რას გვეტყვი მაცნევ, რით გაგვახარებ?

ეს სურათი ასახავს სტატისტიკას, თუ რისთვის ვიყენებთ ჩვენ ტელევიზორს. ჩემი ტელევიზორი ახლაც, როცა მე ამ პოსტს ვწერ, ჩართულია და ზუსტად ამ წუთას დავიდ ლუიზმა ლევერკუზენს გაუტანა.

ასეთ მდგომარეობაში ხან ქრონიკას ვუსმენ ხოლმე, ხან კურიერს და იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზორი ჩემს ზურგს უკანაა, კისერი ხშირად მეღრიცება ხოლმე. ის, რასაც ქართულად საინფორმაციო გადაცემა ჰქვია, ერთადერთი და გგანუმეორებელია. ამ ყველაფერს მხოლოდ უნამუსო პროპაგანდა შეიძლება უწოდო. მართალია, კომუნიზმის ეპოქაში არ გავჩენილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედი და რუსთავი 2 მინიმუმ ტოლს არ უდებენ იმ დროინდელ პირველ არხს.

თუმცა, განსხვავება “ქრონიკასა” და “კურიერს” შორის მაინც შეიმჩნევა. ქრონიკა “ზეციური საქართველოს” ახალ ამბებს აშუქებს, სადაც ყველა მხიარულობს, უდარდელად ცხოვრობს, ყოვედღიურად ათობით ადამიანი საქმდება და მილიონობით ინვესტიცია კეთდება. მაშინ, როდესაც კურიერი უფრო პოლიტიკაზეა ორიენტირებული. ქრონიკა ყოველდღიურად დაახლოებით თხუთმეტ წუთს უთმობს მოდას: აქტუალურ ფერებს, დიზაინერების შთაგონების წყაროებს; ასევე, მისი საშუალებით, ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება უახლესი ცნობები ყველა ჰოლივუდელი ვარსკვლავის მკერდის მდგომარეობის შესახებ( არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი).

როგორც, მაღლა ვთქვით, კურიერი პოლიტიკაზეა ორიენტირებული. მისი უმთავრესი მიზანია ოპოზიციონერების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ გააბათილოს, აფსურდად წარმოაჩინოს. თუ კახა კუკავა ამბობს, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას აპირებს, კურიერი კახა კუკავას ორ–სამ წინადადებას ათქმევინებს, შემდეგ მერიის ვინმე მაღალჩინოსანს ასაუბრებს თბილისის მერიის გეგმებზე ორი საათი და შემდეგ გოკა გაბაშვილს(რომელიც ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია) ცინიკური გამომეტყველებით ათქმევინებს, რომ ოპოზიცია ზღაპრებს ჰყვება. პარალელურად, ქრონიკა ლინსი ლოჰანის ახალი ძაღლს გვაცნობს.

ქრონიკის კიდევ ერთი გამორჩეულობა კურიერთან შედარებით, არის მისი მიდრეკილება მოიგონოს სენსაციური და შემაშფოთებელი ამბები. მაგალითად, ქრონიკა ჩვენ გვამცნო, რომ ქართველი გოგონებს ანორექსიის ეპიდემია ემოქრებათ.

ბოლოსთვის, მინდა იმ ორი სიუჟეტის შესახებ გითხრათ, რომელზეც დღეს მომეღრიცა კისერი:

1) ქრონიკამ თავის რუბრიკაში “შეშფოთდით ხალხო” გვამცნო, რომ თურმე ნუ იტყვი, სპანჯბობი ყველაზე დიდი დოზით იწვევს ბავშვებში აგრესიას, აქვეითებს ბავშვის განვითარებას და საფრთხეს უქმნის მათ ფსიქიკას. სპანჯბობი! მულტფილმი, რომლის მთავარი გმირიც, გულუბრყვილო, მხიარული და პატიოსანი პერსონაჟია. ეს ამბავი მე განსაკუტრებულად მეწყინა, რადგან ბავშვობაში ჩემი საყვარელი მულტფილმი საზოგადოებისათვის სახიფათოდ გამომიცხადეს.ცუდია, რომ ქრონიკის “ჟურნალისტებს” “ფოქსის” მულტსერიალების შესახებ არაფერი სმენიათ.

2) რეპორტაჟი ქართველ კალათბურთელებზე: თურმე ჩვენ რუსეთთან მინიმალური ანგარიშით წავაგეთ. მინიმალური ანგარიში ნებისმიერ სპორტში გულისხმობს ერთი ქულით განსხვავებას. სინამდვილეში კი, მინიმალურ სხვაობაზე 7–ჯერ მეტი ქულით წავაგეთ. ჩვენ, თურმე ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტთან, უკრაინასთან, 16 ქულით მოვიგეთ. აქ სხვაობა კი სწორად არის აღნიშნული, მაგრამ უკრაინა ტურნირის ერთ–ერთი აუტსაიდერი იყო.

აი ასეთი ყოჩაღია ჩვენი მაცნე.

პ.ს. ეს მოძველებული თემაა, მაგრამ სანამ მოზველდებოდა, იქამდე არ დამიწერია აქ არაფერი და არ მინდა ბლოგი ამ თემის შესახებ დაწერილი პოსტის გარეშე ვაცოცხლო.

პ.პ.ს. ღმერთმა გვიშველოს ყველას!

Advertisements

როგორ უნდა შევქმნათ ჰიტი

ამ პოსტის იდეა მოდის იქიდან, რომ გუშინ ჩემს ოთახში ტელევიზორი ჩართული იყო და ჩემმა ყურებმა ძალაუნებურად ნიჭიერში ვინმე ნატალი ვეფხვაძის გამოსვლა და შემდეგ მისი ხმის მიცემის კონკურსში სოლიდური გამარჯვება დააფიქსირეს. მე ამ გოგონასთან საწინააღმდეგო, რაღა თქმა უნდა არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ დავიღალე ამდენი მანიპულირებით ეროვნულობის თემის მეშვეობით მუსიკაში და, ზოგადად, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. უკვე მარტივად შეიძლება წარმოვადგინოთ შაბლონი, თუ როგორ შევქმნათ სიმღერა, რომელიც აუცილებლად გაჰიტდება. მივყვეთ ინსტრუქციას:
პირველ რიგში, ჩვენ უნდა ჩავინიშნოთ “ქი-ვორდები” ტექსტისათვის. ეს სიტყვები მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულები იყვნენ გუგლის საძიებო სისტემაში, მანამდე, სანამ შორენა არ გამოჩნდა და მათ “სექსმა” არ გადაუჯოკრა. ეს სიტყვებია:
“მრავალჟამიერ”, “ქართველებო”, “ვაჟკაცი”, “ბრძოლა”, “გამარჯვება”, “სამშობლო”, “ღვინო”, “მთები”, “ხმალი”, აფხაზეთი…
თუ თქვენ მოახერხებთ და ტექსტში ჩამოთვლილი ათი სიტყვიდან ექვსს მაინც გამოიყენებთ, საძიებო სისტემაში თქვენს წარმატებას მხოლოდ შორენას ახალი ფილმი თუ შეუშლის ხელს.

რაც შეეხება მუსიკალურ არანჟირებას. საჭიროა, უბრალოდ, ოცი ან ოცდახუთი წლის დაბერებული “იამაჰა” იშოვოთ და სამი ისეთი ნოტი აიღოთ, ყველაზე ძალიან პლასტმასის სათამაშო პიანინოს ხმას რომ ჰგვანან და ისინი ტექსტს მოარგოთ. სასურველი იქნება, ამ ნოტებს ისეთი უაზრო ტიტინი დაემატოს, როგორსაც საქეიფო სიმღერებში გამოსცემენ. სავადაუდოდ ტიტინი საქსაფონის მეშვეობით მიიღწევა.
შემდეგი ეტაპი, უკვე ახალი სიმღერის “დატრიალებაა”. ეს კიდევ უფრო ადვილი საქმეა. თავდაპირველად, უნდა შეარჩიოთ მომღერალი, რომელიც ამ სიმღერას ჩაწერს. კარგი იქნება, თუ ის თქვენი ძმაკაცი, ან ძმაკაცის შვილი იქნება, რადგან “პროფილში” სიმღერის პრემიერაზე მასზე საუბრისას, თქვას თუ როგორ ჩასწვდით მის გრძნობებს სიმღერის მეშვეობით. ამის თქმას კი, თქვენს შორის ახლობლობა სჭირდება.
ალბათ, მიხვდით, რომ სიმღერა თავდაპირველად მაიას უნდა მიუტანოთ. თუ არ მოეწონათ, ეტყვით, რომ ნანუკასთან წაიღებთ, თან მის ფორმატს შეუსაბამებთ: იამაჰას ტამტამს, დასარტყამ ინსტრუმენტსა და ვინმე ექსტრავაგანტულ ახალგაზრდას დაამატებთ, რომელსაც მარაკები, ან რამე ამდაგვარი საჩხაკუნო ეჭირება. ეს ხერხი გაამართლებს, და თქვენს ძმაკაცს აუცილებლად ამღერებენ ახალ სიმღერას “პროფილში”.
თუ სიმღერამ “პროფილში” გაიჟღერა, ყველაფერი შემდეგ თავისით წავა. უკვე ორი დღის თავზე, ქორწილების დღეს “პროფილში” ახლადგაშვებულ სიმღერას მოსთხოვენ დამკვრელებს. ისინიც წაიმღერებენ, მაგრამ ტექსტი თავიდან კარგად არ ეციდონებათ, ამის გამოსასწორებლად კი, საჭიროა რადიო “არ დაიდარდო”, დამკვრელების პირველწყარო და მასწავლებელი.
“არ დაიდარდოში” სიმღერის მოსახვედრად სასჭიროა ათი ლარის ჩარიცხვა ათი სხვადასხვა ნომრის ანგარიშზე. შემდეგ, ველოდებით “რიქუესთ შოუს” და ათივე ნომრიდან ვაგზავნით ეს-ემ-ეს-ებს, სადაც ამ თქვენს სიმღერას ვითხოვთ. რადიოში, რა თქმა უნდა, დარწმუნდებიან, რომ თქვენი სიმღერა მოთხოვნადია. ამიტომაც, გადაცემის დასრულების შემდეგ თქვენ მათ ურეკავთ, ეუბნებით, რომ შემთხვევით, ავტომობილით მგზავრობისას მოუსმინეთ გადაცემას, და გადაწყვიტეთ მათ მსენელს საჩუქარი გაუკეთოთ და ეს სიმღერა რადიოში მიიტანოთ.
შედეგად, ჩვენ ვიღებთ იმას, რომ თქვენი სიმღერა რადიოში ტრიალებს, დამკვრელები იზეპირებენ, თავიანთ პროგრამას მისით აახლებენ და თავიანთ სცენებზეც მღერიან. მიზანი მიღწეულია, თქვენ დაიპყარით რესტორნის სცენა და ქართველების გულები. სიმღერა გაჰიტდა.
შემდეგში, ჩვენ აგიხსნით როგორ უნდა გავხადოთ როსტო სექსუალური.