“Not a typical American story”

რივერსჰილზის ვიწრო გზას ნაცრისფერი “ჯიპი” მიუყვებოდა და ასფალტზე მოფენილ შემოდგომის ფოთლებს აქეთ-იქით ფანტავდა. მანქანამ, ტიპიური ბედნიერი ამერიკული ოჯახი ქათქათა თეთრი კბილებით,  ცოლ-ქმითა და ვაჟიშვილ-ქალიშვილით უკანა სავარძელზე, იმ მოსახვევისკენ იცვალა მიმართულება, რომელშიც გზა კიდევ უფრო ვიწროვდებოდა და დიდ ხეივანში იკარგებოდა. ოცი მეტრის იქით კი, იგი ღია ეზოში შედიოდა, სადაც მყუდრო, ძველი ორსართულიანი სახლი იდგა. სახლი, როგორც ჩანს, სულ ახლახანს შეეღებათ ისეთივე ქათქათა თეთრი საღებავით, როგორი ქათქათა თეთრი კბილებიც ბედნიერ ამერიკულ ოჯახებში აქვთ.
ჯიპი ისეთივე მწვანე ბალახის წინ გააჩერეს, როგორიც ნებისმიერ ამერიკულ ფილმშია, სადაც ორსართულიანი ძველი მყუდრო სახლებია. ბალახს, იქ განსხვავებული მწვანე ფერი აქვს და სახელი, გაზონიც, ბალახისაგან განსხვავებული.
მანქანიდან პირველები ბავშვები გადმოვიდნენ, უფრო სწორად გადმოცვივდნენ და იმ მოხუცისკენ გაიქცნენ, რომელიც ამერიკული ბალახის მეორე მხარეს, სახლის კიბეზე იდგა და მათ უღიმოდა. ბერიკაცი ბავშვებს ჩაეხუტა, როდესაც მათ კიბეზე აირბინეს.
-გამარჯობა ჩემო პატარებო! – მიუალერსა მოხუცმა.
ამ დროს, მანქანიდან ცოლ-ქმარიც გადმოვიდა და სახლს ისე შეხედეს, თითქოს მის საყიდლად იყვნენ მოსულებიო.
-გაზონიც გაუკრეჭავთ, სახლიც შეუღებავთ. მშვენიერია!- თქვა კმაყოფილმა კაცმა.
-სულაც არ მჭირდებოდა არც ბალახის გაკრეჭვა და არც სახლის შეღებვა. – ჩაილაპარაკა მოხუცმა.
-კარგი ერთი სემ, მადლობის მაგიერ საკუთარ შვილს საყვედურობ, რადგან მახინჯი, ყავისფერი სახლი თეთრად შეგიღება. ნეტავ, რა მოგწონდა იმ ფერში?!
-ის, რომ ყავისფერი ხის ფერია.-უპასუხა სემმა.
-სემ(და არა მამა. რა საჭიროა მამა. ისინი, ორივენი, ხომ ზრდასრული ადამიანიები არიან.), ჩვენ ხომ შევთანხმდით, შენ მემფისიდან აქ დაბრუნდი, მე არ შეგეწინააღმდეგე, მაგრამ მაშინვე გითხარი, თუ გინდა, რომ მოსანახულებლად ჩამოვიდეთ, ის მახინჯი სახლი უნდა შევღებოთ-მეთქი. ახლა კი, შეხედე, ეს ქოხმახი ფორესტ გამპის სახლს დაემსგავდა. არა ძვირფასო?
-კი, უილ, რაღაცით ნამდვილად ჰგავს.-დაუმოწმა ძვირფასმა ცოლმა, რომელსაც ქეითი ერქვა, და როგორც ქეითების უმრავლესობას, მასაც ქერა თმა ჰქონდა.
-სემ, მუშები საქმეს დროულად მორჩნენ? – ჰკითხა უილიამმა მამას.
-კი, ზუსტად გუშინ უკვე ყველაფერი დასრულებული ჰქონდათ და მხოლოდ ხარაჩოების მოსახსნელადღა მოვიდნენ.
-როგორ?! ყველანაირი სამუშაო ხომ გუშინწინ უნდა დაესრულებინათ? მე ფული იმიტომ კი არ გადავუხადე, რომ იმ უსაქმურებს ერთი დღით გვიან დაემთავრათ ყველაფერი?!
-მერე რა შვილო, შენ ხომ დღეს ჩამოხვედი? დღეისთვის კი ყველაფერი დასრულებულია. მე კი, არაფერში შემიშალა ხელი იმ ერთმა დღემ.
-არა, ასე არ გამოვა! საყვაელო, შემახსენე, რომ მაგ უსაქმურების ფირმაში დავრეკო და ვუსაყვედურო.
-კარგო, უილ შეგახსენებ, დაწყნარდი!
უილიამი ცოლთან ერთად სახლისაკენ სპეციალურად გამოყოფილი, ახლადგაკეთებული ბილიკით გაემართა, გაზონი რომ არ დაეზიანებინა.
-ისე, როგორ ხარ? – სასხვათაშორისოდ ჰკითხა უილიამმა მამას და ზურგზე მსუბუქად მიადო ხელი.
-გმადლობთ, კარგად შვილო.-ალერსით უპასუხა სემმა. შემდეგ, კი შვილიშვილებს მიუბრუნდა:
-წამოდით ბავშვებო, სახლში შევიდეთ, უკვე საღამოა, თქვენც დაღლილები ხართ. თქვენთვის გემრიელი ვახშამი მაქვს მომზადებული და მაგიდაც გაწყობილია.
მოხუცი ბავშვებს სახლში შეუძღვა. უკან კი, ვაჟი და მისი ცოლი მიჰყვნენ.
-პაპა, მანამდე ერთ ამბავს მოგიყვები. – სთხოვა ბიჭმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ისე უნდოდა რაღაცის მოყოლა, რომ მოსვენება არ ჰქონდა.
-ვახშმის შემდეგ ბუხართან დავჯდეთ აიკ, და იქ მომიყევი, კარგი?
-კარგი.-აღარ შეეწინააღმდეგა აიკი.
და, ყველანი სავახშმოდ გაემართნენ.
როგორც კი ვახშამს მორჩნენ, აიკი პირველი წამოხტა და ანთებული ბუხრიას წინ მდგარ ტყავის ტახტზე ჩამოჯდა, თან პაპამისსაც უხმო. სემი და აიკის უმცროსი და, ელენი აიკთან ერთად ჩამოსხდნენ. ბავშვებმა პაპა შუაში მოიქციეს და ამბის მოსაყოლად მოემზადნენ.
-პაპა, – დაიწყო აიკმა. – გახსოვს, შარშან მამა მონადირეთა კლუბში რომ გაწევრიანდა?
-ჰო, “ტენესისს მონადირეთა სამეფო კლუბი”, თუ რაღაც ამდაგვარი არ ერქვა? სახელი კი აქვს ცოტა უცნაური, ტენესის მონარქების გახსენება ცოტა მიჭირს.-გაეღიმა სემს.-იქ, ალბათ, მხოლოდ იმ ადამიანებს აწევრიანებენ, ვისი შემოსავალიც ასი ათას დოლარზე მეტია.
-ჰო, ასეა. მამას შემოსავალი კი, ას ოცი ათასია. იმ დღეს კი, გავიგონე როგორ უთხრა თავის მეგობარს გოლფის თამაშისას, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მალე შემოსავალი ერთი მესამედით გამეზრდება და უკვე წლის ბოლოს, ბანკში სამი მილიონი მექნებაო.
-სამი მილიონი – საუბარში ხუთი წლის ელენი ჩაერთო – ალბათ, საკმარისი იქნება მამამ დედა ბარსელონაში რომ წაიყანოს. თორე, იმ დღეს დედამ ზაფხულში ერთი კვირით ბარსელონაში დასვენება სთხოვა, მაგრამ მამამ უპასუხა, რომ ასეთი დაუგეგმავი ხარჯების ფუფუნება მათ არ აქვთ.
-არ იღელვო ელენ, მამიკო აუცილებლად წაიყვანს დედას ბარსელონაში.-უთხრა სემმა შვილიშვილს და ნაზად გადაუსვა თავზე ხელი.-აბა, განაგრძე აიკ, რას ყვებოდი?!
-იმას ამბობდა, რომ ორი კვირის წინ, კლუბში სანადიროდ წავიყვანე.-თქვა ოთახში ახლადშემოსულმა უილმა, რომელიც იქვე, სავარძელში მოკალათდა და ცოლს ყავის მოდუღება სთხოვა.
-იცი, მე შველი მოვკალი. წინ გადმომიხდა, ჩემგან ასე ოცდახუთ მეტრში. მამამ მითხრა საშენოა, მიდი ესროლეო და მეც ვესროლე და მეორე ცდაზე გავარტყი.- როგორც იქნა, მოახერხა! აიკი ამდენი ხნის განმავლობაში ხომ ამის თქმას აპირებდა აღტაცებით.
-კი მაგრამ, აიკი ხომ მხოლოდ ცამეტი წლისაა, კლუბში როგორ დაუშვეს?-გაუკვირდა სემს, რომელსაც აიკისგან მოულოდნელად, სიხარულის ნაცვლად, თითქოს შეშფოთება ეწერა სახეზე. ბიჭი მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა თუ რატომ არ ჩაეხუტა პაპა ძველებურად, როგორც მაშინ, როდესაც სკოლაში ან ბეისბოლში თავის მიღწევებს აცნობდა.
-ჰო, კაი გვარიანად ვიწვალე, სანამ კლუბის დირექტორი დავითანხმე წესდების მიუხედავად, გამონაკლისი დაეშვა. აიკი უკვე დიდია. ჩემმა შვილმა ჩემთან ერთად უნდა ინადიროს ხოლმე და ასე დაკაცდეს. ცუდია, შენ არასდროს რომ არ წაგიყვანივარ სანადიროდ, ყოველთვის ძია გრეგს დავყავდი. ნადირობამაც და გრეგმაც ბევრი რამ მასწავლეს: მოწინააღმდეგის მიმართ დაუნდობლობა, სიმტკიცე და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. სამივე დიდად მადგება კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.
-პაპა, რატომ არ დაგყავდა მამა სანადიროდ? – ჰკითხა ელენმა მოხუც სემს დიდი ინტერესით. აიკი განაწყენებულიყო, ბუხარში ცეცხლს მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა.
-თუ გაინტერესებთ, მომისმინეთ და მოგიყვებით. – თქვა სემმა და სანამ თხრობას დაიწყებდა, თვალები მაღლა ამართა, ჩაფიქრდა, თითქოს იმ დროს მოსწყდა და წამით წარსულში გადაინაცვლაო. შემდეგ ისევ დაბრუნდა და გააგრძელა:
მე აქ გავიზარდე, რივერსჰილზში. მთავარი გზიდან რომ მთები ჩანს, იქიდან ადრე მდინარე ეშვებოდა, ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს რივერსჰილზი. სწორედ იმ მთებში იყო საუკეთესო სანადირო ადგილები. შემდეგ იმ მთებზე კაშხალი ააშენეს, მდინარეც გაქრა და სანადირო ადგილებიც. მხოლოდ სახელიღა შემორჩა ამ ყველაფრის სამახსოვროდ.
თორმეტი წლის, თითქმის შენხელა, ვიყავი აიკ, მამაჩემმა თოფი რომ მაჩუქა და პირველად წამიყვანა სანადიროდ. – აიკი თვალთმაქცობდა, თითქოს ისევ ცეცხლს უყურებდა და ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ სინამდვილეში სმენად იყო გადაქცეული. მოხუცმა ეს კარგად იცოდა.- ტენესიში, მაშინ თითქმის ყველა ნადირობდა. ივლისში, მზე მაგრად რომ დააჭერდა, უამრავი ირემი ადიოდა იმ მთების წვერზე ჩანჩქერებთან წყლის დასალევად და გასაგრილებლად. ამ დროს ბევრი მონადირე ჩამოდიოდა იმ ადგილზე მოსახვედრად და ერთ-ორი ირმის დასაგდებად. მამაჩემმაც იქ წამიყვანა. სანადიროდ მე, მამაჩემი, ჩემი უფროსი ძმა გრეგი, რომელიც ჩემზე ექვსი წლით დიდი იყო და უკვე საკმაოდ ბევრიც ენადირა, და ჩვენი მოხუცი მეზობელი ჯო წავედით. ჯო გამოცდილი მონადირე იყო და ის მთებიც სულ ზეპირად იცოდა. გზას ტყეში უკომპასოდ აგნებდა და მთელ ზაფხულსაც იქ ატარებდა.
მთელი დღე მოვანდომეთ მთაზე ასვლას. რომ მოსაღამოვდა, კარვები გავშალეთ, ცეცხლი დავანთეთ, ვივახშმეთ, უფროსებმა მომავალი ნადირობის გეგმა დააწყვეს, მე და გრეგმა კი ძაღლებს ვაჭამეთ. შემდეგ დასაძინებლად წავედით. მე თითქმის არ მიძინია ჩემი პირველი ნადირობის მოლოდინში, მიუხედავად იმისა, რომ სიარულმა და იმ სიმძიმე თოფის თრევამ არაქათი გამომაცალა. აღტაცება ყველანაირ დაღლილობას მავიწყებდა.
როგორც იქნა, გათენდა და მაშინვე ჩანჩქერისაკენ გავეშურეთ. წინ ძაღლები მიდიოდნენ, მათ მამაჩემი და ვირზე შემჯდარი მოხუცი ჯო მიჰყვებოდნენ, სულ უკან კი, მე და გრეგი მივსდევდით. დაახლოებით ორი მილი გვაშორებდა ჩანჩქერს, ძაღლებმა უეცრად რაღაც რომ იყნოსეს და ყეფით გაექანნენ ჩვენგან მარჯვნივ. ჩვენც სირბილით გავყევით უკან. ძაღლები თანდათან გვშორდებოდნენ, ყეფაც სუსტდებოდა, მაგრამ ორი-სამი წუთის სირბილის შემდეგ ყეფის ხმამ კვლავ იმატა და ცოტა ხანში ჩვენი ხუთი მეძებარიც შევნიშნეთ. მათ ალყაში მოექციათ პატარა დათვი, რომელზეც ვერ იტყოდი რომ ბელი იყო, მაგრამ არც ზრდასრული დათვი ეთქმოდა. თაფლისფერი დათვი ორ თათზე შემდგარიყო და ზურგით სქელ ხეს მიყრდნობოდა. უფროსწორად, შიშისგან ზედ აკრობილიყო. ჩვენ რომ დაგვინახა იარაღებით, სახეზე ადამიანივით აიფარა ხელი და აყმუვლდა, “ამას ორ წამში გავაგორებ!” ჩაილაპარაკა გრეგმა და მაშინვე თოფი დაუმიზნა, მაგრამ მამაჩემმა სწრაფადვე უთხრა შეჩერდიო და მე მომიტრიალდა. “მიდი პატარავ, ის შენია, მიდი სემ, შენ ამას შეძლებ”. მე იარაღი ყოყმანიმთ მოვმართე და დავუმიზნე. “მიდი სემ, მალე, თორემ ეს სულელი მხეცი მოტვინავს, რომ ძაღლების დაფრთხობა ადვილად შეუძლია და ისე მოხევს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ.” მესმოდა მამაჩემსიგან. მე დათვს ვუყურებდი, მიზანში მყავდა ამოღებული, ზუსტად ისე, მამამ რომ მასწავლა, მაგრამ სროლა მიჭირდა, რადგან ის ისეთი საბრალო სანახავი იყო. უმწეო, შეშინებულ ბავშვს ჰგავდა. ის ის იყო იარაღის დაშვება და იმის გამოცხადება დავაპირე, რომ ამ დათვს ხელს არავინ ახლებდა, გრეგის ხმა რომ მომესმა. “ჩაისვარე ქალაჩუნა? დაუშვი იარაღი და ჩემგან ისწავლე როგორ უნდა გაუსწორდე მხეცს.” გრეგი ხშირად მაღიზიანებდა ამ მომართვით, “ქალაჩუნათი”. ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი. იმ წუთშიც, უეცრად თვალზე ბინდი გადამეკრა და ჩახმახს ხელი ისე გამოვკარი, ვერც კი მივხვდი ეს როდის გადავწყვიტე. დათვი მაშინვე მიწაზე დაენარცხა. ამდენი ხანი ვუმიზნებდი გულში და ერთი გასროლაც საკმარისი იყო, რომ მიზანში მომერტყა. ზოგი დათვი ათზე მეტ ტყვიას დაატარებს თავისი სქელი კანით, ის კი ერთი ტყვიის ასატანადაც კი, პატარა იყო.
იარაღი რომ დავუშვი, ხელები სულ ოფლიანი მქონდა და თვალებიდან ცრემლი მდიოდა. ჯო, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სადღაც გვერდით, უხმოდ იდგა, მომიახლოვდა, იარაღი გამომართვა და ჩამეხუტა, თითქოს საყვარელი ადამიანის დაკარგვა მომისამძიმრაო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიცოცხლე ნადირობაში გაეტარებინა, ალბათ, მანაც ის სიბრალუ;ლი იგრძნო, რაც მე. მამაჩემი მომიახლოვდა, მხარზე დამკრა ხელი და თქვა ”აი ჩემი ბიჭი!”. “ყოჩაღ ქალაჩუნა! არც ისეთი ქალაჩუნა ყოფილხარ”-მითხრა გრეგმა.
-მარტო სიარულისთვის პატარა ჩანს. – თქვა ჯომ. -ალბათ, დედამისს დაეკარგა და გზა აერია. დათვს ვერ წავიღებთ. ვირი დაგვეღლება და სახლამდე ვერ ჩააღწევს. რომც ვცადოთ, ცოცხალი სატყუარა ვიქნებით. დედამისი სუნზე მოაგნებს.
– მერე მაგას რა ჯობია, ჩავუსაფრდეთ და მოვკლათ. – გაუხარდა გრეგს
– თავის მკვდარ შვილს რომ დაინახავს, ერთი ყუთი ვაზნებიც კი არ გვეყოფა განრისხებული დათვის მოსაკლავად. – თქვა ჯომ და ვირზე შეჯდა.
მაშინვე დავეშვით მთიდან სახლისაკენ. თავიდან გრეგი კი ჯიუტობდა, “რა დროს რივერსჰილზია ჩანჩქერებისკენ წავიდეთო”, მაგრამ შემდეგ მამამ ყურის ძირში ერთი-ორი მოსდო და გააჩუმა. მართალია, მამას გრეგზე ნაკლებად არ უნდოდა დარჩენა, მაგრამ ჯოს გამოცდილებას ვერ შეეწინააღმდეგა.
სამი საათის შემდეგ, როდესაც უკვე შუადღე დადგა და მზემ მაგრად დააჭირა, მთის წვერიდან ყურისგამაყრუებელი ღრიალი მოგვესმა. ჩვენ, ამ დროს ჩრდილში ვისხედით და დაღლილები ვსადილობდით. ჯო მაშინვე წამოხტა და გვითხრა “ეს ალბათ დედა დათვია. უნდა ვიჩქაროთ, სანამ ჩვენი კვალი აიღო.” ავიკრიფეთ და სწრაფი ნაბიჯებით დავეშვით სოფლისკენ. მთაზე ასვლას ერთი დღე მოვანდომეთ, ჩამოსვლით კი, შვიდ საათში ჩამოვედით.
მთელი კვირა ვფიქრობდი იმ პატარა დათვზე, ბავშვს რომ ჰგავდა. მე ის სიცოცხლეს გამოვასალმე და მის დედასაც უსამართლოდ წავართვი შვილი. თავს მკვლელად ვთვლიდი და მას შემდეგ გადავწყვიტე, აღარასდროს გავყოლოდი მამას სანადიროდ. ეს რომ გავუმხილე, თავიდან გამიჯავრდა, მაგრამ შემდეგ ჯომ უთხრა “ბავშვმა დიდი სტრესი მიიღო, არ უნდა დაგეძალებინა იმ უმწეო ბელის მოკვლაო”. მამაჩემიც მიხვდა და წყენამაც მალევე გადაუარა. ამიტომ, მხოლოდ გრეგის დაცინვების ატანა მომიწია. ის კი, მთელი ცხოვრება დამცინოდა იმის გამო, რომ არ ვნადირობდი.
-ამ ისტორიას პირველად ვისმენ. – თქვა უილმა. – რატომ აქამდე არ მოგიყოლია ჩემთვის? მე კი, ძია გრეგი მეუბნებოდა, მამაშენი იმიტომ არ ნადირობს, რომ ტყის ეშინიაო.
უეცრად, აქამდე გაუნძრევლად მჯდომი აიკი მამამისისკენ მიტრიალდა და ნაღვლიანი თვალებით უთხრა:
-მამა მეც ხომ პატარა, დაუცველი შველი მოვკალი. ესე იგი მეც მკვლელი ვარ?
უილი გაოცდა, თან ძალიან გაბრაზდა:
-არა აიკ, მკვლელი არ ხარ! – ხმამაღლა უთხრა შვილს. – ახლავე ადექი, გააღვიძე შენი და და წავედით, სახლში ვბრუნდებით!
ელენს მოხუცი სემის მკლავში ტკბილად ჩასძინებოდა, სანამ პაპამისი ბუხრის წინ ამბავს ყვებოდა. აიკმა გამოაღვიძა და უთხრა, სახლში მივდივართო.
-მამა, სახლში რატომ მივდივართ? – ჰკითხა გოგონამ უილს.
-იმიტომ რომ, მამიკოს გაახსენდა, რაღაც აუცილებელი საქმე აქვს გასაკეთებელი! მიდი ქეით, ჩააცვი რაღაც უცდი?!
-კარგი რა უილ, რა მოგივიდა? ახლა ხომ უკვე გვიანია? -უთხრა ქეითმა.
-რა ვერ გაიგე? ჩააცვი და წავედით-მეთქი. მე მანქანაში დაგელოდებით. – შემდეგ სემს მიუბრუნდა, რომელიც შვილის მოულოდნელი რეაქციისგან გაოგნებული, გაშეშებული იჯდა და უყურებდა:
-შენ კი, დიდი მადლობა სემ. ჩემმა შვილმა ფერმაში სპეციალურად ნადირობისათვის გაზრდილი შვლის ნუკრი მოკლა, ახლა კი, შენი წყალობით თავი მკვლელი ჰგონია.
როდესაც გადიოდა დააყოლა “ძია გრეგი უკეთესი მამა იქნებოდაო” და კარი მრავალმნიშვნელოვნად და ხმაურით გაიჯახუნა.
სემი ისევ ისე გაშეშებული იჯდა როდესაც ქეითმა ელენი ხელში აიყვანა, მოუბოდიშა და უთხრა “ხომ იცით რა ფიცხიაო” და აიკთან ერთად ისიც კარში გავიდა. სემი მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა და ზღურბლიდან გახედა მის ერთადერთ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც უკვე გაზონის მეორე მხარეს იყვნენ და მანქანაში სხდებოდნენ.

11 thoughts on ““Not a typical American story”

  1. ვაა, საოცრად მოვიხიბლე ამ მოთხრობით. გარდა იმისა,რომ კარგი სტილით წერ,იდეებს და ფანტაზიებსაც არ უჩივი. მეგონა,რომელიმე ამერიკელი მწერალი წერდა მისი მეგობრის ოჯახზე,რომელსაც ყოველწამიერად აკვირდება. ალბათ,ამ ყველაფერში ფილმებს მაინც ლომის წილი მიუძღვის : )))

    • ლომის წილი ჩემ საყვარელ ამერიკულ მოთხრობებს მიუძღვის. ფოლკნერის “დათვს” ამ შემთხვევაში.

    • წაკითხული გაქ ხო შენ ფოლკნერის დათვი😀
      იგივე ისტორიაა არა?

  2. iqidan gamomdinare rom sheni statia tu rac aris bolomde ar wamikitxavs da mxolod komentarebi vnaxe swored amitom davweree eg komentari…
    folkneris datvit nu gansazgvrav yvelapers es isee!:)

    • ხო, მაგრამ ფოლკნერის დათვთან ამ ისტორიას არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ მთავარ პერსონაჟებს იგივე სახელები ჰქვიათ და და მოქმედებაც იგივე შტატში ვითარდება.

  3. eg gasagebia…
    magram me ubralod girchie.
    tumca eg shenii gadasawyvetia!

    ise mshvenieri blogi gaqvs!
    nervebi ar myofnis torem weras ra jobia!

  4. folkneris datvit nu gansazgvrav yvelapers es isee!:)
    აი ეს გირჩია ფროდიჯი!

    ანუ დათვი წავიკითხო??? წავიკითხავ დათვსაც და ფოლკნერსაც.. //

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s