გქონდეთ ჩვენი იმედი

ღამის თორმეტ საათზე მეტროს უკანასკნელი ვაგონით სახლში ვბრუნდები, უკანასკნელ გაჩერებაზე. დაღლილი და ძალაგამოლეული მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ სადგურიდან ამოსულს სახლში ფეხით ასვლა არ მომიწიოს და რაიმე ტრანსპორტი დამხვდეს.

ერთ-ერთ გაჩერებაზე, ჩემ გვერდით ადგილი თავისუფლდება და მას შუა ხნის კაცი მომენტალურად იკავებს. ის ფეხს ფეხზე იდებს და როდესაც მატარებელი გვირაბში შედის, მიტრიალდება და შესავლის გარეშე მეკითხება: „შენადა, აბა რა ქენით დღეს სტუდენტებმა?“  მოულოდნელი მიმართვის მიუხედავად, არ ვიბნევი და იმ დღის მოვლენების შესახებ ვუყვები – მეც შესავლის გარეშე. ის მანიფესტაციების ორგანიზატორებზე, მარშრუტებზე, ინფორმაციის გავრცელების ხერხებსა და კიდევ ბევრ რამეზე მეკითხება. მე ყველაფერზე ვპასუხობ, ყველაფერს ვუხსნი. ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, დღეს უცხო ადამიანთან გამოლაპარაკება ისეთივე სახიფათოა, როგორც კომუნისტურ რეჟიმშიო, მაგრამ ადამიანებს მიზანსა და განწყობას ძალიან ადვილად შეატყობ. მეც მჯერა, რომ ეს კაცი დღეს, მართლა გვიანობამდე მუშაობდა, მართლა ჩემგან გაიგო, რომ ახალაია გადამდგარიყო(რადგან საღამო ძალიან დატვიურთული ჰქონდა) და მართლა არ აპირებდა, პარტკომში დავესმინე.

ბოლოს მეკითხება, შენ რომელ უნივერსიტეტში სწავლობო. „თსუ“-ში-მეთქი, ვპასუხობ.  „ხო, თსუ ყოველთვის  მედროშე იყოო“ –  მეუბნება. ცოტა ხანში ბოლო გაჩერებამდეც ვაღწევთ, ის წარმატებებს მისურვებს, მეც და მთელს სტუდენტობასაც და ერთმანეთს ვშორდებით.

ექსკავატორზე, ჩემთვის ვფიქრობ, ამ კაცს სტუდენტობა ალბათ რაიმე მეამბოხე ძალად წარმოვუდგენივართ, ისევე, როგორც ოპოზიციური ტელეარხების მაყურებელთა უმრავლესობას-მეთქი. „მეამბოხე“ – ვის, ვის და ჩვენ ეს ეპითეტი ყველაზე ნაკლებად შეგვეფერება. არა, ჩვენში მართლა არიან მეამბოხეები: ისინი, ვინც არცერთ დანაშაულს არ ჰპატიობენ არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც სახელმწიფოს. ისინი უყურადღებოდ არაფერს არ ტოვებენ, მაგრამ ეს ხალხი არათუ ზოგადად სტუდენტობაში, ან უნივერსიტეტში, არამედ ფაკულტეტზეც კი, ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით არიან.

„მეამბოხე“. დიახ, ჩვენ მეამბოხე სტუდენტები ვართ. ფეისბუკზე ვქმნით ჯგუფებს, ასეთი სახელებით: „სტუდენტები(თავისუფალი)“; „დამოუკიდებელი სტუდენტები“ და ა.შ., მაგრამ ერთი ავტორიტეტის ორი წინადადებაც კი კმარა იმისთვის, რომ საპროტესტო აქციაზე ხელი ავიღოთ და სახლში დავრჩეთ – „თავისუფალი სტუდენტები“.

„მომავალი თაობა“. დიახ, ჩვენ ვართ მომავალი თაობა. ჩვენ მასშტაბურ სტუდენტურ ორგანიზაციებს მხოლოდ პარტიების დაკვეთით ვქმნით. ჩვენ მხოლოდ იქ ვდგავართ, სადაც ბევრია. სადაც ცოტაა, უბრალოდ ვამბობთ – „მეტი საქმე არ მაქვს“.

ჩვენ მეამბოხე სტუდენტები ვართ. კიდევ რამდენიმე დღესაც გავქაჩავთ და მერე ჩვეულ ამბოხს გავაგრძელებთ, უხმოს, გაუმჟღავნებელს, მეტი საქმე რომ არ გვაქვს, ისეთს. გქონდეთ ჩვენი იმედი.

Advertisements

ისევ უნივერსიტეტი

ჰალილუია, დადგა ჟამი სწავლის დაწყებისა. სამ ოქტომბერს, ახლადგარემონტებული პირველი კორპუსის წინ ზუსტად ისე შეჰყარეს სტუდენტები, ახლადგამომხცვრები თუ უკვე დაობებულები, როგორც ამას სკოლაში გვიკეთებდნენ ხოლმე. ჰიმნი, დროშის აწევა, დირექტორის და სასწავლო ნაწილის გამოსვლები და დამოძღვრები. Good Soviet things never change. ამ ყველაფერს მე უბრალოდ ძილი ვარჩიე და უნივერსიტეტში თორმეტ საათზე გამოძინებული მივედი. თურმე, დიდი შეცდომა დამიშვია და ძალიან საინტერესო მოვლენას გამოვრჩენივარ.

მოკლედ, დერეხტორმა და სასწავლო ნაწილმა (კვიტაშვილი–შაშკინი, ან შაშკინი–კვიტაშვილი, რომელი რომელ როლშიც გაგიხარდებათ.) შეკრიბეს სტუდენტობა და ჩვეულებრივ, ძველი პლასტინკების დატრიალება დააპირეს: “ეს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტია”; “რეფორმები განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს”…

ამ დროს, სად იყო და სად არა, გამოჩნდა სრულიად მოულოდნელი ტრანსფარანტები:”განათლების რეფორმა ჩავარდა”; “ძირს ავტორიტარული განათლება”; “ნუ ატყუებთ სტუდენტებს”. ძალიან საინტერესო იქნებოდა კიბეზე ჩამომწკრივებული მთელი იმ საზოგადოების გამომეტყველების ნახვა, რომელიც ტრანსფარანტების ფონზე მათი შინაარსის სრულიად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდნენ.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე კვიტაშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მისი თქმით, როდესაც იგი წაიყვანეს ბაღში, და ის ბაღი არ მოეწონა, მან თქვა, რომ უნდოდა სხვაგან და გადაიყვანეს კიდეც. როგორც ჩანს, მას თავი ბაღის გამგე ჰგონია და ბაღსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს.

“მათ, ვინც თავის თავს თვლის მოტყუებულად, საქართველოში არის არჩევანი. ნებისმიერ უნივერსიტეტში შეგიძლიათ გააგრძელოთ სწავლა”. – განუცხადა თსუ–ს რექტორმა იმ სტუდენტებს, რომლებსაც ტრანსფარანტები ჰქონდათ მომარჯვებული. ძალიან საინტერესოა, რომელ არჩევანზე ჰქონდა მას საუბარი. თსუ–ს გარდა, მართალია, უამრავი კერძო უნივერსიტეტია, მაგრამ მათი გადასახადი 5000–6000 ლარიდან იწყება და 10000 ლარსაც სცილდება. ალბათ, ეს ბავშვები არ იტყოდნენ უარს ესწავლათ “თავისუფალ უნივერსიტეტში”. დარწმუნებული ვარ, ბატონი ალექსანდრეც სიამოვნებით დაუფინანსებდა მათ სწავლას.

მოკლედ, თბილისში საკმაოდ ცივი ამინდის მიუხედავად, უნივერსიტეტში მაგრად დაცხა. მგონი, წინ საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის.