თბილისელი ბეგბედერი

ამას წინათ ფრედერიკ ბეგბედერის “99 ფრანკი” წავიკითხე. ალბათ, ბევრმა გააკეთეთ იგივე, რადგან “50 წიგნის…” ფარგლებში გამოცემული ახალი ტომია. ბეგბედერი ახალგაზრდა ოქტავზე გვიყვება.ოქტავი კოკაინის და მეძავების მოყვარული კრეატიული მენეჯერია(ანუ, რეკლამის შემქმნელი). იგი ხვდება თუ რა საშინელი სამსახური აქვს და ცდილობს უფროსებს სამსახურიდან გამოაგდებინოს თავი.

წიგნში, ძირითადად რეკლამაზეა საუბარი. იმაზე, რომ ჩვენ რეკლამის ტყვეები გავხდით, ვცხოვრობთ მოჩვენებით თავისუფლებაში და სინამდვილეში არჩევანის უფლება აღარ გვაქვს, რადგან იმას ვყიდულობთ, რასაც რეკლამა გვთავაზობს. რომ დავფიქრდეთ, უმეტესწილად მართლაც ასეა. რეკლამა ყველგანაა. ბევრ რამეს ჩვენ იმიტომ კი არ ვყიდულობთ რომ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ რეკლამაში ვნახეთ. წიგნი საინტერესო საკითხავიცაა და შიგადაშიგ ძალიან სასაცილოც თავისი სარკაზმით(რაც მთავარია, თარგმანია კარგი).
ამ წიგნმა ერთი ადამიანი გამახსენა: ლესელიძეზე ვისაც რამდენჯერმე მაინც გაგივლიათ, ან იქვე, სიონთან სკვერში ვინც მჯდარხართ, ერთ ქალს შეამჩნევდით: ხანში შესული ქალია, ასე 60-65 წლის, გახუნებული ცისფერი პალტო აცვია ხოლმე და თითქმის ყოველთვის ხელში პარკი უჭირავს. ქალს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და გამვლელებს უყვირის და ეჩხუბება ხოლმე. მაგრამ წიგნმა იგი იმიტომ გამახსენა, რომ ჩხუბის დროს, თითქმის ყოველთვის ახსენებს რეკლამას: “რომ ჩვენი ცხოვრება რეკლამა გახდა, რომ რეკლამით ვცხოვრობთ.” “ყველა უნიტაზში უნდა ჩაგვყაროს კაცმა და ჩაგვრეცხოთ.” მე და ჩემი მეგობრები ხშირად გამოვლაპარაკებივართ. სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ბელარუსია, ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს და შიგადაშიგ რუსულს ურევს. მართალია ქართველი არ არის, მაგრამ ქართველებზე ძალიან დარდობს, რადგან თვლის, რომ გადაგვარებულები და სახედაკარგულები ვართ. ძველ ქართველობასთან ავლებს პარალელს და ადრინდელ ვაჟკაცებს იხსენებს.
ეს ქალი ბეგბედერის წიგნმა იმიტომ გამახსენა, რომ ორივე ერთიდაიგივეს გვეუბნება: თავიდან ფეხებამდე ქაქებში ვცხოვრობთ.
ტყუილია?

Advertisements

ცეცხლში გამოწრთობილი თაობა

ჩვენ სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით გაკვეთილებს.
ჩვენ შეშის ღუმელზე გვიცხობდნენ ხაჭაპურს.
ჩვენ ყველას გვქონდა რონალდოს ყვითელი მაისური.
ჩვენ ყველა არასაბჭოურ მანქანას ვეძახდით “ფირმას”.
ჩვენ გვეგონა, რომ ჯორდანისა და მეჯიკის გარდა, სხვა კალათბურთელები არ არსებობდნენ.
ჩვენ ვკატაობდით ტროლეიბუსებზე.
ჩვენ არ გვყავდა მანდატურები სკოლაში და გაკვეთილებიდან ტუალეტის ფანჯრიდან ვიპარებოდით.
ჩვენ ვთამაშობდით “ტეკენს”.
ჩვენ მართლა გვიკითხავდნენ ზღაპრებს ძილის წინ, ან ავადმყოფობისას.
ჩვენ ოცთეთრიან ნაყინებს ვჭამდით.
ჩვენ ვბლატაობდით, რომ მამაჩვენებს ტ-10 ჰქონდათ.

ჩემს თაობას ბევრი რამ გამოუცდია. მაგრამ დღეს ეს გამოვლილი პერიოდი უკვე სასარგებლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. იმ დრომ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჭირვება გამოვიარეთ და ამ ყველაფრის მიმართ იმუნიტეტიც გაგვაჩნია. ჩვენ ცეცხლში გამოწრთობილი თაობა ვართ და წყალშიც არ ვიძირებით. ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უტვინოებად გვთვლით და გგონიათ. არცერთმა არ ვიცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი. ჩვენ ვიცით, რომ მარქსი არ იყო ქვეყნის დამაქცევარი და ფროიდი გარყვნილების მეფე. ჩვენ არ ვსვამთ სტალინის სადღეგრძელოებს. ჩვენ არ ვიკეთებთ წამალს და ვიცით, რომ პრეზერვატივი არ ტეხავს. ჩვენთვის ქრთამი დანაშაულია და ბიძაშვილი ნათესავი და არა თანამშრომელი.
მოგწონთ თუ არა, მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არასდროს ჰქონიათ: ინდივიდუალურობა და გახსნილი გონება.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ქვეყნის აშენება. ჩვენ თავისუფლები დავიბადეთ.