რას გვეტყვი მაცნევ, რით გაგვახარებ?

ეს სურათი ასახავს სტატისტიკას, თუ რისთვის ვიყენებთ ჩვენ ტელევიზორს. ჩემი ტელევიზორი ახლაც, როცა მე ამ პოსტს ვწერ, ჩართულია და ზუსტად ამ წუთას დავიდ ლუიზმა ლევერკუზენს გაუტანა.

ასეთ მდგომარეობაში ხან ქრონიკას ვუსმენ ხოლმე, ხან კურიერს და იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზორი ჩემს ზურგს უკანაა, კისერი ხშირად მეღრიცება ხოლმე. ის, რასაც ქართულად საინფორმაციო გადაცემა ჰქვია, ერთადერთი და გგანუმეორებელია. ამ ყველაფერს მხოლოდ უნამუსო პროპაგანდა შეიძლება უწოდო. მართალია, კომუნიზმის ეპოქაში არ გავჩენილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმედი და რუსთავი 2 მინიმუმ ტოლს არ უდებენ იმ დროინდელ პირველ არხს.

თუმცა, განსხვავება “ქრონიკასა” და “კურიერს” შორის მაინც შეიმჩნევა. ქრონიკა “ზეციური საქართველოს” ახალ ამბებს აშუქებს, სადაც ყველა მხიარულობს, უდარდელად ცხოვრობს, ყოვედღიურად ათობით ადამიანი საქმდება და მილიონობით ინვესტიცია კეთდება. მაშინ, როდესაც კურიერი უფრო პოლიტიკაზეა ორიენტირებული. ქრონიკა ყოველდღიურად დაახლოებით თხუთმეტ წუთს უთმობს მოდას: აქტუალურ ფერებს, დიზაინერების შთაგონების წყაროებს; ასევე, მისი საშუალებით, ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება უახლესი ცნობები ყველა ჰოლივუდელი ვარსკვლავის მკერდის მდგომარეობის შესახებ( არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი).

როგორც, მაღლა ვთქვით, კურიერი პოლიტიკაზეა ორიენტირებული. მისი უმთავრესი მიზანია ოპოზიციონერების ბრალდებები ხელისუფლების მიმართ გააბათილოს, აფსურდად წარმოაჩინოს. თუ კახა კუკავა ამბობს, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებას აპირებს, კურიერი კახა კუკავას ორ–სამ წინადადებას ათქმევინებს, შემდეგ მერიის ვინმე მაღალჩინოსანს ასაუბრებს თბილისის მერიის გეგმებზე ორი საათი და შემდეგ გოკა გაბაშვილს(რომელიც ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია) ცინიკური გამომეტყველებით ათქმევინებს, რომ ოპოზიცია ზღაპრებს ჰყვება. პარალელურად, ქრონიკა ლინსი ლოჰანის ახალი ძაღლს გვაცნობს.

ქრონიკის კიდევ ერთი გამორჩეულობა კურიერთან შედარებით, არის მისი მიდრეკილება მოიგონოს სენსაციური და შემაშფოთებელი ამბები. მაგალითად, ქრონიკა ჩვენ გვამცნო, რომ ქართველი გოგონებს ანორექსიის ეპიდემია ემოქრებათ.

ბოლოსთვის, მინდა იმ ორი სიუჟეტის შესახებ გითხრათ, რომელზეც დღეს მომეღრიცა კისერი:

1) ქრონიკამ თავის რუბრიკაში “შეშფოთდით ხალხო” გვამცნო, რომ თურმე ნუ იტყვი, სპანჯბობი ყველაზე დიდი დოზით იწვევს ბავშვებში აგრესიას, აქვეითებს ბავშვის განვითარებას და საფრთხეს უქმნის მათ ფსიქიკას. სპანჯბობი! მულტფილმი, რომლის მთავარი გმირიც, გულუბრყვილო, მხიარული და პატიოსანი პერსონაჟია. ეს ამბავი მე განსაკუტრებულად მეწყინა, რადგან ბავშვობაში ჩემი საყვარელი მულტფილმი საზოგადოებისათვის სახიფათოდ გამომიცხადეს.ცუდია, რომ ქრონიკის “ჟურნალისტებს” “ფოქსის” მულტსერიალების შესახებ არაფერი სმენიათ.

2) რეპორტაჟი ქართველ კალათბურთელებზე: თურმე ჩვენ რუსეთთან მინიმალური ანგარიშით წავაგეთ. მინიმალური ანგარიში ნებისმიერ სპორტში გულისხმობს ერთი ქულით განსხვავებას. სინამდვილეში კი, მინიმალურ სხვაობაზე 7–ჯერ მეტი ქულით წავაგეთ. ჩვენ, თურმე ტურნირის ერთ–ერთ ფავორიტთან, უკრაინასთან, 16 ქულით მოვიგეთ. აქ სხვაობა კი სწორად არის აღნიშნული, მაგრამ უკრაინა ტურნირის ერთ–ერთი აუტსაიდერი იყო.

აი ასეთი ყოჩაღია ჩვენი მაცნე.

პ.ს. ეს მოძველებული თემაა, მაგრამ სანამ მოზველდებოდა, იქამდე არ დამიწერია აქ არაფერი და არ მინდა ბლოგი ამ თემის შესახებ დაწერილი პოსტის გარეშე ვაცოცხლო.

პ.პ.ს. ღმერთმა გვიშველოს ყველას!

Advertisements

რუანდა ბლოგერს ღირსების ორდენით დააჯილდოვებს

დღეს, შუადღისას, გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია: ერთ–ერთმა ყირგიზმა ბლოგერმა, აფრიკის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყნის, რუანდას მონახულების შემდეგ თავის ბლოგზე დაწერა ვრცელი პოსტი, სადაც მან შეაქო რუანდაში მიმდინარე ლიბერალური რეფორმები: პოლიციის, უსაფრთხოებისა და კორუფციის კუთხით. მან ხაზი გაუსვა, რომ რუანდაში ყველა პროცესი გამჭირვალეა, და რომ ასეთი რეფორმები ნებისმიერი ქვეყნისათვის სამაგალითოა. იგი, რუანდაში ყოფნისას საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო რუანდას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰნდა უავავაკულუმ. ბლოგერი უსაზღვროდ მოხიბლული დარჩა ქალბატონი ჰნდას მომხიბვლელობითა და ინტელექტით. მინისტრის მოადგილემ, სპეციალურად მისთვის აღმოსავური მუცლის ცეკვაც კი შეასრულა და დღის ბოლოს ინდური მასაჟიც გაუკეთა. ბლოგერი, გუშინწინ, წითელი ხალიჩითა და ყირგიზეთის ოფიციალური ჰიმნის თანხლებით გააცილეს.

ხოლო დღეს, 12 საათზე, რუანდას კულტურისა და მანგოს ხეების დაცვის მინისტრმა ოფიციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუანდის პრეზიდენტი, რომელსაც აფრიკელმა პოლიტიკოსებმა დემოკრატიის პალმის ხე უწოდეს, შორეული ყირგიზეთიდან ჩამოსულ ბლოგერს ღირსებისა და ეროვნული გმირის ორდენებით დააჯილდოვებს.

“ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი აფრიკული ქვეყანა ვართ.”–დასძინა კულტურისა და მანგოს ხეების დაცვის მინისტრმა.

ყირგიზი ბლოგერი თენგიზა, იქნება პირელი ბლოგერი, რომელიც ამ დონის ორდენს მიიღებს. ანონიმურმა წყარომ, ჩვენ ისიც გვამცნო, რომ რუანდაში, ტოტალური გენოციდის მოედანზე, თენგიზას ძელგლის დადგმაც იგეგმება.

პ.ს. ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტაჟი თემაზე