ძილისპირული

თავი მტკივა. როგორ შეიძლება ადამიანს ბალიშისგან ასტკივდეს თავი? ასეთი რამ ალბათ მხოლოდ იდიოტებს მოსდით. ჩემნაირ იდიოტებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ბალიში თავს აატკივებთ. ამდენი ხანია ლოგინში აქეთ–იქით ვწრიალებ. ვერ ვიძინებ და უძილობისგან მოუსვენრობა მეწყება. ვფიქრობ, რაზე ვიფიქრო, მაგრამ არაფერი მაფიქრდება. არადა, როცა არ მჭირდება, ათასი და ათი ათასი აზრი მომდის თავში. ყველაფერი საინტერესო სწორედ ამ დროს მაფიქრდება. მეც გონებაში ვინიშნავ, იმ იმედით, რომ ეს იდეები დილით გამახსენდება, მაგრამ შენც არ მომიკვდე უსაქმურო ადამიანო, რომელიც უკვე ამ აბზაცის ბოლოში გახვედი, დილით ხშირად იმას ვერ ვიხსენებ, საერთოდ რაზე ვფიქრობდი. ასე იკარგება ჩემგან გენიალურად მიჩნეული იდეები.

ბავშვობაში ყველაზე მეტად ძილისწინა პერიოდი მიყვარდა. ჩავწვებოდი ლოგინში, გავეხვეოდი საბანში და ბალიშზე მივდებდი უცოდველ თავს. მერე კი მოვიგონებდი რაიმე ამბავს, საკუთარ თავს ამ ამბის მთავარ პერსონაჟად ვაქცევდი და ვფიქრობდი, იმ ამბავში ვცხოვრობდი იქამდე, სანამ ბოლოში ყველაფერი არ აირეოდა: ლამაზ გოგონა უცბად დამახინჯდებოდა, ჩემი შავი ცხენი გამწვანდებოდა ან რაიმე ასეთი. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩამეძინა. ეს იყო ჩემი ერთგვარი ძილისპირული.

ახლა კი, თუ სწავლის დროა, იმაზე ვფიქრობ ხოლმე ,ლექციებს შორის შუალედის დრო როგორ გადავანაწილო: რომელი საგნის მასალა წავიკითხო ბიბლიოთეკაში, რომელი წიგნი წავიღო, რომელ საცხობში ვჭამო ლობიანი, შევიდე თუ არა მეგობრებთან ლექციაზე დროის გასაყვანად და ა.შ.

მაგრამ, ამ მომენტისთვის სწავლაც არ არის და არც ასეთ ფიქრებს აქვს აზრი. ვერც ხვალინდელ დღეზე ვერ ვიფიქრებ, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე იგივე იქნება რაც დღევანდელი და კიდევ უფრო იგივე რაც გუშინდელი. ვერ ვიტან აგვისტოს შუა კვირას. რატომ ხდება, რომ ამ დროს სულ ამ ოხერ ქალაქში ვხვდები, რომელიც როცა არ გინდა ისეა გადატენილი, ვერ გაიზმორები, ახლა კი თუ გინდა დედიშობილას გირბიენია შუა ცენტრში. მაგრამ, მოდი, მაინც ნუ დამიჯერებ და ნუ იზამ ამას. დიდი შანსია საიდანღაც სამშობლოს გულითადი დამცველი გადმოგიხტეს, “პიდარასტობა” დაგწამოს და იქვე ჩაგქოლოს. მისთვის განა ყველა ვინც ქუჩაში შიშველი დადის პიდარასტი არაა?

“ფრენის და ზუის” ვკითხულობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, სელინჯერი ამ წიგნის ფურცლებს, უბრალოდ, ჰონორარისთის ავსებდა. განა თვითონვე არ ამბობს დასაწყისში, “ნიუიორკერის” რედაქტორს ვცდილობ როგორმე შევატყუო ეს წიგნიო? მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულობ. სულ რომ კომბლეს ან წითელქუდას ისტორია იყოს მოთხრობილი, მთხრობელი ხომ სელენჯერია, კაცი რომლის ხელშიც არ მოიწყენ( უფრო სწორი იქნება “რომლითაც ხელში”).

აი,  მწვანე ცხენები და დამახინჯებული ლამაზმანებიც გამოჩნდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა ჩამეძინა და შენი წვალებაც აქ მორჩა ადამიანო, რომელიც ამ პოსტის ბოლოში გამოხვედი, მხოლოდ იმიტომ რომ, შუაში კითხვის გაწყვეტა არ გიყვარს.

ერთი კარგი სიმღერაც დაიმსახურე:

Advertisements

მგონი, გავგიჟდით!

ბოლო პოსტის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ორი კვირაა არაფერი დამიწერია. ბოლო დღეები სულ იმაზე ვფიქრობდი რა დამეწერა და აქამდე არაფერი მომდიოდა თავში. ახლა კი, ბოლო–ბოლო მოვიფიქრე ახალი პოსტის თემა. არადა თემა, თანაც აქტუალური ბევრია. მაგალითად, ფეხბურთი, არაბული ქვეყნები, წინა კვირაში ჩატარებული აქცია–პერფომანსი. მაგრამ მე სხვა რამეზე დავწერ.
როდის დაიწყო ეს ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით ერთი წლის წინ იქნებოდა, პალიტრამ სერია “ქართული პროზის საგანძურის” გამოშვება დაიწყო. ამ წიგნების ფასი ჟურნალ გზასთან ერთად, სულ სამი ლარი იყო. იდეა ყველამ აიტაცა და მალე ამ სერიას დაემატა 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ(“კვირის პალიტრა”), მსოფლიოს რჩეული მოთხრობები(“რეიტინგი”), ლიტერატურა მოზარდთათვის(“თბილისელები”), ისტორიული რომანები(“ისტორიანი”), ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო(“ახალი თაობა”) და ა.შ.
ყველა აქციის ფარგლებში გამოცემული წიგნის ფასი მისაღებია და მათი შეძენა თითქმის ყველას შეუძლია. თავდაპირველად ასეთი აქციის ჩატარება სარისკო იყო, რადგან ჩვენს საზოგადოებას ბევრი მკითხველი არ ჰყავს. მაგრამ აქციებმა გაამართლა, და ხალხმა წიგნების ყიდვა დაიწყო. ახალი წიგნის გამოსვლიდან ორ–სამ დღეში მე ხშირად გამჭირვებია მისი მოძებნა. მაგრამ რახან ხალხი წიგნებს ყიდულობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ყველა კითხულობს. ბევრი წიგნებს დეკორაციად იყენებს, თუმცა, საბედნიეროდ ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ამ ახლადნაყიდ წიგნებს გადაფურცლავს და კითხულობს. ასეთი ადამიანები წიგნებით ხელში, უკვე მრავლად მხვდებიან მეტროში, სამარშუტო ტაქსებში, ქუჩაში, უნივერსიტეტში:კიბეზე, აუდიტორიაში ლექციის დროს, და ტუალეტშიც კი. ამ დაკვირვებამ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა:ხალხმა კითხვა დაიწყო! ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკვირვება 100%–ით ზუსტია. მაგრამ, მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩემი დასკვნა სწორია.
იმ გამომცემლობებისთვის კი, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე სახლში ყველას ახალი ბიბლიოთეკები გვექნება.
ასე, რომ ხალხნო, “წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით”. იქნება, გვეშველოს ჩვენს და ქვეყნების წიგნიერების რეიტინგში ცოტათი მაღლა ავიწიოთ.