ქალაქი სუპერგმირების გარეშე – ბრუკლინი

სახლიდან დილის 7 საათზე გამოვდივარ. ამ დროს თბილისში (უკვე არც ისე ცხელი) შუადღის 4 საათია. მე ჯერ კიდევ თბილისის დროით ვიძინებ და ვიღვიძებ, მეგობრის მიერ ნაჩუქარი საათიც კი ისევ თბილისის დროზეა.

ბრუკლინელების ნაწილი ამ დროს უკვე სამსახურშია წასული. მათგან უმეტესობა კი განვლილ მანძილზე უფრო გრძელ საცობშია მოყოლილი. ოკეანის სანაპიროდან ყოველთვის გრილი ნიავი უბერავს. ამიტომაც აქ ხალხი ფეხით ან ველოსიპედით სასეირნოდ(ან სავარჯიშოდ) დღის ნებისმიერ მონაკვეთშია.

მე 7-კილომეტრიანი ბულვარის გზას ველოსიპედით მივუყვები. იგი ბრაიტონ ბიჩის დასაწყისიდან ბეირიჯამდე გრძელდება. საველოსიპედო გზაზე პედლებს გაბედულად ვატრიალებ. შავიზღვისპირა ქალაქების განსხვავებით, აქ მხოლოდ ველოსიპედები მოძრაობენ და არა შეყვარებული წყვილები და პატარა ბავშვები.

ბრუკლინი ის ნიუ იორკია, რომელიც ფილმებში არასდროს არ ჩანს(თუ მთავარი გმირი ბრუკლინელი ნარკომოვაჭრე არაა). აქ საკმარისად ბევრი მაღალი შენობა არ არის იმისთვის, რომ სპაიდერმენმა თავის ქსელზე იხტუნოს და კინგ კონგმა იძრომიალოს. ბრუკლინს კომიქსების სუპერგმირები არ ჰყავს. საამაგიეროდ, აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დილის  4 საათზე დგებიან იმისათვის, რომ სამსახურში წავიდნენ და ერთოთახიან ბინაში მცხოვრები მათი მრავალშვილიანი ოჯახები და ოკეანისმიღმა დარჩენილი ნათესავები გამოკვებონ. ეს ხალხი კომიქსების გმირები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ვიღაცისთვის მაინც არიან სუპერგმირები(თან, მგონი უფრო რეალურიც).

სანაპიროზე სეირნობისას ვერაზანოს ხიდის ქვეშ გავდივარ. იგი ბრუკლინის ხიდს ჰგავს, თუმცა მასზე ბევრად უფრო უცნობია. ბულვარის ბოლოს ოკეანეში შესული 50 მეტრის სიგრძის სადგომია. იქიდან მანჰეტენისა და თავისუფლების კუნძულის პანორამული ხედი იშლება. პირველად ეს ხედი რომ დავინახე, იცით რა ვიგრძენი? არც არაფერი, საერთოდ არაფერი. ეს კადრი იმდენ ფილმსა და წიგნშია, რომ მეგონა, რაღც ძველს ვხედავდი, ისეთივე ძველს, როგორიც სოფელში ახლადგაღვიძებულს აივნანზე გამოსვლისას მეშლება – სასიამოვნოს, მაგრამ უკვე ძველს და აღარაფრისმთქმელს.

უკვე რამდენიმე დღეა, ამ ადგილას დღეში ორჯერ მოვდივარ – დილით აქაურობა ჩინელი მეთევზეებითაა სავსე. ხედზე მეტად მათ თევზი აინტერესებთ. საღამოს კი, იქვე, სკამებზე ემიგრანტების ოჯახები სხედან და განათებულ მანჰეტენს უყურებენ – ხედს, რომელიც ტელევიზორით ალბათ უფრო მეტჯერ აქვთ ნანახი, ვიდრე საკუთარი ქალაქის ან სოფლის პეიზაჟი. მე კი ვცდილობ, რომ მათსავით მძაფრი შეგრძნებები დამეუფლოს – აღტაცება, სიხარული, ან იქნებ შიშიც, მაგრამ არაფერი არ გამომდის (არც დილით და არც საღამოს) და იმ სადგომიდან ისე მოვდივარ, ველოსიპედის პედლების ტრიალს არც კი ვწყვეტ.  იქვე მდგარ 11 სექტემბრის მემორიალს წრეს ვურტყამ და უკან ვბრუნდები. ეს მემორიალი დაახლოებით 10–15 მეტრის სიგრძის რკინის სვეტია, რომელსაც ზემოდან ნესვის ნაჭრის მსგავსი რამ ადევს. ამ მემორიალს საღამობით პატარა ბავშვები დასტრიალებენ. მათგან უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს “Brooklyn will never forget”, ეს უბრალოდ დაჭერობანას თამაშის დროს მათი სახლია. საერთოდ, ბრუკლინში ენის ცოდნაზე მნიშვნელოვანი საჭირო ხალხის ცოდნაა. აქ მაღაზიის გამყიდვლებმაც კი “20 dollars”–ზე მეტი ინგლისური არ იციან.

თან ველოსიპედის პედლებს ვატრიალებ და თან ხალხს ვაკვირდები. ყველას უზარმაზარი ბოტასები აცვია. აქ ხომ ასე უყვართ ყველაფერი დიდი. ძალის და სიმძლავრის დემონსტრაცია. “King size” ,  “extra large”, “super fast” და ა.შ.

სახლში დაბრუნებისას, სანაპიროდან ქუჩებში გადავდივარ. უბნები ბლოკებადაა დაყოფილი, ყველგან გზაჯვარედინია და ყველა გზაჯვარედინზე ქუჩის სახელი. აქ დაკარგვა უფრო ძნელია, ვიდრე რომელიმე ქუჩის ან სახლის მიგნება. გზაჯვარედინებზე ფრთხილად გადავდივარ, მაგრამ ეს თბილისი არაა. აქ გზას ყველა მანქანა მითმობ0ს(მაშინაც კი, როცა წესით მე უნდა დავუთმო).

ქუჩაში თვალებში არავინ გიყურებს. აქაურები უბრალოდ თვალს გარიდებენ, ხოლო ემიგრანტები კი ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად, თავს ხრიან(ალბათ, რახან თეთრკანიანი ვარ, მეც აქაური ვგონივარ და გვერდს რიდით მივლიან). ბრუკლინი ზრდილობიანი ხალხის ნაკლებობას არ განიცდის(მიუხედავად იმისა, რომ აქ უმეტესად ემიგრანტები ცხოვრობენ). მაღაზიაში შესვლისას გესალმებიან, გზის დათმობისას მადლობას გიხდიან, მანქანებს სახლის ჭიშკრის წინ არ გიყენებენ. კი, უცნაურია, მაგრამ ასეთი ხალხიც არსებობს. აქ ყველას გათავისებული აქვს ფრაზა: “ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ”.

ამერიკელების სახლებს აქ ადვილად იცნობ – მათგან უმეტესობას ეზოში ამერიკის დროშები უკიდიათ. ალაგ–ალაგ იტალიურ დროშებსაც ვხვდები(ზოგან ორივეს ერთად). ეზოები სუფთაა, გაზონები გაკრეჭილი და მოწრყული, თუმცა ბრუკლინი სულაც არაა სუფთა ადგილი. დიდი ქუჩები ძალიან ნაგვიანია. ასფალტი და ქვაფენილი ყველგან შავი ლაქებით არის დაკოპლილი. ისინი ძირს დაგდებულმა საღეჭმა რეზინებმა გააჩინეს. ნიუ იორკში მათ ასაფხეკად სპეციალური სამსახურიც კი არსებობს.

საღამოობით სანაპიროდან სახლში ათი საათისკენ ვბრუნდები. ამ დროს ბრუკლინის ხიდიც და მანჰეტენიც უკვე ორი საათის განათებულია, თბილისში კი, სულსწრაფი მამლები გათენებამდე ერთი საათით ადრე ყივიან.

გაგრძელება იქნება.