დედა,
მე ერთი კვირაა, რაც ჩამოვფრინდი. ბოდიში, აქამდე რომ არ მომიწერია. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. იმედია, ძალიან არ ინერვიულე. როგორც მითხრეს, ყველაზე კარგ სასტუმროში დამაბინავეს, მაგრამ ჩემი ნომერი იმ თანხის მეხუთედიც კი არ ღირს, რასაც მახდევინებენ. თუმცა, თანდათან მაგარ ლეიბსაც შევეჩვიე და უზრდელ მომსახურე პერსონალსაც(როცა გაიგეს, რომ მათი ენა ვიცი, მას მერე აღარ იგინებიან).
დედა, აქ ძალიან მოსაწყენია. ტელევიზორში, ოცდაოთხი საათი ერთიდაიმავე ტიპს აჩვენებენ. ნეტა განახა, რამდენს ბოდიალობს, არ იღლება. ქალაქი ღამით სულ განათებულია, მაგრამ დღისით მას ადამიანების სახეები აბნელებენ. ქუჩაში ყველა ჩამქრალი თვალებით დადის. შავი ფერის მეტს თითქმის არაფერს იცვამენ და თუ ვინმე სხვა რამეს ჩაიცვამს კიდეც, ყველა ბოროტი მზერით უყურებს. ტელევიზორი სულ იმას ჩამჩიჩინებს, რომ სამოთხეში ჩამოვედი, მაგრამ დილაადრიან ჩემი ოთახის ფანჯრიდან რომ გავიხედავ, ერთ ჭუჭყიან წვეროსან კაცს ვხედავ ხოლმე: დიდ ურიკას მოაგორებს და ბოთლებს აგროვებს(ალბათ, ამაში ფულს უხდიან). ამ კაცს სამოთხეში ყოფნის არაფერი ეტყობა.
ხო, მართლა, აქ უცხოელებზე გიჟდებიან, თითქოს ღმერთისგან მოვლენილი მესიები ვიყოთ, ისე გვექცევიან. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პირფერობენ, იმიტომ, რომ რამდენჯერმე მოვისმინე, როგორ გვაბრალებდნენ ყველა უბედურებას ჩვენ. “ევროპელს” გარყვნილის სინონიმად ხმარობენ, ამერიკას რომ ვახსენებ, ისინი მეუბნებიან, “შვარცნეგერ”, “მერლინ მონრო”. მთელ ფულს სასმელში ხარჯავენ. თან უზომოდ სვამენ და მერე ფეხზეც ვერ დგებიან, მაგრამ ამათთან ეს თურმე საამაყო ყოფილა. ლაპარაკი ძალიან უყვართ. ყველაფერზე ლაპარაკობენ, იციან თუ არ იციან. მაგრამ როგორც კი პოლიტიკას ახსენებ, მაშინვე ენა ეყლაპებათ და ფერი გადასდით. ძალიან მიამიტი ხალხია: უამრავი სიმბოლოსი და კიდევ ათასი უბედურების სწამთ. ორი დღის წინ კიდევ, ერთი საჯარო მოხელის სიტყვები მოვისმინე, “პარტიას შეაგინა და იმიტომაც დაისაჯაო”. ალბათ, პარტიისაც სწამთ, და იმ კაცისაც, სულ ტელევიზორში რომაა.
მე დაახლოებით ორ კვირაში წამოვალ. ამ საქმეს ამდენი ხანი არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ ამათგან შრომისმოყვარეობა ძალიან შორსაა.
პ.ს. არ იღელვო, თბილად ვიცმევ ხოლმე.
სიყვარულით, შენი შვილი.