ვიღას ახსოვს პრაქტიკა

ვინაიდან ჩემი ფაკულტეტი სოციალური მეცნიერებებისაა, მასში შემავალი თოთოეული სპეციალობა ადამიანის ყოველდღიურობასთანაა დაკავშირებული. თანაც ისე, რომ ბევრი ალბათ ვერც კი წარმოიდგენს. აი მაგალითად, თქვენ ახლა სხედხართ კომპიუტერის წინ და ამ პოსტს კითხულობთ. ფსიქოლოგს შეუძლია გითხრათ, რატომ აკატუნებთ თავს ზოგ მომენტში; სოციოლოგს შეუძლია გითხრათ, კომენტარის დაწერამდე, რატომ კითხულობთ ჯერ სხვების შეფასებებს; პოლიტოლოგი გეტყვით, რატომ მოგეწონათ იმ ადამიანის კომენტარი, რომელსაც თქვენნაირი ავატარი უყენია; დიპლომატი გეტყივთ, რატომ გამოიყენეთ სიტყვები “არც ისე კარგია”, სიტყვა “ცუდის” მაგივრად; ჟურნალისტი, ჩშშშ…. ალბათ სძინავს, არ გააღვიძოთ.
დიახ, ჩვენ თქვენ შეგისწავლით. თავიდან ფეხებამდე, თქვენს თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას, ჩვენებურ ახსნას მოვუძებნით… მაგრამ დაიცა, თავს ვიტყუებთ და თქვენც შეცდომაში შეგყავართ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. არა, განა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე არ გვისწავლია. მაშინ იკითხავთ, რაღაა პრობლემაო. პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ პრაქტიკაში ნულები ვართ.
ჩემი დაკვირვებით, სოციალური მეცნიერებების სტუდენტთა უდიდესი უმრავლესობა არ იყენებს თეორიას პრაქტიკაში(ჟურნალისტების გამოკლებით, რადგან ჟურნალისტიკა არის 90% პრაქტიკა, დანარჩენი კი ეთიკა, უნარები და შაბლონები). მათ ეს უბრალოდ არ იციან და არც არავინ ახსენებს. ზოგჯერ, როდესაც რაიმე მოვლენას იმ ტერმინით ან მეთოდით ვაფასებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ვისწავლე, ზოგიერთი ჩემი მეგობარი ნიშნისმოგებით მეტყვის ხოლმე “ყოჩაღ, გცოდნია!” ან რაიმე ასეთს. ზოგისთვის შეიძლება უარყოფითი ტონადაც კი ითვლებოდეს ასეთი საუბრები. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დღეს უმეტესობისთვის თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულია. ისინი მათ უბრალოდ ვერ უკავშირებენ. თეორია რჩება იმ აუდიტორიაში, რომელშიც ლექცია ჩაგიტარეს, პრაქტიკა კი, პრაქტიკა ვიღაც ახსოვს.
ადამიანი შეიძლება ვერ ხსნიდეს, რატომ იკრიბება და ტირის ამდენი კორეელი ერთად ფხენიანის რომელიღაც მოედანზე, მაგრამ სინამდვილეში მას კოლექტიურ ცნობიერებაზე კოლოკვიუმი აქვს დაწერილი და უმაღლესი შეფასებაც მიღებული. ის უბრალოდ იმ კუთხით არ უყურებს ამ მოვლენას, რომლითაც სინამდვილეში შეუძლია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის.
ეს ყველაფერი განათლების სისტემის ბრალია. სისტემის, რომელშიც სიტყვა “პრაქტიკული” არც კი არსებობს და მხოლოდ თეორიას ემყარება. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც ადამიანი მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებს. არავინ არ ასწავლის, როგორ უნდა გამოიყენო იგი(ათასში ერთხელ თუ ხვდებიან თავად). შედეგად, ადამიანს ცნობიერიდან რეალობაში არაფრის გადატანა არ შეუძლია, გარდა მექანიკური ოპერაციებისა(კლავიატურაზე ტყაპუნი და გამოთვლები).  ამიტომ, ნუ გიკვირთ, ფსიქოლოგს ყოველ მეორე სიტყვაში თუ ატყუებთ და სოციოლოგი ვერ ხვდება რატომ არ ელოდება ფეხით გადმსვლელთა უმრავლესობა შუქნიშანზე მწვანე ფერის გამოჩენას. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ამ კითხვებზე პასუხები აქვთ.

Advertisements

“გახსოოვს, მიყვარდი და ჩრდილებს ხეთა აცახცახებდა გაბმული ქარი”

დღეს უნივერსიტეტს გურამ დოჩანაშვილი ეწვია. მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში იმდენი ხალხი მოვიდა, რომ სამი კაცი ჭყლეტვაში მოყვა და გარდაიც…. არა ტყუილია, მაგრამ მაგრად გავიჭყლიტეთ. საღამომ უხალისოდ ჩაიარა, თავისი უინტერესო კითხვებით, შეწუხებული სახეებითა და დაღლილი კაცის პასუხებით. ერთადერთი ნუგეში ავტოგრაფი იყო, რომელიც თავის ახალ წიგნზე დამიტოვა. წიგნში მისი სხვადასხვა სტატია, წერილი და გამოსვლაა შესული. მათთან ერთად კი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი ლექსი (“მოწყალებანი”) და რომანი “არის და იყოც, უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც”. სახლში ფეხსაცმელზეათასფეხგადავლილი და ძალაგამოლეული მაგრამ ძალიან ბედნიერი გამოვბრუნდი. ყველაზე მეტად მისი ის ერთადერთი ლექსი მაინტერესებდა, ორმოცი წელი რომ უმალავდა თურმე დანარჩენ სამყაროს თავისი მაგიდის უჯრაში.

ეს გრძელი ლექსი თუ პოემიკო ისე მეგონა რომ უჯრაში რაცგინდა ღრმადაც შემონახული სუცოტა ოთხჯერ=ათეულწლობით მოუთმენლად, კი, იშმუშნებოდა და, ვერ გავუტეხე, ნაწვალ=რითმიანს, ხათრი და როგორის ღელვით მოგაწოდეთ.

კიდევ კარგი, რომ “ვერ გაუტეხა”. ისე კი, არ მეგონა, რომ 71 წლის კაცს ოდესმე კიდევ მოერიდებოდა თავისი ნაწარმოების ჩვენება. ზუსტად ისე, როგორც მოზარდს, რომელიც საკუთარ ლექსებს ბალიშის ქვეშ ინახავს. ლექსში, თუ პოემიკოში შვიდი სასიყვარულო ისტორიაა მოთხრობილი. შვიდივე სრულიად განსხვავებულ ეპოქაში მომხდარი და შვიდივე უჩვეულო ამბავი. საკმაოდ კარგია. არცაა გასაკვირი. მას ხომ სიტყვების მეშვეობით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჯადოქარია–მეთქი ვიტყვი და თუ გინდათ ზედმეტობადაც ჩამითვალეთ ასეთი შეფასება, მაგრამ არის და. განა ბევრი იცით ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვით შეუძლია თქვას ის, რასაც სხვა ათითაც ვერ გეტყვის?

ისე კი, რომც ვეცადო განსხვავებულად ვერ შევაფასებ და უაზრო, ტრაფარეტული სიტყვების ნაცვლად სჯობს უბრალოდ რამდენიმე მონაკვეთი ამოვიწერო:

დაგაყრიდით ფიფქებად

დაფნის მრავალ რტოს,

შეგიყვარე პირველად

ძველ ქვის ხანის დროს.

***

ვათიეთ ღამე ბევრი

შენდა მე ერთად, ერთად,

ჯუნგლების ღამე ბნელი

გადავაქციეთ თეთრად,

რომ დაგვეძლია დაღლა,

არც–რა არ გვსურდა ბევრი, –

მხოლოდ ქოქოსის პალმა

და მზისფერ მანგოს წვენი

და შავი პური, ზანგების ქრისტე…

***

სანამ მოგკლავდნენ, ოო, ვღრიალებდი,

და ჩემი წყევით ბზარული მთები

ექოთიც მდევდნენ… აჰ, მთათა ხურდა,

ცხოველებთაგან მიყვარდა მგლები,

ძაღლები – მძულდა,

ეს მე – მონადირეს…

და რომ დაიშალნენ, მე, ქვადქცეულმა,

როგორც რამ ლოდი, როგორც რამ ტვირთი,

ძლივას ავწიე, დასაწყლებულმა

შენი პაწია ბრინჯაოს ჭვილთი,

და ჩაგატანე.

რა თქმა უნდა, რომანის წაკითხვა ჯერ ვერ მოვასწარი. იმასაც არ უნდა თქმა, რომ წავიკითხავ და არც იმას, რომ აუცილებლად დავწერ ერთ–ორ სიტყვას მასზე.

დაა, – აი, აქა კი, როგორცაც დავთქვით, სუაღარ გვინდა მორიგი გვერდი არამედ გვინდა შენც სუ და მეც სუ…, ანუ: მჩუმებლური,………..

ისევ უნივერსიტეტი

ჰალილუია, დადგა ჟამი სწავლის დაწყებისა. სამ ოქტომბერს, ახლადგარემონტებული პირველი კორპუსის წინ ზუსტად ისე შეჰყარეს სტუდენტები, ახლადგამომხცვრები თუ უკვე დაობებულები, როგორც ამას სკოლაში გვიკეთებდნენ ხოლმე. ჰიმნი, დროშის აწევა, დირექტორის და სასწავლო ნაწილის გამოსვლები და დამოძღვრები. Good Soviet things never change. ამ ყველაფერს მე უბრალოდ ძილი ვარჩიე და უნივერსიტეტში თორმეტ საათზე გამოძინებული მივედი. თურმე, დიდი შეცდომა დამიშვია და ძალიან საინტერესო მოვლენას გამოვრჩენივარ.

მოკლედ, დერეხტორმა და სასწავლო ნაწილმა (კვიტაშვილი–შაშკინი, ან შაშკინი–კვიტაშვილი, რომელი რომელ როლშიც გაგიხარდებათ.) შეკრიბეს სტუდენტობა და ჩვეულებრივ, ძველი პლასტინკების დატრიალება დააპირეს: “ეს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტია”; “რეფორმები განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს”…

ამ დროს, სად იყო და სად არა, გამოჩნდა სრულიად მოულოდნელი ტრანსფარანტები:”განათლების რეფორმა ჩავარდა”; “ძირს ავტორიტარული განათლება”; “ნუ ატყუებთ სტუდენტებს”. ძალიან საინტერესო იქნებოდა კიბეზე ჩამომწკრივებული მთელი იმ საზოგადოების გამომეტყველების ნახვა, რომელიც ტრანსფარანტების ფონზე მათი შინაარსის სრულიად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდნენ.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე კვიტაშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მისი თქმით, როდესაც იგი წაიყვანეს ბაღში, და ის ბაღი არ მოეწონა, მან თქვა, რომ უნდოდა სხვაგან და გადაიყვანეს კიდეც. როგორც ჩანს, მას თავი ბაღის გამგე ჰგონია და ბაღსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს.

“მათ, ვინც თავის თავს თვლის მოტყუებულად, საქართველოში არის არჩევანი. ნებისმიერ უნივერსიტეტში შეგიძლიათ გააგრძელოთ სწავლა”. – განუცხადა თსუ–ს რექტორმა იმ სტუდენტებს, რომლებსაც ტრანსფარანტები ჰქონდათ მომარჯვებული. ძალიან საინტერესოა, რომელ არჩევანზე ჰქონდა მას საუბარი. თსუ–ს გარდა, მართალია, უამრავი კერძო უნივერსიტეტია, მაგრამ მათი გადასახადი 5000–6000 ლარიდან იწყება და 10000 ლარსაც სცილდება. ალბათ, ეს ბავშვები არ იტყოდნენ უარს ესწავლათ “თავისუფალ უნივერსიტეტში”. დარწმუნებული ვარ, ბატონი ალექსანდრეც სიამოვნებით დაუფინანსებდა მათ სწავლას.

მოკლედ, თბილისში საკმაოდ ცივი ამინდის მიუხედავად, უნივერსიტეტში მაგრად დაცხა. მგონი, წინ საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის.

როგორ ზრუნავს ჩვენზე უნივერსიტეტი

თსუ–ში სწავლის მეორე წელი თითქმის დამეწყო. წელი, რომელმაც წესით უამრავი ცვილება უნდა მოიტანოს, ტიპიურად იწყება. სამ ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე, აკადემიური რეგისტრაცია როგორც კი გაიხსნა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ზოგს ბაზები გუშინ გაეხსნა, ზოგის კიდევ, ზეგამდე არ აპირებს გახსნას; ზოგი ცხრილებს ვერ პოულობს, ზოგმა იპოვა, მაგრამ ჯობდა არ ეპოვა. ყველაფერი ჩვეულ სტილში, როგორც “ნომერ პირველ” უნივერსიტეტს შეეფერება.

სოციალურ–პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტები, არ ვიცი კანის ფერი გვაქვს განსხვავებული, თუ რაიმე სახის უმცირესობას წარმოვადგენთ, მაგრამ აშკარად დისკრიმინირებული ხალხი ვართ 😀 აბა თქვენ თვითონ დაასკვენით: ეკონომისტებმა საგნები აირჩიეს შაბათს, დღეს სამშაბათია, ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე იღბლიანს კი, მაქსიმუმ ექვსიდან სამი საგანი ჰქონდეს არჩეული.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეს ფაქტები უმნიშვნელო რამ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ფაკულტეტის ძვირფასი ადმინისტაცია. ადმინისტრაცია, რომელიც თავზე გვაკვდება. მხოლოდ დღეს, აკადემიური რეგისტრაციის პირველ დღეს, “თავზე გადაკვდომის” რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირე:

1) ჩემს მეგობარს ჰქონდა რამდენიმე შეკითხვა ტუტორთან. როდესაც იგი მასთან მივიდა, მან უპასუხა: “პირველკურსელი თუ არ ხარ რას მოდიხარ ჩემთანო”. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ ტუტორი. მხოლოდ პირველკურსელებისთვისაა.

2) ადამიანი შედის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე(თუ რაც ჰქვია) რაღაც შეკითხვით. იქ მყოფი ქალი კი მას ისტუმრებს სიტყვებით: “ვერ ხედავ, რომ ადამიანთან ვლაპარაკობ?!” არადა იმ შეკითხვაზე უნდა ეპასუხა ან კი, ან არა.

3) სტუდენტს უნდა სპეციალობის შეცვლა. შედის რესურს ცენტრში და იქ მჯდომ ერთ–ერთ ადამიანს სთხოვს რომ დაეხმაროს ამ საქმეში. ის კი პასუხობს:”ეუფ, სიკვდილ–სიცოცხლის საქმეა ხო სპეციალობის შეცვლა?!”

ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც დღეს მე პირადად შევესწარი. მოკლედ, რაც ამ სამსემესტრიანი გამოცდილებით დავასკვენი, ადამიანებს, რომლებიც ვალდებულები არიან სტუდენტებს დაეხმარნონ, სულაც არ ადარდებთ მათი ამბავი. გამონაკლისები მხოლოდ სრულიად ახალ პლანეტაზე მოხვედრილი პირველკურსელები არიან, ისიც თუ ბედი გაუმართლებთ, და ადმინისტრაციის კარგ განწყობაზე მყოფი წევრი შეხვდებათ.

პ.ს. გაფრთხილება: თუ ხარ თსუ–ს სტუდენტი და რაიმე შეკითხვა გაქვს ადმინისტრაციასთან, ნუ მიმართავ მის რომელიმე წევრს თუ ხედავ რომ მაგიდაზე ყავის ჭიქა უდევს. ის მაშინ ყველაზე სახიფათოა, რადგანაც ძვირფას მყუდროობას ურღვევ.(მიუხედავად იმისა, შესვენების დრო აქვს, თუ–არა)

ისრის გაჩერება

უნივერსიტეტის ერთ–ერთი კორპუსის მეორე სართულის კიბეზე ვზივარ. ჩემ წინ მეტისმეტი მონდომებით ყავისფრად შეღებული ხის კარია, მის თავზე კი, დიდი თეთრი საათი, შავი ისრებით.საათი სამს თხუთმეტ წუთს აკლებს.მე კი, ისრის ჩემს გაჩერებას ვუცდი, სამ საათზე. სემინარის დაწყებას ველოდები, უფროსწორად მის დამთავრებას, მაგრამ დამთავრებისათვის ჯერ დაწყებაა საჭირო. იქამდე კი, რვეულში ვიწერ იმას რაც თავში აზრად პირველი მომივა:

ლოდინის ეს თხუთმეტი წუთი ყველაზე რთული დროა მთელი დღის განმავლობაში, რადგან ამ დროს უმოქმედოდ ხარ, დროს ემორჩილები. აქამდე მას სამი საათი ებრძოდი, მაგრამ ქუჩაში თანამოსაუბრეებიც გამოგელია, კოლოფში–სიგარეტი, ჯიბეში–ფული, ხოლო სახლიდან წამოღბული წიგნი საკმარისად სქელი არ აღმოჩნდა ამ დროისათვის. ბიბლიოთეკაში კი, წინა კვირის გაზეთებზე უკეთესი რამის პოვნის იმედი არ გაქვს.
ამიტომ, დანებდი დროს. გამოხვედი ბიბლიოთეკიდან, ერთადერთი ოთახიდან მთელს დედამიწაზე, სადაც დროის შეგრძნება ქრება. და შენ მაშინვე შეუერთდი იმას, რასაც დროის მიმდინარეობა ჰქვია.
დრო უხიდო მდინარესავითაა: ვისაც მისი მოთოკვა არ შეუძლია, შედის მის სიღრმეში და მიჰყვება დინების ბოლომდე, რათა მისი დასასრულიდან გადავიდეს მეორე ნაპირზე. ხოლო ის, ვინც მას იმორჩილებს, საკუთარ ხიდს აგებს მასზე და დაუბრკოლებლად გადადის მეორე მხარეს.
მე ამ ხიდისთვის ფიცარი ზედ უკანასკნელ მონაკვეთზე გამითავდა და, საბოლოოდ, მაინც მდინარეში აღმოვჩნდი. ეს თხუთმეტი წუთი კი, ამ მდინარის ბოლომდე დარჩენილი სიგრძეა.
თუმცა, მაჯის საათს დავხედავ და მივხვდები, რომ სულაც არ ჩავვარდნილვარ მდინარეში. მაინც მიპოვნია ის უკანასკნელი ფიცარი, რომელიც მჭირდებოდა. ეს ფიცარი ჩემი რვეულთან გასაუბრებაა. ისრის ჩემი გაჩერებაც მოსულა.

“მხსნელი”

ეს მოთხრობა იყო გესთ–პოსტი სიყვარულოვნას ბლოგზე.

მე ნიკა ვარ, ოღონდ არა ნიკოლოზი. ნიკა ვარ საბუთებშიც და ცხოვრებაშიც. თუმცა ნიკოლოზსაც არაუშავს, ზოგ გოგოს ნიკოლოზი უფრო მოსწონს. ოცდაერთი წლის ვარ. როგორც იტყვიან, უკვე მოვწიფდი მაქვს, ახალგაზრდობის ყველაზე მაგარი პერიოდი მაქვს. მეც არ ვკარგავ დროს ტყუილად და ჩემს გემოზე ვერთობი. ბევრი უსაქმურად მთვლის, მაგრამ გართობასაც ხო მოხერხება უნდა? ეგეც საქმეა! უნივერსიტეტიდან მეორე კურსიდან გამომაგდეს. ხუთი საგანი რომ შეგეტენება ექვსიდან, წესით უნდა გამოგაგდონ, მითუმეტეს, როცა ეს ერთხელ კი არა, სამჯერ გამეორდება. დიდად არ მიდარდია ამაზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ სწავლისთვის არ გავჩენილვარ, თანაც ლამაზი გოგოები მაინც არ ჰყავდათ იქ. განათლებულად არ ვითვლები, მაგრამ მთლად წყალწაღებულადაც ნუ ჩამთვლით. აზროვნება შემიძლია. თანაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე. ამერიკული მოთხრობები მიყვარს. კითხვით კიდე, ტუალეტში ვკავდები. წასაკითხად ტუალეტზე მაგარი ადგილი არ არსებობს. სიწყნარეცაა, და შუქიც თანაბრად ნაწილდება პატარა ოთახში. ზოგჯერ, საათზე მეტ ხანსაც არ გამოვდივარ, სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრებ მოთხრობას. ჰემინგუეი და სელენჯერი მიყვარს. მაგრამ უფრო ალბათ ჰემინგუეი. იმიტომ რომ მაგას ეთქმოდა კაცი ვარო. იმხელა იყო, ზემოდან დამხედავდა, მიუხედავად იმისა რომ დაბალს ვერ იტყვის კაცი ჩემზე. თან რა მამაცი იყო. ომის მაგას არ ეშინოდა და სიკვდილის, მაგრამ მგონი სიკვდილის ყველაზე მეტად ეშინოდა, ასე რომ არ ყოფილიყო თვითმკვლელობისთვის გამბედაობის მოკრებას სამოცდაერთ წელს არ მოანდომებდა. ნამდვილი ჯიგარი კაცი იყო. ალბათ ბევრის დალევაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ღიპიან ბიძიებს მაინც ვერ გაუქაჩავდათ, იმათ მგონი იმხელაზე აქვთ ყველა ორგანო გაფართოებული, ზოგჯერ მგონია ოცი ლიტრი წყალი ჩაეტევათ შიგნით.

ჩემზე საუბარი მეყოფა. ახლა ერთ ამბავზე გადავიდეთ, რომლის მოყოლაც მინდა. მგონი საინტერესოა.
წინა კვირას, მეგობართან დავლიეთ. ღამე გავათენეთ. მაგრამ გოგოები მალე გაგვექცნენ, არ დარჩნენ. სტუდენტები იყვნენ, ქუთაისელები. მგონი მართალია რომ ამბობენ, ქუთაისელები თბილისელებზე კარგად იცვამენო. ამათ მართლა მაგრად ეცვათ და ისედაც მაგრები იყვნენ. მაგრამ დედიკოების ზარების მაინც შეეშინდათ და სახლში წაცუნცულდნენ, მგონი ერთად ცხოვრობდნენ სამივე. ღამე იქ დავრჩი. წასვლის თავი არ მქონდა. მანქანა რომ მყავდეს ისე მაგრად არ დამეზარებოდა, მაგრამ ვერ დაადგა საშველი ჩემთვის მანქანის ყიდვას.
მეორე დილით, დილა ჩემთვის, თორემ ისე სადღაც პირველი საათი იქნებოდა. მეტროთი წამოვედი. ძალიან მტკიოდა თავი. ვაგონში რომ შევედი, მაშინვე ვიპოვე თავისუფალი ადგილი თვალებით, და დაუფიქრებლად ვეტაკე, დავჯექი. ჩვენთან, ამას ბევრი უზრდელობად თვლის. მაგათ რომ ჰკითხო, რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა თავისუფალ ადგილზე არ უნდა დაჯდეს და მასზე უფროსს უნდა დაუთმოს. ვაგონში შენ გარდა სხვა რომ არავინ იდგეს ფეხზე და რომ დაჯდე, მაინც ბრაზით შემოგხედავენ, შემდეგ გაჩერებაზე ხომ შემოვა ვინმე და იმისთვის დაეტოვა ადგილიო, იტყვიან.
მოკლედ, ასე “თავხედურად” დავიკავე, ვინმე ომის ვეტერანის ან წარსულში დამსახურებული მუშაკის ადგილი. ვცდილობდი, თავის ტკივილიდან სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ვაგონში ხალხს ვათვარიელებდი. ჩემ წინ, სკამზე ერთ ქალს შევხედე. ასე ორმოც წლამდე იქნებოდა, მაგრამ ასეთ ქალებს ასაკი შარმს მატებს(ეს რათქმაუნდა გარკვეულ პერიოდამდე). გამხდარი იყო, ფეხებიც წვრილი ჰქონდა, ისეთი, მე რომ მომწონს. ქერად შეღებილი, მოკლე თმა, ცხვირი ძალიან წვრილი. გრძელი, სათუთი თითები მუხლებზე ეწყო. ქუჩაში მზე ანათებდა, ხუთი გრადუსი მაინც იქნებოდა, მას კი ბეწვის ქურქი ეცვა. მთელი ტანით იყო ქურქში ჩაფლული, მაგრამ ფეხები მოშიშვლებული ჰქონდა. ზუსტად მის წინ, ერთი ლოთი დაჯდა და ხარბად დაუწყო მის ფეხებს ყურება. მან იგრძნო, და თავისი გრძელი ქურქი მოკლე კაბას დააფარა.
ვაკვირდებოდი, და სულ უფრო მაოცებდა. იჯდა და მგონი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ხან გაოცებულ სახეს მიიღებდა, თითქოს რაღაც საშინელება ეთქვა მისთვის ვინმეს, ხან წარბს აწევდა და დაფიქრდებოდა, ხან თავს აქეთ–იქით აქნევდა უარის ნიშნად. არც მოსვენება ჰქონდა. ხან ერთ ფეხს გადადებდა მეორეზე, ხან მეორეს პირველზე. არ ჩერდებოდა. ყველაფერი რიგზე არ უნდა ჰქონოდა. მივხვდი, დეპრესიაში იყო, სასოწარკვეთილად და გაუბედურებულად თვლიდა თავს. ზუსტად ეს შეესაბამებოდა მის ქცევას. გადავწყვიტე, სანამ რაიმე სისულელეზე დაიწყებს ფიქრს, ხასიათი გამოვუსწორო–მეთქი.
მანამდე ერთ საიდუმლს გაგანდობთ. ხომ გითხარით მთლად წყალწაღებული არ ვარ–მეთქი. რაღც ნიჭი მეც გამაჩნია. მომხიბვლელი ვარ, ამას ვერავინ უარყოფს. ადამიანის ამოცნობაც შემიძლია. გოგოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, კარგად საუბარიც შემიძლია და თან ვიცი, როდის რა ვთქვა. სულ მიზანში ვარტყამ. გამბედაობაც არასდროს მღალატობს. მოკლედ, პროფი ვარ.
ახლადმოსულ იდეაზე ბევრი არ მიფიქრია, და როგორც კი მის გვერდით ადგილი განთავისუფლდა, ეგრევე გადავსკუპდი და გამოველაპარაკე. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი სიტყვები წყვიტავს ყველაფერს და ისინი განსაკუთრებული სიზუსტით უნდა შეარჩიო. არც ძალიან უნდა გადაამლაშო, და არც ძალიან მსუბუქი არ უნდა გამოგივიდეს, თორებ შტერი ეგონები.
–გამარჯობა ქალბატონო! თქვენს ხელზე ბეჭედი არ შემინიშნავს, და ვიფიქრე უზრდელობად არ ჩამითვლის, რომ გავესაუბრო–მეთქი.
–მგონი არაფერი დაშავდება.–გაეღიმა, ხომ ხედავთ. ვიცი რა!
–ძალიან კარგი, მე ნიკა მქვია.
–მე კი, ლიკა.–მომატყუა, სახელი მომატყუა. სახეზე დაეტყო, რომ ტყუილს მეუბნებოდა. პირველი რაც მოიფიქრა ის მითხრა. ლიკასთან ასოციაცია კი, ჩემმა სახელმა მოიტანა. მაგრამ გავატარე, თამაშში ავყევი.
–და, როგორ მოხდა, რომ ასეთი ქალი გაუთხოვარი დადის თბილისის ქუჩებში?– ვუთხარი ღიმილით.
–გაუთხოვარი არ ვარ, ქმარი, ის წავიდა…–უცბად, პირი დაკუმა და ტუჩბზე იკბინა. იგრძნო, ყველა ჩვენ გვიყურენსო და შერცხვა. ქურქი კიდევ უფრო დაბლა ჩამოწია და უფრო დაბალი ხმით განაგრძო.
–მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ? თქვენ გყავთ ცოლი?
მე ვუთხარი, რომ არ მყავდა. შემდეგ კიდევ თხუთმეტი წუთი ვისაუბრეთ. ეს ნაკლებად საინტერესოა, უბრალოდ ვემზადებოდი რომ ღრმად შემომეტყუა, თავი მომეწონებინა, ნდობა გასჩენოდა ჩემ მიმართ. მერე კი, შეტევზე გადავედი.
–ლიკა, სახლში მარტო ცხოვრობ?–უკვე შენობით ველაპარაკებოდი.
–არა, ბავშვთან ერთად.
–შენი ბავშვი ახლა ალბათ სკოლაშია, არა?
–კი, სკოლაშია.–მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი. დაბნეულობა დაეტყო, თვალებს მარიდებდა.
–მერე, ყავა დავლიოთ არ გინდა?– ვუთხარი და პასუხს დაველოდე. ჩემთანაც წავიყვანდი. მარტო ვცხოვრობ. დედაჩემი საბერძნეთშია წასული და იქიდან მიგზავნის ფულს. მდიდარ ბერძენს გაჰყვა ცოლად. მამაჩემი კი, ათი წლის წინ ავარიაში დაიღუპა. ბნელოდა, მთვრალი იყო, საჭესთან ჩაეძინა, გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგოდ მომავალ მანქანას შეეჯახა.იმ მანქანაში, ქმარი, ცოლი და ხუთი წლის ბავშვი ისხდნენ. მარტო ცოლი გადარჩა და ახლაც ინვალიდის ეტლით დადის. ჩემთან არასდროს არ ამყავს გოგო. არ მიყვარს. გოგოებთან, ძირიდათად ერთჯერადი ურთიერთობები მაქვს და არ მინდა იცოდნენ სად ვცხოვრობ.
ქალი გაწითლდა. მგზავრებს გადახედა, თითქოს ჰკითხა თქვენ რას მირჩევთო. ყველა ისევ ჩვენ გვიყურებდა, რაღათქმაუნდა არა სათნო სახით. უარის თქმა დააპირა, მაგრამ ვიცი, დათანხმებაზე მეტად არას თქმა უძნელდებოდა. მერე დიდხანს ინანებდა უარი რომ ეთქვა.
ბოლოს გაბედა და კაი აზრიაო, მითხრა.
ვარკეთილში წამიყვანა. გზაში მომიყვა როგორ მიაგდო ორი თვის წინ მისმა ქმარმა და თავის უკრაინელ ნაშასთან ერთად კიევში მოხია. მარტო დატოვა თორმეტი წლის ბავშვთან ერთად.
სახლში შესვლამდე გამაფრთხილა, სახლი არეულ–დარეულიაო. შევედით, ნათელი ბინა იყო, თუმცა მართლა დაულაგებელი, მაგრამ დათვალიერება დიდხანს არ დამცალდა. როგორც კი კარი მოიკეტა შემომატრიალა და კოცნა დამიწყო. ყავა ვიღას ახსოვდა.
ლოგინში რაც მოხდა, ეგ თქვენი საქმე არ არის. ერთი საათის მერე მითხრა, მოვრჩეთ, მალე ჩემი ბიჭი სკოლიდან მოვაო. ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ის კი, ლოგინზე იჯდა, ხელებზე დაყრდლობილიყო და უკან გადაწეულიყო. ვუყურებდი. მართლა მაგარი ფეხები ჰქონდა. განა მარტო ფეხები, ყველაფერი მაგარი ჰქონდა. შეენს ქმარს თავში ჭკუა არ აქვს–მეთქი ვუთხარი. გაეღიმა. პირველად. ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკეო, მითხრა. მობილური ამოვიღე და უხალისოდ ჩავიწერე ნაკარნახევი ნომერი.
შემომხედა, არ დამირეკავ არაო, მითხრა. ასე აჯობებს–მეთქი, ვუთხარი. წამოიწია, ხელები ლოყებზე შემოიწყო და მუხლებს დააყრდნო. სევდიანის ახე მიიღო. ასე ძალიან საყვარელი იყო. მაინც მადლობო მითხრა, ახლა უკეთესად ვგრძნობ თავსო.
მე გავეხუმრე, დედაჩემი მარტო რომ დარჩა, საბერძნეთში წავიდა და მდიდარ კაცს გაჰყვა. შენც წადი საბერძნეთში–მეთქი. კიდევ გაეღიმა და მივხვდი, რომ სწრაფად უნდა წავსულიყავი, თორემ ვეჩვეოდი და უფრო და უფრო ვიხიბლებოდი. არ მიყვარს ქალის ასე ახლოს მოშვება. არ მიყვარს ვინმეზე დარდი. ეს კი, ჩემდა უნებურად ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა. სულ ორი ღიმილი ეყო.
ბინიდან რომ გავდიოდი, მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებდიო. შევჩერდი, რამის თქმა მინდოდა, მაგრამ ჭკვიანური ვერაფერი მოვიგონე. კარი მოვიხურე, ის კი, იქ დავტოვე, ლოგინზე, მუხლებზეხელებდაყრდნობილი, შიშველი ფეხებითა და მკერდით.
არ ვიცი მერე რა მოუვიდა. ზღურბლს როგორც კი გადმოვაბიჯე, მაშინვე წავშალე მისი ახლადჩაწერილი ტელეფონის ნომერი. ვიცოდი, ვერ მოვითმენდი და მაინც დავურეკავდი. იქნებ თავი მაიცნ მოიკლა, ან იქნებ მართლა წავიდა საბერძნეთში, იქ მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად და ახლა უდარდელად ცხოვრობენ ის და მისი შვილი. ერთი კი ვიცი, ჩემთვის ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მისთვის კი, მგონი მაინც შეიცვალა რაღაც.

“მოთამაშე”

ლექციიდან რომ გამოვედი, 10 საათი იქნებოდა. დილით ადრე თბილ აუდიტორიაში ჯდომას, მოსაწყენი ლექციის მოსმენას და ამ დროს ძილისგან თავის შეკავებას გამორჩეული ნიჭი უნდა.მითუმეტეს, როდესაც წინა ღამე თავზე დაგათენდა. მოთმინება მხოლოდ ერთი საათი მეყო. ავდექი და წამოვედი. მეექვსე კორპუსიდან რუსთაველის მეტრომდე სულ ფეხით დავდივარ. ისე შევეჩვიე, რამდენიც არ უნდა მაგვიანდებოდეს ლექციაზე, მაინც ფეხით წავალ. თან ძალიან მიყვარს ხალხზე დაკვირვება. ახლაც ფეხით მივსეირნობ. მოვდივარ ქუჩაში ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე და ჩემნაირს სხვასაც ბევრს ვამჩნევ. უფრო მეტი ახლადგაღვიძებული სახის დაფიქსირება კი, 9 საათისკენ შეიძლება. ამ დროს მოსწავლეებსაც ხვდები და იმ ხალხსაც, რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან. ბევრი ზედმეტი მონდომებით წასმული მაკიაჟით ცდილობს ჩამოშლილი სახის გასწორებას, ზოგი მთელი გზა ამთქნარებს და თვალებს იფშვნიტავს, ზოგსაც კი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და გაუხეავი კბილებიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ღიმილით აჯილდოვებს შემხვედრებს.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოვდიოდი, როდესაც ერთმა კაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება. იქნებოდა ასე 30-35 წლის, დისტროფიკივით გამხდარი იყო. წვრილი ცხვირი, მოკლე თმა და ჩავარდნილი ლოყები ჰქონდა. კაზინოდან გამოდიოდა. ჩვეულებრივ, ადამიანი შენობიდან გამოსვლას და ხუთი-ექვსი საფეხურის ჩავლას ამდენ ხანს არ ანდომებს და არც ამხელა ტრაგიზმს აქსოვს. ყველაფერი ნათელი იყო: მან დიდი ფული წააგო. ეტყობოდა, იმასაც არ უძინია წინა ღამეს. მთელი ეს დრო ალბათ კაზინოში გაატარა. ამ კაზინოს გვერდით მინიმუმ ასჯერ ჩამივლია და ხშირად მინახავს იქიდან გამოსული ხალხი. ერთხელ ისიც შევამჩნიე, როგორ გამოვიდა სამი ახალგზდა გაბადრული სახით და შუა ქუჩაში ასდოლარიანი კუპიურების თვლა დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, კაზინოს სახელი მაინც არ ვიცი. რადგან შენობის შესასვლელი თავზე რკინის დიდი კონსოლით არის დაფარული, რომელიც ქოლგასავით მთელ ტროტუარზეა გადაჭიმული. სწორედ მის წინა ნაწილზეა სახელი მოთავსებული, მე კი მის ქვეშ გავდივარ ხოლმე. მაგრამ თუ არ ვცდები, სახელში “საქართველო” უნდა ერიოს.
კაცი როგორც იქნა ჩამოსცდა კიბეებს, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, წვრილი, გრძელი თითებით გაუკიდა, კოლოფი დაჭმუჭნა და იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ ხელები ისევ გრძელი, გახუნებული ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო, თავი მოხარა და ისე გაუყვა გზას, თითქოს ვიღაცას უკნიდან ეპარებაო. მეც უკან მივყვებოდი. როგორც ჩანს, ერთი გზა გვქონდა და არ მინდოდა მისთვის გადამესწრო. დისტანციას ვიჭერდი და თან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც ძალიან გაცვეთილი ეცვა, მაგრამ ჩანდა, თავის დროზე ძვირად ფასობდნენ. ფიქრებში მისი ცხოვრების სავარაუდო ვარიანტებს ვადგენდი და ვიხილავდი. ყველაზე მართებულად ასეთი ვარიანტი ჩავთვალე: ჩაცმულობა იმაზე მეტყველებდა, რომ ოდესღაც ტანსაცმელში დიდი ფულის გადახდა შეეძლო, აქედან გამომდინარე, თავის დროზე მდიდარი კაცი იქნებოდა, რომელიც თამაშმა გააღარიბა და ტანსაცმელიც გაუცვითა.
მოთამაშე ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. მე კი ნელი ნაბიჯით სიარულს არ ვარ შეჩვეული და ფიქრებში გართული ძალაუნებურად ზოგჯერ ძალიან ვუახლოვდებოდი. ერთხელ კინაღამ უკნიდან დავეჯახე კიდეც. სწორედ მაშინ შევნიშნე მისი გაჭაღარავებული თმა. ჩემი მოკლე ცოდნით, ახალგაზრდა კაცს თმა ორ შემთხვევაში შეიძლება გაუჭაღარავდეს: როდესაც მას რაიმე ნივთიერების ნაკლებობა აქვს, ან როდესაც იგი ბევრს ნერვიულობს. აშკარა იყო, ჩვენს მოთამაშეს ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ერგებოდა. ხშირად მინახავს ასეთი ახალგაზრდები და ისიც კარგად ვიცი რატომ უთეთრდებოდათ ასე სწრაფად თმა გვერდებზე.
როდესაც ჩემი დანიშნულების ადგილს მიაღწია, ერთი წამით დავფიქრდი მეტროში ჩავსულიყავი, თუ კიდევ გავყოლოდი უკან. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე გამეგო საით მიდიოდა. აქამდე უამრავმა ავტობუსმა ჩაიარა, მაგრამ არც გაჩერებაზე მისულა და არც ტაქსისთვის დაუქნევია ხელი. ინტუიცა მკარნახობდა, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
ჩვენ დიდხანს ვიარეთ, ჩავიარეთ მელიქიშვილი, კოსტავა, რუსთაველი. თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელთან ერთი წუთით გაჩერდა, ასე იდგა კიბესთან გაუნძრევლად რამოდენიმე წამი. მერე კი დაბლა ჩავიდა. გავუყევით პუშკინს, ბარათაშვილს, და ბოლოს ხიდთან მივედით. იქ, ხიდზე მიმაგრებული ერთ-ერთი სტატუას გვერდით დადგა. უცნაური სტატუებია. თითქოს პლასტერინისგან იყვნენ გამოძერწილი. საღებავიც ასეთი უსვიათ. მოთამაშე სწორედ იმ სტატუასთან დადგა, რომელიც ვითომ წყალში ხტებოდა. ცხადი იყო რის გაკეთებასაც აპირებდა. მე შემეშინდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის ხიდის შუაში იდგა, მე ბოლოში. ახლოს მისვლასაც ვერ ვბედავდი. ან რა უნდა მეთქვა? “გამარჯობა, მე კაზინოდან მოყოლებული უკან მოგყვებით და წყალში არ გადახტეთ!” იქნებ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას, იქნებ სულაც არ წაეგო ფული, იქნებ სულაც არ იყო თავის დროზე მდიდარი და იქნებ სულაც არ გაღატაკებულა თამაშის გამო. იქნებ უბრალო ადამიანი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ასე აჩრდილივით სიარულიც მისი მანერა იყო. იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ის დავინახე, რისი დანახვაც მინდოდა. სწორიც რომ ვყოფილიყავი, განა რას გავაკეთებდი? მდინარეში გადავმხტარიყავი საშველად? ამ შემთხვევაში, იქნებ მე უფრო დავმხრჩვალიყავი ვიდრე ის. ერთადერთი რამ მომაფიქრდა აზრად: თუ მართლა გადახტებოდა “პატრულის” ყვირილს დავიწყებდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ ბოლო წლებში ყველა ასე აკეთებს და თანაც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. სუპერმენს რომ ეძახიან საშველად და ისიც ორ წამში იქ რომ გაჩნდება სადაც არ უნდა იყოს, პატრულზეც ასეა. ყოველ შემთხვევაში მყვირალი ამ იმედით ყვირის. მეც პატრულის იმედად ვიყავი დარჩენილი.
გულში იმაზე ვჯავრობდი, რატომ არ მიყვარდა წყალი და რატომ არ მომდომებია არასდროს ცურვა კარგად მესწავლა. ყოველთვის მერჩივნა, ნაპირთან ვმჯდარიყავი და ზღვის ხმისთვის მესმინა, როცა ჩემი მეგობრები წერტილებად მოჩანდნენ ჰორიზონტთან ახლოს. ამიტომაც ვისიცხებოდი ყველაზე ხშირად მარტო მე. ახლა კი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი პატრულის ეკიპაჟისთვის რომ მომეკრა სადმე თვალი, თუმცა არც მოთამაშე მავიწყდებოდა. ის კი, იდგა კვლავ გაშეშებული და მტკვარს ჩასცქეროდა, თითქოს ამ ატალახებულ, ყავისფერ წყალში ფსკერს უყურებსო. დამუღამებული ჰქონდა ეს გაშეშებით დგომა. რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, ალბათ არც სუნთქავსო. მე ჩემს გასაჭირში ვიყავი როდესაც სრულიად მოულოდნელად თავი სწრაფად გაასწორა და მის სახეზე ღიმილი დავინახე. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში ჰქონდა მრავალმნიშვნელოვნად აღმართული. ვიფიქრე, სადაცაა მისი თავის გვერდით ანთებულ ნათურას ჩააქრობს მაგ ხელით-მეთქი. ღიმილი სახეზე არ მოშორებია.
ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო, გაშალა ერთხანს აწვალა, ალბათ ვიღაც გადაკარგულის ნომერს ეძებდა, შემდეგ კი დარეკა და მობილური ყურზე მიიდო. ღიმილი ისევ თავის ადგილას იყო. მობილური მალევე დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ალბათ, მასაც ის ხმა მოესმა, რაც მეც ასე ხშირად მესმის ხოლმე და რომელიც ყველას გვამცნობს ხმოვანი სიგნალი, რომ უფულობის გამო უარი გვითხრეს ზარის განხორციელებაზე. ეს “ტუ-ტუ-ტუ” დაახლოებით ასე იშიფრება:“ნება იბოძეთ, და ჯერ ანგარიში შეავსეთ, გეთაყვა!” აი, ასე ზრდილობიანად. არადა, “ტუ-ტუ-ტუუ” ხომ ზუსტადაც რომ არაზრდილობიანი სიტყვების დაფარვის ყველაზე ხშირადგამოყენებადი საშუალებაა. ესე იგი, რა გამოდის? მობილური ოპერატორი ამ დროს გვაგინებს? მე, მაინც იხტიბარს არ გავიტეხ და პირველ ვერსიაზე შევჩერდები.
წინანდელთან შედარებით, კონტრასტული განწყობა არ შესცვლია და არც აჩრდილივით და ქურდივით მოკუნტულს გაუგრძელებია გზა. მხრებში გაიმართა, და ლაღი ნაბიჯებით ანჩისხატის მხარეს გადავიდა. ვიფიქრე, მგონი ეშველა-მეთქი და მეც ავტობუსების გაჩერებისკენ გავსწიე. თან გულში საკუთარი თავის მრცხვენოდა, იქნებ ყველაფერი მართლა მე მოვიგონე-მეთქი.
საღამო იყო, ექვსს გადასცდენოდა და მეც 6 საათიან ლექციაზე მაგვიანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით, ისევ უავტობუსოდ მივდიოდი. ვიცოდი, ლექტორი დაგვიანების გამო არ დამტოვებდა აუდიტორიის გარეთ, მაგრამ მაინც სწრაფად მივდიოდი. ყველა ასე აკეთებს რომ აგვიანდება, რომც არ იყოს დაგვიანება პრობლემა. ეს, ალბათ გამომუშავებული ინსტინქტი, ან რამე ამდაგვარია. ასეთი ტერმინების მორგება კარგად არ გამომდის.
იმ კაზინოს მივუახლოვდი, და რას ვხედავ?! ჩვენი მოთამაშე ისევ იქაა. ოღონდ ახლა სახით შესასვლელისკენ დგას, ტროტუარის მეორე მხარეს და კარს მისჩერებია, ისევ ისე, გაუნძრევლად, სუნთქვის გარეშე. წვრილ ხელში სიგარეტი უჭირავს. როგორც ჩანს ერთ-ორი ნაპაზი გამოურტყია და იმის მერე თვითონაც გაშეშებულა და სიგარეტიც ხელში გაუშეშებია. ძალაუნებურად, მეც ადგილზე გავქვავდი და თითქოს სუნთქვა შემეკრა. ველოდებოდი რას იზამდა. მოულოდნელად, ალბათ მზერა იგრძნო, გამომხედა. მე დავიბენი, თვალი სწრაფად მოვაშორე და გზის მეორე მხარეს გადავედი. ისეთი ადგილი შევარჩიე, მისთვის შეუმჩნეველი რომ ვყოფილიყავი. სულ დამავიწყდა, რომ მაგვიანდებოდა, მაგრამ ლექცია მოიცდიდა. იდგა ასე, იდგა დაახლოებით ორი წუთი, სანამ სიგარეტი თითებამდე არ ჩაიწვა და ნამწვავმა თითი არ დაუწვა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. ხელი სწრაფად გაიქნია და შემდეგ დამწვარი თითი პირში ჩაიდო. მერე ხელები ისევ ქურთუკში ჩაიწყო, ისევ ქურდულად მოიკუნტა, ერთი-ორი ისკუპა და კაზინოს კარს უკან გაუჩინარდა.
მაშინღა მივხვდი რამ გაახარა ასე დილით, მტკვარს რომ ჩაჰყურებდა დიდის ამბით. მან ის ადამიანი გამონახა, ვინც ფულს ასესხებდა და ამით ცხოვრება გაუხანგრძლივა.
მეორე დღეს ლექციები შუადღით მქონდა და დილით რაღათქმაუნდა ლოგინში დავრჩი. ძალიან კი მაინტერესებდა როგორი სახე ექნებოდა დილით ისევ რომ გამოვიდოდა კაზინოდან ხელცარიელი. იქნებ, სულაც ამჯერად მოეგო და გამდიდრებულიყო. იქნებ, ამჯერად ფულის სესხების ვარიანტები ამოსწურვოდა და ისევ მტკვრისკენ გაჰყოლოდა გზას. იმის მერე იქ რომ გავივლი, თვალი კაზინოს კარისკენ გამირბის, მაგრამ ის აღარ შემინიშნავს.