ჩემი და შენი ფეხები (სიზმარი)

მელიქიშვილისა და კეკელიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდგარი შუქნიშანი ყველამ იცის და თან არავის უყვარს. არ მეგულება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ქუჩის ერთ მხარეს დადგება და ყოველთვის ბოლომდე დაიცდის, სანამ ციფრები ორმოცდაათიდან ნულამდე ჩამოვა, მწვანე კაცი გამოანათებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა გზაზე.

ჩემს სიზმარშიც სწორედ ამ შუქნიშანთან ვიდექი. მწვანე შუქს ველოდი. არსად არ მეჩქარებოდა. უცბად, შემთხვევით ჩემგან მარჯვნივ მდგარი გოგონასათვის ფეხი დამებიჯა. ყურადღება არ გამიმახვილებია, ოდნავ შევეხე. მან კი მეორე მხრიდან მომიარა და იმავე ფეხზე დამაბიჯა, რომელზეც რამდენიმე წამის წინ მე დავადგი. შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ციფრებს მიაშტერდა. არ მიყვარს, როდესაც ვინმე ფეხს მაბიჯებს. აუცილებლად იმავე ქმედებით უნდა ვუპასუხო. “ფეხს რომ დაგაბიჯებენ, შენც თუ არ დადგავ, დედა მოგიკვდება.” – მითხრა ერთხელ ვიღაცამ, პატარა რომ ვიყავი. მას შემდეგ, ხალხმარვლობაშიც კი, თუ ვინმე ფეხს დამადგამს, აუცილებლად მოვნახავ, ჩუმად მივეპარები, თითქოს მის ძილში ბალიშით გაგუდვას ვაპირებდე და მეც დავაბიჯებ. პატარაობაში ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მინდოდა, ვინმეს წინდაუხედავობის გამო დედაჩემი მოეკლა. შემდეგ მართალია მივხვდი, რომ ვერც ფეხის დაბიჯება და ვერც გატეხილ სარკეში ჩახედვა დედაჩემს ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ ეს ცრურწმენა ჩვევად გადამექცა და ახლაც, როდესაც რომელიმე მეგობარი შემთხვევით ფეხს დამადგამს, თავისას თვითონვე მიშვერს ხოლმე, “აჰა, დამაბიჯე, შე იდიოტოო”.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, მე იმ გოგონას მეორედაც დავადგი ფეხი. მანაც იგივე გაიმეორა და როდესაც სამაგიეროს გადასახდელად ფეხი ავწიე, მან დამიყვირა: “გაჩერდი!” სახეზე სულ გაწითლებულიყო და ზედ ეწერა, თუ კიდევ ერთხელ გავბედავდი ფეხის დადგმას, მზად იყო, ორივე ფეხით ზედ შემმდგომოდა. მე ერთხანს გაუნძრევლად ვუყურებდი. მერე კი, უცბად სიცილი წამსკდა. მასაც გაეღიმა. მივხვდი, ისიც ჩემსავით უფრთხილდებოდა დედამისის სიცოცხლეს ბავშვობაში და მასაც უშვერდნენ ფეხებს მეგობრები, როდესაც შემთხვევით დააბიჯებდნენ.

ამასობაში, 50 წამიც ამოიწურა და ის ის იყო მწვანე კაცი უნდა გამოჩენილიყო და ქუჩაზე ერთად  გადავსულიყავით, როცა დედაჩემის შეუვალი ხმა მომესმა: ” ადგომის დროა!” ოხ, დედაჩემო! ასე მიფასებ სიკვდილისგან შენს მრავალ დახსნას?! სხვა რა გზა მრჩებოდა. ავდექი და ლექციაზე წამოვედი. თუმცა, იმ ნაცნობ შუქნიშანთან რომ დავდექი, გვერდზე მდგარი გოგონა შევნიშნე. ჩუმად მივუახლოვდი და ფეხი ძლიერ დავაბიჯე. “იდიოტო! რას აკეთებ?! ჩემი ბალერინკა!” იღრიალა მშვენებამ და ხელი ფეხსაცმელზე იტაცა. გულში ვიფიქრე, ვაი ჩემს პატრონს–მეთქი და გზაზე ისე გადავირბინე, მწვანე კაცისაგან დილა მშვიდობისას თქმას აღარ დავლოდებივარ.

6 thoughts on “ჩემი და შენი ფეხები (სიზმარი)

  1. კარგი იყო, მომეწონა, რატომღაც ხალისიან განწყობაზე დამაყენა. ისე მე ვჩერდები შუქნიშანთან და სანამ მწვანე არ არის არასდროს არ გადავდივარ, გინდაც სულ ცარიელი იყოს ქუჩა 🙂 მეშინია და იმიტომ 🙂

  2. შეიძლება ზედმეტად სერიოზული ჩაკვირვებაა,მაგრამ პირველად ფეხი ხომ ,,შენ” დააბიჯე,რატომ დაადგი ბოლომ ისევ შენ,კეთილშობილური ძალისმიერი მისწრაფებები ასე გადაიქცევიან ხოლმე სხვაზე ძალმომრეობის ჩვევად?!

Leave a reply to Guest კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.