მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან იბრძვის ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

Advertisements

“ფორმულა კრეატივისეული” მენტალური მოდერნიზაცია

მეცნიერული კვლევის მეთოდებიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული დაკვირვებაა. მიყვარს ხშირად და ზოგჯერ უაზროდ სხვადასხვა მოვლენაზე ან ქმედებაზე დაკვირვება და იქიდან დასკვნებისა და ვარაუდების გაკეთება. ახლაც ჩემ ვარაუდს შემოგთავაზებთ, თუ რა არის “ფორმულა კრეატივი”:
არ დავიწყებ პოსტის გაბერვას იმ ინფორმაციით, რომელიც ისედაც იცით და “ფორმულა კრეატივის” დაარსების და მოღვაწეობის ისტორიას არ მოვყვები. (ამისათვის გუგლი არსებობს, ხოლო ბლოგზე ახალი პოსტი, ახალ, ისეთ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, რომელსაც საძიებო სისტემები ვერ მიაკვლევენ, რადგან მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ადამიანის თავში სეღწევა. მაგრამ იქნებ შეუძლიათ კიდეც.)
ბევრს უთქვამს და უფიქრია, რომ ისინი ღიად თუ შეფარვით, ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ბევრ ღირებულებას დასცინიან. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? ნუთუ, პროდუქტი უფრო გაყიდვადი იქნება, თუ შენ უმრავლესობის შეხედულებას დაუპირისპირდები? (თუმცა, სწორედაც, რომ მაინც გაყიდვადია რაც იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში ეს შეხედულებები უმეტესწილად ფარისევლურია. მაგრამ ეს ცუდი ნიშანია. იგი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებაში კონფორმისტები და მშიშრები ჭარბობენ, რომლებსაც ეშინიათ ბრბოში განსხვავებულები გამოჩნდნენ). ჩემი აზრით, სწორედ ამ დაცინვაში გამოიხატება მათი მცდელობა მოახდინონ მენტალური მოდერნიზაცია და ქართულ-საბჭოური ჯიგრული მენტალობას 21-ე საუკუნის დასავლური აზროვნება “გადააწერონ”.
ფორმულა კრეატივის პირველი, ჩემთვის ცნობილი პროექტი იყო “ჩვენი ოფისი”. სწორედ იქ შევამჩნიე ეს ტენდენცია. მყუდრო (გია ცინაძის პერსონაჟი) განსაკუთრებით ბოლო სერიებში, თითქმის ყოველთვის აკრიტიკებდა არასწორ ღირებულებებსა და შეხედულებებს. ეს იყო იუმორნარევი კრიტიკა, მაგრმ როგორც ჩანს სწორედ მაშინ დაისახეს მიზნად ქართული ტვინის გადაპროგრამება და ყველა მათ შემდგომ პროექტში ეს ტენდენცია შეიმჩნევა.
მე როგორც ვხედავ, “ცენტრალური სერვერი” და იდეების გენერატორი საკმაოდ ნიჭიერი და არანაკლებ განათლებული მიშა მშვილდაძეა რომელსაც, ალბათ საკუთარი გუნდი ჰყავს შემოკრებილი. მაგრამ მის მიერ გენერირებულ იდეებს ხორცშესხმა სჭირდება, ამას კი, მეორე ნიჭიერი კაცი, გიორგი ლიფონავა აკეთებს.
როდესაც აზროვნების შეცვლა გინდა, სათითაოდ აყენებ დარტყმებს  მის ღირებულებებს. დასცინი მათ, ან აყენებ ეჭქვეშ მათ სისწორეს. “ფორმულა კრეატივმაც” ეს მეთოდი აირჩია და ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი იყო “დერვიშები”, რომელმაც ძლიერი სარკაზმით გვითხრა, რომ ყველაფერი ძველი არ ნიშნავს წმინდასა და ხელშეუხებელს.
“ფორმულა კრეატივი” “დერვიშებითაც” და თავისი ახალი ფილმით, “ჭამა და სექსითაც” სექსისათვის ტაბუს მოხსნას ცდილობს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში სექსის კულტურის შემოტანაა. ამიტომაც დასცინის იგი ხელოვნურ, თუ ნახევარსაუკუნოვან ქალიშვილობას და ბევრ სხვა რამეს.
ჩემმა ასეთმა ლოგიკამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რაც გაგიმხილეთ კიდეც. ისინი ცდილობენ მენტალურ მოდერნიზაციას, ხოლო “ვიტყნაურებთ თუ არა ყველა” ეს უკვე ცალ-ცალკე თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია.

პ.ს. არ გეგონოთ რომ ვინმეს ვშიფრავ. და არაფერი საიდუმლო არ მითქვამს. ეს ბევრისთვის ისედაც ცხადია, მაგრამ ვინც ეს ვერ დაინახეთ, მინდოდა ამ ყველაფრისათვის სხვა თვალით შეგეხედათ. თანაც, წამადგება კიდევაც ტეგებში “ჭამა და სექსის” გამოყენება :  )