“თანამონაწილე”

“დღეს შაბათია, სან ანტონიოს დროით, 21 საათი.” –აუწყა ტელევიზორმა ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტის ხმით სან ანტონიოს ერთ-ერთი განყოფილების ოფიცრებს, რომლებიც ეს ესაა სმენას ამთავრებდნენ და შინისაკენ მიემართებოდნენ.
-ოჰ, დენი, დენი! როგორ არ გაგიმართლა საბრალო! შენ ხომ აქ მოგიწევს ჩვენი “სპურების” მეშვიდე ფინალის ყურება დეტროიტის “პისტონების” წინააღმდეგ.-ტყუილი თანაგრძნობითა და ირონიული ღიმილით შეეგება ერთ-ერთი სმენადამთავრებული ოფიცერი ახლადმოსულს.
-შენ მაგაზე ნუ იღელვებ.-სულაც არ მაინტერესებს კალათბურთი.-თქვა დენიმ, მაგრამ თვითონაც მიხვდა რომ ძალიან არადამაჯერებლად გამოუვიდა.
-როგორც შენ იტყვი დენი, სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ.-უთხრა კოლეგამ და ხარხარით თავისი მანქანისაკენ გაემართა.
“ეშმაკმაც დაწყევლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქალაქის ისტორიაში, და ამ სულელურ ადგილას ჩერჩეტ პენსიონერ ოფიცრებთან ერთად მომიწევს ყურყუტი. ალბათ უკანასკნელი კალათბურთელი, რომლის მატჩსაც ამათ უყურეს, ჩემბერლენი იყო, ჯერ კიდევ “ჰარლემ გლობტროტერსის” დროს”-გაიფიქრა და ჩაეცინა კიდეც.
დენის იმ დღეს ღამის მორიგეობა მოუწია. წესით, მისი ჯერი შემდეგ იყო, მაგრამ კვირას იგი ერთკვირიან შვებულებაში გადიოდა. ამიტომაც თავისი მორიგეობა სხვას გადაუცვალა. თავს იმით ინუგეშებდა, რომ ერთ დღეში, ამ დროს უკვე ფლორიდაში იქნებოდა თავის მეუღლესთან, სარასთან ერთად. რამდენი წელი ოცნებობდნენ ამ მოგზაურობაზე. საბოლოოდ დენის ეს არამარტო რამოდენიმე თვის დანაზოგად, არამედ საყვარელი მატჩზე დასწრებაზე უარის თქმადაც დაუჯდა.
ოფისში სულ ექვსნი იყვნენ. ორი ოპერატორი ქალი და ოთხი ოფიცერი გამოძახებისათვის. დენი ტელევიზორის წინ იჯდა და მატჩამდელ გადაცემას უყურებდა. მოს გარდა, განყოფილებაში ფინალები სხვა არავის აინტერესებდა. დანარჩენი ოფიცრები ბანქოს თამაშობდნენ, ხოლო ერთი ოპერატორი მეორეს თავისი ძაღლის ავადმყოფობის სევდიან ისტორიას უყვებოდა.
სწორედ იმ დროს, როდესაც პარკეტზე მოთამაშეები გასახურებლად გამოვიდნენ, განყოფილებაში ზარის ხმა გაისმა. დენის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ტელეფონთან ერთად, მისი სხეულიც ზანზარებდა. უცებ, წარმოიდგინა როგორ მოუწევდა გამოძახებაზე წასვლა. ალბათ, მთლიან პირველ პერიოდს გამოტოვებდა. ამის გაფიქრებაზე ტანში ჟუიანტელმა დაუარა. დანარჩენმა ოფიცრებმა ერთდროულად გადმოხედეს კაუბოის მზერით. წამით, თითქოს ისინი, სან ანტონიოს ქვიშიან ქუჩაში იდგნენ, ერთმანეთის პირისპირ და საათის თორმეტჯერ ჩამოკვრას ელოდნენ, რათა საბედისწერო გასროლა განეხორციელებინათ.
დენიმ იცოდა ახლა რაც მოხდებოდა, ყველამ იცოდა. ოპერატორმა ქალმა სასწრაფოდ ამოიღო უჯრიდან საგანგებოდ შენახული ოთხი ჩხირი, ერთი საგრძნმობლად დაამოკლა და ხელში ისე დაიჭირა, რომ ყველა თანაბრად გამოჩენილიყო. შემდეგ ოფიცრებთან მივიდა. ოთხივე ერთ ხაზზე ჩამწკრივდა და სამ თვლაზე ერთდროულად ამოიღო ჩხირი. დენიმ პირი დააღო, მაგრამ სიმწრისგან ენა ჩაუვარდა – მას ყველაზე მოკლე შეხვდა.
მიუხედავად უამრავი ხვეწნა-მუდარისა თუ შეთავაზებისა, ვერცერთი ოფიცრის დათანხმება ვერ შეძლო, რომ მის მაგივრად წასულიყო. ჩხირების რიტუალი ამ განყოფილებაში ერთგვარი წმინდა რიტუალი იყო და განაჩენის დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
-დიკსონის ქუჩაიდან დარეკეს, მოქალაქემ შეგვატყობინა, რომ მისი მოპირდაპირე მეზობლის სახლიდან ხმაური ისმის. მოქალაქე ნერვიულობს, რადგან ამბობს რომ ოჯახის უფროსი ბოლო დროს უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა. ეშინია ოჯახის წევრებს რამე ხომ არ ავნო. წადი და შეამოწმე. 20-ე ბინაა.–უთხრა ოპერატორმა.
-“20 – ეს ხომ ჯინობილის მაისურის ნომერია. კარგის ნიშანი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, ახირებული ბებერი მეზობლის მოჩვენებები იქნება, სხვა არაფერი.”-გაიფიქრა თავისთვის დენიმ და უსიტყვოდ გაემართა გასასვლელისკენ.
10 წუთის შემდეგ, იგი საპატრულო მანქანაში იჯდა და ოც ნომერ ბინას ეძებდა. სახლი მთლიანად ჩაბნელებული დახვდა. მანქანა მის წინ გააჩერა, ფარანი აიღო, აანთო და სახლისაკენ გაემართა. კართან მივიდა და მოუთმენდალ, რამდენჯერმე დარეკა ზარი. მაგრამ კართან არავინ მისულა. შემდეგ ძლიერად დააბრახუნა. დაახლოებით 2 წუთში ფეხის ხმა გაიგო. კარი მამაკაცმა გაუღო, დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, წვერგაუპარსავი, თმა შუბლის მაღლა, გვერდებზე გაცვენილი ჰქონდა. დენის მისი ჩაცმულობა ეუცნაურო. მას ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი ეცვა ხოლო ზემოდან აბაზანის ხალათი. გადაწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ საჭირო კითხვები დაესვა და სწრაფად დაბრუნებულიყო განყოფილებაში, ამიტომაც ამას ყურადღება დიდად არ მიაქცია . მამაკაცმა მშვიდად მიმართა:
-რით შემიძლია დაგეხმაროთ ოფიცერო?
-გამარჯობა მისტერ…
-მისტერ კარტერ.
-დიახ, მისტერ კარტერ. მეზობლებს თქვენი სახლიდან გამოსული ხმაური აწუხებთ. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ ყველაფერი წესრიგშია?
-ოჰ, მაპატიეთ ოფიცერო. საქმე ისაა, რომ სულ ახლახანს შევიტყვეთ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩაირიცხვის ამბავი. ხომ გესმით ეს რამხელა ბედნიერებაა? ჩვენ დიდი ხანი ველოდით ამას.
-აჰა, ახლა გასაგებია ხმაურის მიზეზი. საამაყოდ გქონიათ საქმე! – გაეღიმა დენის – ჩემგან მიულოცეთ თქვეს ქალიშვილს.
-აუცილებლად…
დენი ისმიყო წასვლას აპირებდა, რომ უეცრად ხალათის მანჟეტზე, რომელიც მამაკაცის ხელს ფარავდა, სისხლი შენიშნა.
-მისტერ კარტერ. ხელიდან სისხლი რატომ გდით?–
-სამზარეულოში გავიჭერი, სერიოზული არაფერია, ზუსტად ახლა ვაპირებდი შეხვევას. ხვალ ამ მოვლენის გრანდიოზულად აღნიშვნას ვაპირებთ და…
-კარგით, კარგით. ხელს აღარ შეგიშლით! ღამე მშვიდობისა მისტერ კარტერ. ბოდიში შეწუხებისათვის.
-ღამე მშვიდობისა ოფიცერო.-დაემშვიდობა მამაკაცი და კარი მოკეტა.
დენი მანქანაში ჩაჯდა, ცენტრს მოახსენა ყველაფერი და განყოფილებისაკენ სწრაფად გაეშურა. გაუხარდა, ასე სწრაფად რომ მოიხადა თავისი ვალდებულება. გზაში ფიქრობდა, მეორე პერიოდის დასაწყისს თუ მიასწრებდა.
განყოფილებაში რომ მივიდა, მართლაც, მეორე პერიოდის დასაწყისი იყო. მაშინვე თავისი ძველი ადგილი დაკავა და კარტერების ოჯახი აღარც გახსენებია.
ორშაბათ დილას, დენიმ უკვე ფლორიდაში, სასტუმროს ნომერში გაიღვიძა. გვერდით მისი ცოლი ღრმა ძილს მისცემოდა. დენიმ რეცეფციაში დარეკა და დილის გაზეთი ითხოვა. 15 წუთში კარზე კაკუნი გაისმა. დენი ლოგინიდან წამოდგა და კარი გააღო. ეს ბელბოი იყო დილის გაზეთით ხელში. დენიმ მას ხუთდოლარიანი აჩუქა და გაისტუმრა. შემდეგ ტახტზე ჩამოჯდა და გაზეთი გადაშალა. სპორტის გვერდზე დაბეჭდილმა სათაურმა: “სან ანტონიოს ნანატრი ტიტული” – კმაყოფილების ღიმილი მოგჰგვარა. შემდეგ გვერდზე კი, ისევ თავისი ქალაქის სახელი ამოიკითხა: “საზარელი მკვლელობა სან ანტონიოში: მამაკაცმა საკუთარი ცოლი და ქალიშვილი დანით მოკლა”. დენის გული აუჩქარდა, ოფლმა დაასხა, თითქოს წინასწარ მიხვდა, რა ეწერებოდა სტატიაში:
“შაბათს, დაახლოებით 22 საათზე, სან ანტონიოში, დიკსონის ქუჩაზე მცხოვრებმა ბილ კარტერმა სიცოცხლეს გამოასალმა ცოლი და ერთადერთი ქალიშვილი, როუზი და სინდი კარტერები. გვამები კვირას, 13 საათზე, კარტერების ბინის სამზარეულოში აღმოაჩინეს. თავად კარტერი, პოლიციას ბინაშივე დახვდა. იგი მისაღებ ოთახში დივანზე, გაუნძრევლად იჯდა და იღიმოდა. ქალიშვილის გვამს ძალადობის კვალი ეტყობა, რის საფუძველზეც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბილ კარტერი ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის განხორციელებას ცდილობდა. მათივე ვერსიით, როუზი კარტერმა ქმრის შეჩერება სცადა და მას ხელზე დანით ჭრილობაც მიაყენა, რამაც მამაკაცში კიდევ უფრო დიდი აგრესია გამოიწვია და მან ცოლ-შვილს ჯერ სცემა, თოკით დააბა და პირი აუკრა, შემდეგ კი ორივეს ყელი გამოჭრა. ჯერჯერობით დგინდება, არის თუ არა ბილ კარტერი სულიერად დაავადებული. ჩვენ გვაცნობეს, რომ მკვლელობამდე რამოდენიმე წუთით ადრე კარტერები სან ანტონიოს პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა შეამოწმა, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა. დროებით, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდება, რადგან იგი გუშინ შვებულებაში გავიდა.”
დენიმ აკანკალებული ხელებით დადო გაზეთი მაგიდაზე. ამ დროს ოთახში სარა შემოვიდა:
-საყვარელო, რა მოგივიდა, სულ გაფითრდი.-უთხრა შეშინებული ხმით ცოლმა და მასთან მივიდა.
-არაფერი სარა, ყავა მომიდუღე რა.

Advertisements

“მე ვიცი, ვინ მოკლა მებაღე”

სემი ისევ სახურავზე ზის. ისევ გაჰყურებს ქუჩაში ჩამწკრივებულ ხეებს და სიგარეტს აბოლებს. ასე მაშინ იქცევა, როდესაც რაღაცაზე ღელავს. მშობლებმა იციან, როდის ეწევა, და ისიც იციან, როდის ადის სახურავზე. მაგრამ ჯეიმსი და დებრა ამ დროს მას მარტოს ტოვებენ და არ აწუხებენ. ესმით, რომ ასე უკეთესია.

სემის ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. დებრა ორმოცდაერთისაა ჯეიმსი კი, მასზე მხოლოდ რამოდენიმე თვით დიდი. ერთმანეთი ვერმონტის უნივერსიტეტში გაიცნეს და მას შემდეგ არც დაცილებულან. ისინი ბენინგტონში ცხოვრობენ. პატარა ქალაქია, ოციათასამდე მაცხოვრებელს თუ მოუყრის კაცი თავს. წყნარია და არაფრით საინტერესო. მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ აქ 300 წლის წინ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ამერიკელები ჯორჯ მესამის არმიას შეებრძოლნენ. მაგრამ სინამდვილეში ეს ბრძოლა ბენინგტონშიც კი არ მომხდარა, ის ქალაქიდან 10 მილის დაშორებით იყო, მიწაზე, რომელიც ნიუ–იორკის შტატად ითვლება. აი, ასეთი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია ამ უბრალო ქალაქს. რაც შეეხებათ დებრას და ჯეიმსს, ისინიც უბრალო ბენინგტონელები არიან. ჯეიმსი აქ გაიზარდა, მამა ვიეტნამის ომის შემდეგ არ დაბრუნებულა. მაშინ სულ პატარა იყო და არც ახსოვს როგორ ჩაიკეცა დედამისი, როდესაც სახლის კართან ორი ოფიცერი დაინახა. დედა კი, სულ რამოდენიმე წლის წინ კიბოთი გარდაიცვალა. ჯეიმსს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არ უნდოდა ბენინგტონში დაბრუნება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ცოლ–ქმარს სახლი სჭირდებოდათ, თანაც ვერმონტში, სხვა ქალაქებიც დიდად არ განსხვავდება ბენინგტონისგან. ჯეიმსს ანტიკვარიატის პატარა მაღაზია აქვს. უყვარს ძველი ნივთები, საერთოდ, სიძველე უყვარს და ამიტომაც ჩააბარა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე,სადაც დებრა გაიცნო. ორივე არქეოლოგობაზე და უდიდეს აღმოჩენებზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ მათმა ოცნებან ბენინგტონში მიიყვანა. ფუნჯები და გამადიდებელი შუშები დაივიწყეს, და შვილის აღზრდას მიჰყვეს ხელი. სემი მათი ერთადერთი შვილია, და როგორც ქართულ ზღაპრებში იტყვიან, მშობლებს მზე და მთვარე ამოსდით მასზე. ყოველთვის ცდილობენ მის გაგებას. ამისათვის უამრავ სახელმძღვანელოსაც კი ყიდულობენ და კითხულობენ: თინეიჯერების პრობლემებზე, მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ განვითარებაზე და ა.შ.
სემი მშობლებს მოსაწყენად თვლის და მათთან დიდ დროს არ ატარებს. ის თანაკლასელებთან მეგობრობს და უმეტესად, მათთან ერთადაა. სემი 17 წლისაა. უკვე სკოლას ამთავრებს და კოლეჯისკენ უნდა გაუყვეს გზას, თუმცა ვერ აურჩევია რა გზით სურს გააგრძელოს ცხოვრება. და საერთოდ, განა კი სჭირდება ეს იდიოტური კოლეჯი? ის ხომ როკ–მუსიკოსობასა და ბევრ გოგონაზე ოცნებობს.
სემის საუკეთესო მეგობარს ჯესი ჰქვია, ჯესი ჯენკინსი. ეს ჯესი ერთი გაზულუქებული ბავშვია მდიდარი ოჯახიდან. ბენინგტონში მდიდარი ოჯახები იშვიათობაა, ამიტომაც ჯენკინსები აქ ყველამ იცის. ჯესის მამა ფეხსაცმლის დიდ ქარხანას ფლობს, რომელიც მისი ბაბუის დაარსებულია. ჯესი ზრდილობიანი ქცევებით არ გამოირჩევა. ბევრჯერ უსაყვედურია მისთვის სკოლის დირექტორს, მაგრამ მამამისთან საუბარს ვერ ბედავდა, ამიტომაც მისი მშობლები ამას ვერ იგებდნენ. ერთხელ, მე–8 კლასში, ჯესიმ ბიოლოგიის გაკვეთილზე ბაყაყების აკვარიუმი გატეხა. მას შემდეგ მათი კლასელი გოგონები შიშისგან ორი გაკვეთილი მერხებზე ისხდნენ.

***

იმ დღეს, ჯესიმ სემის დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. სახლში მარტონი იყვნენ. ჯესი და სემი მისაღებ ოთახში ისხდნენ, რომელიც ბაღს უყურებდა. ბაღში კი, მოხუცი მებაღე ბუჩქებს კრეჭდა.
–სემ, იცი ჯიპერს–კრიპერსისგან რა ვიყიდე?
–სავარაუდოდ, მარიხუანა. სხვას რას იყიდდი მისგან.
ჯესი და სემი ხშირად ეწეოდნენ მარიხუანას როდესაც ჯენკინსები სადმე მიდიოდნენ უიქენდებზე.
–არა, ეს უფრო მაგარია ვიდრე მარიხუანა.
–რას გულისხმობ?– სემი სავარძლიდან წამოიწია.
–აი შეხედე! ამას შპრიცში ჩაასხამ, და მერე ვენაში გაიკეთებ. კრიპერსმა მითხრა, ყველაზე მაგარი კაიფი ამას აქვსო.
–სულ გასულელდი?!
–რა მოგივიდა სემ?! გეშინია?–გაეღიმა ჯესის.
–ჯეს, შენ კარგად იცი რომ მე მაგ რაღაცას არ გავიკეთებ!
–ჰაჰა, ესეიგი შეგეშინდა.სემუელს ნემსის ეშინია. კუ–კუ–კუუ, ქათამი სემი!
ჯესი იცინოდა და თან შპრიცებში თანაბარი რაოდენობის წამალი შეჰყავდა.
–არაფრისაც არ მეშინია! უბრალოდ…
–აჰა, და დაამმტკიცე რომ ქათამი არ ხარ! ერთხელ არაფერს არ გიზამს, დამიჯერე!
სემი ყოყმანობდა, თუმცა მაინც გაუწოდა ხელი ჯესის და შპრიცი გამოართვა.
–მზად ხარ? ეს ერთად გავაკეთოთ! ერთი, ორი, საა…ააჰ! რა მაგარია! უკვე ვგრძნობ…
–ბიჭებო, რას აკეთებთ?!– შემოსასვლელიდან გაოცებული მებაღის ხმა გაისმა. ჯესი და სემი დამფრთხლები წამოხტნენ. სახეზე არცერთს ფერი არ ედო. სემის ასე ეგონა, ახლა გული წამივაო, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა.
–თქვენ რა, ნარკომანები ხართ?–ჰკითხა მოხუცმა.
–არა სერ, ეს,ეს…
–არაფრის ახსნა არაა საჭირო ჯესი, ყველაფერი ნათელია! იცოდე, მისტერ ჯენკინს ამას მისი ჩამოსვლისთანავე მოვახსენებ.
ჯესი მთლად გაფითრდა. იცოდა, მამამისი ამას თუ გაიგებდა, ჯერ ქამრით სცემდა, შემდეგ კი სახლიდან გააგდებდა. უსათუოდ გააგდებდა. რა ექნა? ალბათ ესსექსში მოუწევდა, მსუქან დეიდა ლინდასთან წასვლა. მას კი მსუქანი დეიდა ლინდა ჭირივით ეზიზღებოდა. არა, არა ეს ამბავი მამამისმა არ უნდა გაიგოს.
–ჰეი, მოხუცო, იქნებ თანხაზე შევთანხმდეთ, რას იტყვი? თუ ხმას არ ამოიღბ, მამაჩემი რამდენსაც გიხდის, ორმაგს გადაგიხდი, სამმაგს.
–ყველა თქვენნაირი ფულის მონა არაა  ჯენკინს. მამაშენი ამ ამბავს უსათუოდ გაიგებს, და დარწმუნებული ვარ, შესაბამისადაც დაგსჯის!
სემი სავარძელში ჩამჯდარიყო, თავი ჩაექინდრა, პირი გაეღო და ასე იჯდა გაუნძრევლად. მას საუბარი ესმოდა, მაგრამ თავად ლაპარაკის თავი არ ჰქონდა…
–სეემ, სემი, სემუეელ! გამოფხიზლდი ბიჭო, რა მოგივიდა!
–აჰ, მუცელი მტკივა, მგონი მოვიწამლე.
–სემ, აზრზე მოდი! შარში ვართ, გესმის? დიდ შარში!
–ვიცი ხო, რა უნდა ვქნათ? იმ მისტერს ფული არ უნდა?
–ის მისტერი მკვდარია სემ, მკვდარი.
–რა? რანაირად, რანაირად მოკვდა?– სემი განცვიფრდა.
–მე მოვკალი სემ! ვერ დავუშვებდი, რომ ეს ამბავი მამაჩემს გაეგო. იმ სულელს კი ფული არ უნდოდა, რა უნდა მექნა?
–კი, მაგრამ რანაირად?
–ვიცოდი სად ინახავდა მამაჩემი თავის რევოლვერს. იმით მოვკალი.
–და.. ახლა რა ვქნათ?
–განა ვერ ხვდები? გვამი უნდა გადავმალოთ.
–სად?
–წამოდი, ჯერ მანქანაში უნდა ჩავდოთ. სულ რამოდენიმე წუთი, რამოდენიმე რწყევა, და სემი უკეთესად გრძნობდა თავს. ძლივს–ძლივობთ ჩადეს გვამი ჯესის პიკაპში და ზემოდან ბრეზენტი დააფარეს.
–ახლა საით, ჯეს?–შეშინებულმა და დაბნეულმა ჰკითხა სემიმ.
-არ ვიცი, რამე უნდა მოვიფიქროთ, და სასწრაფოდ!
–იქნებ, იქნებ დაგვეწვა?
–მე უკეთესი აზრი მაქვს.–ჯესის პირზე სიცილი უთამაშებდა, სწორედ ისეთი ფილმებში ბოროტმოქმედებს რომ აქვთ ხოლმე.
–რა აზრი, ჯეს? ამოღერღე, გელოდები!
–გახსოვს, ერთხელ ქალაქგარეთ, მინდორში მიტოვებული ფერმა რომ ვნახეთ?
–კი, მყრალი ფერმა რომ იყო. ახლაც მახოსვს ის საშინელი სუნი.ფუფ, მგონი ისევ გული მერევა!–სემიმ პიკაპიდან თავი გადაყო და გვარიანად არწყია.
–ხოდა, ახლავე იქ წავალთ და იქვე რომ ჭა იყო, იქ ჩავაგდოთ.
–კარგი ჯეს, წავიდეთ, ოღონდ მალე, ძალიან ცუდად ვარ ჯეს. მართლა ცუდად ვარ.
– რა იყო სემი, თავი ხელში აიყვანე! განა რა იყო ასეთი?!
–კი მაგრამ, შენ რატომ არაფერი გჭირს? თავბრუც კი არ გეხვევა?
–სულელო, მე არ გამოკეთებია, ვერ მოვასწარი. სწორედ იმ დროს დაგვადგა თავს ის ოხერი მებაღე.
–რაა? არ გაგიკეთებია? აბა “აუ რა მაგარია, უკვე ვგრძნობო” რომ თქვი?
–მაგას სპეციალურად ვამბობდი, შენ რომ გაგეკეთებინა.
–იდიოტი ხარ ჯეს, ნამდვილი გაიძვერა და იდიოტი. რომ იცოდე, როგორ მინდა რომ გცემო. ხომ იცი, რომ ძალიან მინდა?
–ჰო,ჰო მოკეტე და წყნარად იჯექი, აქედან უკვე შორს არაა მყრალი ფერმა.
–დარწმუნებული ვარ, კიდევ ვარწყევ იქ რომ მივალთ.
10 წუთში ბიჭები მიტოვებულ ფერმასთან იყვნენ. ჯესი მანქანიდან გადავიდა და მიდამოები დაათვარიელა, ვინმე რომ არ ყოფილიყო იქვე. შემდეგ მანქანა ფერმაში შეიყვანეს, ზედ ჭას მიაყენეს და გვამი თავით გადაუშვეს ღრმა, ბნელ ჭაში.
–როგორც ჩანს საკმაოდ ღრმაა. რას იტყვი?
–ხო, ღმაა… ჯეს გთხოვ სწრაფად წავიდეთ აქედან თორემ ამ სუნს ვერ ვიტან!
–კარგი, კარგი წამო.
გზაში ორივე დუმდა, ან კი, რა უნდა ეთქვათ? ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდა. ბოლოს, ბენინგტონს რომ მიუახლოვდნენ, სემიმ დუმილი დაარღვია:
–რა ერქვა, ის მაინც იცი?
–ტომპსონი თუ ჯონსონი. რაღაც ასეთი, ზუსტად აღარ მახსოვს.
–რა იდიოტი ხარ ჯეს, ტომპსონსა და ჯონსონს შორის რამხელა განსხვავებაა. სულ ეს იცი?
–მარტო ცხოვრობდა, ბევრს არავის იცნობდა, მეზობლებიც ცოტა ჰყავდა. მოკლედ, ალბათ ვერც ვერავინ შეამჩნესვს მაგის გაუჩინარებას. და, საერთოდ, შემეშვი რა, ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე, საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. გაიგე?!
–კარგი,კარგი დამშვიდდი. ორივე უნდა დავმშვიდდეთ.
–სემი, პირობა მომეცი რომ ამაზე არავისთან, არასდროს არ ილაპარეკებ. სერიოზულად, სემ. პირობა მომეცი, რომ ამას ჩვენს მეტი ვერავინ გაიგებს!
–შენ რა, გგონია მე ნაკლებ შარში ვარ? რათქმაუნდა ამას არავის არ ვეტყვი. ეს ჩვენ შორის რჩება, სამუდამოდ. პირობას გაძლევ, მეგობარო!
–ძალიან კარგი!–ჯესის ისევ გაეღიმა, ოღონდ ახლა კმაყოფილების ღიმილი იყო მის სახეზე.

***

მას შემდეგ ორი თვე გავიდა. სემი აქამდეც ადიდოდა სახურავზე, მაგრამ ეს ორი თვეა, თითქმის ყოველდღე ადის, სიგარეტს ეწევა და “პინკ ფლოიდს” უსმენს ხმამაღლა. ჯეიმზი და დებრაც ერიდებიან, ეშინიათ სიტუაცია არ გაამწვავონ. ასე ერთი ფსიქოლოგის წიგნში ეწერა. “ამ დროს, მიეცით მათ სრული თავისუფლება, დაე იფიქრონ საკუთარ პრობლემებზე, და თავადვე გამონახონ გამოსავალი სიტუაციიდან.”–წერდა ის.
სემი იმ ამბის შემდეგ, ჯესის იშვიათად ნახულობდა. ორივე გაურბოდა ერთმანეთს, სკოლაშიც ხშირად არ დადიოდნენ.
სემი ფიქრობდა, რომ არასწორად მოიქცა, რომ მისი ვალდებულება ყველაფრის თქმა იყო. იგი ფიქრობდა, რომ ამას თუ არ იზამდა, მაშინ იგი ჯესიზე დიდ დანაშაულს ჩაიდენდა. კი მაგრამ, მან რომ პირობა მისცა? ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხვა ყველაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. ჰო, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.–ფიქრობდა სემი.
ბოლო დღეებში სემის ეს აზრი გაუჯდა თავში, და თანდათან ძალას იკრებდა, რომ ჯესისთვის გაემხილა. აი, ის ახლა სახურავიდან ჩამოდის, ჯესის ნომერს კრეფს და ეუბნება, რომ აუცილებლად უნდა შეხვდეს. სემი, ქურთუკს იცვამს და ქუჩაში გადის. იგი სწრაფი ნაბიჯებით მიუყვება ქუჩას და უსაზღვროდ ნერვიულობს, ხელის გულებიც კი უოფლიანდება. ჯესის შეხვედრა პარკში სთხოვა. ახლა საღამოს შვიდი საათია და ამ დროს ბენინგტონში საკმაოდ ცივა, ამიტომაც პარკიც ცარიელია. ჯესი პარკში შევიდა და ერთ–ერთ სკამზე ჩამოჯდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. “ეს დღეს უკვე მეორე კოლოფის უკანასკნელი ღერია.”–გაიფიქრა. ცოტა ხანში, ჯესიც გამოჩნდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისიც ნერვიულობდა. შიშიც ეტყობოდა.
ჯესი მას გვერდით დაუჯდა. ორივე დუმს. ვერცერთი ბედავს საუბრის დაწყებას. ბოლოს ამის გაკეთება ჯესიმ ითავა:
–რატომ დამიბარე სემ?
–ჯესი…–დაიწყო სემმა ნერვიული ხმით.
–ჯეს, ასე არ შეიძლება, ასე ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია ამის ატანა. სამუდამოდ ვერ დავმალავ.
–რა? შენ რა, ჩემს გაყიდვას აპირებ სემ?
–ჯეს, ეს, ეს ძალიან ძნელია, გესმის? იმ წყეულს სიზმარშიც კი ვხედავ. თითქმის ყოველდღე მესიზმრება, როგორ ვაგდებთ ტოპფსონს თუ ჯონსონს ჭაში.
–შე გამყიდველო, შენ ხომ პირობა მომეცი. პირობა მომეცი!
–მესმის, ჯეს, მაგრამ…
–იცოდე, კრინტი არ დაძრა, არც კი გაბედო!.–ღრიალებდა ჯესი.
–ჯეს, შენ რაც გააკეთე, ეს სიგიჟე იყო, გესმის?
–რაც გავაკეთეთ! გაიგე? რაც გავაკეთეთ! მე მარტო არ ვყოფილვარ!
–ის ხომ მე არ მომიკლავს, მე ხომ საერთოდ გათიშული ვიყავი როცა ეს მოხდა. არც კი დამინახავს…
–ჩვენ ის ორივემ მოვკალით! ორივემ! არ აქვს მნიშვნელობა, რა და როგორ! ჩვენ ორივემ მოვკალით!
–ეს ასე არ არის, და ეს შენც კარგად იცი.–თქვა სემმა და ფეხზე წამოდგა. –მე იმას გავაკეთებ, რასაც სწორად ჩავთვლი ჯეს. მაპატიე!
–მოღალატე, მოღალატე და გამყიდველი ხარ, წაეთრიე, მომშორდი, იცოდე განანებ. არ შეგრჩება გესმის?– ყვიროდა ჯესი, მაგრამ სემის ზურგი შეექცია და უკანმოუხედავად, ისეთივე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, როგორი ნაბიჯებითაც ამ სკამამდე მოვიდა.
შემდეგ საღამოს, სემი ჯეიმზთან და დებრასთან ერთად ვახშმობდა. სასადილო ოთახში სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. დებრა ცდილობდა, რაიმე თემაზე ჩამოეგდო საუბარი, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა, ამიტომაც ისიც დადუმდა. სიჩუმე სემის ტელეფონის ზარმა დაარღვია:
” შენი სახლის წინ გამოდი, სასწრაფოდ!”–ეს ჯესი იყო.
სემი მაშინვე წამოდგა და გარეთ გავიდა. მისი ეზოს წინ ჯესი იდგა. მუქი ზედა ეცვა და კაპიუშონი წამოეფარა. თუმცა შავკანიანი არ იყო, მაგრამ ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც შავკანიანი “განგსტერი”.
–რა გინდა ჯეს? თუ ლაპარაკი გინდა, აქ ვერ დავილაპარაკებთ.
–არ მაინტერესებს, მე შენთან აღარაფერი მაქვს სალაპარაკო. – ამ სიტყვის თქმა იყო და ჯესიმ შარვლის უკანა მხრიდან რევოლვერი ამოიღო.
–მოიცა ჯეს, რას შვრები, ჯეს, აზრზე მოდი, ჯეს, არ ქნა…–ყვიროდა სემი.
–ხომ გითხარი, არ შეგრჩბა–მეთქი, მოღალატე!
ჯეიმზი და დებრა იარაღის გასროლის ხმაზე გარეთ გამოცვიდნენ. ეზოში სისხლში ჩაძირული შვილი დახვდათ. ორივე პანიკური ყვირილით მივარდა სემის. ის გაუნძრევლად იწვა, სუნთქვა უჭირდა. სისხლის გუბე კი, მატულობდა და მატულობდა.
–სეემ, ჩემო სეემ!–განწირული ხმით ტიროდა დებრა.
–ეს ვინ ქნა შვილო? ეს ვინ გიყო?–ეუბნებოდა ჯეიმზი.
–მე, მე ხომ არაფერი მითქვამს, მე არაფერი მითქვამს…–აღმოხდა სემის და თვალები ჩაუქრა.