ინტერტექსტური 90-იანები

პაატა შამუგია თავის ესეიში 90-იან წლებზე(„პაატა შამუგიას 90-იანები“) ასეთ რამეს ამბობს:“როცა 90-იანებს ვიხსენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი კი არა, სიმბოლოა, პირობითი ნიშანი, რომლითაც დროს კი არა, მდგომარეობას აღვნიშნავთ.“ იქვე, შამუგია აგრძელებს, რომ მისთვის 90-იანები 80-იან წლების ბოლოს დაიწყო და 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად დასრულდა.

კარლო კაჭარავა(90’იანი წლების ქართველი მხატვარი)

ჩემთვის კი 90-იანები მაშინ დაიწყო, როდესაც დავიბადე და იგი ვარდების რევოლუციამ დაასრულა. 90-იანი წლები კალენდარული 10-წლეული არ ყოფილა. ეს იყო ფენომენი, რომელიც სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ქრონოლოგიურ საზღვრებშია მოქცეული. ეს პედანტი ადამიანისათვის ისტორიული უზუსტობა, ან აცდენა იქნებოდა. მისთვის არ შეიძლება, ორი ადამიანი რაღაც პერიოდზე საუბრობდეს და მას სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდებს აკუთვნებდეს, თან, ორივე არაზუსტად.

90-იანები შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი ისტორიულ ინტერტექსტი, რომელიც ჩემი აზრით, არა იმდენად კოლექტიური მეხსიერების ნაწილი, არამედ სუბიექტურად აღქმული და წაკითხული ტექსტების ერთობაა. ის არ არის პერიოდი, რომელზეც შეიძლება ისტორიკოსმა აკადემიურად დაწეროს ისტორიის სახელმძღვანელოს თავი, რომელიც იქნება უნივერსალური და ყველასთვის მისაღები. ჩემთვის 12-ე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში დაწერილი თავი საქართველოს უახლოეს ისტორიაზე აბსოლუტურად გაუგებარი და არარელევანტური იყო. როდესაც მას ვკითხულობდი, მეგონა, რომ ავტორი და მე სრულიად სხვადასხვა დროსა და სივრცეზე ვმსჯელობდით. და ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი.

პაატა შამუგიას იმავე ესეიში ასეთი წინადადებაა:“ახლა, როცა ვაანალიზებ იმ შეგრძნებებს, გარემოს, ხალხს, ფერებს, სუნებს – კი, ეს იყო ჩემი პერსონალური 90-იანების დასაწყისი.“ მართლაც, დღევანდელ კულტურაში 90-იანების ძალიან ბევრი (სუბიექტური)აღქმა გვხვდება.მაგალითად, ამ პერიოდზე თავის ესეიში „პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი“  ზურაბ ქარუმიძე აანალიზებს იმდროინდელ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს და ამ ანალიზისთვის პოსტმოდერნიზმის პარადიგმას იყენებს. ბოლოსიტყვაობაში ქარუმიძე წერს:“პოსტმოდერნიზმის კუთხით პოსტსაბჭოთა ქართული კულტურის წარმოჩენის მცდელობამ მთლიანად იმ კონკრეტული ისტორიული ეპოქის სურათიც, ალბათ, დაავიწროვა, ფრაგმენტული გახადა.“ ქარუმიძე აკვირდება და აღწერს ქართული კულტურის იმ „დავიწროვებულ“ ნაწილს, რომელსაც ზოგი მოდერნისტი ინტელიგენციას, ან ელიტას უწოდებდა. მისი ეს აღქმაც სუბიექტურია და არა  საერთო(რასაც მისი ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ადასტურებს).

ზურაბ ქარუმიძის სათვალისგან განსხვავებით, სხვა შუშებმა, კერძოდ, ნანა ექვთიმიშვილის ობიექტივმა 90-იანები სრულიად სხვა სივრცეში მოაქცია. ფილმ „გრძელ ნათელ დღეებში“, აღწერილი გარემო აბსოლუტურად მასკულინური და ბრუტალურია და ამ გარემოში ძლიერი ბატონობს. სამაგიეროდ, ფორმით ფილმი უფრო პოსტმოდერნულია – ამბავი ორი მოზარდი გოგონას ყოველდღიურობის მეშვეობით არის გადმოცემული.

ჩემთვის 90-იანები იყო ხედი ჩემი ოთახის ფანჯრებიდან. ეს ხედი ორი ძირითადი ელემენტისგან შედგებოდა: პირველი იყო გზა, რომელიც ერთხელ ზერელედ „დაალატკავეს“, იმის გამო, რომ მასზე შევარდნაძეს უნდა ჩამოეარა, და გზის იქით – სხვა მიკრორაიონი, რომელშიც შუქი უფრო იშვიათად მიდიოდა, ვიდრე ჩვენსაში. მამაჩემი მიხსნიდა, რომ ისინი სხვა ხაზზე იყვნენ, თუმცა ბებიაჩემს თავისი თეორია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, იმ მიკრორაიონში შევარდნაძის ნათესავები ცხოვრობდნენ. მე, ჩემი და და ჩემი ძმა ხშირად დავმსხდარვართ ამ ფანჯრების წინ და სანამ ჩვენ შუქი არ გვქონდა, მოპირდაპირე მიკრორაიონის განათებული ხედით ვინაზღაურებდით სიბნელეს. ასე შეიქმნა სხვა ყველასთან ერთად ეს ორი მძლავრი ასოციაცია 90-იან წლებთან – შევარდნაძე და უშუქობა.

რაც შეეხება მასკულტურას, ამ პერიოდმა მას ისეთივე(ან შეიძლება, უფრო ძლიერი) კვალი დაატყო, როგორიც 2000-იანებში გამოჩენილმა ინტერნეტმა, რომელმაც, როგორც ამბობენ ახალი, „მილენიუმის“ თაობა შექმნა. 90-იანებმაც შექმნა თაობა – რემბოს, მარიოს, რონალდოს და კოკა-კოლის თაობა. ყველაფერი ის, რაც კაპიტალიზმს უკვე მოესწრო, თავის სიამაყედ ექცია, პოსტსაბჭოთა საქართველოში ახალი და ჯადოსნური ხილი იყო. მახსოვს, როგორ შევცბი, როდესაც ერთმა უფროსმა მითხრა, რომ მაკალაი კალკინი უკვე საკმაოდ დიდი იყო და ცოლთან გაშორებაც კი მოესწრო.

საბოლოოდ, 90-იანები საკმაოდ მრავალფეროვნად შემორჩა ჩვენს მეხსიერებას: მასკულტურაში რონალდოს ყვითელი მაისურებითა და ჰოლივუდური ბლოკბასტერებით, პოლიტიკაში – ომითა და ნგრევით, კულტურაში ახალი ექსპერიმენტებით, ჩემსა და ჩემს მეგობრებში კი ერთი სიტყვით – ბავშვობით დარჩა.

 

კაცი ბნელი 90–იანებიდან

ყოველთვის, როცა ისეთ რამეზე ლაპარაკობენ, რაც არ ვიცი, მრცხვენია ხოლმე. ეს ალბათ ბუნებრივია, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ადამიანს ერთი–ორი იდეის მოსმენის შემდეგ თავი ჭკვიანი გგონია.

კარლო კაჭარავას სახელთან, სავარაუდოდ, ჩემს სმენას ადრეც ჰქონია შეხება, მაგრამ საკმარისად დამაინტერესებელი პერსონა არ აღმოჩენილა.  რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთ ბლოგზე დათო ჩიხლაძის წიგნ “Feminine/Feminine”–ზე პოსტი წავიკითხე. პოსტში კაჭარავა რამდენჯერმე იყო ნახსენები.  წიგნმა საკმაოდ დამაინტერესა და სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვაც – ვინ არის კარლო კაჭარავა. დღეს ძნელი არ არის კითხვებზე პასუხი მიიღო. თურმე, “ტაბულა არტის” პირველ ნომერში ეწერა მასზე. ჟურნალი ამოვქექე და იქ გამოქვეყნებული მისი დღიურიდან რამდენიმე ფრაგმენტი წავიკითხე. ამ ორ–სამ გვერდიანი ტექსტიდანაც კი არ იყო რთული მიხვედრილიყავი, რომ საქმე უბრალო კაცთან არ გაქვს. პოეტი, მხატვარი, არტ–კრიტიკოსი და შვილები რომ ჰყოლოდა, სავარაუდოდ – სანიმუშო მამა. ან, ორი სიტყვით – კაცი მომავლიდან. აი, ვინ არის კარლო კაჭარავა.

ბიოგრაფიულ ნარკვევებს სხვაგანაც მოიპოვებთ. მაინც არ მაქვს წარმოდგენა როდის დაიბადა და არც მაინტერესებს, რადგან ის იმ კატეგორიის მოაზროვნეებს მიეკუთვნება, ვისი სიტყვაც ნაკლებადაა დამოკიდებული დროის მსვლელობაზე. მხოლოდ ორი რამ ვიცი: დაიბადა საბჭოთა კავშირის, ხოლო გარდაიცვალა თავისუფალი ქვეყნის მოქალაქედ. თუმცაღა, ის ყოველთვის თავისუფალი იყო. მაშინაც კი, როცა არ იყო.

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია.
ჩვენ კენტავრებს ვგავართ, პატარა მისტიკურ
კლოუნთა მომუწულ ტუჩებს,
წიგნებს, რომელთა პატარა თეთრი გულები ფეთქავს.
ჭარბწარმოება
მითოლოგიზირებული სახელების სახე-ხატების.
კიდევ უფრო მეტად, ვერმოსახილველი სიჭრელე.
კარავი შეკრული ცის ირმებად
იერცვლილი სახე-ხატებისაგან.
და მათ შორის ჩვენი ფატალური ჯანყი-ბოჰემა.

სხვა ლექსები

კარლო კაჭარავა 90–იან წლებს ეკუთვნის. ის ერთ–ერთი მათგანია, ვინც სრულიად ლოგიკურ შეკითხვას გიჩენს – იყო კი 90–იანები ბნელი? მაშინ, როდესაც იმ სიბნელეს გაურკვევლობაში მყოფ მილიონებთან ერთად კარლო კაჭარავა და მისნაირები ჰყავდა.

სხვა ნახატები

ერთ–ერთ მოხსენებაში ის ამბობს: “ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ მითს ჩვენი განსაკუთრებულობის შესახებ”. ის თავიდანვე ნათლად ხედავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენს საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, კლიშეები უქმნიან. მისი ჩანაწერები ძალიან კარგი საშუალებაა მიხვდე, რომ ოცი წლის შემდეგ, ჩვენ დიდად არ შევცვლილვართ(ჩვენ რა, მე მხოლოდ 19 წლის წინ დავიბადე).

პროლეტარი ქალი რთავს ტელევიზორს.
პროლეტარი ქალი ვერასდროს ნახავს
მეფე ლუდვიგზე ამ კინოსიზმარს.
კრისტალურად მარტივი სურვილებით საზღვრავს
თავის წარმოსახულ, თან იაფ ქმარს.

რაც დრო გადის, თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს დროსთან შედარებით, 90–იანები ელექტრომომარაგების პრობლემების გამო ჩანს ბნელი.

პ.ს. კარლო კაჭარავას უბის წიგნაკიდან:

„ჩვენში არსებულ წოდებრივ-ნათესაურ იერარქიაზე დაფუძნებული სოციალური დიფერენციაცია ისედაც შემზარავია თავისი სისასტიკით პიროვნებისადმი, მითის თხზვისკენ მიდრეკილი. ურთიერთმტრობისათვის განწირული ადამიანები კი ყველაფერს უკიდურესად ამძაფრებენ. დიალოგისა და ურთიერთნდობის ნაცვლად ყველას და ყველაფრისადმი უნდობლობას მიმართავენ. ადამიანები იმიტომ მტრობენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთს ცუდად იცნობენ. ჩვენში კი გაცნობის ნაცვლად უფრო ხელსაყრელია რაღაც ქიმერების შექმნა და იქ დარჩენა, სადაც „წინასწარგანსაზღვრული“ მემკვიდრეობით გერგო დგომა. თითქმის ყველანი ერთმანეთში მხოლოდ საცთურს, ხაფანგს და მონაწილეს ვხედავთ, ყველანი ერთმანეთის მტრები ვართ.“ – 1992 წელი.

პ.პ.ს. დათო ჩიხლაძის წიგნი “Feminine/Feminine” ვერ ვიპოვე, რადგან წიგნის მაღაზიების  ბესტსელერებით გადაჭედილმა თაროებმა, იგი ზედმეტ წონად ჩათვალეს.