(თავის)უფლებათა დაცვა

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია ვინმეს სექსიზმში, რასიზმში ან ჰომოფობიაში მხილება. ასევე, ბევრი აქციაც იმართება სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის შელახული უფლებების დასაცავად (მაგ. ერთი კვირის წინ სექს მუშაკების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა აქცია). რაღა თქმა უნდა, ყველა ნორმალულ ქვეყანაში მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, ან ამის მისაღწევად ვინმე უნდა იბრძოდეს. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი განსაკუთრებული ფორმით უნდა ხდებოდეს: პირველი, მათი უფლებების დაცვის მოწოდებები უმეტესწილად იმის აფიშირებას ჰგავს, რომ ადამიანი მათ იცავს. მეორე, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქმედებები ეპატაჟში გადადის. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ უმეტესად, ეს ყველაფერი სწორედ ეპატაჟისთვის კეთდება.

ასეც რომ არ იყოს, არსებობს სხვა პრობლემაც: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა ისედაც დისკრიმინირებულია. საქართველოში ყოველდღიურად ათასობით ადამიანის უფლება ირღვევა ეს არის ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო ძალადობს მოქალაქეზე. ასეთ ვითარებაში ჩვენ ყველანი უფლებადარღვეულებად ვითვლებით. ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია სიტყვის და გამოხატვის სრული თავისუფლება, ხმის მიცემის უფლება ფიქტიურია, ხოლო ყოველი მეორასე მოქალაქე პატიმარია(და ვინ იცის იქიდან რამდენი უდანაშაულო). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვართ ჩაგრულები.

მაგრამ, სამწუხაროდ იმ ადამიანთაგან, რომლებიც უმცირესობებს იცავენ, ბევრში არ ჩანს პროტესტის გრძნობა. მაგრამ მათ შეიძლება არც მიაჩნდეთ, რომ მათი უფლებები ირღვევა. არადა, სუფრაჟისტი ქალები, განდი, მარტინ ლუთერ კინგი… ეს ის ხალხია, ვინც უფლებათა დამცველებისთვის სამაგალითოები უნდა იყვნენ. ხოლო ეს ადამიანები არც მეტი, არც ნაკლები საკუთარ უფლებებს იცავდა. დიახაც, ისინი თავად იყვნენ დისკრიმინირებული ჯგუფის წარმომადგენლები.

ვიცი, რომ ადვილია ამ ტექსტს ადამიანმა ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთოს, როგორიც თვითონ აწყობს და, მაგალითად, თქვას, რომ მისი ავტორი საერთოდაც არ თვლის საჭიროდ, ამ ქვეყანაში დაიცვან უმცირესობების, შავკანიანების, სექს მუშაკების უფლებები. ცხადია, ეს აბსურდია და ავტორს აზრადაც არ მოსვლია ასეთი რამ. უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ უმეტესწილად კონცენტრაცია ჩვენს უფლებებზე  უნდა მოვახდინოთ, ჯერ საკუთარი უფლებები უნდა დავიცვათ და შემდეგ ისინი სხვების დასაცავად გამოვიყენოთ. სხვანაირად, ეს ყველაფერი იმას ჰგავს, მარჯვენა ფეხის არმქონე მარცხენა ფეხის არმქონეს რომ უთმობდეს ავტობუსში ადგილს(თანაც, ზოგჯერ არც კი აღიარებს, რომ ცალი ფეხი არ აქვს).

Advertisements

მგონი, გავგიჟდით!

ბოლო პოსტის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ორი კვირაა არაფერი დამიწერია. ბოლო დღეები სულ იმაზე ვფიქრობდი რა დამეწერა და აქამდე არაფერი მომდიოდა თავში. ახლა კი, ბოლო–ბოლო მოვიფიქრე ახალი პოსტის თემა. არადა თემა, თანაც აქტუალური ბევრია. მაგალითად, ფეხბურთი, არაბული ქვეყნები, წინა კვირაში ჩატარებული აქცია–პერფომანსი. მაგრამ მე სხვა რამეზე დავწერ.
როდის დაიწყო ეს ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით ერთი წლის წინ იქნებოდა, პალიტრამ სერია “ქართული პროზის საგანძურის” გამოშვება დაიწყო. ამ წიგნების ფასი ჟურნალ გზასთან ერთად, სულ სამი ლარი იყო. იდეა ყველამ აიტაცა და მალე ამ სერიას დაემატა 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ(“კვირის პალიტრა”), მსოფლიოს რჩეული მოთხრობები(“რეიტინგი”), ლიტერატურა მოზარდთათვის(“თბილისელები”), ისტორიული რომანები(“ისტორიანი”), ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო(“ახალი თაობა”) და ა.შ.
ყველა აქციის ფარგლებში გამოცემული წიგნის ფასი მისაღებია და მათი შეძენა თითქმის ყველას შეუძლია. თავდაპირველად ასეთი აქციის ჩატარება სარისკო იყო, რადგან ჩვენს საზოგადოებას ბევრი მკითხველი არ ჰყავს. მაგრამ აქციებმა გაამართლა, და ხალხმა წიგნების ყიდვა დაიწყო. ახალი წიგნის გამოსვლიდან ორ–სამ დღეში მე ხშირად გამჭირვებია მისი მოძებნა. მაგრამ რახან ხალხი წიგნებს ყიდულობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ყველა კითხულობს. ბევრი წიგნებს დეკორაციად იყენებს, თუმცა, საბედნიეროდ ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც ამ ახლადნაყიდ წიგნებს გადაფურცლავს და კითხულობს. ასეთი ადამიანები წიგნებით ხელში, უკვე მრავლად მხვდებიან მეტროში, სამარშუტო ტაქსებში, ქუჩაში, უნივერსიტეტში:კიბეზე, აუდიტორიაში ლექციის დროს, და ტუალეტშიც კი. ამ დაკვირვებამ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა:ხალხმა კითხვა დაიწყო! ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკვირვება 100%–ით ზუსტია. მაგრამ, მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩემი დასკვნა სწორია.
იმ გამომცემლობებისთვის კი, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე სახლში ყველას ახალი ბიბლიოთეკები გვექნება.
ასე, რომ ხალხნო, “წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით”. იქნება, გვეშველოს ჩვენს და ქვეყნების წიგნიერების რეიტინგში ცოტათი მაღლა ავიწიოთ.