მესამე ოთხშაბათი: უნამუნო

დღეს ოთხშაბათია და დღეს მიგელ დე უნამუნოს “ბურუსზე” დავწერ ერთი–ორ სიტყვას. წინა პოსტში ვთქვი, რომ აღარ გაგიმხელდით დასასრულს, მაგრამ ახლა ჩემს ნათქვამზე დავფიქრდი, და გადავწყვიტე, რომ გადავიფიქრო. ეს იმიტომ, რომ წიგნში მთავარი არა სიუჟეტი, არამედ მასში ჩადებული აზრია. კი, არსებობს უაზრო წიგნები ყოველგვარი კონცეპციის გარეშე და თუ ოდესმე ასეთ წიგნებზე დავწერ, მაშინ გამონაკლისს დავუშვებ. თანაც სიუჟეტის დამალვა წერისას მზღუდავს და ბოლომდე სათქმელს ვერ ვამბობ.

ბოლოსდაბოლოს, განა ყოველთვის მთავარი გმირის სიკვდილშია წიგნის მთელი არსი? ძალიან ბევრ წიგნში, ხომ ისედაც ცხადია, რომ პროტაგონისტი ბოლოს აუცილებლად მოკვდება. აღარ ვაპირებ დაგიმალოთ და პირდაპირ გეტყვით, უნამუნომ ავგუსტო(მთავარი პერსონაჟი) მოკლა. მხატვრული გამოთქმა არ გეგონოთ, წიგნში მართლაც თავად ავტორი კლავს თავის მთავარ გმირს.

რაღათქმაუნდა, აქაც მოვლენები ერთი ადამიანის გარშემო ვითარდება. ეს ადამიანი ავგუსტო პერესია. მდიდარი და უზრუნველი, მაგრამ ობოლი და მარტოსული ახალგაზრდა, რომლის ცხოვრებაც არანაირ აზრს არ ატარებს და “აზრიან” არსებად ერთი შემთხვევის შედეგად გადაიქცევა. ის ქუჩაში ერთ ლამაზ ქალიშვილს გადაეყრება და შეუყვარდება კიდეც. ავგუსტოს თითქოს თვალები აეხილება და ამ მოვლენის შემდეგ მას არამარტო ეს ქალიშვილი, ეუხენია, არამედ ყველა ქალი უყვარდება. ავგუსტო ეუხენიას დაპყრობის პარალელურად, თავის მსახურ გოგონასაც, როსარიტოსაც ეალერსება. საბოლოოდ მას უწევს ამ ორ ქალს შორის გააკეთოს არჩევანი, თუმცა არცერთთან არ უმართლებს. ის ცდილობს ქალების ფსიქოლოგია მეცნიერულად შეისწავლოს და ამ ორ ქალზე ექსპერიმენტები ჩაატაროს, მაგრამ საბოლოოდ, თავად ხდება მათ მიერ მოწყობილი ბოროტი ექსპერიმენტის საცდელი ბაყაყი.

წიგნის სათაური პირდაპირ მის აზრს უკავშირდება. სიტყვა “ბურუსი” უნამუნოსთან არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არ შეიცნობს, არ ფიქრობს. ავგუსტო ამ ბურუსიდან გამოსვლას ცდილობს. ის ცდილობს შეიცნოს საკუთარი თავი, დანიშნულება, ქალები რომლებიც უყვარს და თავად სიყვარულიც.

წიგნში ძალიან საინტერესო ისტორიებს, დიალოგებსა და მონოლოგებს შეხვდებით ქორწინებაზე, შვილებზე, სხვადსხვაგვარ სიყვარულზე, ცხოვრების არსზე და კიდევ ბევრ რამეზე.

აი რამდენიმე ამონარიდი:

”ის ვისაც განძი აქვს, მას თავგამოდებით იცავს, ვიდრე ის, ვისაც ქარხანა აქვს. რამეთუ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ჭის წყალი და არა ჭის წყარო.”

”როდესაც ადამიანი ოჯახდება, თუ ის მართლაც შეყვარებულია, თავდაპირველად ვერ ეხება ცოლის სხეულს, ისე, რომ არ გაგიჟდეს და არ აენთოს ხორციელი სურვილი, მაგრამ, დროის სვლასთან ერთად, იგი მიეჩვევა, და ერთ დღესაც, როდესაც ხელით ცოლის შიშველ თეძოს შეეხება, იგრძნობს, რომ ეხება საკუთარს და თუ მის ცოლს მოაჭრიან თეძოს, მას ეტკინება ისე, თითქოს მას მოაჭრეს სხეულის ნაწილი.”

”ფიქრი კი ეჭვია და არაფერი სხვა. რისიც გწამს, ის უწყი, მას ეჭვის გარეშე წარმოიდგენ. არც რწმენა, არც ცოდნა და არც წარმოსახვა არ მოიცავს ეჭვს, უფრო მეტიც, ეჭვი მათ ანგრევს, თუმცა ფიქრი სწორედ დაეჭვების საფუძველზე  ხდება. და სწორედ ეჭვი ქმნის ცოდნისა და რწმენისაგან, რომლებიც ესთეტური, უძრავი, მკვდარი ბუნებისაა, ფიქრს, ერომელიც მოძრავი, მოუსვენარი და ცოცხალია.”

წიგნი ძალიან დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხოთ, არა იმიტომ, რომ სიუჟეტია ჩახლართული, არამედ იმიტომ, რომ თითქმის ყველა გვერდზე სხვადასხვა თემაზე ძალიან საინტერესო  აზრებსა და შეხედულებებს შეხვდებით. ეს გასაკვირი არცაა, რადგან უნამუნო ფილოსოფოსია და მისი ნაწარმოებებიც ღრმა ფილოსოფიურ აზრებს შეიცავენ.

”ბურუსი” ქართულად წავიკითხე. იგი ილიას უნივერსიტეტის მიერ არის ნათარგმნი. მართალია, ტექსტში უხვად გვხვდება რუსული კალკები და წვრილმანი შეცდომები, მაგრამ ამას ალბათ მომავალში გამოასწორებენ და იმედია ბევრ საინტერესო ნაწარმოებსაც გადათარგმნიან.

ისიც უნდა ვთქვა, რომ წიგნის პირველმა 50–60–მა გვერდმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება მოახდინა. უნამუნოს წერის სტილი ძალიან გადაპრანჭულად მომეჩვენა. თქვენ თვითონ განსაჯეთ:

“ღრუბლებს აპობდა მბრწყინავი არწივი,ნამით დასველებული მარგალიტის ფრთებით, უძრავი მტაცებლის თვალების ბრიალით მზიან ბურუსში, მძინარე გულით ტკბილ მოწყენილობაში გამოჭედილი მკერდით გრიგალის საფარვლის ქვეშ. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მიწის შორეული ხმაური ქმნიდა და იქ, შორს, მაღლა ცაში, ორი ტყუპი ვარსკვლავი მოჩანდა უხილავ ნუგეშად.”

wtf?

მაგრამ ეპითეტებით გადაჭარბებული  წინადადებები გვერდების ზდასთან ერთად იკარგება. თუმცა ასეთი წინადადებების აღმოჩენისას წიგნის ბოლომდე არწაკითხვის სურვილი მიჩნდება ხოლმე. აქ მთავარია თავს ძალა დაატანო და ეს უვარგისი ადგილები გადაღეჭო. საერთოდ, წიგნი პირველი 50 გვერდით არასდროს შეაფასოთ. ეს არასწორია, რადგან წიგნში ყველაზე უვარგისი ადგილი სწორედ პირველი 50 გვერდია.

პ.ს. შემდეგი წიგნი ფიცჯერალდის დიდი გეცბი იქნება.

Advertisements

მეორე ოთხშაბათი: კაფკას კვირეული

მოდი თავი მოვიტყუოთ, რომ ახლა ოთხშაბათია. უვნებელი ტყუილია, არაფერს დაგვიშავებს. წინაზე კაფკას “მეტამორფოზას” და “პროცესს” დაგპირდით. ოღონდ, ამჯერად შენიშვნას გავითვალისწინებ და მთლიან შინაარს არ მოგიყვებით. წიგნის დასასრულის გამჟღავნება მისადმი ჩემს ინტერესზე, დიდად არ მოქმედებს. მაგრამ ვიცი, რომ ადამიანს ერთი სიტყვითაც კი შეგიძლია დაუკარგო ინტერესი. მგონი, თითოეულ ადამიანს აქვს ასეთი მიდრეკილება ნებისმიერი წიგნისადმი. ისინი ქვეცნობიერად თითქოს ჩასაფრებულები იყვნენ და ერთ ცუდ შეფასებას ელოდნენ სხვისგან. ამიტომაა, რომ ძალიან იშვიათად თუ ვეკითხები ადამიანებს აზრს ისეთ წიგნებზე, რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს.

რახან პირველი მეტამორფოზა წავიკითხე, მისით დავიწყებ:

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას(ასაკი აღარ მახსოვს 16 იყო თუ 18).  ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაიქცეულა.  რაღათქმაუნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ,  მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება.

კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას  ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. რამდენიმე რევიუს გადავხედე და ყველას წიგნის მთავარი აზრი ეგზისტენციალიზმიდან გამომდინარე გამოჰყავდა. მათთვის წიგნის მთავარი სათქმელი იყო ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანი:”ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.”

მართლაც, წიგნს საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივყავართ, მაგრამ ჩემთვის წიგნში მთავარი მაინც ასეთი დასკვნის მიზეზია: როდესაც ადამიანი კარგავს თავის ფუნქციებს და პრივილეგიებს, ის უსარგებლო ხდება. სწორედ ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ემოციური თუ სხვა სახის კავშირები მასა და სხვა ადამიანებს შორის საკმაოდ მყიფეა და სინამდვილეში ურთიერთობების მხოლოდ მათზე დამყარება თითქმის შეუძლებელია, თუ ამ ყველაფერს ორივე მხრისთვის მატერიალური სარგებელი არ ექნება. კი, ჩვენ არ ვართ ჰიტლერები და ევთანაზიით არ ვხოცავთ ინვალიდებს(ამაში მორალიც გვზღუდავს), მაგრამ ამავდროულად ერთხელ მაინც წამოგვცდება ხოლმე, რომ ისინი მძიმე ტვირთად გვაწვანან.

ახლა “პროცესზე” გადავიდეთ. მაგრამ სანამ უშუალოდ წიგნზე ვისაუბრებდე, ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ: იქიდან გამომდინარე, რომ ვცდილობ წიგნის წაკითხვამდე ან კითხვისას არ მოვისმინო არავის აზრი(მიდრეკილება გაიხსენეთ), თავს ვარიდებ მათ შესახებ რამის წაკითხვას. ამიტომ, სანამ ამ წიგნს ვკითხულობდი, ძალიან მტანჯავდა ორი აზრი: ან რომ მისთვის მგონი ტვინი არ მყოფნიდა, ან კიდევ ამ ერთ კვირაში ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ინგლისური ენა აქვს შესწავლილი, რაღაც ჯანდაბა დაემართა და სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა და ეს იყო მიზეზი, რატომაც რაღაცებს ვერ ვიგებდი. საბოლოოდ, ეს ფიქრები მაშინ ამოვიგდე თავიდან, როდესაც წიგნის კითხვა დავამთავრე და სხვების შეფასებებიც მოვისმინე. შვებით ამოვისუნთქე მაშინ, როდესაც ვნახე, რომ თურმე ჩემი უვიცობის გამო კი არ იყო ბევრი ბუნდოვანი ადგილი, არამედ თვითონ წიგნი ყოფილა ასეთი.

წიგნში მოთხრობილი ამბავი “მეტამორფოზაზე” არანაკლებ უჩვეულოა. აქ პროტაგონისტი იოზეფ ქეი ერთ დილას გაიღვიძებს(დააკვირდით ესეც რომ გაიღვიძებს მაშინ აკეთებს თავის სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვან “აღმოჩენას”) და აღმოაჩენს, რომ იგი ეჭვმიტანილია და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაგეგმილი. რაშია ეჭვმიტანილი, იოზეფი საბოლოოდ ვერც იგებს, ისევე როგორც ჩვენ, ხახამშრალი დარჩენილი მკითხველი. იოზეფი საკმაოდ შეძლებული ადამიანია და საზოგადოების მოწინავე ფენის წევრიც. იგი ერთ–ერთი ბანკში მაღალი თანამდებობის პირია. მისი ტვინი მთლიანად ამ სასამართლოსთან დაკავშირებული საქმითაა მოცული და სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ცდილობს, რაიმე გაარკვიოს, მაგრამ ვერაფერს აღწევს. მას სასამართლოში გამეფებული ბიუროკრატია და (ასე ვთქვათ) თავად სამართლის უსამართლობა უშლის ხელს. წიგნის კითხვისას თანდათან იკვეთება, რომ იოზეფის მთლიანი გარემოცვა, ყველა მისი ნაცნობი, თანამშრომელი, სინამდვილეში ამ პროცესშია ჩართული. საბოლოოდ ისეთი შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოთ, რომ “ტრუმანის შოუს” მსგავს ისტორიას კითხულობთ. საბოლოოდ, იოზეფი ამ ყველაფერს ხვდება, მაგრამ ის უძლურია, რადგან მარტოა ყველას წინააღმდეგ. რა ბედი ეწევა მის პროცესს და თავად იოზეფსაც, ამას ბოლო აბზაცში გაიგებთ, რომელიც ალბათ მთელ წიგნადაც ღირს. დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი მას ციტატად, მაგრამ იგი ყველა საიდუმლოს ახდის ფარდას.

როგორც გითხარით, წიგნში ძალიან ბევრი რამ ბუნდოვანია. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თუ მისი კითხვისას რაიმეს ვერ გაიგებთ. საერთოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ წიგნი ნაწილობრივ დაუსრულებელია. დაუსრულებელია ერთი მთლიანი თავი(თუ ზუსტად მახსოვს მერვე) და ასეც აწერია: “ეს თავი არ არის დასრულებული”. მართალია წიგნს საბოლოოდ, დასასრული აქვს, მაგრამ ის დასასრულამდე არის დასასრულებელი. ერთი სიტყვით, ბუნდოვან ადგილებზე ტვინს ნაკლებად თუ დაიჭყლეტთ და ისე წაიკითხავთ, უკეთესი იქნება. საერთოდ, ეს წიგნი კაფკას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ის იმ ხელნაწერებში იყო, რომლებიც მან სიკვდილის წინ მეგობარს, მაქს ბროდს გადასცა და სთხოვა დაეწვა ისინი:

“Dearest Max,” it began. “My last request: Everything I leave behind me . . . in the way of diaries, manuscripts, letters (my own and others’), sketches and so on, to be burned unread.”

შეიძლება მას უბრალოდ არ დასცალდა მისი დასრულება, ან სულაც მიატოვა და ამიტომაც აჩენს იგი ბევრ კითხვას. საბოლოოდ, მისი შეფასება გამიჭირდება, მაგრამ იურისტებისათვის და არა მარტო მათთვის, საკმაოდ საინტერესო წასაკითხი იქნება, რადგან დაინახავენ, რომ ზოგჯერ კანონი ყველაზე დიდი უსამართლობაა.

შემდეგი კვირისთვის, სავარაუდოდ, მიგელ დე უნამუნოს “ბურუსზე” დავწერ. კიდევ ერთი ეგზისტენციალისტი. უკვე მესამეა მიყოლებით. მაგრამ ეს უბრალო დამთხვევაა და სულ არ მქონდა ეგზისტენციალისტურ ლიტერატურასთან ზიარების განზრახვა. მაგრამ უნებლიედ ასეც გამოვიდა.