არ შემეხო!

–რას ხედავ ამ სურათზე?

–რავიცი, ვიღაც გოგოები “ქართული ოცნების” გაზეთებს არიგებენ.

–ერთი სიტყვით შეგიძლია მითხრა რა აქტია ასახული სურათზე?

–ალბათ, ინფორმირება, ან პროპაგანდა…

–დანაშაული?

–რა დანაშაული?

–ცუდია, საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა რომ არ იცი. აი რას ამბობს სამართლის კოდექსის 1641–ე მუხლს:

ამომრჩევლის მოსყიდვა

პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, 3 წლით თავისუფლება აღგეკვეთოს.

თუ “ქართული ოცნების” გაზეთს ჩავთვლით საჩუქრად(და მას მიზერული, მაგრამ მაინც, რაღაც ღირებულება გააჩნია), მაშინ მართლაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათზე კანონდარღვევის ფაქტია ასახული.

–ეს როგორ?

–ყველაფერი დეკემბერში დაიწყო. მაშინ ზოგი ახალ წელს ელოდებოდა, ზოგი თოვლს, ზოგი კი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებდა. ახალი წელი მოვიდა, საახალწლოდ თოვლი – არა. სამაგიეროდ, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებები განხორციელდა. როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ფულმა არ გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. სინამდვილეში კი ახალმა კანონებმა მარტო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ შეზღუდეს.

ამ ცვლილებების მიხედვით პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულობების სახით 500,000 ლარზე მეტის მიღება. მას ასევე ეკრძალება თითოეული პირისგან 60,000 ლარზე მეტი თანხის ოდენობის დონაციის აღება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მაგალითად, მავანმა გადაწყვიტა, რომ შემოწირულობა გაუკეთოს რამდენიმე პარტიას ერთად და თანხა ჯერ შალვას, შემდეგ მალხაზს და გუბაზს გადაურიცხა. მალხაზი და გუბაზი ცუდ დღეში ჩავარდებიან. მათ შემოწირულობაზე ათჯერ მეტი თანხის ოდენობის ჯარიმას დააკისრებენ, ვინაიდან კანონიერად მხოლოდ შალვასთვის გადარიცხული თანხაა და შემდგომი შემოწირულობები სხვა პარტიებისთვის – უკანონო.

არანაკლებ საინტერესოა ყადაღასთან დაკავშირებული კანონები. საქართველოს კონტროლის პალატას შეუძლია პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას, საბანკო ანგარიშებს დაადოს ყადაღა იმ უბრალო მიზეზით, რომ მან ღიად მოუწოდა ვინმეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ. თანაც, ეს ყადაღა უვადოა და გასაჩივრების შემთხვევაში არ იხსნება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ასეთ ადამიანთან შედარებით კრიმინალი, რეკეტიორი, ნარკომოვაჭრე და ძმანი მათნი უკეთეს პირობებში არიან. მათ ქონებას ყადაღას სასამართლო ადებს(რაც თავიანთი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს). თანაც, ისინი ჩვეულებრივ ახსნიან ყადაღას, თუ დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდიან. იმ ადამიანს კი, რომელმაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”  კანონი დაარღვია, ასეთი შესაძლებლობები არ აქვს.

–ახლა ყველაფერი გასაგებია. ესე იგი მე ყველანაირად უნდა მოვერიდო რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობას, პოლიტიკური განცხადებების კეთებას და პარტიების აგიტატორებს კარი არ გავუღო, რადგან შეიძლება დანაშაული ჩავიდინო.

–ზუსტადაც. შენ სახლში უნდა იჯდე და გარეთ ცხვირი არ უნდა გაყო. მაგრამ…. არის მეორე ვარიანტიც. შენ შეგიძლია შემოუერთდე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეიდასაშუალებების მიერ წამოწყებულ კამპანიას “ეს შენ გეხება”  და გააპროტესტო უსამართლობა.

(დააჭირე ბანერს)

რას იზამ?

Advertisements

ისევ უნივერსიტეტი

ჰალილუია, დადგა ჟამი სწავლის დაწყებისა. სამ ოქტომბერს, ახლადგარემონტებული პირველი კორპუსის წინ ზუსტად ისე შეჰყარეს სტუდენტები, ახლადგამომხცვრები თუ უკვე დაობებულები, როგორც ამას სკოლაში გვიკეთებდნენ ხოლმე. ჰიმნი, დროშის აწევა, დირექტორის და სასწავლო ნაწილის გამოსვლები და დამოძღვრები. Good Soviet things never change. ამ ყველაფერს მე უბრალოდ ძილი ვარჩიე და უნივერსიტეტში თორმეტ საათზე გამოძინებული მივედი. თურმე, დიდი შეცდომა დამიშვია და ძალიან საინტერესო მოვლენას გამოვრჩენივარ.

მოკლედ, დერეხტორმა და სასწავლო ნაწილმა (კვიტაშვილი–შაშკინი, ან შაშკინი–კვიტაშვილი, რომელი რომელ როლშიც გაგიხარდებათ.) შეკრიბეს სტუდენტობა და ჩვეულებრივ, ძველი პლასტინკების დატრიალება დააპირეს: “ეს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტია”; “რეფორმები განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს”…

ამ დროს, სად იყო და სად არა, გამოჩნდა სრულიად მოულოდნელი ტრანსფარანტები:”განათლების რეფორმა ჩავარდა”; “ძირს ავტორიტარული განათლება”; “ნუ ატყუებთ სტუდენტებს”. ძალიან საინტერესო იქნებოდა კიბეზე ჩამომწკრივებული მთელი იმ საზოგადოების გამომეტყველების ნახვა, რომელიც ტრანსფარანტების ფონზე მათი შინაარსის სრულიად საპირისპირო განცხადებებს აკეთებდნენ.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე კვიტაშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მისი თქმით, როდესაც იგი წაიყვანეს ბაღში, და ის ბაღი არ მოეწონა, მან თქვა, რომ უნდოდა სხვაგან და გადაიყვანეს კიდეც. როგორც ჩანს, მას თავი ბაღის გამგე ჰგონია და ბაღსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს.

“მათ, ვინც თავის თავს თვლის მოტყუებულად, საქართველოში არის არჩევანი. ნებისმიერ უნივერსიტეტში შეგიძლიათ გააგრძელოთ სწავლა”. – განუცხადა თსუ–ს რექტორმა იმ სტუდენტებს, რომლებსაც ტრანსფარანტები ჰქონდათ მომარჯვებული. ძალიან საინტერესოა, რომელ არჩევანზე ჰქონდა მას საუბარი. თსუ–ს გარდა, მართალია, უამრავი კერძო უნივერსიტეტია, მაგრამ მათი გადასახადი 5000–6000 ლარიდან იწყება და 10000 ლარსაც სცილდება. ალბათ, ეს ბავშვები არ იტყოდნენ უარს ესწავლათ “თავისუფალ უნივერსიტეტში”. დარწმუნებული ვარ, ბატონი ალექსანდრეც სიამოვნებით დაუფინანსებდა მათ სწავლას.

მოკლედ, თბილისში საკმაოდ ცივი ამინდის მიუხედავად, უნივერსიტეტში მაგრად დაცხა. მგონი, წინ საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის.