ველური vs მხეცი

26 მაისს 00 საათზე, სახალხო კრების აქცია რუსთაველის გამზირზე, ოფიციალურად, არასანქცირებული გახდა და პოლიციას მისი ძალის გამოყენებით დაშლის უფლება მიენიჭა. პოლიციამ თავისი უფლება გამოიყენა, რაც ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა ქართულმა პოლიციამ კვლავ უნიკალური პერფორმანსი შემოგვთავაზა. ეს იყო პოსტნოემბრული შედევრი: წყლის ჭავლების, მხუთავი აირისა და სრულიად უმწეო ადამიანების ხელკეტებით ცემის თითქმის სრულყოფილი სინთეზი. ბრავო, მაესტრო!
ყველაფერი კი ასე დაიწყო: იყო და არა იყო რა. იყო ერთი უწყნეთისაგარაკო პოლიტიკოსი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა არსებული ხელისუფლების დამხობა. ამისათვის, მან შეკრიბა რამოდენიმე ასეული ადამიანი, და კოსტავას გამზირი (ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია) რამდენიმე დღით გადაკეტა. რა თქმა უნდა, შეკრებილთა უმრავლესობა ლოთობისა და წამალდამოკიდებულობისაგან განკურვის გზად მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას თვლიდა. მათ არც მეტი არც ნაკლები, თავი იტალიელ პარტიზანებად წარმოედგინათ და მთელი დღის განმავლობაში “ბელაჩაოს” აწრიპინებდნენ.
გავიდა ხანი, და მან, ვინც სიცხეში წყნეთში ვეღარ ისვენებს, გადაწყვიტა, რომ მორფინისტებიც შეიძლება გაბეზრდნენ ბელაჩაოს მოსმენით. გაბეზრდნენ, და სახლებში წავიდნენ. ამიტომაც, მუხტის შემოტანა გადაწყვიტა. აქციების დაწყებიდან მეხუთე დღეს, მან თავისი ჰუნები კოსტავადან აყარა, და პარლამენტის წინ დააბანაკა. მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლა განიზრახა.
მთავრობა, რა თქმა უნდა, ასე ადვილად არ აპირებდა დიდი მონდომებით გაპიარებულ აღლუმზე ხელის აღებას. და პრინციპის საკითხის ნაცადი ხერხით მოგვარება გადაწყვიტა. ხუთდღიან აქციებს ვადა 26 მაისის დადგომისთანავე გასდიოდა და ყველა შემდგომი მიტინგი არაკანონიერად ჩაითვლებოდა. მთავრობამ მოვალეობის მოხდის მიზნით, გაფრთხილებისმაგვარი სიტყვა მიუგდო რკინის ლედისა და მის ჰუნებს. უაგარაკო ლედი ხომ სწორედ ამისთვის იყო მოსული. მას მუხტი სჭირდებოდა, მუხტი კი მხოლოდ მისი და მისი აქტივისტების დარბევით მიიღებოდა. რა თქმა უნდა, მათ მტკიცედ გადაწყვიტეს ფეხი არ მოეცვალათ რუსთაველიდან.
მაშინ, ხელისუფლებამ სრულიად კანონიერად გამოაწყო სპეცრაზმის ფორმებში მისი სპეციალური სამსახურის ბავშვობაში დაჩაგრული, არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე თანამშრომლები და სრულიად კანონიერი დარბევა უბრძანა.
იყო და არა იყო რა, მსუქანი სპეცრაზმელი თავის ძმაკაცებთან ერთად უიარაღო აქტივისტის ცემით ერთობოდა. ის ეხვეწებოდა არ დაერტყა, სპეცრაზმელი კი მხიარულად ურტყამდა ხელკეტს თავსა და მუხლებში.
იყო და არა იყო რა, პოლიციელი რეზინის ტყვიებს ესროდა ათ მეტრში მდგომ ადამიანებს.
იყო და არა იყო რა, ხუთი სპეცრაზმელი 60 წელს გადაცილებულ კაცს ჯერ ურტყამს, შემდეგ ბორკოლებს ადებს და გუბეში აგდებს.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჯუნგლები, სადაც ცხოვრობდნენ ორანგუტანგები. ისინი ხშირად იყოფოდნენ არათანაბარ ჯგუფებად და ერთმანეთს უპირისპირებოდნენ. მაგრამ ამ დაპირისპირებაში ყველა არ მონაწილეობდა. ზოგიერთი ორანგუტანგი ერთად ერთ ხეზე, შექუჩდებოდა და უკმაყოფილო თავის ქნევით შეჰყურებდა სეირს.

3 thoughts on “ველური vs მხეცი

  1. რკინის ლედი და ჰუნები.. ღმერთო ჩემო.. მეტისმეტი წყალობა ხომ არაა ჩვენ საცოდავი ოპოზიციისთვის?

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.