კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

თბილისში ბევრი ხიდია. ყველა მტკვარზეა გადებული და ყველა უშნოა. ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზოგი ფეხებდაგრეხილი იქნებოდა, ზოგი ღიპიანი, ზოგი დიდცხვირა და ასე შემდეგ. უმეტესობას არც არანაირი ისტორია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ყოველ დღე ზურგზე ათასი მანქანა და ათასი კაცი გადაუვლის და გადმოუვლის ხოლმე. ხიდებსაც სხვა რა დარჩენიათ, მობზუებულები მინდობიან თავიანთ ბედს.

მაგრამ, ზოგჯერ თბილისურ ხიდებზეც ხდება საინტერესო ამბები. ამ ქალაქში, ალბათ,ა რ მოიძებნება  ხიდი, რომლიდანაც კაცი მტკვარში არ გადამხტარა თავის მოსაკლავად. ამიტომაც, ბევრ უკანასკნელ ფიქრს და სიტყვას ინახავენ ეს პირქუში ბებრები. ხანდახან საინტერესო დიალოგსაც მოჰკრავენ ხოლმე ყურს მათ ზურგზე მოსეირნეებისაგან.

აი, ახლა, უფერული ცხოვრების მქონე ერთ-ერთ თბილისურ ხიდზე, ორი ახალგაზრდა მოსეირნობს. გოგო და ბიჭი. გოგო, მაღალი, სწორთმიანი, გრძელფეხებიანი და მოხდენილცხვირიანი, ლაღად მოდის. ბიჭი კი, მასზე ერთი თავით დაბალი, სქელწარბიანი, ჩაფსკვნილი და მოკლეკისრიანი, აშკარად აღელვებულია და ლამისაა ნაბიჯიც კი აერიოს.

გოგო:

-იმ კაცის ამბავი იცი, რო დათვრა და ამ ხიდის მოაჯირზე რო დადიოდა?

ბიჭი:

-არა ნინო, არ ვიცი…

ნინო:

-მოგიყვე? დათვრა და მოაჯირზე გადი-გამოდიოდა…

ბიჭი სიტყვას აწყვეტინებს:

-ნინო, ნინო დაიცა რაღაც უნდა გითხრა.

-ხო, კაი, გისმენ დათო.

დათო მთელ თავის ძალღონეს იკრებს, ღრმად ისუნთქავს, ნინოს თავის უხეშ მარჯვენას ხელზე ჰკიდებს და აჩერებს:

-ნინო მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!- ლამის გაჰკივის. ალბათ, ზედმეტი ჰაერი ჩაისუნთქა.

ნინო მაშინვე სიარულს აახლებს. თავს დაბლა ხრის. რამდენიმე წამით თავის მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელს მოძრაობაში აკვირდება. შემდეგ ისევ მაღლა წევს, უყურებს და ეუბნება:

-ის კაცი თან ამბობდა ჩემს ბედს ვცდიო. ხიდიდან გადავარდა. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

-ნინო, მიყვარხარ!!!

-შენ იცი ცურვა?

 

 

პ.ს. მე აქ ვარ, მიყვარხარ და ყველაზე მაღალი ხიდის მოაჯირზეც გავივლი და მტკვარსაც გადავცურავ.

პ.პ.ს.(ჩამატებულია ორი თვის შემდეგ) მოგატყუე.

Advertisements

“თენდება, და თან ვერა”

გეგა:

ლოგინში გვიან დავწექი, მაგრამ ძილი არ მომერია. იმდენი ვიწრიალე, მივხვდა, ადგომა აჯობებდა. ჯერ ლოგინის გვერდით დაგდებული შარვლის უკანა ჯიბიდან სიგარეტის დაჭმუჭნული კოლოფი ამოვიღე, შემდეგ ფანჯარა გამოვაღე, დაგრეხილი სიგარეტი გავასწორე, გავუკიდე და გავაბოლე. ეს უკვე მესამე უძილო ღამეა.
ვფიქრობ, ვფიქრობ და ვფიქრობ. იმდენს ვფიქრობ, მგონია ახლა თავი გამისკდება. თავი მართლა მტკივა, მაგრამ ეს უფრო სიგარეტის დიდი რაოდენობისგან. თავში ყველაზე ხშირად სამი ბგერა მიტრიალებს, ა–ნა. როგორ მივედი აქამდე?
ყველაფერი ასე დაიწყო, ჩემი სახლის თავზე ერთი სომეხი მოხუცი კაცი ცხოვრობდა. არუდიკა ერქვა. მოხუცი კიდევ უფრო დაბერდა, დაბერდა და ბოლოს ამდენი სიბერისგან მოკვდა კიდეც. შვილბმა წესი აუგეს(თუ როგორც იტყვიან), ყველაფერი მოუგვარეს. შემდეგ, ორი თვე იმ სახლში არავინ გამოჩენილა, ორი თვის თავზე კი, ამ სადარბაზოს სამშენებლო მასალებით დატვირთული მანქანა მოადგა. ჩემს თავზე სამი თვე ხან ჩაქუჩის ბრახუნი ისმოდა, ხან ბურღის წუილი. ერთ დღესაც ეს ყველაფერი შეწყდა. ამის შემდეგ კი სადარბაზოს ახლა სხვა მანქანა მოადგა. “მერსედესიდან” ასე, 45 წლის მაღალი, გამხდარი, თმაშეჭაღარავებული მამაკაცი, ამავე ასაკის წითური, სავსე ქალი და ისსს(!!!) გადმოვიდნენ. ამ დროს აივანზე ვიდექი. დავინახე თუ არა, გავშეშდი, ისეთი გრძნობა დმაეუფლა, თითქოს სხეულში, შიგნით სისხლის მომშვები ონკანი მქონოდა, და ეს ონკანი ზუსტად იმ წუთას, ვიღაც დაუდევარმა სულ ბოლომდე მოუშვა. ის ხომ ასეთი, ასეთი ლამაზი… არა მოიცა, ეს სიტყვა ხომ ვერ ასახავს მის მშვენიერებას: თვალები, ცისფერი, არა ზღვისფერი, პატარა, სწორი ცხვირი, კიდევ უფრო პატარა ნესტოებით, ქერა, სწორი თმა იშვიათ წარბებსა და ხშირ წამწამებზე ედებოდა, ხელები თეთრი, ფეხები სწორი და წვრილი. კბილები, ალბათ ასევე სწორი და ქათქათა, მაგრამ მისი ღიმილი არასდროს მინახავს.
ახალმოსახლენი მხიარული ადამიანები აღმოჩნდნენ. მაშინვე გაიცნეს მთელი სამეზობლო და ბევრს დაუმეგობრდნენ კიდეც. ერთხელ, მათ მეზობლები თავისთან მიიწვიეს წვეულებაზე. იქ ჩემი მშობლებიც წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულმა დედამ მიამბო, რომ მათ ახალ მეზობლებს ჩემი ტოლი ქალიშვილი ჰყავდათ. მას ერქვა… ა–ნა.
“ალბათ, ისიც შენს სკოლაში ივლის.”–დაამატა დედამ. “ჩემს სკოლაში გადმოვა”, “ჩემთან ერთად ივლის”, “ჩემ გვერდით იჯდება გაკვეთილებზე”.–ოცნებებში წავედი. მაგრამ არა და არ ჩქარობდა ანა სკოლის შეცვლას. ბოლოს, იმედები გადამეწურა, და ხელიც ჩავიქნიე ამ საქმეზე. მხოლოდ ღამ–ღამობით ვფიქრობდი ხოლმე იმაზე, თუ როგორ ვუხსნიდი მათემატიკის ამოცანას, ან როგორ ვუყვებოდი რაიმე სასაცილო ისტორიას ჩემ გვერდით მჯდომ ა–ნნასს.
ანას სართულზე ლიფტი არ მუშაობს, ამიტომაც სკოლაში წასვლისას მას ერთი სართულით დაბლა უწევს ჩამოსვლა ლიფტის გამოსაძახებლად. მე ეს შევამჩნიე და დილაობით კართად ჩუმად ვდარაჯობ. სწორედ იმ დროს გამოვდივარ სახლიდან, როდესაც კიბეზე ფეხის ხმას გავიგებ.
ერთხელ ასე, შემთხვევით ანას კარის მეზობლის, მსუქანი და ჭორიკანა ლარა დეიდას ფეხის ხმაზე გამოვედი. გამოსვლისას ყოველთვის ვიღიმები და ლარას ეგონა რომ, მას ვუღიმოდი. ლარამაც გამიღიმა. თუმცა არ გამომიხატავს, მაგრად გაცოფდა. ვერ ვიტან ლარა დეიდას. ახლა კი მას ჰგონია, რომ მომწონს. თანაც ერთი დღეც გავუშვი ხელიდან.

ლიფტი:

სახლიდან გამოსვლიდან ლიფტში შესვლამდე გეგა ანას ესალმებოდა, შემდეგ ლიფტში პირველს უშვებდა და პირველი სართულის ღილაკს აჭერდა. მეექვსედან პირველამდე დაახლოებით 25 წამიანი მონაკვეთია. მაგრამ გეგა ვერასდროს ახერხებდა ანასთვის რამის თქმას. ეს 25 წამი ყოველდღიურად ყველაზე დიდი წამება იყო გეგასთვის. მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ მომდევნო დღეს მოახერხებდა გამოლაპარაკებას.
იმ დღეს კი, ყველაფერი სხვანაირად იყო. პარასკევი იყო და გეგა კარგ განწყობაზე იდგა. ყველა სკოლის მოსწავლე ასეა, რადგან იცის,, რომ ნანატრ ორდღიან დასვენებას მხოლოდ 6 საათი აშორებს. კარში რომ გაიხედა, სწორედ მაშინ დაეშვა ანას წვრილი ფეხები მის სართულზე. მაგრამ, შესამჩნევი ის იყო, რომ ანამ ლიფტის გამოძახებამდე გეგას კარებს გამოხედა. გეგა მაშინვე სადარბაზოში გამოვიდა ჩანთით ხელში. ანამ გაუღიმა და პირველი ის მიესალმა( აქამდე გეგა ესალმებოდა პირველი). ლიფტში შევიდნენ, გეგამ ერთიანს მიაჭირა და ლიფტმა დაბლა იწყო სვლა. მთელი ძალა მოიკრიბა, მაგრამ მაინც ვერ დასცდა პირიდან სიტყვა. გამოსვლისას, კიდევ უფრო აღსანიშნავი რამ მოხდა. ანამ კვლავ გაუღიმა გეგას და დაემშვიდობა. ეს დღე გეგას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. მას შემდეგ გაუტყდა ძილი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რას ეტყოდა ორშაბათ დილით. უამრავ ვერსიას განიხილავდა, თან საკუთარ თავს აჯერებდა, რომ მას ეს შეეძლო.

ანა:

პირველად აქ რომ მოვედი, მაშინვე შევნიშნე ის ბიჭი. აივანზე იდგა და გვაკვირდებოდა. თავიდან ვიფიქრე, ნეტა რას მომჩერებია–მეთქი, თუმცა შემდეგ ყურადღება აღარ მიმიქცევია. თურმე, მე სწორედ მის მაღლა ვცხოვრობ. დედამისი გავიცანი ჩვენთან წვეულებაზე და მითხრა, რომ ჩემი ტოლია. მაგრამ მე ჩემი ძველი სკოლისა და კლასელების დატოვება არ მინდა. მირჩევნია დილით 8–ზე გამოვიდე სახლიდან და სკოლაში შორ მანძილზე წავიდე. შევნიშნე, რომ ეს ბიჭიც მაგ დროს გამოდის სახლიდან, და სულ ლიფტთან მხვდება. თავიდან ვიფიქრე, რომ ისიც შორს დადის სკოლაში. მაგრამ ამას წინათ დედამისისა და დედაჩემის საუბარი მოვისმინე. “ამ სიშორეზე რომ დადის, გადმოვიდეს ჩვენს სკოლაში, აქვე ორი ფეხის ნაბიჯზეა. თან ჩემი შვილის კლასელი იქნებაო”. “ორი ფეხის ნაბიჯზე არა? და ეს სულელი 8–ზე გამოდის სახლიდან.” თავიდნ ვიფიქრე ვიღაც ავადმყოფია და ალბათ 8–ზე იმიტომ გადის, რომ მემაწვნეები დააფრთხოს, ან სკოლამდე ავტობუსით იკატაოს–მეთქი. მაგრამ შემდეგ მივხვდი რატომ აკეთებს ამას. ალბათ, მე მოვწონვარ. ასე, რომ იყოს გამომელაპარაკებოდა, მაგრამ ეტყობა ვერ ბედავს და ამიტომაც მივეცი სტიმული ბოლო შეხვედრისას და რომედენიმეჯერ მაცდურად გავუღიმე. იმედია, ორშაბათს მაინც გაბედავს ერთი სიტყვის თქმას. ისე კი, მგონი ცუდი ბიჭი არაა. ცუდია სახელი რომ ვერ დავიმახსოვრე.

ორშაბათი:

გეგა 7 საათზე ადგა. ბოლო დროს სულ ასე აკეთებს, ანას რომ მოწესრიგებულმა მოუსწროს. საუკეთესო პიჯაკი ჩაიცვა. ძალიან უფრთხილდება ამ პიჯაკს. მხოლოდ ერთხელ ეცვა თავის დაბადების დღეზე. ჯინსი ამოიცვა, ბოტასები საგულდაგულოდ გაწმინდა ტალახისგან, თმა გაისწორა, კბილები სამჯერ გაიხეხა, (ვინიცობაა, იქნებ ვაკოცო კიდეცო) და 7 საათსა და 55 წუთზე უკვე გამოწკეპილ–გამზადებული იდგა ჭუჭრუტანასთან. ისიც გამოჩნდა, დღეს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. გეგა მაშინვე გავარდა. თავისი სიმკვირცხლის თვითონვე შეეშინდა, თავი არ გავცეო და ტემპი შეანელა. ანას უკვე გამოეძახა ლიფტი. მან გაუღიმა. გეგა მიესალმა და ლიფტში შეუძღვა.
კარები დაიკეტა… ერთიანის ღილაკი… სიჩუმე… ლიფტი დაიძრა, 25 წამი… მიდი გეგა… 20 წამი… ხმა ამოიღე ბიჭო… 15… აი ეხლა ვეტყვი… 10 მორჩა, ვეუბნები… 5… კარები გაიღო. “ო, არა, ჩავაფლავე!”
“ლაჩარი”–გაიფიქრა ანამ და უხეში მოძრაობით გავიდა ლიფტიდან.