“საზღვრის” პირას, ჭვავის ყანაში

მესაზღვრე

რეპორტაჟი თავდაპირველად გამოქვეყნებულია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ვებ–გვერდზე

პირველ საათზე, ვარაზის ხევზე,  უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჩამწკრივებული ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ტრადიციის შესაფერისად, ერთი საათის დაგვიანებით, დვანისკენ გადიან. ავტობუსში სტუდენტები ერთმანეთს იცნობენ და ყოველდღიურ თემებზე იწყებენ საუბარს. მგზავრობა დაახლოებით ორ საათს გრძელდება. როდესაც ავტობუსები ქარელიდან უხვევენ(სადაც ქუთაისელი სტუდენტები გვიერთდებიან) და სოფელს უახლოვდებიან, ჩვენს ავტობუსში მზადება იწყება. განწყობაც მაშინვე იცვლება. ახლა, გზის ამ მონაკვეთზე იწყება საუბარი აგვისტოს ომზე, დიპლომატიაზე, ხშრად ისმის სტალინის, სააკაშვილისა და კოკოითის სახელები.

ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ქართულ საგუშაგოსთან ჩერდებიან. საგუშაგო სოფლის შუა ნაწილშია. აქვე ათეულობით პოლიციელი და მესაზღვრე იყრის თავს. ყველანი ე.წ. საზღვრისკენ ვიძვრით. 200–ამდე კაცი მიაბიჯებს საქართველოს დროშებით, ალაგ–ალაგ ტრანსპარანტებითა და „ჯოს, ჯოს“ ძახილით. მათ წინ მესაზღვრეები მიდიან, კიდევ უფრო წინ კი – ჟურნალისტები და ფოტოგრაფები. ხმაურზე დვანელები სახლებიდან გამოდიან. ზოგი ამ მინი მსვლელობას უერთდება, ზოგი კი თავის ჭიშკრიდან ადევნებს ყველაფერს თვალს. მეც, სხვა ფოტოგრაფების მსგავსად, ვცდილობ, მსვლელობას გავასწრო და წინიდან გადავიღო. ასფალტზე ცალი ფეხით ვიმუხლები და ვიღებ ქართველ მესაზღვრეს, რომელიც „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტ გოგონას ხელს ხვევს და რაღაცას ელაპარაკება. ყველანი ვჩერდებით ბეტონის ბლოკებთან და ლურჯ ტრაფარეტთან წარწერით: „Респу́блика Ю́жная Осе́тия“. „ჯოს, ჯოს“ ყვირილი მძაფრდება. შემდეგ ვიღაც ჰიმნის სიმღერას იწყებს. სხვებიც აჰყვებიან, მაგრამ ერთ ხმაში არ გამოდის. ერთ ხმაში მხოლოდ „ჯოს, ჯოს“ გამოდის, ამიტომ ყველა ისევ მას უბრუნდება.

ამ ლურჯი ტრაფარეტის, ბეტონის ბლოკებისა და მავთულხლართების იქითაც დვანია, სამი სახლი და ამ სახლების გარდა სოფლის მცხოვრებთა ნაწილის მიწის ნაკვეთები, რომლებიც  მათ 5 წელია, აღარ ეკუთვნით. ე.წ. საზღვართან დგომა დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. პარალელურად, ჩვენთან ერთად მყოფ დვანელებს ვესაუბრებით. ერთ–ერთი ხელით გვაჩვენებს, სად გადის ე.წ. საზღვრის ზოლი და კიდევ სად აპირებენ, რომ გაავლონ. ჩვენგან რამდენიმე ასეულ მეტრში გორაზე საყდარი დგას. „ამბობენ, ეკლესიას არ შემოატარებენ საზღვარსო და ვნახოთ, აბა, რას იზამენ,“ – გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სტუდენტურ აქციას შეუერთდა

ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სტუდენტურ აქციას შეუერთდა

ცოტა ხანში მესაზღვრეები მოგვიწოდებენ, უკან დავბრუნდეთ. დაახლოებით ისეთი სცენაა, ზოოპარკში ბავშვს რომ მიიყვანს მშობელი რომელიმე ეგზოტიკური ცხოველის საჩვენებლად და რაღაც დროის შემდეგ რომ ეტყვის, აბა ეხლა წავედით, სხვებიც ვნახოთო.

იქიდან ჩვენ მინდვრებისკენ მივდივართ, სადაც ორი კვირის წინ რუსმა მესაზღვრეებმა სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. თან ხანდახან ადგილობრივებთან სასაუბროდ ვჩერდებით.  ჩემ გვერდით მდგომი კაცი ჯავრობს, რომ პრემიერ მინისტრი დვანში არ ამოდის. „ვაჟბატონით“ მოიხსენიებს. პარალელურად, ერთ ენერგიულ ქალს ათობით სტუდენტი ჰყავს გარშემორტყმული.  “მე ხომ უნდა ვიცოდე, რომ ავირჩიე, ვინც მყავს ხელმძღვანელი, მითხრას, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ხო უნდა ვიცოდე,“ – ეუბნება ის ახალგაზრდებს.

მე ერთ–ერთი დვანელი, ქალბატონი ლეილა მესაუბრება. ის მიყვება, რომ ომის შემდეგ მიწის ნაკვეთი დაკარგა და მხოლოდ სახლი და ეზოღა დარჩა -“ჩემ მდგომარეობაში არავინ არ არის. ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, მაგრამ იმათ რაღაც მაინც დარჩათ საარსებო წყარო, მე კიდევ აღარაფერი მაქვს. ჩემი შვილიც ცუდად იყო, წყლით მოიწამლა, სოციალურ დახმარებასაც ხან მომიხსნიან, ხან დამინიშნავენ. აი, ასე გვათამაშებენ.“

მინდვრამდე გზა გრძელია. სტუდენტები ჯგუფ–ჯგუფებად მიდიან. დროდადრო რამდენიმე ცარიელი ან ნახევრადცარიელი მანქანა ჩაგვიქროლებს. ისინიც სადემარკაციო ხაზის გადმოწევის გასაპროტესტებლად მიიჩქარიან, მაგრამ არცერთი მათგანი არ ფიქრობს, რომ რამდენიმე კაცი გაიყოლოს.

როდესაც ჩვენ მავთულხლართებთან მივდივართ, იქ  ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება უკვე დაწყებული აქვთ. სხვა მანქანებთან ერთად, ვიღაცას იქვე თავისი „ბე–ემ–ვე“ მიუყენებია და „ბინდისფერია სოფელი“ აქვს ჩართული. ქართველი მესაზღვრეები ჩვენგან ზურგით დგანან, პერიმეტრს აკონტროლებენ, თუმცა, ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი რუსი, არცერთი ოკუპანტი, არცერთი „ეგზოტიკური ცხოველი“ არ გვინახავს.

ცოცხალი ჯაჭვი საკმაოდ გრძელი გამოდის, დაახლოებით 150 მეტრის სირგძის. სტუდენტები და აქციის სხვა მონაწილეები ისევ ჰიმნის სიმღერას იწყებენ. შემდეგ ისმის სხვადასხვა შეძახილიც, „არა ოკუპაციას“, „გაუმარჯოს ევროინტეგრაციას“ და ა.შ.

მე ერთ–ერთ სტუდენტს, მარიტა გრიგალაშვილს ვესაუბრები, რომელიც მეუბნება, რომ აქ მოსვლით საკუთარ მოვალეობას იხდის – “ეს არის მაქსიმუმი რაც შეგვიძლია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უმოქმედონი ვართ. უბრალოდ, მოვიხადე ადამიანური მოვალეობა, ვაჩვენე ჩემს თანატოლებს, რუსებსაც, რომლებიც ასე უკანონოდ ახდენენ ჩემი ქვეყნის ოკუპირებას, რომ არ ვარ უმოქმედო, შემტკივა გული იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქს პრეტენზია, რომ ვიყოთ ტერიტორიულად მთლიანი და გავაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმუმს იმისას, რაც შეგვიძლია.“

რამდენიმე წუთში ცოცხალი ჯაჭვი იშლება და ნელ–ნელა ავტობუსებისკენ ვიძვრებით. აქციის მონაწილე ლაშა სენაშვილი მეუბნება, რომ მისი აქ მოსვლით ბვერი არაფერი შეიცვლება – „მაგრამ მაინც საერთაშორისო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსი და პრესა ნახავს, რო საქართველოს მოქალაქეებს ადარდებს ეს პროცესი, რეაქცია აქვს საზოგადოებას. აგერ, ქუთაისიდანაც არიან ჩამოსულები, აწუხებთ ოკუპაცია და მზად არიან, თავიანთი სამოქალაქო აქტივობით დააფიქსირონ პროტესტი მშვიდობიანი  და ცივილური ფორმებით.“

ლაშას მიაჩნია, რომ ახალგაზრდობაში ოკუპაციის თემა მაინცდამაინც აქტუალური არ არის. უფრო მეტად მნიშვნელოვანი მათთვის სოციალური თემებია – „ალბათ იმიტომ, რომ ინფორმირებულობაა ნაკლები და შეგრძნება იმისა, რომ ოკუპირებულია ეს ტერიტორია და შენს ქვეყანაში ხდება ეს. მაგრამ ნელ–ნელა, მგონი, იწყება გამოღვიძება, იმიტომ, რომ ამდენი სტუდენტი არ მინახავს მე ასეთ აქციაზე.“

ჩვენ ყველანი ავტობუსებში ვსხდებით და თბილისში ვბრუნდებით. ჩვენს ავტობუსს ისევ ყოველდღიური განწყობა უბრუნდება: საუბრები საგნებსა და ლექტორებზე, საჭმელზე, ამინდზე. დვანი კი უკან გვრჩება, ისიც თავისი ყოველდღიური თემებით – მოსავლით, საქონლის დაბინავებით, ორშაბათისთვის სკოლისთვის გამზადებითა  და მცოცავი ოკუპაციით.

Advertisements

გქონდეთ ჩვენი იმედი

ღამის თორმეტ საათზე მეტროს უკანასკნელი ვაგონით სახლში ვბრუნდები, უკანასკნელ გაჩერებაზე. დაღლილი და ძალაგამოლეული მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სადგურიდან ამოსულს სახლში ფეხით ასვლა არ მომიწიოს და რაიმე ტრანსპორტი დამხვდეს.

ერთ-ერთ გაჩერებაზე, ჩემ გვერდით ადგილი თავისუფლდება და მას შუა ხნის კაცი მომენტალურად იკავებს. ის ფეხს ფეხზე იდებს და როდესაც მატარებელი გვირაბში შედის, მიტრიალდება და შესავლის გარეშე მეკითხება: „შენადა, აბა რა ქენით დღეს სტუდენტებმა?“  მოულოდნელი მიმართვის მიუხედავად, არ ვიბნევი და იმ დღის მოვლენების შესახებ ვუყვები – მეც შესავლის გარეშე. ის მანიფესტაციების ორგანიზატორებზე, მარშრუტებზე, ინფორმაციის გავრცელების ხერხებსა და კიდევ ბევრ რამეზე მეკითხება. მე ყველაფერზე ვპასუხობ, ყველაფერს ვუხსნი. ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, დღეს უცხო ადამიანთან გამოლაპარაკება ისეთივე სახიფათოა, როგორც კომუნისტურ რეჟიმშიო, მაგრამ ადამიანებს მიზანსა და განწყობას ძალიან ადვილად შეატყობ. მეც მჯერა, რომ ეს კაცი დღეს, მართლა გვიანობამდე მუშაობდა, მართლა ჩემგან გაიგო, რომ ახალაია გადამდგარიყო(რადგან საღამო ძალიან დატვიურთული ჰქონდა) და მართლა არ აპირებდა, პარტკომში დავესმინე.

ბოლოს მეკითხება, შენ რომელ უნივერსიტეტში სწავლობო. „თსუ“-ში-მეთქი, ვპასუხობ.  „ხო, თსუ ყოველთვის  მედროშე იყოო“ –  მეუბნება. ცოტა ხანში ბოლო გაჩერებამდეც ვაღწევთ, ის წარმატებებს მისურვებს, მეც და მთელს სტუდენტობასაც და ერთმანეთს ვშორდებით.

ექსკავატორზე, ჩემთვის ვფიქრობ, ამ კაცს სტუდენტობა ალბათ რაიმე მეამბოხე ძალად წარმოვუდგენივართ, ისევე, როგორც ოპოზიციური ტელეარხების მაყურებელთა უმრავლესობას-მეთქი. „მეამბოხე“ – ვის, ვის და ჩვენ ეს ეპითეტი ყველაზე ნაკლებად შეგვეფერება. არა, ჩვენში მართლა არიან მეამბოხეები: ისინი, ვინც არცერთ დანაშაულს არ ჰპატიობენ არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც სახელმწიფოს. ისინი უყურადღებოდ არაფერს არ ტოვებენ, მაგრამ ეს ხალხი არათუ ზოგადად სტუდენტობაში, ან უნივერსიტეტში, არამედ ფაკულტეტზეც კი, ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით არიან.

„მეამბოხე“. დიახ, ჩვენ მეამბოხე სტუდენტები ვართ. ფეისბუკზე ვქმნით ჯგუფებს, ასეთი სახელებით: „სტუდენტები(თავისუფალი)“; „დამოუკიდებელი სტუდენტები“ და ა.შ., მაგრამ ერთი ავტორიტეტის ორი წინადადებაც კი კმარა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციაზე ხელი ავიღოთ და სახლში დავრჩეთ – „თავისუფალი სტუდენტები“.

„მომავალი თაობა“. დიახ, ჩვენ ვართ მომავალი თაობა. ჩვენ მასშტაბურ სტუდენტურ ორგანიზაციებს მხოლოდ პარტიების დაკვეთით ვქმნით. ჩვენ მხოლოდ იქ ვდგავართ, სადაც ბევრია. სადაც ცოტაა, უბრალოდ ვამბობთ – „მეტი საქმე არ მაქვს“.

ჩვენ მეამბოხე სტუდენტები ვართ. კიდევ რამდენიმე დღესაც გავქაჩავთ და მერე ჩვეულ ამბოხს გავაგრძელებთ, უხმოს, გაუმჟღავნებელს, მეტი საქმე რომ არ გვაქვს, ისეთს. გქონდეთ ჩვენი იმედი.

როგორ ზრუნავს ჩვენზე უნივერსიტეტი

თსუ–ში სწავლის მეორე წელი თითქმის დამეწყო. წელი, რომელმაც წესით უამრავი ცვილება უნდა მოიტანოს, ტიპიურად იწყება. სამ ოქტომბრამდე ერთი კვირით ადრე, აკადემიური რეგისტრაცია როგორც კი გაიხსნა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ზოგს ბაზები გუშინ გაეხსნა, ზოგის კიდევ, ზეგამდე არ აპირებს გახსნას; ზოგი ცხრილებს ვერ პოულობს, ზოგმა იპოვა, მაგრამ ჯობდა არ ეპოვა. ყველაფერი ჩვეულ სტილში, როგორც “ნომერ პირველ” უნივერსიტეტს შეეფერება.

სოციალურ–პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტები, არ ვიცი კანის ფერი გვაქვს განსხვავებული, თუ რაიმე სახის უმცირესობას წარმოვადგენთ, მაგრამ აშკარად დისკრიმინირებული ხალხი ვართ 😀 აბა თქვენ თვითონ დაასკვენით: ეკონომისტებმა საგნები აირჩიეს შაბათს, დღეს სამშაბათია, ჩვენს ფაკულტეტზე ყველაზე იღბლიანს კი, მაქსიმუმ ექვსიდან სამი საგანი ჰქონდეს არჩეული.

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეს ფაქტები უმნიშვნელო რამ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ფაკულტეტის ძვირფასი ადმინისტაცია. ადმინისტრაცია, რომელიც თავზე გვაკვდება. მხოლოდ დღეს, აკადემიური რეგისტრაციის პირველ დღეს, “თავზე გადაკვდომის” რამდენიმე ფაქტი დავაფიქსირე:

1) ჩემს მეგობარს ჰქონდა რამდენიმე შეკითხვა ტუტორთან. როდესაც იგი მასთან მივიდა, მან უპასუხა: “პირველკურსელი თუ არ ხარ რას მოდიხარ ჩემთანო”. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ ტუტორი. მხოლოდ პირველკურსელებისთვისაა.

2) ადამიანი შედის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე(თუ რაც ჰქვია) რაღაც შეკითხვით. იქ მყოფი ქალი კი მას ისტუმრებს სიტყვებით: “ვერ ხედავ, რომ ადამიანთან ვლაპარაკობ?!” არადა იმ შეკითხვაზე უნდა ეპასუხა ან კი, ან არა.

3) სტუდენტს უნდა სპეციალობის შეცვლა. შედის რესურს ცენტრში და იქ მჯდომ ერთ–ერთ ადამიანს სთხოვს რომ დაეხმაროს ამ საქმეში. ის კი პასუხობს:”ეუფ, სიკვდილ–სიცოცხლის საქმეა ხო სპეციალობის შეცვლა?!”

ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებსაც დღეს მე პირადად შევესწარი. მოკლედ, რაც ამ სამსემესტრიანი გამოცდილებით დავასკვენი, ადამიანებს, რომლებიც ვალდებულები არიან სტუდენტებს დაეხმარნონ, სულაც არ ადარდებთ მათი ამბავი. გამონაკლისები მხოლოდ სრულიად ახალ პლანეტაზე მოხვედრილი პირველკურსელები არიან, ისიც თუ ბედი გაუმართლებთ, და ადმინისტრაციის კარგ განწყობაზე მყოფი წევრი შეხვდებათ.

პ.ს. გაფრთხილება: თუ ხარ თსუ–ს სტუდენტი და რაიმე შეკითხვა გაქვს ადმინისტრაციასთან, ნუ მიმართავ მის რომელიმე წევრს თუ ხედავ რომ მაგიდაზე ყავის ჭიქა უდევს. ის მაშინ ყველაზე სახიფათოა, რადგანაც ძვირფას მყუდროობას ურღვევ.(მიუხედავად იმისა, შესვენების დრო აქვს, თუ–არა)