რეპრესირებული ბელადის დაბრუნება

„ეხლა მთავრობა რომ შეიცვალა, აღარ გვეშინია და გამოვიტანეთ [ძეგლი], დავდგით სტალინის დაბადების დღეს.“ _ ამბობს სოფელ აკურას მცხოვრები, რომელიც სტალინის ბიუსტს სახლში ორი წელი ინახავდა და თანასოფლელებთან ერთად ძველ პიედესტალზე ახლახან დააბრუნა.
ახმეტაში კი, სტალინის აღდგენილი ძეგლის წინ ორატორი იქ შეკრებილ პუბლიკას მგზნებარედ მიმართავს: “დიდება დიდ სტალინს! გაუმარჯოს პირველ ოქტომბერს, საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის დაბადების დღეს!“
ძველი რეჟიმი საბჭოთა სიმბოლიკას აქტიურად ებრძოდა, მაგრამ კომუნიზმის სიმბოლოების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი აგრესიული და შეიძლება ითქვას, კომიკურიც კი იყო. ყოველ შემთხვევაში, კინოს სახლის თავზე უვარსკვლავოდ დარჩენილ სარს რომ ავხედავ ხოლმე, ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. იმავეს ვფიქრობ, როდესაც მახსენდება, ღამე როგორ ქურდულად გააპარეს სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან. ძეგლის უეცარი „გაქრობის“ სცენა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ანტისაბჭოური პოლიტიკა ძალიან ზედაპირულია და თავის თავში თვალთახედვიდან თუ ცნობიერებიდან სიმბოლოების უბრალოდ უხეშ ამოძირკვას გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებაში ასეთი აგრესიული ჩარევა კი, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს იწვევს – პროტესტს.


საქართველოში ჯერ კიდევ არის თაობა, რომელიც სტალინის სიყვარულით გაიზარდა. სტალინი მათთვის გმირია, ბელადია, მამაა. რეჟიმს არც არასდროს უცდია მათთვის სტალინის უარყოფითი ფენომენობა საფუძვლიანად დაემტკიცებინა. როდესაც ისინი დილით ქუჩაში გამოდიან, და საკუთარი „მამის“ პიედესტალი ცარიელი ხვდებათ, ისინი შეურაცხყოფილები ხდებიან, ბრაზდებიან. თუმცა, ბუნებით ისეთივე მორჩილები რჩებიან, როგორებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იყვნენ და თავს იმის უფლებას არასდროს აძლევენ, რომ რეჟიმს ხმამაღლა უსაყვედურონ, მისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ. მაგრამ წყენა მაინც რჩებათ, არ ივიწყებენ. და მაშინ, როდესაც ძველ რეჟიმს ახალი ცვლის და ეს უკანასკნელი მათ ამის შესაძლებლობას აძლევს, ისინი თავიანთ წყენას ახმოვანებენ: აბრუნებენ სტალინის ძეგლებსა და ბიუსტებს ძველ პიედესტალებზე; იკრიბებიან ოკუპაციის მუზეუმის წინ და მის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან ბელადს “ცუდი არაფერი გაუკეთებია“; გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ხატით ხელში მის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს იხდიან. ახალი პოლიტიკური რეალობა მათ ამის ნებას რთავს, რადგან ამ თემას ტაბუს ხსნის.

Advertisements

ცეცხლში გამოწრთობილი თაობა

ჩვენ სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით გაკვეთილებს.
ჩვენ შეშის ღუმელზე გვიცხობდნენ ხაჭაპურს.
ჩვენ ყველას გვქონდა რონალდოს ყვითელი მაისური.
ჩვენ ყველა არასაბჭოურ მანქანას ვეძახდით “ფირმას”.
ჩვენ გვეგონა, რომ ჯორდანისა და მეჯიკის გარდა, სხვა კალათბურთელები არ არსებობდნენ.
ჩვენ ვკატაობდით ტროლეიბუსებზე.
ჩვენ არ გვყავდა მანდატურები სკოლაში და გაკვეთილებიდან ტუალეტის ფანჯრიდან ვიპარებოდით.
ჩვენ ვთამაშობდით “ტეკენს”.
ჩვენ მართლა გვიკითხავდნენ ზღაპრებს ძილის წინ, ან ავადმყოფობისას.
ჩვენ ოცთეთრიან ნაყინებს ვჭამდით.
ჩვენ ვბლატაობდით, რომ მამაჩვენებს ტ-10 ჰქონდათ.

ჩემს თაობას ბევრი რამ გამოუცდია. მაგრამ დღეს ეს გამოვლილი პერიოდი უკვე სასარგებლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. იმ დრომ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჭირვება გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მიმართ იმუნიტეტიც გაგვაჩნია. ჩვენ ცეცხლში გამოწრთობილი თაობა ვართ და წყალშიც არ ვიძირებით. ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უტვინოებად გვთვლით და გგონიათ. არცერთმა არ ვიცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი. ჩვენ ვიცით, რომ მარქსი არ იყო ქვეყნის დამაქცევარი და ფროიდი გარყვნილების მეფე. ჩვენ არ ვსვამთ სტალინის სადღეგრძელოებს. ჩვენ არ ვიკეთებთ წამალს და ვიცით, რომ პრეზერვატივი არ ტეხავს. ჩვენთვის ქრთამი დანაშაულია და ბიძაშვილი ნათესავი და არა თანამშრომელი.
მოგწონთ თუ არა, მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არასდროს ჰქონიათ: ინდივიდუალურობა და გახსნილი გონება.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ქვეყნის აშენება. ჩვენ თავისუფლები დავიბადეთ.