდა მეყვირა, გააჩერეთ ვინმემ-მეთქი…. მერე შემეშინდა….. წარმოვიდგინე, რომ უცებ გავიზარდე… გულში უკან მჯდომ პატარა მგზავრს ბოდიში მოვუხადე და პირდაპირ საქარე მინას გავუშტერე თვალი, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ ფიქრისთვის ვემზადებოდი.
ცარიელი იყო ზოოპარკი. ჩვენ ვსეირნობდით მარტო. „აქ?“ მე მხრებს ვიჩეჩავ.. „ჰო, აქ..“  ტროტუარზე დავსხედით. ისიც ცარიელი იყო და იმიტომ. „ბევრს სვამ ხოლმე?“ მე ისევ მხრებს ვიჩეჩავ. ამჯერად არაფერს ვამბობ.  ხელში მეჭირა ჩემი ბოთლი, წინასწარ მივხვდი, ვერ გავხსნიდი. როცა მეორე ქილამ ხმა გამოსცა, შემაჟრჟოლა…. მექანიკურად ლუდს მოვეფერე…  „მომეცი, გაგიხსნი.“ ყველა გალია ცარიელი იყო.  და ჩვენ ამ გალიებს ვათვალიერებდით.. წარმოვიდგენდით, რა ცხოველი იქნებოდა აქ, მერე ვიცინოდით.. მე არ მეცინებოდა მაგრამ მაინც ვიცინოდი. შიგადაშიგ მახსენდებოდა, რომანში აი იქ ვარ, ბერტას ომლეტი რომ უნდა შევუწვა. ერთი სული მაქვს როდის გადავალ მოხარშულ კარტოფილზე.
ბავშვი ახლა რაღაცას აკაკუნებდა ჩემს უკან. საქარე მინას თვალი მოვაცილე. „რა მოხდება ახლა შენ რომ სადმე სხვაგან გამოგყვე??“ ბორბლების ხმა მესმოდა მარტო…. თანხმობად ჩავთვალე.
არ გაღვიძებია არავის…  მე ჩაის ვსვამ…  ჩემს ზემოთ ერთი თორმეტი წლის გოგო ცხოვრობს, ნუთუ ის აწრიპინებს ახლა ამ ვიოლინოს?..  გვერდზე ვიღაცას შუქი აქვს ანთებული. იმასაც ასეთი დღე ჰქონდა, ალბათ, ნაქურდალი. ზოოპარკში არა მაგრამ სხვაგან.. წარმოვიდგინე, როგორ ითამაშა დაჭერობანა სადმე პარკში.  ციოდა, მაინც გარეთ ვიდექი. „ძილში გამეღიმება, ალბათ“. ცარიელი ჭიქა აივნის მოაჯირზე დავდგი და საბანში გავეხვიე.

“მხსნელი”

ეს მოთხრობა იყო გესთ–პოსტი სიყვარულოვნას ბლოგზე.

მე ნიკა ვარ, ოღონდ არა ნიკოლოზი. ნიკა ვარ საბუთებშიც და ცხოვრებაშიც. თუმცა ნიკოლოზსაც არაუშავს, ზოგ გოგოს ნიკოლოზი უფრო მოსწონს. ოცდაერთი წლის ვარ. როგორც იტყვიან, უკვე მოვწიფდი მაქვს, ახალგაზრდობის ყველაზე მაგარი პერიოდი მაქვს. მეც არ ვკარგავ დროს ტყუილად და ჩემს გემოზე ვერთობი. ბევრი უსაქმურად მთვლის, მაგრამ გართობასაც ხო მოხერხება უნდა? ეგეც საქმეა! უნივერსიტეტიდან მეორე კურსიდან გამომაგდეს. ხუთი საგანი რომ შეგეტენება ექვსიდან, წესით უნდა გამოგაგდონ, მითუმეტეს, როცა ეს ერთხელ კი არა, სამჯერ გამეორდება. დიდად არ მიდარდია ამაზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ სწავლისთვის არ გავჩენილვარ, თანაც ლამაზი გოგოები მაინც არ ჰყავდათ იქ. განათლებულად არ ვითვლები, მაგრამ მთლად წყალწაღებულადაც ნუ ჩამთვლით. აზროვნება შემიძლია. თანაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე. ამერიკული მოთხრობები მიყვარს. კითხვით კიდე, ტუალეტში ვკავდები. წასაკითხად ტუალეტზე მაგარი ადგილი არ არსებობს. სიწყნარეცაა, და შუქიც თანაბრად ნაწილდება პატარა ოთახში. ზოგჯერ, საათზე მეტ ხანსაც არ გამოვდივარ, სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრებ მოთხრობას. ჰემინგუეი და სელენჯერი მიყვარს. მაგრამ უფრო ალბათ ჰემინგუეი. იმიტომ რომ მაგას ეთქმოდა კაცი ვარო. იმხელა იყო, ზემოდან დამხედავდა, მიუხედავად იმისა რომ დაბალს ვერ იტყვის კაცი ჩემზე. თან რა მამაცი იყო. ომის მაგას არ ეშინოდა და სიკვდილის, მაგრამ მგონი სიკვდილის ყველაზე მეტად ეშინოდა, ასე რომ არ ყოფილიყო თვითმკვლელობისთვის გამბედაობის მოკრებას სამოცდაერთ წელს არ მოანდომებდა. ნამდვილი ჯიგარი კაცი იყო. ალბათ ბევრის დალევაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ღიპიან ბიძიებს მაინც ვერ გაუქაჩავდათ, იმათ მგონი იმხელაზე აქვთ ყველა ორგანო გაფართოებული, ზოგჯერ მგონია ოცი ლიტრი წყალი ჩაეტევათ შიგნით.

ჩემზე საუბარი მეყოფა. ახლა ერთ ამბავზე გადავიდეთ, რომლის მოყოლაც მინდა. მგონი საინტერესოა.
წინა კვირას, მეგობართან დავლიეთ. ღამე გავათენეთ. მაგრამ გოგოები მალე გაგვექცნენ, არ დარჩნენ. სტუდენტები იყვნენ, ქუთაისელები. მგონი მართალია რომ ამბობენ, ქუთაისელები თბილისელებზე კარგად იცვამენო. ამათ მართლა მაგრად ეცვათ და ისედაც მაგრები იყვნენ. მაგრამ დედიკოების ზარების მაინც შეეშინდათ და სახლში წაცუნცულდნენ, მგონი ერთად ცხოვრობდნენ სამივე. ღამე იქ დავრჩი. წასვლის თავი არ მქონდა. მანქანა რომ მყავდეს ისე მაგრად არ დამეზარებოდა, მაგრამ ვერ დაადგა საშველი ჩემთვის მანქანის ყიდვას.
მეორე დილით, დილა ჩემთვის, თორემ ისე სადღაც პირველი საათი იქნებოდა. მეტროთი წამოვედი. ძალიან მტკიოდა თავი. ვაგონში რომ შევედი, მაშინვე ვიპოვე თავისუფალი ადგილი თვალებით, და დაუფიქრებლად ვეტაკე, დავჯექი. ჩვენთან, ამას ბევრი უზრდელობად თვლის. მაგათ რომ ჰკითხო, რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა თავისუფალ ადგილზე არ უნდა დაჯდეს და მასზე უფროსს უნდა დაუთმოს. ვაგონში შენ გარდა სხვა რომ არავინ იდგეს ფეხზე და რომ დაჯდე, მაინც ბრაზით შემოგხედავენ, შემდეგ გაჩერებაზე ხომ შემოვა ვინმე და იმისთვის დაეტოვა ადგილიო, იტყვიან.
მოკლედ, ასე “თავხედურად” დავიკავე, ვინმე ომის ვეტერანის ან წარსულში დამსახურებული მუშაკის ადგილი. ვცდილობდი, თავის ტკივილიდან სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ვაგონში ხალხს ვათვარიელებდი. ჩემ წინ, სკამზე ერთ ქალს შევხედე. ასე ორმოც წლამდე იქნებოდა, მაგრამ ასეთ ქალებს ასაკი შარმს მატებს(ეს რათქმაუნდა გარკვეულ პერიოდამდე). გამხდარი იყო, ფეხებიც წვრილი ჰქონდა, ისეთი, მე რომ მომწონს. ქერად შეღებილი, მოკლე თმა, ცხვირი ძალიან წვრილი. გრძელი, სათუთი თითები მუხლებზე ეწყო. ქუჩაში მზე ანათებდა, ხუთი გრადუსი მაინც იქნებოდა, მას კი ბეწვის ქურქი ეცვა. მთელი ტანით იყო ქურქში ჩაფლული, მაგრამ ფეხები მოშიშვლებული ჰქონდა. ზუსტად მის წინ, ერთი ლოთი დაჯდა და ხარბად დაუწყო მის ფეხებს ყურება. მან იგრძნო, და თავისი გრძელი ქურქი მოკლე კაბას დააფარა.
ვაკვირდებოდი, და სულ უფრო მაოცებდა. იჯდა და მგონი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ხან გაოცებულ სახეს მიიღებდა, თითქოს რაღაც საშინელება ეთქვა მისთვის ვინმეს, ხან წარბს აწევდა და დაფიქრდებოდა, ხან თავს აქეთ–იქით აქნევდა უარის ნიშნად. არც მოსვენება ჰქონდა. ხან ერთ ფეხს გადადებდა მეორეზე, ხან მეორეს პირველზე. არ ჩერდებოდა. ყველაფერი რიგზე არ უნდა ჰქონოდა. მივხვდი, დეპრესიაში იყო, სასოწარკვეთილად და გაუბედურებულად თვლიდა თავს. ზუსტად ეს შეესაბამებოდა მის ქცევას. გადავწყვიტე, სანამ რაიმე სისულელეზე დაიწყებს ფიქრს, ხასიათი გამოვუსწორო–მეთქი.
მანამდე ერთ საიდუმლს გაგანდობთ. ხომ გითხარით მთლად წყალწაღებული არ ვარ–მეთქი. რაღც ნიჭი მეც გამაჩნია. მომხიბვლელი ვარ, ამას ვერავინ უარყოფს. ადამიანის ამოცნობაც შემიძლია. გოგოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, კარგად საუბარიც შემიძლია და თან ვიცი, როდის რა ვთქვა. სულ მიზანში ვარტყამ. გამბედაობაც არასდროს მღალატობს. მოკლედ, პროფი ვარ.
ახლადმოსულ იდეაზე ბევრი არ მიფიქრია, და როგორც კი მის გვერდით ადგილი განთავისუფლდა, ეგრევე გადავსკუპდი და გამოველაპარაკე. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი სიტყვები წყვიტავს ყველაფერს და ისინი განსაკუთრებული სიზუსტით უნდა შეარჩიო. არც ძალიან უნდა გადაამლაშო, და არც ძალიან მსუბუქი არ უნდა გამოგივიდეს, თორებ შტერი ეგონები.
–გამარჯობა ქალბატონო! თქვენს ხელზე ბეჭედი არ შემინიშნავს, და ვიფიქრე უზრდელობად არ ჩამითვლის, რომ გავესაუბრო–მეთქი.
–მგონი არაფერი დაშავდება.–გაეღიმა, ხომ ხედავთ. ვიცი რა!
–ძალიან კარგი, მე ნიკა მქვია.
–მე კი, ლიკა.–მომატყუა, სახელი მომატყუა. სახეზე დაეტყო, რომ ტყუილს მეუბნებოდა. პირველი რაც მოიფიქრა ის მითხრა. ლიკასთან ასოციაცია კი, ჩემმა სახელმა მოიტანა. მაგრამ გავატარე, თამაშში ავყევი.
–და, როგორ მოხდა, რომ ასეთი ქალი გაუთხოვარი დადის თბილისის ქუჩებში?– ვუთხარი ღიმილით.
–გაუთხოვარი არ ვარ, ქმარი, ის წავიდა…–უცბად, პირი დაკუმა და ტუჩბზე იკბინა. იგრძნო, ყველა ჩვენ გვიყურენსო და შერცხვა. ქურქი კიდევ უფრო დაბლა ჩამოწია და უფრო დაბალი ხმით განაგრძო.
–მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ? თქვენ გყავთ ცოლი?
მე ვუთხარი, რომ არ მყავდა. შემდეგ კიდევ თხუთმეტი წუთი ვისაუბრეთ. ეს ნაკლებად საინტერესოა, უბრალოდ ვემზადებოდი რომ ღრმად შემომეტყუა, თავი მომეწონებინა, ნდობა გასჩენოდა ჩემ მიმართ. მერე კი, შეტევზე გადავედი.
–ლიკა, სახლში მარტო ცხოვრობ?–უკვე შენობით ველაპარაკებოდი.
–არა, ბავშვთან ერთად.
–შენი ბავშვი ახლა ალბათ სკოლაშია, არა?
–კი, სკოლაშია.–მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი. დაბნეულობა დაეტყო, თვალებს მარიდებდა.
–მერე, ყავა დავლიოთ არ გინდა?– ვუთხარი და პასუხს დაველოდე. ჩემთანაც წავიყვანდი. მარტო ვცხოვრობ. დედაჩემი საბერძნეთშია წასული და იქიდან მიგზავნის ფულს. მდიდარ ბერძენს გაჰყვა ცოლად. მამაჩემი კი, ათი წლის წინ ავარიაში დაიღუპა. ბნელოდა, მთვრალი იყო, საჭესთან ჩაეძინა, გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგოდ მომავალ მანქანას შეეჯახა.იმ მანქანაში, ქმარი, ცოლი და ხუთი წლის ბავშვი ისხდნენ. მარტო ცოლი გადარჩა და ახლაც ინვალიდის ეტლით დადის. ჩემთან არასდროს არ ამყავს გოგო. არ მიყვარს. გოგოებთან, ძირიდათად ერთჯერადი ურთიერთობები მაქვს და არ მინდა იცოდნენ სად ვცხოვრობ.
ქალი გაწითლდა. მგზავრებს გადახედა, თითქოს ჰკითხა თქვენ რას მირჩევთო. ყველა ისევ ჩვენ გვიყურებდა, რაღათქმაუნდა არა სათნო სახით. უარის თქმა დააპირა, მაგრამ ვიცი, დათანხმებაზე მეტად არას თქმა უძნელდებოდა. მერე დიდხანს ინანებდა უარი რომ ეთქვა.
ბოლოს გაბედა და კაი აზრიაო, მითხრა.
ვარკეთილში წამიყვანა. გზაში მომიყვა როგორ მიაგდო ორი თვის წინ მისმა ქმარმა და თავის უკრაინელ ნაშასთან ერთად კიევში მოხია. მარტო დატოვა თორმეტი წლის ბავშვთან ერთად.
სახლში შესვლამდე გამაფრთხილა, სახლი არეულ–დარეულიაო. შევედით, ნათელი ბინა იყო, თუმცა მართლა დაულაგებელი, მაგრამ დათვალიერება დიდხანს არ დამცალდა. როგორც კი კარი მოიკეტა შემომატრიალა და კოცნა დამიწყო. ყავა ვიღას ახსოვდა.
ლოგინში რაც მოხდა, ეგ თქვენი საქმე არ არის. ერთი საათის მერე მითხრა, მოვრჩეთ, მალე ჩემი ბიჭი სკოლიდან მოვაო. ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ის კი, ლოგინზე იჯდა, ხელებზე დაყრდლობილიყო და უკან გადაწეულიყო. ვუყურებდი. მართლა მაგარი ფეხები ჰქონდა. განა მარტო ფეხები, ყველაფერი მაგარი ჰქონდა. შეენს ქმარს თავში ჭკუა არ აქვს–მეთქი ვუთხარი. გაეღიმა. პირველად. ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკეო, მითხრა. მობილური ამოვიღე და უხალისოდ ჩავიწერე ნაკარნახევი ნომერი.
შემომხედა, არ დამირეკავ არაო, მითხრა. ასე აჯობებს–მეთქი, ვუთხარი. წამოიწია, ხელები ლოყებზე შემოიწყო და მუხლებს დააყრდნო. სევდიანის ახე მიიღო. ასე ძალიან საყვარელი იყო. მაინც მადლობო მითხრა, ახლა უკეთესად ვგრძნობ თავსო.
მე გავეხუმრე, დედაჩემი მარტო რომ დარჩა, საბერძნეთში წავიდა და მდიდარ კაცს გაჰყვა. შენც წადი საბერძნეთში–მეთქი. კიდევ გაეღიმა და მივხვდი, რომ სწრაფად უნდა წავსულიყავი, თორემ ვეჩვეოდი და უფრო და უფრო ვიხიბლებოდი. არ მიყვარს ქალის ასე ახლოს მოშვება. არ მიყვარს ვინმეზე დარდი. ეს კი, ჩემდა უნებურად ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა. სულ ორი ღიმილი ეყო.
ბინიდან რომ გავდიოდი, მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებდიო. შევჩერდი, რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ჭკვიანური ვერაფერი მოვიგონე. კარი მოვიხურე, ის კი, იქ დავტოვე, ლოგინზე, მუხლებზეხელებდაყრდნობილი, შიშველი ფეხებითა და მკერდით.
არ ვიცი მერე რა მოუვიდა. ზღურბლს როგორც კი გადმოვაბიჯე, მაშინვე წავშალე მისი ახლადჩაწერილი ტელეფონის ნომერი. ვიცოდი, ვერ მოვითმენდი და მაინც დავურეკავდი. იქნებ თავი მაიცნ მოიკლა, ან იქნებ მართლა წავიდა საბერძნეთში, იქ მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად და ახლა უდარდელად ცხოვრობენ ის და მისი შვილი. ერთი კი ვიცი, ჩემთვის ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მისთვის კი, მგონი მაინც შეიცვალა რაღაც.