აბაზანიდან დანახული არტ–ისტერია

ადრე მეგონა, რომ თანამედროვე ხელოვნების სინამდვილეში ერთეულებს ესმით, ხოლო დანარჩენებ უბრალოდ ტენდენციებს უწყობენ ფეხს. პირველი კატეგორია ნამუშევრებზე საკუთარ შეხედულებებს აყალიბებს და გადმოსცემს, მეორე კი გაზეპირებულ რევიუებს იმეორებს.

ფეისბუქის მეშვეობით ყველამ ნახა კვერცხებზე შემომსხდარი ჩუსტების ფოტო. ეს ინსტალაცია ელიზა ფანტოზის ეკუთვნის და ბათუმში “რედისონის” წინ განთავსდა. მას Perilleusement votre ჰქვია. ლამაზი სახელია არა? მაგრამ იქნებ ქართულად  უბრალოდ ცოლის ძმას ნიშნავდეს? მაინც იქნებოდა ლამაზი რაღაც მისტიური ჟღერადობის ლათინური ყაიდის სითყვათშეთანხმება რომ არ იყოს?

სიმართლე რომ გითხრათ, პოსტის დაწერა ჟურნალ ”ტაბულაში” წაკითხულმა ქალბატონი ელიზას ინტერვიუმ გადამაწყვეტინა. (მადლობა არატიპურ ქართულ ოფიციოზს შთაგონებისათვის.)

”ცხოვრება ისეთივე სათუთია, როგორც კვერცხები” – დაახლოებით ეს აზრი დევს ამ ნამუშევარში.

-მოკლედ მპასუხობს ის.

(ციტატა სტატიიდან)

საინტერესოა. სკულპტორმა ნამუშევრის იდეის მხოლოდ დაახლოებითი განმარტება იცის. მაგრამ ფრანგია! ესე იგი მაგარი ტიპია და ლაკონიურად სპეციალურად პასუხობს. და საერთოდ, რას გაუგებ ამ ხელოვნებს არა? თუ არ გესმის, ესე იგი გენიალურია. ეს ხომ დღევანდელი ტენდენციაა. ძალიან მარტივია.

მაგრამ ქალბატონო ელიზა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ხართ და ესე იგი მაგარი ტიპი, მინდა გითხრათ, რომ არა ცხოვრება, არამედ ადამიანური ურთიერთობებია სათუთი. ხოლო ცხოვრება, ყველამ ვიცით, რომ ერთი დიდი ნაბოზარი და მატყუარა რამაა(და თან მშვენიერი. ჰეჰ).

დავუბრუნდეთ პირველ აბზაცს. ამ ბოლო დროს თანამედროვე ხელოვნებაზე აზრი შემეცვალა. ახლა ვფიქრობ, რომ ერთეულებს კი არ ესმით მისი, არამედ თანამედროვე ხელოვნება მისი უმეტესი შიგთავსით(და არა სრული) უბრალოდ ნაგავია და მეტი არაფერი.

მგონი არავინ შემედავებით, რომ დღესდღეობით ხელოვნება მსოფლიო მასშტაბით დეგრადაციას განიცდის. ღირებული რამ ასიდან ერთი თუ იქმნება და ისიც იკარგება, რადგან დღეს ”ესთეტიკურ ბაზარზე” სხვანაირი მოთხოვნილებებია.  დღეს მომხმარებელს ყველაფერი გამარტივებული უნდა, მათ შორის ხელოვნებაც. წიგნი უნდა იყოს არაუმეტეს ას ორმოცდაათ გვერდიანი, სიმღერის ტექსტი უნდა იყოს მარტივი, ისევე როგორც მელოდია, ხოლო სკულპტურა, ადვილად აღსაქმელი. შედეგად კი ვიღებთ პაულო კოელიოს, ჯასტინ ბიბერს და ამ კვერცხობას(ტერმინი კვერცხობა აქ არა შეურაცხმყოფელი სიტყვა, არამედ კვერცხის მრავლობითობის აღმნიშვნელია).

სკულპტორები და მხატვრები ხშირად (ალბათ მიზანმიმართულადაც) ისეთ აბსურდულ ნამუშევრებს ქმნიან, რომ ამხელა აბსურდულობისგან ადამიანს მისი გენიალურობის ეჭვიც კი უჩნდება. ასევე, აქ მნიშვნელოვანია ნამუშევრის შეფუთვა და ბრენდინგი. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ხომ არა მათი მხატვრული ღირებულების მიხედვით ფასდებიან, არამედ როგორც ბრენდები. უფრო მარტივი განმარტება რომ გავაკეთო, ერთ დიალოგს მოგიყვანთ:

-ეს რა *ლეობაა?

-ეს ლიხტენშტეინია!

-აა, გენიალურია!

ვიცი, რომ ჩვენში იდიოტობას და სულელობას იმას ვუწოდებთ, რასაც ვერ ვიგებთ, მაგრამ განა ეს იდიოტიზმი არაა? მაინც ბანძი ტიპი ვარ?

პ.ს. პოსტი მთლიანად მოფიქრებულია სააბაზანოში და აბაზანური პათოსის გავლენას ვერ გადაურჩა.

Advertisements

მე, შენ და ხალხი

გამარჯობა. მე გიორგი ვარ. შენ არ გიცნობ, არც ჯადოქარი ვარ, მაგრამ შემიძლია ყველაფერი გითხრა შენ შესახებ: ყოველდღიურად ძილში ათ საათს ატარებ, ჭამაში–ერთს, უნიტაზზე–ნახევარს, კომპიუტერთან–ექვსს, საყვარელ ადამიანებთან–ერთს. არ გახსოვს, ბოლოს როდის იმღერე ხმამაღლა; გგონია, რომ სიგარეტი სექსუალურობას გმატებს; ფეისბუქზე უფრო დიდ დროს ატარებ ხალხთან ურთიერთობაში, ვიდრე რეალობაში და გგონია, რომ ბევრი მეგობარი გყავს. ყოველდღიურად უყურებ ახალ–ახალ კომერციულ ფილმებს, მაგრამ არ გახსოვს, რა წაიკითხე ბოლოს.

შენ თვლი, რომ თუ შენთვის, წყნარად იქნები, არ დააშავებ არაფერს და ყველაფერზე თავს მორჩილად დააქნევ, არავინ შეგეხება და უზრუნველად იცხოვრებ. ამიტომაც, არ გაინტერესებს, ვინ ვის კლავს, ვინ ვის ართმევს, ვინ ვისთან იბრძვის ძალაუფლებისათვის. თან, შენ ამაყობ ამით. შენ არ გამოდიხარ ქუჩაში, როდესაც ხალხს უსამართლოდ აპატიმრებენ, ცემენ, ხოცავენ. თან, შენ ამაყობ ამით.

შენ ირჩევ მუსიკას, რომელიც შენს გემოვნებას შეიძლება ბოლომდე არ შეეფერებოდეს, შეიძლება საერთოდ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც, მაგრამ ამას შენთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შენთვის მთავარია, ის იყოს ნაკლებად პოპულარული და ნაკლებად ცნობილი. შენ ამით შენი განსხვავებულობა, ორიგინალურობა გინდა წარმოაჩინო.

სინამდვილეში, შენ ერთი დიდი  წრის წევრი ხარ. იქ ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია და თან, ყველა უზომოდ ჰგავს ერთმანეთს. შენ მე ვერასდროს გიპოვი ბრბოში. ამიტომაცაა ასე ადვილი მოგიყვე შენ შესახებ, მაშინ როდესაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.

განა მართლა! ეს უბრალო ხუმრობა იყო. არ გეწყინოს, შენ ყველაზე კარგი ხარ!

რა სარგებლობა მოაქვს ტვიტერს

ტვიტერზე რატომ დავრეგისტრირდი, აღარ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ თავიდან ვერაფერი გავუგე და დიდად არც შემიწუხებია თავი მის არსს ჩავწვდომოდი. ცოტა ხანში ისევ გამახსენდა მისი არსებობის შესახებ. ვიცოდი, რომ ბევრი ცნობილი სპორტსმენი იყო ტვიტერზე დარეგისტრირებული და იმათი “მიმდევარი”(Follower-ის ყველაზე სწორი შესატყვისი ეს იქნება) გავხდი. შემდეგ ჟურნალისტებიც დავიმატე, მუსიკოსებიც, მსახიობებიც და ა.შ.

ახლა, მოკლედ ავხსნათ ტვიტერის სტრუქტურა და თავისებურებანი: აქ მხოლოდ 140 სიმბოლოიანი ტექსტის დაწერა შეგიძლია და სხვა არაფერი. ერთი შეხედვით ნაკლებ ფუნქციური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ტვიტერი ბოლო დროს ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება გახდა. ეს ზუსტად იმიტომ, რომ შენ მხოლოდ მოკლე ტექსტების წერა შეგიძლია. სიმბოლოების შეზღუდვამ წერის “ტვიტერული”, რაც შეიძლება ლაკონური მანერა ჩამოაყალიბა. ამიტომაც ადამიანებს არ სჭირდებათ ვრცელი განმარტებების წერა. ეს 140 სიმბოლო თითქმის ყოველთვის საკმარისია.
ტვიტერს აქვს ერთი განსაკუთრებული ფუნქცია. ნებისმიერ სიტყვას თუ დაუწერ “დიეზს” იგი ამ სიტყვით “ითაგება”, ინიშნება. ანუ, მაგალითად, დაწერე ასეთი ტექსტი: “დღეს იწვიმებს #ამინდი”, დიდი შანსია, რომ შენი “ტვიტი” ნახოს ადამიანმა, რომელმაც ტვიტერში საძიებო სიტყვად გამოიყენა “ამინდი”.
ტვიტერში არ არსებობენ მეგობრები. შენ ხარ ვინმეს მიმდევარი და ვიღაც არის შენი მიმდევარი. შენი მიმდევრები და ისინი, ვისი მიმდევარიც შენ ხარ, ცალ-ცალკე ჯგუფებად არის შენთან წარმოდგენილი. შენი მიმდევრის ტვიტერის გვერდზე შენი ჩანაწერები გამოდის, მაგრამ შენთან შენი მიმდევრის “ტვიტები” არ გამოჩნდება. ამისათვის შენ, ანალოგიურად მისი მიმდევარი უნდა გახდე.
უკვე დიდი ხანია, გასაჭირში მყოფ ადამიანს ღმერთთან ერთად ტვიტერიც ახსენდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანთა დიდი რაოდენობა სწორედ ამ დროს მიმართავს ტვიტერს. ისინი, მობილურის ან ლეპტოპის გამოყენებით ოპერატიულად აცნობებენ თავიანთ მიმდევრებს გასაჭირის შესახებ. თავად ამერიკის ხელისუფლებაც იყენებს ტვიტერს რაიმე შემთხვევისას.
ტვიტერი ძალიან მოსახერხებელია მობილურისათვის. მე ხშირად მომიძიებია სიახლეები მობილურით, ტვიტერის საშუალებით როდესაც ინტერნეტზე არ მიმიწვდებოდა ხელი. თანაც, ტექსტის სიმოკლის გამო, მობილურით მისი წაკითხვა არ ჭირს. ტვიტერისათვის იდეალური ვარიანტია Blackberry-ის მოდელები.
ბოლო დროს, ტვიტერი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ მან ფეისბუქთან ერთად დიდი როლი ითამაშა ეგვიპტის რევოლუციაში. თუ ტვიტერზე საჭირო ხალხი გყავს დამატებული, შენ ყოველთვის პირველი გაიგებ ინფორმაციას. მაგალითს მე საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვანთ: მე მყავს ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტები დამატებული, და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ტელეკომპანია “სქაი სფორთსი” ხშირად, სწორედ მათი ტვიტერის ჩანაწერებზე დაყრდნობით ავრცელებს Breaking news-ის ტიპის ინფორმაციას.
საქართველოში ტვიტერი არც ისე პოპულარულია, რადგან ახლად “გაფეისბუქებულ” საზოგადოებას “გატვიტერებამდეც” დრო სჭირება. ასე რომ, თუ არ გყავთ საკუთარი ჩიტუნა, დარეგისტრირდით ტვიტერზე და სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის იყავით მოვლენათა ეპიცენტრში.
პ.ს. გახდით პროდიჯიქაუს (სექტის არა) მიმდევარიც http://twitter.com/giushared