პირველი ოთხშაბათი

გადავწყვიტე კვირაში ერთხელ იმ წიგნებზე დავწერო ხოლმე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში წავიკითხავ. ვინაიდან ამას დღეს, ოთხშაბათს, ვიწყებ და თან კვირის ეს დღე ყოველთვის თავისუფალი მაქვს,  წიგნების დღე ოთხშაბათი იქნება.

ყოველთვის მინდოდა წიგნებზე მეწერა, მაგრამ რატომღაც სულ მეზარებოდა. ახლა, როგორც იქნა, მოვაბი თავი და ამ საქმეს სისტემატურ ხასიათსაც კი მივანიჭებ.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ორუელით დავიწყებ. სწორედ მისი “ცხოველების ფერმა” წავიკითხე ხუთშაბათს. ამ წიგნის წაკითხვა დიდი ხანია მინდოდა. როდესაც ლექციაზე მივდიოდი, ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა გადასასვლელში ბუკინისტების თაროზე ყდაზე დიდასოებიან წარწერას, “George Orwell”, მოვკარი თვალი. სულ რაღაც სამ ლარად შევიძინე და ლექციაზევე წავიკითხე, რადგან მხოლოდ 98–გვერდიანია.

წიგნი იყო 1992 წელს გამოცემული. მასში ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა აღმოვაჩინე, მაგრამ საერთო ჯამში, შთაბეჭდილებაზე ამან ნაკლები გავლენა იქონია. (სხვათაშორის, შემდეგ რომ დავხედე, რედაქტორი ჩემი ყოფილი ლექტორი ყოფილა: )

წიგნის სათაურს ყდაზე მიწერილი აქვს  სიტყვა “ზღაპარი”, მაგრამ ეს ის ზღაპარი ნამდვილად არ არის სამი–ოთხი წლის ბავშვებს რომ უნდა წაუკითხოთ ძილის წინ. დიახ, ეს არ არის ნამდვილი ამბავი, მაგრამ  არც დაუჯერებელია(მოლაპარაკე ცხოველების გამოკლებით). ორუელმა შექმნა საბჭოთა კავშირის ალეგორია, სადაც ცხოველები, რომლებიც თავს მონებად თვლიდნენ, მათ მფლობელ ფერმერს აუჯანყდნენ, ფერმიდან გააძევეს და დაეპატრონნენ კიდეც მას. ისინი ოცნებობდნენ ფერმაზე, სადაც თავიანთი თავის ბატონ–პატრონები თავად იქნებოდნენ, ადამიანების არცერთ თვისებას და ქცევას არ გადმოიღებდნენ და იცხოვრებდნენ სამართლიანად. თუმცა, თავისუფლებამ მოულოდნელად სულ სხვანაირი სახე მიიღო. ღორებმა, რომლებიც ყველაზე განათლებულები იყვნენ(პირველებმა ისწავლეს წერა–კითხვა, იყვნენ ცხოველთა იდეოლოგიის “ენიმალიზმის” ავტორები და რევოლუციის წინამძღოლები) შექმნეს “სოციალურ–პოლიტიკური” ელიტა. ისინი არ მუშაობდნენ, მაგრამ სხვებს ამუშვებდნენ, სვამდნენ ალკოჰოლს, მაგრამ სხვას უკრძალავდნენ, ეძინათ ადამიანების ლოგინში, მაგრამ სხვას ამისთვის სჯიდნენ. თანდათან მათ შექმნეს მინი ტირანიული სახელმწიფო. საბოლოოდ, ისინი ემსგავსებიან მათ, ვისაც ბოროტების უმთავრეს მიზეზად თვლიდნენ:”ფანჯარასთან გაყუჩებულები, ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან – ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ,ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი – ადამიანი.” სწორედ ამ წინადადებით მთავრდება წიგნი.

თუმცა დასასრულში ჩადებული ორუელის ვარაუდი არ გამართლდა და კომუნიზმი საბოლოო ჯამში არ დამსგავსებია კაპიტალიზმს, რადგან ის მასზე ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, შთანთქა კიდევაც კაპირალიზმმა. წიგნში კი, ცხოველების ფერმა წარმატებით იგერიებს მეზობელი ფერმერების თავდასხმებს. მაგრამ ამ გაუმართლებელ ვარაუდს თუ არ ჩავთვლით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ორუელმა თითქმის ზუსტად გაშიფრა საბჭოთა კავშირი, მისი სოციალური და პოლიტიკური წყობა, ჯერ კიდევ ცივი ომის დაწყებამდე და მისი სახის დასავლეთისათვის ბოლომდე წარმოჩენამდე.


წიგნი, რომელიც “ცხოველების ფერმის” შემდეგ წავიკითხე, იყო ალბერ კამიუს – “უცხო”.იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გულგრილი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი არ ტირის დედის დაკრძალვისას, შეყვარებულის კითხვაზე, მოიყვანს თუ არა მას ცოლად, პასუხობს რომ მისთვის სულ ერთია,  არ სწამს ღმერთის და თვლის, რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებაზე ოცნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე სურვილი – უფრო სწრაფად ცურვა შეეძლოს.

ერთ–ერთი ინციდენტის დროს იგი კლავს ადამიანს და ჯდება ციხეში, მაგრამ მისთვის ბევრი არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ თავიდან გარკვეული პერიოდი ჯერ კიდევ ისე ფირქობს, როგორც თავსუფალი ადამიანი. საბოლოოდ, სასამართლო მას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს, მაგრამ მისთვის სულ ერთია. მისთვის ყველაფერი სულ ერთია. ის არ დარდობს, რომ დედა არ დაიტირა, რომ უფრო მეტ დროს არ ატარებდა მის მეგობრებთან, რომ არ ეუბნებოდა კომპლიმენტებს მის შეყვარებულს. ის არ ნანობს არაფერს. მისთვის სულ ერთია “x–ის მაგივრად y-ს გააკეთებდა თუ z-ს”.

მისი ასეთი დამოკიდებულების გამო საზოგადოება მას არაადეკვატურად და საშიშ პიროვნებად ჩათვლის. სინამდვილეში კი, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს ძალიან ცოტას, მაგრამ ამბობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს. მკვლელობის ინციდენტი კი შემთხვევითობა იყო.

კამიუ ამ ნაწარმოებში წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს და ბევრ საკითხს სხვა კუთხით უყურებს. ის ამბობს, რომ დედამისი იმიტომ არ დაიტირა, რომ სიცოცხლის ბოლოს იგი ბედნიერი იყო და არა იმიტომ, რომ საკუთარი მშობელი სძულდა. ის არ აქცევს ბევრ ისეთ წვრილმანს ყურადღებას, რომელმაც შეიძლება სხვები გაახაროს, ან გააბრაზოს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ  არასტანდარტულ ადამიანად, მაგრამ ამავდროულად სრულიად უხიფათოდ. თუმცა საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას მისი არ ესმის და ამიტომაც ეშინია,   ეშაფოტზე ხვდება.

რომ გითხრათ, წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია–მეთქი, მოგატყუებთ. პირველი ნაწილი მეორესაგან განსხვავებით ცოტა მოსაწყენიცაა, რადგან სიუჟეტი სიმძაფრეს მხოლოდ მეორე ნაწილში იძენს. ყველაზე მეტად კი მე ის მომეწონა, რომ კიტხვისას ერთი შეხედვით სრულიად გულგრილ წინადადებებსაც კი, თავიანთი ემოციური დატვირთვა გააჩნიათ. საერთო ჯამში, ამ დიდი მოაზროვნის წიგნმა შეიძლება ბევრ რამის მნიშვნელობაზე დაგაფიქროთ.

ვაპირებდი კიდევ დამეწერა კაფკას “მეტამორფოზაზე”, რომელიც ასევე ამ დღეებში წავიკითხე, მაგრამ პოსტი მომაბეზრებლად დიდი გამოვა, ამიტომ მას და კაფკას მეორე წიგნს “პროცესს” შემდეგ კვირას შემოგთავაზებთ. იმედია ისე არ დავწერე, რომ ამ წიგნების წაკითხვის სურვილი გამექრო თქვენთვის😀

10 thoughts on “პირველი ოთხშაბათი

  1. ცხოველების ფერმა ძალიან მიყვარს და ამაზე ადრეც დამიწერია. კამიუ არ წამიკითხავს და ვაპირებ. რაც შეეხება სიახლეს, წიგნებზე წერის შესახებ, ძალიან სასარგებლო და საინტერესოა.. ველოდები ახალ პოსტებს🙂

  2. ჯორჯ ორუელზე ვაფრენ, ცხოველების ფერმა მართლაც მაგარი და ღირებული წიგნია, მაგრამ მთელ შინაარსს რატომ წერ ვერ გავიგე მითუმეტეს ფინალს ნუღარ იტყვი ხოლმე ამის მერე გთხოვ, სხვანაირადაც შეიძლება დაინტრიგება – მიეცი ხალხს წაკითხვის საშუალება :დდდ
    დღეს გამოვიდა ორუელის 1984 და ამბობენ ცხოველების ფერმას ჯობსო, ვნახოთ იმედია სულ არ გაიყიდება (კვირის პალიტრის სერიაა)
    მეც მაგ გადასასვლელში ვნახე 3 ლარად :დდ

  3. გუგლზე კამიუზე ვეძებდი რაცხას და აქ აღმოვჩნდი და გამახსენდა რომ 31ში თავისუფლების მეტროსთან მეც ვიყიდე “ცხოველების ფერმა”, რომელიც იმდღესვე დამრჩა ძმაკაცთან. უცხო გენიალურია, მომავალი სამი კვირა მაგაზე ვაპირებ მუშაობას, იმაში ვერ დაგეთანხმები რომ პირველი ნაწილი მოსაწყენი ან მოსაბეზრებელი ან ბლა ბლა ბლა…
    მოკლედ ორუელს გამოვართმევ და წავიკითხავ. იმედია არ ვინანებ.
    P.S. მე ორ ლარად ვიყიდე : -)

    • ზოგადად შეიძლება მოსაწყენი არ იყოს, მაგრამ საკითხავად სიუჟეტიდან გამომდინარე მეორე სჯობს–მეთქი.

  4. ძალიან კარგად წერ…თითქმის ყველა შენი პოსტი წავიკითხე წიგნებზე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s