ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯებთან მებრძოლი

საქართველოში გიორგი ყველაზე გავრცელებული სახელია, მაისურაძე – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარი. მაგრამ გიორგი მაისურაძე ერთია, ერთია და თან ძალიან ბევრიც: გიორგი მაისურაძე – ფილოსოფოსი; გიორგი მაისურაძე – ბლოგერი; გიორგი მაისურაძე – მწერალი,  უნივერსიტეტის პროფესორი და ა.შ. გიორგი უკვე თხუთმეტი წელია, რაც ბერლინში ცხოვრობს, მაგრამ ის თავისი პუბლიკაციებით და ნაშრომებით ბევრ აქმყოფზე უფრო აქტიურადაა ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული.

1. მოგესალმები გიორგი. პირველ ყოვლისა, მინდა 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის თემას შევეხო. შენ მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტი იყავი და შენს წერილებსა თუ ბლოგებში სრულიად განსხვავებულად აღწერ იმ მოვლენებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლილსას საქართველოში ვითარდებოდა. შეგიძლია მოკლედ ჩამოაყალიბო შენი შეხედულება იმ პერიოდთან დაკავშირებით?

–  მე 80-იანი წლების მიწურულიდან დავიწყებდი, რადგანაც მოვლენები, რომლებსაც შენ გულისხმობ, მაშინ დაიწყო. ეროვნული მოძრაობაც იმ პერიოდში გამოჩნდა. ეროვნული მოძრაობა არ ყოფილა განმათავისუფლებელი მოძრაობა. ეს არ ყოფილა ის შემთხვევა, როდესაც “ერმა” ხმა აიმაღლა უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. მასების ამოძრავება მთელ საბჭოთა კავშირში “ზემოდან” იყო სანქციონირებული და ის მიხეილ გორბაჩოვის მიერ წამოწყებული “პერესტროიკის” პოლიტიკის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ადამიანებმა ზემოდან მიიღეს სიტყვის თავისუფლება, თანაც ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ არც კი იცოდნენ რა ჰქონდათ სათქმელი. ამიტომაც ისინი ადვილად და უკრიტიკოდ იღებდნენ და იმეორებდნენ იმას, რასაც მათ ავტორიტეტული პიროვნებები ეუბნებოდნენ. რაც უფრო რადიკალური, თუნდაც სრულიად აბსურდული იქნებოდა ლიდერებისგან წამოსული ლოზუნგი თუ შეძახილი, მით უფრო ადვილად და წარმატებულად ითავისებდა მას ხალხი. ამან განაპირობა ის, რომ საქართველოში დაწყებული პროცესები გონიერებისგან საკმაოდ შორს აღმოჩნდა და გაუაზრებლად თვითნგრევის გზას დაადგა. უკვე 1989 წლიდან მოყოლებული საქართველოში ფაქტობრივად ძალაუფლებისათვის ბრძოლა გაჩაღდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და მათ მიმდევრებს შორის, რომელიც 1991-1993 წლების სამოქალაქო და აფხაზეთის ომებით დასრულდა. ეს მოვლენები, სამწუხაროდ, დღემდე გაუაზრებელია.

2.რა გავლენა იქონია იმ მოვლენებმა დღვანდელი აზროვნების, სტერეოტიპებისა და შეხედულებების ფორმირებაში?

–  შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში შეიქმნა ახალი ქართული ეროვნული ნარაცია, ეროვნული იდენტობა, რომელშიც დღესაც ვიმყოფებით. ძირითადი მახასიათებელი ამ იდენტობისა არის ქართველი ერის ჰომოგენიზაცია, ანუ მისი ერთი ეთნიკური და რელიგიური ნიშნით გაერთიანება: “გენეტიკურად ქართველი” და “გენეტიკურად მართლმადიდებელი”. ამ პრინციპით ქართველი ავტომატურად ემიჯნება საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურად არაქართველსა და სარწმუნოებით არამართლმადიდებელს. ამგვარი იდეოლოგია კი ისტორიის არა გააზრებას, არამედ მის გამითოლოგიურებასა და გაყალბებასაც გულისხმობს. ჩვენ თავადვე ვქმნით მითებს და მერე თავადვე ვიჯერებთ. საქართველოში დღესაც მაგიურ-მითოსური აზროვნება დომინირებს, რომელიც სწორედ 80-90-იან შლებში დაიბადა და მისი ავტორები თანაბრად არიან, როგორც საბჭოთა ხანის ქართველი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, ასევე ეროვნული მოძრაობის ლიდერები, პოლიტიკოსები და, განსაკუთრებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საქმე ეხება არა მხოლოდ ცალკეულ იდეასა თუ იდეოლოგიას, არამედ სააზროვნო სტრუქტურას, რომელიც ლოგიკურ აზროვნებამდელი ფორმებით ხელმძღვანელობს. ისე კი საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას ყურადღებით თუ გადავხედავთ, იმ დროს შექმნილ მხატვრულ ან ისტორიულ და ფილოლოგიურ ტექსტებს წავიკითხავთ და გავიაზრებთ, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ 80-90-იანი წლების ქართული ნაციონალიზმი, რომელიც დღესაც ძალაშია, სწორედ საბჭოთა დროს, ყველაზე მეტად, სტალინის ხანაში მომზადდა. აბსურდია, რომ საბჭოთა სისტემა ეროვნულობას ზღუდავდა. ამისი მტკიცება უბრალოდ უმეცრებაა.

 3. ისევ სტუდენტობის თემას შევეხები, ოღონდ არა შენი სტუდენტობისას. როგორც ცნობილია, შენ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობ ლექციებს და პარალელურად ქართულ უნივერსიტეტებსაც სტუმრობ ხოლმე. რა განსხვავებებს ხედავ გერმანელ და სხვა ევროპელ სტუდენტებსა და ქართველ სტუდენტებს შორის, შენ, როგორც პროფესორი?

– უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფდი ერთ ნიშან-თვისებას: გერმანელი სტუდენტები მაოცებენ თავისი სწავლისა და შრომის კულტურით. ისინი უზარმაზარი პასუხისმგებლობით და სერიოზულობითა თუ პედანტობითაც ეკიდებიან სასწავლო თემებსა თუ დავალებებს. ეს მათ ჩვევაში აქვთ, ამაზეა დასავლური, განსაკუთრებით, გერმანული შრომის კულტურა აგებული.

4.„ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები“ შენი ესსეების კრებულია, რომელიც 2011 წელს გამოიცა. შეგიძლია ამ წიგნის შესახებ გვიამბო?

-ესაა ნაწილი იმ ესსებისა, რომლებიც 2008-2011 წლებში დაიწერა. მათი მიზანი სწორედ იმ ქართული ეროვნული ნარატივის კრიტიკული გააზრების მცდელობა იყო, რომელშიც ბოლო ორ ათწლეულზე მეტია ვიმყოფებით და რომელიც მნიშვნელოვანწილად საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ამ თემებზე წერისაკენ 2008 წლის აგვისტოს ომმა მიბიძგა. მე იმ დროს თბილისში ვიყავი და ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება 12 აგვისტოსა და 1 სექტემბრის მიტინგებმა მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი წიგნი, გარკვეული თვალსაზრისით, ამ ორი თარიღის ვრცელი კომენტარია.

5. აქტიური მეცნიერული მუშაობის პარალელურად, შენ ლიტერატურულ საქმიანობაშიც ხარ ჩართული. მოგვიყევი შენი პროზისა და „აპოკალიპტური მხეცის“ შესახებ(რომელიც ასევე 2011 წელს გამოიცა).

– ლიტერატურული საქმიანობა, “ფიქციის” შექმნა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მხატვრული ტექსტი, როგორი გააზრებულიც არ უნდა მქონდეს, მე, როგორც ავტორს, მაინც ბოლომდე არ მემორჩილება. მას თავისი საკუთარი ლოგიკა და დინამიკა აქვს. როდესაც წერას ვამთავრებ, მეც მისი რიგითი მკითხველი ვხდები, რომელიც ტექსტის გაგებას და ამოხსნას თუ მის განცდას ცდილობს. “აპოკალიპტური მხეცი” 1992-1998 წლებში დაიწერა. ის სპონტანურად გაჩნდა და მერე თავისითვე გაქრა. მასში შესული ტექსტები ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტებიცაა, რომლებშიც ფაბულა და შინაარსი იმალება. ჩემი აზრით, მხატვრული ტექსტის მიზანი ახალი ენის პოვნა, მისი გამოგონებაა. თანამედროვე ქართული ენა საკმაოდ ღარიბი და ტლანქია, რაც გარკვეული თვალსაზრისით მისი პლიუსიცაა და ძიებისა თუ ექსპერიმენტის საკმაოდ დიდ საშუალებასაც იძლევა. ის პირდაპირ გიბიძგებს პაროდიისაკენ. პაროდია კი კლიშეებისა და იდიომების ნგრევის საუკეთესო საშუალებაა, რომლებიც ენაში, როგორც ცოცხალ ორგანიზმში, მომაკვდინებელ ვირუსებად არიან შესახლებული და მის სასიცოცხლო ენერგიებს შთანთქავენ. ჯერ-ჯერობით ვერ გავცდი მინიმალისტურ ფორმატს, მაგრამ პარალელურად სხვა, უფრო დიდი მოცულობის ფორმებზეც ვმუშაობ.

6.სოციალურ ქსელებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს შენი ახალი მოთხრობების ციკლი „Kill თBillისი“ რომლებსაც პერიოდულად ცხელი შოკოლადის ინტერნეტ საიტზე აქვეყნებ. აპირებ თუ არა ამ ნაწარმოებებს თავი ერთად მოუყარო და წიგნად გამოსცე?

– კი, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ეს ფრაგმენტები ერთი წიგნის ნაწილებია, რომელსაც ექსპერიმენტული ან არატრადიციული ფორმის რომანი შეიძლება ეწოდოს. პრინციპში ასეთადაც იყო თავიდანვე ჩაფიქრებული.

 7.შენს მოთხრობებში ახდენ ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების პაროდიას და სპეციალურად ქმნი ერთგვარ აბსურდულ ტექსტებს. რა არის ამის მიზანი, უბრალო შარჟი თუ საზოგადოების მიერ ღირებულებათა გადაფასების მცდელობა?

– ალბათ არც ერთი და არც მეორე ან ორივე ერთად. თბილისის ციკლის ფრაგმენტების წერა საკმაოდ სპონტანურად დავიწყე. თავიდან თითქმის არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაპირებდი. ყველაფერი ასოციაციურ ლოგიკაზეა აგებული. ერთადერთი გამოკვეთილი მიზანი აქ, ერთი მხრივ, ქართული ნარატივების პაროდიის მეშვეობით ნგრევაა, მეორე მხრივ კი მათთვის ისეთი კონტექსტების გამოგონება, რომლებიც მათ არ გააჩნიათ. ამგვარი აღრევის შედეგად ნარატივების ერთგვარი “დეკონსტრუქცია” ხორციელდება. შესაბამისად, იუმორი აქ მხოლოდ გვერდითი ეფექტია, რომელიც დროითი ვერტიკალის მოშლისა და კონტექსტების აღრევის შედეგად წარმოიქმნება. ამდენად, არანაირად არ აღვიქვამ მას სატირად ან იუმორისტული ჟანრის ნაწერად.

 8. არ შეიძლება არ შევეხოთ გიორგი მაისურაძეს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ცნობილ ბლოგერს ქართულ ინტერნეტ სივრცეში. შენ შენს პუბლიკაციებს აქვეყნებ „რადიო თავისუფლებისა“ და „ცხელი შოკოლადის“ ინტერნეტ საიტებზე. ანიჭებ თუ არა ამ საქმიანობას გარკვეულ მნიშვნელობას, თუ ეს ყველაფერი უბრალო ჰობია?

– ბლოგერობა უფრო ტრიბუნასავითაა, საიდანაც აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებზე საუბარი შემიძლია. ეს უფრო ჩემი რეაქციებია გარკვეულ მოვლენებზე პირდაპირი და მარტივი ფორმით, რომელთა მეშვეობითაც ჩემს პოზიციებს ვაპიქსირებ თუ პროტესტს გამოვხატავ.

9. შენს ბლოგპოსტებსა და ესსეებში ხშირად ეხები ტაბუირებულ რომლებზეც საჯაროდ საუბარს თითქმის ყველა ერიდება. რა რეაქცია აქვს ხოლმე მკითხველს ასეთი შინაარსის წერილებზე?

– ტაბუ თემებზე წერა მიყვარს. მათი სიმრავლე საზოგადოების ჩაკეტილობის, მისი ტოტალიტარულობის ნიშანია. მკითხვეთლა ნაწილს ეს აღიზიანებს, მაგრამ არც ისე ცოტაა იმათი რიცხვი, ვინც დადებითად იღებს. საერთოდაც, ნებისმიერი ახალი თუ განსხვავებული აზრი საკუთარ თავში შეიცავს გარკვეულ პერვერსიულობას. პერვერსია დაწესებული ნორმენიდან და ტაბუებიდან გადახვევაა. თუ ცდილობ, რომ არ იყო “ადამიანი-მასა”, იცხოვრო და იაზროვნო საკუთარი ცხოვრებითა და აზროვნებით და არა იმით, რასაც ოჯახი, ტრადიცია, საზოგადოება თუ უბრალოდ უმრავლესობა თავს გახვევს, არამედ გაბედო და არ მოგერიდოს საკუთარი ინდივიდუალური სახის ჩვენება, რაც არანაირად სარკის წინ დგომას და საკუთარი თავით ტკბობას არ გულისხმობს, მაშინ უკვე ავტომატურად კონფლიქტში შედიხარ უმრავლესობასთან, ხდები “პერვერსიული”. ესაა ფასი, რომლის გადახდაც გიწევს საკუთარი ინდივიდუალობის შესანარჩუნებლად. პიროვნება, ინდივიდი, ამ თვალსაზრისით, “პერვერსიიდან” იბადება, მისი ალტერნატივა – “ნორმალურობა” კი უსახობაა.

 10. როგორც არაერთხელ აღგინიშნავს, შენ პაზოლინის დიდი თაყვანისმცემელი ხარ. რა ადგილი უკავია პიერ პაოლო პაზოლინის შემოქმედებას შენს ცხოვრებაში?

– პაზოლინი, ერთი მხრივ, გამოცანა და უშრეტი ინსპირაციის წყაროა. მეორე მხრივ კი მაგალითი უძლიერესი ინდივიდუალურობისა, უზარმაზარი გაბედულებისა იცხოვრო და იაზროვნო ისე, როგორც გწამს და საკუთარ მრწამსს არასდროს უღალატო, თვით სიცოცხლის ფასადაც კი. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ კომუნისტი და ჰომოსექსუალი პაზოლინის ერთ-ერთი პირველი მაღიარებელი რეფორმატორი რომის პაპი იოანე XXIII იყო.

11. რახან პაზოლინი ვახსენეთ, მემარცხენეობის თემასაც შევეხოთ. როგორც ცნობილია, შენ მემარცხენე ხარ. კონკრეტულად რომელი მემარცხენე მოაზროვნის იდეები დგას შენთან ყველაზე ახლოს?

– პრინციპში, არასდროს არ მითქვამს, რომ მემარცხენე ვარ. მე ვიტყოდი, რომ მემარცხენე იდეები ჩემთვის უფრო ახლობელია, ვიდრე გამდიდრების, მომხვეჭელობისა, სხვა ადამიანის ჩაგვრისა თუ ექსპლოატაციის იდეოლოგიები. კაპიტალიზმისა და საბაზრო-სამომხმარებლო ფეტიშიზმის კრიტიკა ჩემთვის ანიმალური ინსტინქტების, ადამიანების იდოქტრინაციისა და მანიპულაციის კრიტიკაა. ამ თვალსაზრისით, ზოგადად იდეოლოგიებს ვემიჯნები. წინააღმდეგი ვარ სახელმწიფოს ყოველგვარი გაფეტიშების.  სახელმწიფო ადამიანებს, მის მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, მისი ჩემთვის მისაღები ერთადერთი ფორმა სოციალური სახელმწიფოა. საქართველოში სახელმწიფოც და ეკლესიაც ხალხზე ძალადობს, ხალხის მანიპულაციითაა დაკავებული და ეს მანამდე იქნება ასე, სანამ ადამიანები საკუთარ თავს არ გაითავისუფლებენ… წინააღმდეგი ვარ ყოვეგვარი კოლექტიური იდენტობის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის პრინციპი. სოლიდარობა ლოზუნგი არაა, არამედ ადამიანის მგრძნობელობაა, მისი უნარია სხვის მდგომარეობაში შევიდეს. ამის საპირისპიროდ მემარჯვენეთა ეგოიზმი ჩვეულებრივი ანიმალური ინსტინქტია იდეოლოგიურ ხარისხში აყვანილი. ინსპირაციას ორიგინალური ავტორებისგან ვიღებ, დამოუკიდებლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისაგან. მემარცხენე ავტორებთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ.

12. შენ ყოველწლიურად უამრავ პუბლიკაციას აქვეყნებ. აქვს თუ არა ასეთ პროდუქტიულ მუშაობას საიდუმლო?

ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სულ საკუთარ არაპროდუქტიულობას განვიცდი. ძალიან დამოკიდებული ვარ განწყობასა და გარედან მიღებულ ემოციებზე. მიყვარს ზოგჯერ სრულიად უცნობ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა, როდესაც სრულიად მოულოდნელად და სპონტანურად რაღაც ახალს აღმოვაჩენ. მიღებული შთაბეჭდილებები ტექსტებად გარდაიქმნება. ინსპირაციის მიღება ყველაფრიდან შეიძლება: წიგნიდან, ფილმიდან, ნახატიდან, მუსიკიდან, ქუჩაში ხეტიალიდან, ადამიანებისგან, მაგრამ არა ისეთი ჩაკეტილი და ჯოგური ორგანიზმებისგან, როგორიცაა “ტუსოვკა” – სიყალბისა და თვალთმაქცობის უნიჭო რეპროდუქცია. მთავარია, არ დამეზაროს ან არ შემეშინდეს და გადმოვცე, ფორმა მივცე. თუ დავიზარე, ვიცი, რომ სამუდამოდ იკარგება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s