ადამიანი v2.0

კომპანია “Evolution”–მა, ერთი კვირის, წინ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ ის სულ მალე ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გააკეთებს. ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარი ადამიანის განახლებულ ვერსიაზეა. მასზე ბოლო 200,000 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. განცხადებასთან ერთად, კომპანიამ გაავრცელა ახალი პროდუქტის რამდენიმე ფოტოც.

ოფიციალური განცხადება სულ ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა, მაგრამ ჩვენი სააგენტოს ერთ–ერთმა ინფორმატორმა, რომელიც კომპანია “Evolution”–ში მერძევედ მუშაობს, მოახერხა ახალ ვერსიაში შეტანილი ცვილილებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება. მაშ ასე, ახალ ადამიანს აქვს შემდეგი განახლებები:

კაცი:

1) არ ავიწყდება ქორწინების თარიღი.

2) ჩამონტაჟებული აქვს ფუნქცია – ბავშვისათვის საფენების გამოცვლა.

3) სვამს ზომიერად.

4) არ ხვრინავს.

5) ცოლს ყოველთვის მიმართავს “ძვირფასოთი”.

ქალი:

1) აქვს მკერდის ზომის მოდიფიკატორი და ხმის მარეგულირებელი.

2) გაუქმებული აქვს ფუნქცია – ქმართან წუწუნი.

3) ჩამონტაჟებული აქვს სტრიპტიზის 83 სახეობა.

4) ეჭვიანობის დონე დაქვეითებული აქვს 30%–ით.

5) საყიდლებზე ფულს ხარჯავს ეკონომიურად.

ახალ პროდუქტს, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ. იგი, თავდაპირველად, ხელმისაწვდომი იქნება აშშ–სა და კანადაში, ზამთარიდან კი, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. ჯერჯერობით უცნობია, შემოვა თუ არა ახალი პროდუქცია საქართველოში, რადგან აქ ჯერ კიდევ ადამიანის ბეტა(არასრულ) ვერსიას ხმარობენ, რომელსაც აქვს დეფექტები: ღიპის დადება და აქტიური გინება.

Advertisements

თურქული დღიურები ანუ .. მოგპარე, აპრილო, ერთი დღე!

ეს არის ჩემი ბლოგის ყველაზე აქტიური მკითხველის, ნინცას გესთ–პოსტი. ნინცა ვორდპრესზე არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც მე გამოვაქვეყნებ.

ჩაი მინდოდა… ყველას ეძინა და ხმაურს მოვერიდე.  მინდოდა, ლოგინზე უაზროდ ჯდომის გარდა კიდევ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ფიქრის თავი არ მქონდა და ფიქრსაც შევეშვი. დღემ ისე ჩაიარა ძილი მენანებოდა….. ასეთ დროს არც უნდა გეძინოს კაცს.. უნდა იჯდე და ლუდით გაჟღენთლმა შტერივით უნდა უყურო ფანჯარას….  კიდევ კარგი დედაჩემს სძინავს, აქ რომ შემოსულიყო,  შევეშინდებოდი.
ვიჯექი მთელი საათნახევარი და ჩემს უკან სავარძელზე ბავშვის ღუღუნს ვუსმენდი. წამით მომინდა მეყვირა, გააჩერეთ ვინმემ-მეთქი…. მერე შემეშინდა….. წარმოვიდგინე, რომ უცებ გავიზარდე… გულში უკან მჯდომ პატარა მგზავრს ბოდიში მოვუხადე და პირდაპირ საქარე მინას გავუშტერე თვალი, რაც იმის მაუწყებელი იყო რომ ფიქრისთვის ვემზადებოდი.
ცარიელი იყო ზოოპარკი. ჩვენ ვსეირნობდით მარტო. „აქ?“ მე მხრებს ვიჩეჩავ.. „ჰო, აქ..“  ტროტუარზე დავსხედით. ისიც ცარიელი იყო და იმიტომ. „ბევრს სვამ ხოლმე?“ მე ისევ მხრებს ვიჩეჩავ. ამჯერად არაფერს ვამბობ.  ხელში მეჭირა ჩემი ბოთლი, წინასწარ მივხვდი, ვერ გავხსნიდი. როცა მეორე ქილამ ხმა გამოსცა, შემაჟრჟოლა…. მექანიკურად ლუდს მოვეფერე…  „მომეცი, გაგიხსნი.“ ყველა გალია ცარიელი იყო.  და ჩვენ ამ გალიებს ვათვალიერებდით.. წარმოვიდგენდით, რა ცხოველი იქნებოდა აქ, მერე ვიცინოდით.. მე არ მეცინებოდა მაგრამ მაინც ვიცინოდი. შიგადაშიგ მახსენდებოდა, რომანში აი იქ ვარ, ბერტას ომლეტი რომ უნდა შევუწვა. ერთი სული მაქვს როდის გადავალ მოხარშულ კარტოფილზე.
ბავშვი ახლა რაღაცას აკაკუნებდა ჩემს უკან. საქარე მინას თვალი მოვაცილე. „რა მოხდება ახლა შენ რომ სადმე სხვაგან გამოგყვე??“ ბორბლების ხმა მესმოდა მარტო…. თანხმობად ჩავთვალე.
არ გაღვიძებია არავის…  მე ჩაის ვსვამ…  ჩემს ზემოთ ერთი თორმეტი წლის გოგო ცხოვრობს, ნუთუ ის აწრიპინებს ახლა ამ ვიოლინოს?..  გვერდზე ვიღაცას შუქი აქვს ანთებული. იმასაც ასეთი დღე ჰქონდა, ალბათ, ნაქურდალი. ზოოპარკში არა მაგრამ სხვაგან.. წარმოვიდგინე, როგორ ითამაშა დაჭერობანა სადმე პარკში.  ციოდა, მაინც გარეთ ვიდექი. „ძილში გამეღიმება, ალბათ“. ცარიელი ჭიქა აივნის მოაჯირზე დავდგი და საბანში გავეხვიე.