კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

თბილისში ბევრი ხიდია. ყველა მტკვარზეა გადებული და ყველა უშნოა. ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზოგი ფეხებდაგრეხილი იქნებოდა, ზოგი ღიპიანი, ზოგი დიდცხვირა და ასე შემდეგ. უმეტესობას არც არანაირი ისტორია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ყოველ დღე ზურგზე ათასი მანქანა და ათასი კაცი გადაუვლის და გადმოუვლის ხოლმე. ხიდებსაც სხვა რა დარჩენიათ, მობზუებულები მინდობიან თავიანთ ბედს.

მაგრამ, ზოგჯერ თბილისურ ხიდებზეც ხდება საინტერესო ამბები. ამ ქალაქში, ალბათ,ა რ მოიძებნება  ხიდი, რომლიდანაც კაცი მტკვარში არ გადამხტარა თავის მოსაკლავად. ამიტომაც, ბევრ უკანასკნელ ფიქრს და სიტყვას ინახავენ ეს პირქუში ბებრები. ხანდახან საინტერესო დიალოგსაც მოჰკრავენ ხოლმე ყურს მათ ზურგზე მოსეირნეებისაგან.

აი, ახლა, უფერული ცხოვრების მქონე ერთ-ერთ თბილისურ ხიდზე, ორი ახალგაზრდა მოსეირნობს. გოგო და ბიჭი. გოგო, მაღალი, სწორთმიანი, გრძელფეხებიანი და მოხდენილცხვირიანი, ლაღად მოდის. ბიჭი კი, მასზე ერთი თავით დაბალი, სქელწარბიანი, ჩაფსკვნილი და მოკლეკისრიანი, აშკარად აღელვებულია და ლამისაა ნაბიჯიც კი აერიოს.

გოგო:

-იმ კაცის ამბავი იცი, რო დათვრა და ამ ხიდის მოაჯირზე რო დადიოდა?

ბიჭი:

-არა ნინო, არ ვიცი…

ნინო:

-მოგიყვე? დათვრა და მოაჯირზე გადი-გამოდიოდა…

ბიჭი სიტყვას აწყვეტინებს:

-ნინო, ნინო დაიცა რაღაც უნდა გითხრა.

-ხო, კაი, გისმენ დათო.

დათო მთელ თავის ძალღონეს იკრებს, ღრმად ისუნთქავს, ნინოს თავის უხეშ მარჯვენას ხელზე ჰკიდებს და აჩერებს:

-ნინო მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!- ლამის გაჰკივის. ალბათ, ზედმეტი ჰაერი ჩაისუნთქა.

ნინო მაშინვე სიარულს აახლებს. თავს დაბლა ხრის. რამდენიმე წამით თავის მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელს მოძრაობაში აკვირდება. შემდეგ ისევ მაღლა წევს, უყურებს და ეუბნება:

-ის კაცი თან ამბობდა ჩემს ბედს ვცდიო. ხიდიდან გადავარდა. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

-ნინო, მიყვარხარ!!!

-შენ იცი ცურვა?

 

 

პ.ს. მე აქ ვარ, მიყვარხარ და ყველაზე მაღალი ხიდის მოაჯირზეც გავივლი და მტკვარსაც გადავცურავ.

პ.პ.ს.(ჩამატებულია ორი თვის შემდეგ) მოგატყუე.

7 thoughts on “კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

  1. მშვენიერია🙂 პოსტმოდერნული გულგრილობა ვერაფრს გვარგებს, და რაც არ უნდა პათეთიკურად ჟღერდეს, სიყვარული მოთხოვნილებაა🙂

    • თან ყველაზე მავნე, მაგრამ ამავდროულად ბედნიერების ყველაზე დიდი კოეფიციენტით😀

  2. თბილისის ყველა ხიდს აქვს ისტორია, საკმაოდ საინტერესოც🙂
    ჰოდა სიყვარულსა და ბედს გამოცდები არ უხდება😉

    • რა ისტორია აქვთ? თითქმის ყველა კომუნისტების დროსაა აშენებული.და რომც ჰქონდეთ, უშნო ხიდს უისტორიობა უფრო უხდება.
      არ უხდება თუ უხდება, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ძალიან ბევრი ცდის თავის ბედსაც და სიყვარულსაც.

    • და შენი აზრით ეს მეტეხის ხიდი ის მეტეხის ხიდია? :დ
      ახლანდელი ხიდი ისეა იმდროინდელი, როგორც ახლანდელი პარლამენტის შენობა მაშინდელი რუსული ეკლესია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s