მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან იბრძვის ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

Advertisements

“დუელი მაღვიძარასთან”

იჭყიპინე რამდენიც გინდა. მაინც არ გამოგრთავ! ალბათ, ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც გარკვეული მოთხოვნილება, რომელიც ძილის დროს გაგჩენიათ, სიზმარში დაგიკმაყოფილებიათ და გგონებიათ, რომ ეს მართლა გააკეთეთ. მეც მეგონა რამოდენიმე წამის წინ, რომ მაღვიძარა გამოვრთე. ის კი, თურმე არ შეჩერებულა და აგერ უკვე 3 წუთია გიჟივით წკმუის და ალბათ, ხტუნავს კიდეც. მე კი, ჯერ კიდევ მძინავს და სულაც არ მინდა გამოღვიძება. მე ეს ძილი დავიმსახურე, მაღვიძარა კი, უსამართლოდ მართმევს წვალებით მოპოვებულ წუთებს. რა ჯანდაბა მემართება, როდესაც მთელი ნახევარი საათით ადრე მოვმართავ ხოლმე ღამღამობით. მაშინ სულ არ მანაღვლებს, რომ ხვალ ნაადრევად დარეკილი მაღვიძარა საამურ სიზმრებს დამიფრთხობს და სიურეალიზმიდან რეალიზმში დამაბრუნებს, თანაც უხეშად, ხელის კვრით. იქნებ ისეთი ძლიერით, რომ სადმე ცივ წუმპეშიც მომსვას. ფხიზელი ლოთისთვის ბევრად უფრო ადვილია ცოლს სასმელის გადამალვა სთხოვოს, ხოლო როდესაც წყურვილი შეაწუხებს, მუხლებზე მოეხვევა ხვეწნა-მუდარით ბოთლი დამიბრუნეო, გულში კი, გაკვირვებული და საკუთარ თავზე გაჯავრებული იქნება, ასეთი აზრი საიდან მომივიდაო.
ჯანდაბა! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ იდიოტმა საათმა წკრიალსა და ხტუნვას უმატა. ეტყობა მასაც ელევა მოთმინება ამდენი ხტუნვისაგან. მერედა გაჩერდეს, მაგრამ ჭკუა არ ჰყოფნის ამისთვის. სულელი საათი! ნეტავ გამახსენდეს, როცა მოვახერხებ, უფრო ჭკვიანი ვიყიდო. დავიმსახურე ძილი-მეთქი გითხარით და არ მომიტყუებიხართ თავის გასამართლებლად. მთელი ღამე სტატიაზე ვმუშაობდი. სტატიაზე, რომელიც დღეს 12 საათსა და 00 წუთზე ჩემი მსუქანი, შეღებილულვაშებიანი, კისერზემეჭეჭამოსული რედაქტორის მაგიდაზე უნდა იდოს. სტატია, რომლის დაწერაც მან მაქსიმუმ 16 საათის წინ დამავალა. მეტადრე კეთილშობილური საქციელია, ვერაფერს იტყვით! ოხ, ეგ ოფლიანი, ოდნავმელოტი გარეწარი! მისი ჯირკვლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზამთარია თუ ზაფხული. ყოველთვის ერთნაირად გამოყოფენ ოფლს. წესიერ  ოფლიან ადამიანთა რიცხვს რომ მიეკუთვნებოდეს, სამსახურში მინიმუმ 5 პერანგი მაინც უნდა ჰქონდეს გამოსაცვლელად. მაგრამ, ჩემი რედაქტორი ჰიგიენაზე მაღლა დგას, ის თავად არის სიწმინდე! ახლა იფიქრებთ, ასე თუ გეზიზღება, ადამიანო, წამოდი სამსახურიდანო. მაგრამ, “სამშობლოს არ ირჩევენო” ხომ გაგიგიათ? ხოდა, არც რედაქტორს ირჩევენ. თქვენთვის ძალიან ადვილია ჩემ მაგივრად მოაწეროთ ხელი წასვლის შესახებ განცხადებას და რამოდენიმე ასოს საჭირო ადგილას ლამაზად მოთავსებით გადაუსვათ ხაზი ჩემს კარიერასა და პერსპექტივებს. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, ეს სამსახურიც მჭირდება, ასე რომ, საჭირო თუ გახდება იქნებ ჩავეხუტო კიდეც იმ ჩემს ოფლიან რედაქტორს.
უნდა გამახსენდეს, რომ მარიტასაც დავურეკო. მუშაობის დროს მისი მესიჯებისთვის არ მიპასუხია. არ შემეძლო საქმე შემეწყვიტა. როდესაც მთლიანად საქმეზე ვარ კონცენტრირებული და უცბად მას მოვწყდები, დიდ აეროპორტებში საჭირო ენის  არმცოდნე რომ იკარგება, ისე ვიკარგები ხოლმე როდესაც დავუბრუნდები. ის კი, ალბათ, ჩემი ზარის მოლოდინში სარკის წინ დგას და ფიქრობს რამ შემაზიზღა მისი თავი, შეტყობინებებზე რომ აღარ ვუპასუხე. საბოლოოდ კი, იმ დასკვნამდე მივა, რომელამდეც ყველა მისნაირი მიდის: “სიმსუქნის ბრალია!” ის აზრი, რომ კი არ შემეზიზღდა, არამედ დაკავებული ვარ, სავარაუდოდ არც არასდროს მოუვა.
ალბათ, გგონიათ, რომ ამასობაში მაღვიძარა დაჭკვიანდა, და გაჩუმდა. ნურას უკაცრავად! რა ჯიუტი და პრინციპული ყოფილა ეს ოხერი. სიმართლე გითხრათ, ნებისყოფით არ გამოვირჩევი, ამიტომაც დუელში თავს დამარცხებულად ვაცხადებ. მე მაღვიძარას ვნებდები, ვემორჩილები და თვალებს ვახელ.