თავისუფალი ვარდნა

ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გადახტა. უბრალოდ, ხიდის მოაჯირზე ავიდა და ქვასავით გადაეშვა მდინარეში. მტკვრის მღვრიე წყალმაც მაშინვე გადაყლაპა. ხიდიდან დაახლოებით ოცდაათი მეტრის მოშორებით, ნაპირთან ვდგავარ. ხმას არ ვიღებ, არც ვაპირებ, რომ ამოვიღო.

ხიდზე სამი-ოთხი წუთის წინ შევნიშნე. დილის ხუთი საათია და დანახვისთანავე მივხვდი,  რატომ მოვიდა. ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, მაგრამ სხვებივით ძალას არ იკრებდა, არც ყოყმანობდა. მას მდინარეში გადახტომამდე ნახტომი უკვე ჰქონდა  გაკეთებული. ასეთებს ადვილად გამოარჩევ. ყოყმანის დროს, ადამიანს შეიძლება გადააფიქრებინო, მაგრამ ამისნაირების შეჩერებას აზრი აღარ აქვს. ისინი უკვე ცოცხლები აღარ არიან.  რაღაცაზე ფიქრობდა, ან  იხსენებდა. ცოტა ხანში, ჩემი მზერა დაიჭირა. ლამპიონის შუქზე მისი სახე ნათლად ჩანდა, თვალებიც. ისინი ერთდროულად მემუქრებოდნენ და მემუდარებოდნენ კიდეც, რომ ხელი არ შემეშალა. ის სიკვდილის თავისუფლებას ითხოვდა.

მდინარის ქაფიან ყვითელ ზედაპირზე ალაგ-ალაგ პლასტმასის ბოთლების მეტი არაფერი ჩანს. მტკვრისთვის ისიც უკვე პლასტმასის ბოთლია, ოღონდ მასზე არქიმედეს კანონი ჯერ არ იმოქმედებს. მტკვრისთვის ყველა ერთია: გათავნული მოთამაშე და შვილმკვდარი დედა, გაუპატიურებული ქალიშვილი და გასაუპატიურებელი ბოზი, ფულიანი და უფულო, მოღალატე და ნაღალატარი. ხანდახან ყვითელი, ხანდახან ნეხვისფერი წყალი ყველას იტევს, ყველას ყოფნის. თანაც, სუფთა წყალში ყელამდე მძღნერში ჩაფლული კაცი თავს ვერ დაიხრჩობს. ამისათვის მტკვრისნაირი მდინარე სჭირდება, ისედაც განავლით სავსე მდინარეში სამუდამოდ რომ გაუჩინარდეს.

როგორც ჩანს, ნების თავისუფლება აღსრულებულია. მე ისღა დამრჩენია მყრალ სანაპიროს ცოცხით გავუყვე და სასოწარკვეთილი ხალხის სასაფლაოს დინებას თვალი მივადევნო. დღეს მან თავისი დოზა უკვე მიიღო.

Advertisements

კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

თბილისში ბევრი ხიდია. ყველა მტკვარზეა გადებული და ყველა უშნოა. ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზოგი ფეხებდაგრეხილი იქნებოდა, ზოგი ღიპიანი, ზოგი დიდცხვირა და ასე შემდეგ. უმეტესობას არც არანაირი ისტორია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ყოველ დღე ზურგზე ათასი მანქანა და ათასი კაცი გადაუვლის და გადმოუვლის ხოლმე. ხიდებსაც სხვა რა დარჩენიათ, მობზუებულები მინდობიან თავიანთ ბედს.

მაგრამ, ზოგჯერ თბილისურ ხიდებზეც ხდება საინტერესო ამბები. ამ ქალაქში, ალბათ,ა რ მოიძებნება  ხიდი, რომლიდანაც კაცი მტკვარში არ გადამხტარა თავის მოსაკლავად. ამიტომაც, ბევრ უკანასკნელ ფიქრს და სიტყვას ინახავენ ეს პირქუში ბებრები. ხანდახან საინტერესო დიალოგსაც მოჰკრავენ ხოლმე ყურს მათ ზურგზე მოსეირნეებისაგან.

აი, ახლა, უფერული ცხოვრების მქონე ერთ-ერთ თბილისურ ხიდზე, ორი ახალგაზრდა მოსეირნობს. გოგო და ბიჭი. გოგო, მაღალი, სწორთმიანი, გრძელფეხებიანი და მოხდენილცხვირიანი, ლაღად მოდის. ბიჭი კი, მასზე ერთი თავით დაბალი, სქელწარბიანი, ჩაფსკვნილი და მოკლეკისრიანი, აშკარად აღელვებულია და ლამისაა ნაბიჯიც კი აერიოს.

გოგო:

-იმ კაცის ამბავი იცი, რო დათვრა და ამ ხიდის მოაჯირზე რო დადიოდა?

ბიჭი:

-არა ნინო, არ ვიცი…

ნინო:

-მოგიყვე? დათვრა და მოაჯირზე გადი-გამოდიოდა…

ბიჭი სიტყვას აწყვეტინებს:

-ნინო, ნინო დაიცა რაღაც უნდა გითხრა.

-ხო, კაი, გისმენ დათო.

დათო მთელ თავის ძალღონეს იკრებს, ღრმად ისუნთქავს, ნინოს თავის უხეშ მარჯვენას ხელზე ჰკიდებს და აჩერებს:

-ნინო მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!- ლამის გაჰკივის. ალბათ, ზედმეტი ჰაერი ჩაისუნთქა.

ნინო მაშინვე სიარულს აახლებს. თავს დაბლა ხრის. რამდენიმე წამით თავის მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელს მოძრაობაში აკვირდება. შემდეგ ისევ მაღლა წევს, უყურებს და ეუბნება:

-ის კაცი თან ამბობდა ჩემს ბედს ვცდიო. ხიდიდან გადავარდა. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

-ნინო, მიყვარხარ!!!

-შენ იცი ცურვა?

 

 

პ.ს. მე აქ ვარ, მიყვარხარ და ყველაზე მაღალი ხიდის მოაჯირზეც გავივლი და მტკვარსაც გადავცურავ.

პ.პ.ს.(ჩამატებულია ორი თვის შემდეგ) მოგატყუე.

“მოთამაშე”

ლექციიდან რომ გამოვედი, 10 საათი იქნებოდა. დილით ადრე თბილ აუდიტორიაში ჯდომას, მოსაწყენი ლექციის მოსმენას და ამ დროს ძილისგან თავის შეკავებას გამორჩეული ნიჭი უნდა.მითუმეტეს, როდესაც წინა ღამე თავზე დაგათენდა. მოთმინება მხოლოდ ერთი საათი მეყო. ავდექი და წამოვედი. მეექვსე კორპუსიდან რუსთაველის მეტრომდე სულ ფეხით დავდივარ. ისე შევეჩვიე, რამდენიც არ უნდა მაგვიანდებოდეს ლექციაზე, მაინც ფეხით წავალ. თან ძალიან მიყვარს ხალხზე დაკვირვება. ახლაც ფეხით მივსეირნობ. მოვდივარ ქუჩაში ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე და ჩემნაირს სხვასაც ბევრს ვამჩნევ. უფრო მეტი ახლადგაღვიძებული სახის დაფიქსირება კი, 9 საათისკენ შეიძლება. ამ დროს მოსწავლეებსაც ხვდები და იმ ხალხსაც, რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან. ბევრი ზედმეტი მონდომებით წასმული მაკიაჟით ცდილობს ჩამოშლილი სახის გასწორებას, ზოგი მთელი გზა ამთქნარებს და თვალებს იფშვნიტავს, ზოგსაც კი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია და გაუხეავი კბილებიდან ჯანმრთელობისათვის სახიფათო ღიმილით აჯილდოვებს შემხვედრებს.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოვდიოდი, როდესაც ერთმა კაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება. იქნებოდა ასე 30-35 წლის, დისტროფიკივით გამხდარი იყო. წვრილი ცხვირი, მოკლე თმა და ჩავარდნილი ლოყები ჰქონდა. კაზინოდან გამოდიოდა. ჩვეულებრივ, ადამიანი შენობიდან გამოსვლას და ხუთი-ექვსი საფეხურის ჩავლას ამდენ ხანს არ ანდომებს და არც ამხელა ტრაგიზმს აქსოვს. ყველაფერი ნათელი იყო: მან დიდი ფული წააგო. ეტყობოდა, იმასაც არ უძინია წინა ღამეს. მთელი ეს დრო ალბათ კაზინოში გაატარა. ამ კაზინოს გვერდით მინიმუმ ასჯერ ჩამივლია და ხშირად მინახავს იქიდან გამოსული ხალხი. ერთხელ ისიც შევამჩნიე, როგორ გამოვიდა სამი ახალგზდა გაბადრული სახით და შუა ქუჩაში ასდოლარიანი კუპიურების თვლა დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, კაზინოს სახელი მაინც არ ვიცი. რადგან შენობის შესასვლელი თავზე რკინის დიდი კონსოლით არის დაფარული, რომელიც ქოლგასავით მთელ ტროტუარზეა გადაჭიმული. სწორედ მის წინა ნაწილზეა სახელი მოთავსებული, მე კი მის ქვეშ გავდივარ ხოლმე. მაგრამ თუ არ ვცდები, სახელში “საქართველო” უნდა ერიოს.
კაცი როგორც იქნა ჩამოსცდა კიბეებს, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, წვრილი, გრძელი თითებით გაუკიდა, კოლოფი დაჭმუჭნა და იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ ხელები ისევ გრძელი, გახუნებული ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო, თავი მოხარა და ისე გაუყვა გზას, თითქოს ვიღაცას უკნიდან ეპარებაო. მეც უკან მივყვებოდი. როგორც ჩანს, ერთი გზა გვქონდა და არ მინდოდა მისთვის გადამესწრო. დისტანციას ვიჭერდი და თან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც ძალიან გაცვეთილი ეცვა, მაგრამ ჩანდა, თავის დროზე ძვირად ფასობდნენ. ფიქრებში მისი ცხოვრების სავარაუდო ვარიანტებს ვადგენდი და ვიხილავდი. ყველაზე მართებულად ასეთი ვარიანტი ჩავთვალე: ჩაცმულობა იმაზე მეტყველებდა, რომ ოდესღაც ტანსაცმელში დიდი ფულის გადახდა შეეძლო, აქედან გამომდინარე, თავის დროზე მდიდარი კაცი იქნებოდა, რომელიც თამაშმა გააღარიბა და ტანსაცმელიც გაუცვითა.
მოთამაშე ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. მე კი ნელი ნაბიჯით სიარულს არ ვარ შეჩვეული და ფიქრებში გართული ძალაუნებურად ზოგჯერ ძალიან ვუახლოვდებოდი. ერთხელ კინაღამ უკნიდან დავეჯახე კიდეც. სწორედ მაშინ შევნიშნე მისი გაჭაღარავებული თმა. ჩემი მოკლე ცოდნით, ახალგაზრდა კაცს თმა ორ შემთხვევაში შეიძლება გაუჭაღარავდეს: როდესაც მას რაიმე ნივთიერების ნაკლებობა აქვს, ან როდესაც იგი ბევრს ნერვიულობს. აშკარა იყო, ჩვენს მოთამაშეს ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ერგებოდა. ხშირად მინახავს ასეთი ახალგაზრდები და ისიც კარგად ვიცი რატომ უთეთრდებოდათ ასე სწრაფად თმა გვერდებზე.
როდესაც ჩემი დანიშნულების ადგილს მიაღწია, ერთი წამით დავფიქრდი მეტროში ჩავსულიყავი, თუ კიდევ გავყოლოდი უკან. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე გამეგო საით მიდიოდა. აქამდე უამრავმა ავტობუსმა ჩაიარა, მაგრამ არც გაჩერებაზე მისულა და არც ტაქსისთვის დაუქნევია ხელი. ინტუიცა მკარნახობდა, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
ჩვენ დიდხანს ვიარეთ, ჩავიარეთ მელიქიშვილი, კოსტავა, რუსთაველი. თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელთან ერთი წუთით გაჩერდა, ასე იდგა კიბესთან გაუნძრევლად რამოდენიმე წამი. მერე კი დაბლა ჩავიდა. გავუყევით პუშკინს, ბარათაშვილს, და ბოლოს ხიდთან მივედით. იქ, ხიდზე მიმაგრებული ერთ-ერთი სტატუას გვერდით დადგა. უცნაური სტატუებია. თითქოს პლასტერინისგან იყვნენ გამოძერწილი. საღებავიც ასეთი უსვიათ. მოთამაშე სწორედ იმ სტატუასთან დადგა, რომელიც ვითომ წყალში ხტებოდა. ცხადი იყო რის გაკეთებასაც აპირებდა. მე შემეშინდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის ხიდის შუაში იდგა, მე ბოლოში. ახლოს მისვლასაც ვერ ვბედავდი. ან რა უნდა მეთქვა? “გამარჯობა, მე კაზინოდან მოყოლებული უკან მოგყვებით და წყალში არ გადახტეთ!” იქნებ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას, იქნებ სულაც არ წაეგო ფული, იქნებ სულაც არ იყო თავის დროზე მდიდარი და იქნებ სულაც არ გაღატაკებულა თამაშის გამო. იქნებ უბრალო ადამიანი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ასე აჩრდილივით სიარულიც მისი მანერა იყო. იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ის დავინახე, რისი დანახვაც მინდოდა. სწორიც რომ ვყოფილიყავი, განა რას გავაკეთებდი? მდინარეში გადავმხტარიყავი საშველად? ამ შემთხვევაში, იქნებ მე უფრო დავმხრჩვალიყავი ვიდრე ის. ერთადერთი რამ მომაფიქრდა აზრად: თუ მართლა გადახტებოდა “პატრულის” ყვირილს დავიწყებდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ ბოლო წლებში ყველა ასე აკეთებს და თანაც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. სუპერმენს რომ ეძახიან საშველად და ისიც ორ წამში იქ რომ გაჩნდება სადაც არ უნდა იყოს, პატრულზეც ასეა. ყოველ შემთხვევაში მყვირალი ამ იმედით ყვირის. მეც პატრულის იმედად ვიყავი დარჩენილი.
გულში იმაზე ვჯავრობდი, რატომ არ მიყვარდა წყალი და რატომ არ მომდომებია არასდროს ცურვა კარგად მესწავლა. ყოველთვის მერჩივნა, ნაპირთან ვმჯდარიყავი და ზღვის ხმისთვის მესმინა, როცა ჩემი მეგობრები წერტილებად მოჩანდნენ ჰორიზონტთან ახლოს. ამიტომაც ვისიცხებოდი ყველაზე ხშირად მარტო მე. ახლა კი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი პატრულის ეკიპაჟისთვის რომ მომეკრა სადმე თვალი, თუმცა არც მოთამაშე მავიწყდებოდა. ის კი, იდგა კვლავ გაშეშებული და მტკვარს ჩასცქეროდა, თითქოს ამ ატალახებულ, ყავისფერ წყალში ფსკერს უყურებსო. დამუღამებული ჰქონდა ეს გაშეშებით დგომა. რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, ალბათ არც სუნთქავსო. მე ჩემს გასაჭირში ვიყავი როდესაც სრულიად მოულოდნელად თავი სწრაფად გაასწორა და მის სახეზე ღიმილი დავინახე. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში ჰქონდა მრავალმნიშვნელოვნად აღმართული. ვიფიქრე, სადაცაა მისი თავის გვერდით ანთებულ ნათურას ჩააქრობს მაგ ხელით-მეთქი. ღიმილი სახეზე არ მოშორებია.
ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო, გაშალა ერთხანს აწვალა, ალბათ ვიღაც გადაკარგულის ნომერს ეძებდა, შემდეგ კი დარეკა და მობილური ყურზე მიიდო. ღიმილი ისევ თავის ადგილას იყო. მობილური მალევე დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ალბათ, მასაც ის ხმა მოესმა, რაც მეც ასე ხშირად მესმის ხოლმე და რომელიც ყველას გვამცნობს ხმოვანი სიგნალი, რომ უფულობის გამო უარი გვითხრეს ზარის განხორციელებაზე. ეს “ტუ-ტუ-ტუ” დაახლოებით ასე იშიფრება:“ნება იბოძეთ, და ჯერ ანგარიში შეავსეთ, გეთაყვა!” აი, ასე ზრდილობიანად. არადა, “ტუ-ტუ-ტუუ” ხომ ზუსტადაც რომ არაზრდილობიანი სიტყვების დაფარვის ყველაზე ხშირადგამოყენებადი საშუალებაა. ესე იგი, რა გამოდის? მობილური ოპერატორი ამ დროს გვაგინებს? მე, მაინც იხტიბარს არ გავიტეხ და პირველ ვერსიაზე შევჩერდები.
წინანდელთან შედარებით, კონტრასტული განწყობა არ შესცვლია და არც აჩრდილივით და ქურდივით მოკუნტულს გაუგრძელებია გზა. მხრებში გაიმართა, და ლაღი ნაბიჯებით ანჩისხატის მხარეს გადავიდა. ვიფიქრე, მგონი ეშველა-მეთქი და მეც ავტობუსების გაჩერებისკენ გავსწიე. თან გულში საკუთარი თავის მრცხვენოდა, იქნებ ყველაფერი მართლა მე მოვიგონე-მეთქი.
საღამო იყო, ექვსს გადასცდენოდა და მეც 6 საათიან ლექციაზე მაგვიანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით, ისევ უავტობუსოდ მივდიოდი. ვიცოდი, ლექტორი დაგვიანების გამო არ დამტოვებდა აუდიტორიის გარეთ, მაგრამ მაინც სწრაფად მივდიოდი. ყველა ასე აკეთებს რომ აგვიანდება, რომც არ იყოს დაგვიანება პრობლემა. ეს, ალბათ გამომუშავებული ინსტინქტი, ან რამე ამდაგვარია. ასეთი ტერმინების მორგება კარგად არ გამომდის.
იმ კაზინოს მივუახლოვდი, და რას ვხედავ?! ჩვენი მოთამაშე ისევ იქაა. ოღონდ ახლა სახით შესასვლელისკენ დგას, ტროტუარის მეორე მხარეს და კარს მისჩერებია, ისევ ისე, გაუნძრევლად, სუნთქვის გარეშე. წვრილ ხელში სიგარეტი უჭირავს. როგორც ჩანს ერთ-ორი ნაპაზი გამოურტყია და იმის მერე თვითონაც გაშეშებულა და სიგარეტიც ხელში გაუშეშებია. ძალაუნებურად, მეც ადგილზე გავქვავდი და თითქოს სუნთქვა შემეკრა. ველოდებოდი რას იზამდა. მოულოდნელად, ალბათ მზერა იგრძნო, გამომხედა. მე დავიბენი, თვალი სწრაფად მოვაშორე და გზის მეორე მხარეს გადავედი. ისეთი ადგილი შევარჩიე, მისთვის შეუმჩნეველი რომ ვყოფილიყავი. სულ დამავიწყდა, რომ მაგვიანდებოდა, მაგრამ ლექცია მოიცდიდა. იდგა ასე, იდგა დაახლოებით ორი წუთი, სანამ სიგარეტი თითებამდე არ ჩაიწვა და ნამწვავმა თითი არ დაუწვა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. ხელი სწრაფად გაიქნია და შემდეგ დამწვარი თითი პირში ჩაიდო. მერე ხელები ისევ ქურთუკში ჩაიწყო, ისევ ქურდულად მოიკუნტა, ერთი-ორი ისკუპა და კაზინოს კარს უკან გაუჩინარდა.
მაშინღა მივხვდი რამ გაახარა ასე დილით, მტკვარს რომ ჩაჰყურებდა დიდის ამბით. მან ის ადამიანი გამონახა, ვინც ფულს ასესხებდა და ამით ცხოვრება გაუხანგრძლივა.
მეორე დღეს ლექციები შუადღით მქონდა და დილით რაღათქმაუნდა ლოგინში დავრჩი. ძალიან კი მაინტერესებდა როგორი სახე ექნებოდა დილით ისევ რომ გამოვიდოდა კაზინოდან ხელცარიელი. იქნებ, სულაც ამჯერად მოეგო და გამდიდრებულიყო. იქნებ, ამჯერად ფულის სესხების ვარიანტები ამოსწურვოდა და ისევ მტკვრისკენ გაჰყოლოდა გზას. იმის მერე იქ რომ გავივლი, თვალი კაზინოს კარისკენ გამირბის, მაგრამ ის აღარ შემინიშნავს.