რა მანძილია ღმერთობასა და განავალობას შორის

დიდი ხანია, წიგნებზე არაფერი დამიწერია. ბოლო პოსტები უინტერესოდ ჩავთვალე და გადავწყვიტე, თავი დამენებებინა. მაგრამ ახლა მომინდა, ცოტა რამ ერთ წიგნზე ვთქვა, რომელსაც ბოლო დროს მეტროში ვკითხულობ. საერთოდ, ეს წიგნი რამდენიმე დღის წინ წიგნების მაღაზიაში შემთხვევით ვიპოვე. იქამდე, ჩეხი მწერლის, ვინმე მილან კუნდერას შესახებ არც არაფერი გამეგო. არც ახლა ვიცი ბევრი რამ, მაგრამ ვიცი, რომ მისი რომანი, “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” მეტროში მგზავრობას საკმაოდ მიმსუბუქებს და ამ მოსაწყენ პროცესს საკმაოდ ასატანს და მეტიც, სახალისოს ხდის.

რა არის “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”. ეს არის წიგნი, რომელშიც მწერალი უამრავ საკითხს ეხება: “პრაღის გაზაფხულს”; რკინის ფარდის აქეთ დარჩენილ თაობებსა და მათ გზას; ადამიანების პირად ცხოვრებას და ა.შ.   ეს წიგნი შეიძლება იმ რომანთა კატეგორიას მივაკუთვნოთ, რომლებსაც ფილოსოფიურ რომანებს უწოდებენ. ბევრისთვის ეს შეიძლება ფსევდო ფილოსოფიაც აღმოჩნდეს, მაგრამ მე ბევრი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე. რომანს ფაქტობრივად სიუჟეტი არ აქვს და მწერალი პერსონაჟები უბრალოდ საკუთარი მოსაზრებების ერთგვარი ილუსტრაციისთვის სჭირდება. კუნდერა ძირითადად რამდენიმე ადამიანის პირად ცხოვრებას აღწერს.

წიგნში ყველაზე ხშირად ალბათ ბეთჰოვენის ფრაზა “Es muss sein”(“ასე უნდა იყოს”) შეგხვდებათ. კუნდერა ასე უწოდებს იმპერატივს,  რომელიც ან გარედან ნაკარნახევია, გარედან თავსმოხვეული(ანუ პასუხისმგებლობა, მოვალეობა), ან შინაგანი, საკუთარი ნებით მიღებული(მოწოდება). წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟს სულ დასდევს ასეთი იმპერატივები, ასეთი “es muss sein”-ები: მიტოვებული შვილი, მისი პროფესია, ცოლი, ზოგი საკუთარი მოსაზრებაც კი, რომლებიც შემდეგ მას ატყვევებენ და იმეპრატივებად იქცევიან. ამ იმპერატივზე საუბრისას, კუნდერა თავისუფლების ცნების საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისთვის თავისუფლება არის სწორედ ამ “es muss sein”-ის საზღვრებს გარეთ, ანუ ქმედება, რომელიც კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, არ არის არც გარედან თავსმოხვეული და არც შინაგანად ნაკარნახევი. კუნდერას ერთ-ერთ პერსონაჟს(ტომაშს) უყვარდება ქალი(ტერეზა), რომელიც, თვითონვე აცნობიერებს, რომ ტერეზა “ექვსმა შემთხვევითობამ შვა” და მასთან დააკავშირა. ეს ის ქალი არ არის, ვინც მას სჭირდება. ტომაში სულ სხვანაირ ქალებზე ფიქრობს, მაგრამ უყვარდება ის და აცნობიერებს, რომ სიყვარული სწორედ  “es muss sein”-ის მიღმაა.

წიგნს “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” კუნდერამ მარტივი მიზეზის გამო დაარქვა. ამ სათაურში მას მთელი თავისი იდეის ჩადება უნდოდა. იდეა კი ასეთია:
“თუ განდეგილობა და პრივილეგირებულობა ერთი და იგივეა, თუ არ არსებობს განსხვავება ამაღლებულობასა და სიმდაბლეს შორის, თუ ღმერთის შვილი შეიძლება განავლისთვის გაასამართლონ, მაშინ ადამიანის არსებობა კარგავს თავის მნიშვნელობას და აუტანლად მსუბუქი ხდება”. – ეს ციტატა მწერლის მიერ სტალინის შვილის, იაკობის საკონცეტრაციო ბანაკში სიკვდილის ეპიზოდის გახსენებას  მოჰყვება. იაკობი საკუთარ განავალს არ რეცხავდა, რის გამოც, მას პასუხი მოსთხოვეს. სწორედ მაშინ, მან იგრძნო თავისი  “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”, რომ ის ფაქტობრივად ღმერთკაცის შვილი იყო, მაგრამ განავლის გამო ამცირებდნენ. იაკობი მაღალი ძაბვის მავთულებისკენ გაექანა და თავი მოიკლა. კუნდერას პერსონაჟებსაც ეუფლებათ ეს სიმსუბუქე. სიმსუბუქე ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანის არსებობის საპირისპირო პოლუსები ერთმანეთს მჭიდროდ მიუახლოვდება “და გაქრება განსხვავება ამაღლებულსა და მდაბალს შორის, ღმერთსა და განავალს შორის.” კუნდერას აზრით, როდესაც ადამიანს აღარ შეუძლია  რაიმე შეცვალოს, სასწორზე რაიმე გადაწონოს, სწორედ მაშინ ხდება მისი ყოფა აუტანლად მსუბუქი, განავალზე მსუბუქიც კი.

“მინდა, ვიწვეთ ჩემს სახელოსნოში, როგორც სცენაზე, ირგვლივ ხალხი იყოს, თვალს ვერ გვაშორებდნენ, მაგრამ ნაბიჯითაც არ შეეძლოთ ჩვენთან მოახლოება.” – ეუბნება წიგნის ერთი გმირი მეორეს. ზოგადად, სცენის თემას კუნდერა ხშირად ეხება. ის ადამიანებს ოთხ კატეგორიად ჰყოფს: პირველს ბედნიერებისთვის სჭირდება დიდი აუდიტორია, უამრავი უცხო თვალი; მეორეს სჭირდება ახლობელ ადამიანთა წრეში ტრიალი – ნაცნობი თვალები; მესამე კატეგორიას საყვარელი ადამიანების თვალთახედვის არეში ყოფნა სჭირდებათ, ხოლო მეოთხე კატეგორიის ხალხი სხვაგან მყოფი ხალხის წარმოსახვითი მზერისა თანხლებით ცხოვრობენ. ამ უკანასკნელთ, კუნდერა მეოცნებეებს უწოდებს.

კუნდერას რომანში საკმაო ადგილი უჭირავს ფსიქოანალიზმსა და სიზმრების ინტერპრეტაციას, რომლის მეშვეობითაც ის ერთ-ერთი გმირის, ტერეზას ტკივილებს წარმოაჩენს. მაგრამ ჩემთვის პირადად გამაღიზიანებელი იყო ის, რომ ავტორი ასეთ ეპიზოდებში მკითხველს ფაქტობრივად ინტერპრეტაციის საშუალებას ართმევდა და სიზმრებს ძალიან ვრცლად და დაწვრილებით ხსნიდა, რითაც ჩემი აზრით, ამ ხერხს ეფექტურობას თითქმის მთლიანად უკარგავდა.

ბევრი მკითხველი ალბათ წიგნის პერსონაჟებთან ბევრ საერთოს იპოვის, რადგან ისინი რკინის ფარდის აქეთ მცხოვრები ხალხია, წითელი, კომუნისტური პრაღის მოქალაქეები. ისინიც ხვდებიან რეპრესიებში საკუთარი მოსაზრებების გამო და მათაც აიძულებენ, ხელი მოაწერონ სიტყვებს, რომლებიც მათ არ დაუწერიათ. აქ კუნდერა ერთ საინტერესო ეპიზოდს აღწერს: ტომაშს ჯერ პოლიციის თანამშრომელი აიძულებს, ხელი მოაწეროს საბოდიშე ტექსტს, რომელიც მას არ ეკუთვნის და შემდეგ ჩნდებიან დისიდენტები, რომლებიც  მოუწოდებენ, რომ პოლიტპატიმრების ამნისტიის ინიციატივას მოაწეროს ხელი. ტომაში ამ ორივე შემთხვევას ერთმანეთთან ფსიქოლოგიური ზეწოლისს ნიშნით აიგივებს. მას არ სიამოვნებს, როდესაც აწერინებენ ხელს იმაზე, რაც თვითონ არ უთქვამს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბანაკის წარმომადგენლები არიან და რა არის მათი მოთხოვნა. აქვე, ტომაში აცნობიერებს, რომ ზოგჯერ ერთი უბრალო მაგრამ შედეგისმომცემი ქმედება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უშედეგო გარჯა. მას ახსენდება მისი ცოლი, ტერეზა, რომელმაც ტანით მიწაში ჩაფლული ყვავი ამოთხარა და გაათავისუფლა და ამბობს, რომ “მიწაში ნახევრადჩამარხული ყვავის ამოთხრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტისთვის პეტიციის გაგზავნა.”

წიგნი ქართულად სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში 2012 წელსაა გამოცემული. მას წიგნების მაღაზიების ყველა ქსელში შეხვდებით.

Advertisements