ეიჯიზმი ჩვენში, ანუ: “ვაი, შენს პატრონს!”

ერთმა ლექტორმა გვითხრა: “თქვენ, ახალგაზრდები სიახლეს ისრუტავთ. თავში მოჩვენებითი ხვრელები გაქვთ, სადაც ყოველწამიერად ახალი ინფორმაცია დიდი რაოდენობით შედის, მაგრამ რაც უფრო გემატებათ ასაკი, ეს ხვრელები თანდათან ცოტავდება და ბოლოს ყველა საცობით დაიხშობაო.”
დღეს, დილით მეტროთი მგზავრობისას, პირველად გავიგე სადგურების ახალი გამომცხადებლის ხმა, რომელიც ორ ენაზე, ქართულსა და ინგლისურზე იუწყებოდა: “Next station, Libery Square.” კარგია, რომ ბოლო-ბოლო ეს მონოტონური და უღიმრამო ხმა, საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მაინც შეცვალეს და თან ინგლისურიც დაუმატეს, თორემ საწყალი უცხოელები სულ დაძაბულები იყვნენ მეტროში, რომ თავიანთი გაჩერება არ გამორჩენოდათ. ყურთასმენას დიდ ძალისხმევას ატანდნენ, რომ ამ გაუგებარ ენაში მათთვის საჭირო სიტყვები, “ვაგზლის მოედანი”, ან “რუსთაველი” ამოეცნოთ.
მეტროზე საუბარი კი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ პოსტის თავი და თავი სწორედ მეტროდან და მისი სადგურების გახმოვანებიდან მოდის: ვაგონში, რაღა თქმა უნდა, ხანში შესული ადამიანებიც ისხდნენ. მათმა უმრავლესობა, ჩემსავით, პირველად გაიგო ეს ახალი ხმა და მაშინვე მოჰყვნენ ლანძღვას, როგორც კი ინგლისური მოხვდათ ყურს. ჯერ უგულავას ლანძღვა დაიწყეს (აქ, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერის რეიტინგმა ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, საგრძნობლად მოიმატა, რადგანაც ლანძღვაში პირველი ის მოიხსენიეს და არა საქართველოს პრეზიდენტი), შემდეგ სააკაშვილს და ბოლოს, ამერიკასაც გადასწვდნენ. არც ევროპელები დატოვეს ნაწყენები და ჰომოფობიური რეპლიკებიც არ დაიშურეს. მოკლედ, მკლავებზე სვასტიკები ან წითელი სამკლაურები აკლდათ, სხვა დანარჩენი – კლასიკა იყო.
აქ, საცობების თემას უნდა დავუბრუნდეთ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ასეთი საცობები მაქსიმალური რაოდენობით აქვთ თავში და ყველაფერ შეცვლილს, განახლებულს თუ უბრალოდ ახალს აგრესიითა და ზიზღით უყურებენ. ამის მაგალითია მამათა და შვილთა სამარადჟამო ბრძოლა: ერთნი ძველ ცხოვრების წესს, წყობასა და იდეებს რომ ემხრობიან და მეორენი – ახალს. მაგრამ, თუ დაპირისპირებას ცივილური სახე აქვს და თავისი შინაარსით ინტელექტუალურია, ეს საზოგადოებისათვის მხოლოდ კარგის მომტანია.

ასაკოვანი ადამიანისთვის ყოველთვის რთულია ახლის მიღება, რადგან მას უკვე აქვს სხვა ღირებულება ან ნორმა გათავისებული და თან ძალიან დიდი ხნის წინ(როდესაც თავად ახალგაზრდა იყო, ნორმა კი – ახალი). ის ამას მიჩვეულია და მისი უარყოფა უჭირს (მითუმეტეს, თუ ახალი ღირებულება ძველთან წინააღმდეგობაში მოდის). მას უკვე აღარ აქვს შესაფერისი ენერგია და ენთუზიაზმი რაღაცის შეცვლისა. მას მშვიდად ცხოვრება უნდა, ხოლო ახალი, მისთვის რისკი და მყუდროების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს ასაკოვანი ადამიანის აზროვნების ჩემეული წარმოჩინებაა და იგი არ ეხება ყველას, მაგრამ ეს დახასიათება მაინც ბევრს მოერგება. ამ ახალი წესების უგულებელყოფა წარმოშობს გაუგებრობას მოხუცსა და ახალგაზრდას შორის, რომელიც ჯერ უთანხმოებაში გადადის, შემდეგ დაპირისპირებაში. სწორედ აქ ჩნდება ეიჯიზმი. ეიჯიზმი ასაკობრივი დისკრიმინაციაა, გარკვეულ სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით წარმოშობილი. (შეიძლება, თავად ჩემი მოსაზრებაც გარკვეულ სტერეოტიპად ჩაითვალოს.) მას ორი მიმართულება გააჩნია, ერთი ახალგაზრდების დისკრიმინაცია, მეორე ასაკოვანი ხალხის.
ჩვენ სწორედაც, რომ “ეიჯისტურ” საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ეს დისკრიმინაცია ორმხრივია. ჩვენს საზოგადოებას ეიჯისტურთან ერთად, შეიძლება ვუწოდოთ რასისტულიც, ჰომოფობურიც, სექსისტურიც და ა.შ. ამას, ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი, სტერეოტიპული აზროვნებაა.სწორედ იგი ქმნის არასწორ შეხედულებებს, რომლებსაც შემდეგ ყველას განურჩევლად არგებს. თანაც, ჩვენს საზოგადოებაში ხომ თითქმის ყველა აგრესიულია. ამ აგრესიის უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ეკონომიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომლებიც ადამიანის ტვინს ყველაზე მძლავრად აღიზიანებს. აგრესიას კი განთავისუფლება სჭირდება. ამისათვის საუკეთესო საშუალება ხომ დისედაც დისკრიმინებული ადამიანები არიან.
ახალგაზრდები და მოხუცები საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყველაფრის გამო, პოლიტიკიდან დაწყებული ჩაცმულობით დასრულებული. რა თქმა უნდა, მთავარ როლს აქ სტერეოტიპები თამაშობენ. მაგალითად: თუ გოგონას ცხვირზე პირსინგი აქვს, ის აუცილებლად გარყვნილია.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ აგრესია ორივე მხრიდან თანაბარად მოიდს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხშირად უფროსებისგან ეიჯისტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ. ამისათვის, ორივე მხრიდან თითო მაგალითი მოვიყვანოთ:
პირველი. ეს არის უფროსების ასაკობრივი დისკრიმინაცია: როდესაც რობერტ სტურუას ახალგაზრდები თავისი რასისტული გამონათქვამის გამო ძალიან უხეშად მოიხსენიებდნენ და მას სწორედ ეიჯიზმის შესაფერისი ეპითეტებით ამკობდნენ. გასაგებია, რომ მან რასისტული განცხადება გააკეთა, მაგრამ მისი განცხადება ასაკიდან არ მომდინარეობს. ეს უბრალო არმენოფობიაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ხუთი წლის ბავშვსაც კი შეიძლება ახასიათებდეს.
მეორე მაგალითს მოგახსენებთ ჩემი მეგობრის პოსტით.
უთანხმოების და ასაკებს შორის გარკვეული კულტურული დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ასაკოვანი ადამიანების დიდი რაოდენობა მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩება(ეს შეიძლება იყოს კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები). შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში, იგი “თანამედროვეობას ვერ პასუხობს” და ჩვენს მიერვე ხდება იზოლირებული და გარიყული.ასაკოვანი ხალხის დიდი რაოდენობა არ არის საზოგადოებაში ინტეგრირებული და ასევე, ბევრისთვის ელემენტარული ინფორმაციაც კი არაა ხელმისაწვდომი.
ამ პრობლემის საფუძვლები ჩვენ შეიძლება ძალიან დიდ სიღრმეებში, თვით ჯანდაცვის სისტემაშიც კი მოვნახოთ, მაგრამ აქ მთავარი მაინც ჩვენ თვითონ ვართ. საბოლოოდ უნდა შევეშვათ სტერეოტიპულ აზროვნებას. სანამ არ შევიგნებთ, რომ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები, თანაბარი შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვართ; სანამ არ მივხვდებით, რომ ასაკი, სქესი, ეთნოსი თუ კანის ფერი, ადამიანის გამოსარჩევად და დასაჩაგრად კი არა, მრავალფეროვნებისთვისაა, მანამდე დიდხანს მივაძახებთ ერთმანეთს:”ვაი, შენს პატრონს!”

Advertisements