უზიგზაგო არჩევნები

არჩევნები

არჩევნების დღე ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დასვენების დღეა, დღე, როდესაც შეგიძლია გვიანობამდე იძინო, ან პირიქით, რაც შეიძლება ადრე ადგე და საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად დილაადრიან გამოცხადდე. ეს არის ერთადერთი მოვალეობა, რომელიც ამ დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეს ეკისრება, ერთადერთი და ყველაზე საპასუხისმგებლო.

თუმცა, ეს დღე ყველასთვის დასვენებისთვის არ არის განკუთვნილი. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც არჩევნები ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული დღეა მის კალენდარში. ასეთი ხალხი ძირითადად დამკვირვებლები და ჟურნალისტები არიან, ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება უნდა უზრუნველყონ.

მას შემდეგ რაც 18 წელი შემისრულდა, ეს ჩემი მეორე არჩევნებია. დილით 9 საათზე ვდგები, ვემზადები, ჩანთაში ვილაგებ კალამს, რვეულს, მხედველობის სათვალეს, ლეპტოპსა და ცესკოს უზარმაზარ სააკრედიტაციო ბარათს(ამ არჩევნებში, წინასგან განსხვავებით, მხოლოდ ამომრჩეველი არ ვარ და არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ვაპირებ წასვლას, საიდანაც სტუდენტური ბლოგისთვის პრესკონფერენციებს გავაშუქებ). მე ჯერ საარჩევნო უბნისკენ მივდივარ, რომელიც ჩემი სკოლის შენობაშია განთავსებული. სკოლის ეზოში საერთოდ არავინ არ მხვდება. ეზოს ეს სურათი ძალიან დიდ კონტრასტს ქმნის წინა არჩევნებთან შედარებით, რომლის დროსაც სკოლის შესასვლელთან ერთგვარი კორიდორი იყო გაკეთებული – ერთ მხარეს ერთი პარტიის აქტივისტები იყვნენ ჩამწკრივებულნი, მეორე მხარეს კი – მეორისა. მეც ხან ერთ მხარეს წავიდოდი ჩემი მეზობლის ან სკოლელის მისასალმებლად, ან მეორე მხარეს და ასე ზიგზაგებით მივაღწიე კარამდე. დღეს კი ამავე ადგილას ისეთ სწორ ხაზზე მივდივარ, რომ ნებისმიერ ნასვამ ადამიანს, რომელსაც პატრული მანქანიდან გადმოსვლას და გავლას სთხოვს, ზუსტად განმეორება მოუნდებოდა.

უბანზე სულ ორიოდე ამომრჩეველი მხვდება. რეგისტრაციას უცბად გავდივარ, შევდივარ კაბინაში და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. შემდეგ მედიაცენტრში მივემართები. რუსთაველის მეტროდან ქობულეთის ქუჩამდე ფეხით მივდივარ. თბილი და წყნარი დილაა, ქუჩაში ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს. კარგა ხანს ვუნდები ქობულეთის აღმართზე იმ სახლის მოძებნას, სადაც ცენტრია განთავსებული. ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც მრგვალი ბაღის მიდამოებში ყველა აღმართს დავლაშქრავ, „აღთქმულ მიწამდეც“ ვაღწევ და ლიფტში შევდივარ.

მედიაცენტრის კორიდორში შესვლისას ხმაურსა და ოპერატორების მიერ გაჭიმულ უსასრულო კაბელებში ვიხლართები. ბოლოს დიდ ოთახში შევდივარ, სადაც სკამებზე მსხდომი(და ალაგ–ალაგ გაწოლილი) ჟურნალისტები და მათი განუყრელი ოპერატორები მხვდებიან. მე სულ ბოლოში, კამერების გვერდით ცარიელ სკამზე ვჯდები, ლეპტოპს ჩანთიდან ვიღებ და სამუშაოდ ვემზადები.

12 საათზე პირველი პრესკონფერენციაა. მე ნიუსს ვწერ და შემდეგ გაჭირვებით ვცდილობ, მედიაცენტრის უვარგისი Wi-Fi დავიჭირო და ნიუსი გამოვაქვეყნო. გამოცდილ ჟურნალისტებს usb მოდემები აქვთ წამოღებული და ინტერნეტიც ნორმალურად უმუშავებთ. პრესკონფერენციის შემდეგ 2–საათიანი შესვენება ცხადდება და ჟურნალისტებს მედიაცენტრის მეორე ბოლოში, იმ ოთახში უხმობენ, სადაც ეს–ესაა საჭმელი მოიტანეს. ყველაზე მშივრები არ აყოვნებენ, თავიანთ რვეულებსა და კამერებს ტოვებენ და იმ ოთახისკენ მიდიან. სხვები ნელ–ნელა იკრიფებიან. „წამოდი, თორემ ამათ ხელში, აღარაფერი შეგხვდება.“ – მეუბნებიან, როცა ხედავენ, რომ მე ჯერ კიდევ ლეპტოპში მაქვს თავი ჩახრილი. ბოლოს და ბოლოს, ბლოგზე ჩემს ნიუსსაც ვაქვეყნებ და იმ ტექსტსაც, რომელიც სხვა სტუდენტმა ცესკოდან ელ–ფოსტაზე გამომიგზავნა, ლეპტოპს ვხურავ და მეც ბოლო ოთახში გავდივარ. ოთახის სიმცირის გამო, აქ კიდევ უფრო დიდი ხმაურია. ყველა პიცას ჭამს, ან ცდილობს, რომ იქამდე მიაღწიოს და ერთი ნაჭერი აიღოს. დროზე მივასწარი ბოლოსწინა ნაჭერს. 10–მდე პიცისგან მხოლოდ ერთი ნაჭერიღა რჩება. შემდეგ ყველანი ისევ უკან ვბრუნდებით. 2 საათიდან ბრიფინგების სიხშირე იზრდება. მეც ნიუსს ნიუსზე ვწერ, პრესრელიზი პრესრელიზზე მომდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „მრავალეროვანი საქართველო“… ყველა ორგანიზაცია ძირითადად, ერთი და იმავეზე საუბრობს – „სიწყნარეა, სიწყნარეა, ნეტა დღის ბოლომდე სულ სიწყნარე იყოს.“ ბრიფინგების დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტები იწყებენ წუწუნს – „რა სიწყნარეა“; „რა მომაბეზრებელია“; „რამე მოხდეს, ნეტა ვინმე მაინც სცემონ“. მათგან განსხვავებით, ოპერატორებს მოწყენილობის არაფერი ეტყობათ. ხმამაღლა ჰყვებიან ახალ–ახალ ანეგდოტებს და ხანდახან სასაცილო ხმით რაიმე სევდიან სიმღერას წაუმღერებენ, მაგრამ მერე ახსენდებათ, რომ ბრიფინგი მიმდინარეობს და ჩუმდებიან(ან პირიქით, ხმას უწევენ – გააჩნია, ტრიბუნასთან მათთვის რამდენად პრიორიტეტული ადამიანი დგას).

8 საათის მოახლოებასთან ერთად ბრიფინგებს შორის შუალედებიც სულ უფრო და უფრო მცირდება. მეც ნიუსს ვაქვეყნებ და მაშინვე ახლის წერას ვიწყებ. ინტერნეტი ისევ უვარგისად მუშაობს და თანდათან ვრგძნობ, რომ ძალიან ვიღლები. 9 საათზე ბოლო ბრიფინგსაც ვაშუქებ – ერთ–ერთი ორგანიზაცია ცესკოს წარმატებულ არჩევნებს ულოცავს. მედიაცენტრი თანდათან იცლება. ჩემ გვერდით სულ 3–4 კამერაღა რჩება. მე ლეპტოპს ჩანთაში ვიდებ და მოვდივარ.

სახლში მიმავალი ივანიშვილის ბიზნესცენტრის თავზე ფოერვერკს ვხედავ. ალბათ, ეს დღეს ყველაზე დიდი ხმაურია თბილისში. სახელმწიფოს გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრისთვის არჩევნები წლის ყველაზე დიდ სანახაობად იქცა. სხვა დროს ამ შოუს ფოერვერკი მთელი დღის განმავლობაში არ აკლდა,  დღეს კი ძალიან ბევრს გაუცრუვდა იმედები. დღეს ყველამ გზა საარჩევნო უბნის კარამდე ზიგზაგების გარეშე გავიარეთ. ბიზნესცენტრის თავზე ეს ფოერვერკი კი სხვა შოუს ნაწილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s