სადაურია მოხუცი “სიმინდის კუნძულიდან”?

გიორგი ოვაშვილის ფილმ “სიმინდის კუნძულში” პირველი, რასაც მაყურებელი შენიშნავს, არის ის, რომ საწყისი 20 წუთის განმავლობაში არ ისმის არცერთი სიტყვა და ზოგადადაც, ფილმში ვერბალური ენა მინიმალურად არის გამოყენებებული. ეს განსაკუთრებით ეხება მთავარ პერსონაჟს, მოხუც კაცს, რომელიც მდინარის კალაპოტის შუაში მოთავსებულ პატარა კუნძულზე ქოხს აიშენებს და სიმინდს დარგავს. ის მთელი ფილმის განმავლობაში 3-4 ფრაზას ამბობს. ფილმის ყურებისას, მაყურებელი ხანდახან ალბათ ფიქრობს, აი, ახლა მაინც დაილაპარაკებს, დაიყვირებს, ხმას ამოიღებს, მაგრამ მოხუცი მუდამ დუმს და სხვა პერსონაჟების შეკითხვებს თავის ქნევით პასუხობს.

corn island

შემთხვევითი არაა, რომ მოხუცი არ იყენებს სიტყვებს კომუნიკაციისთვის. არც ისაა შემთხვევითი, რომ ის კუნძულზე სახლდება. სიუჟეტი აფხაზეთში, საომარი კინფლიქტის ფონზე ვითარდება. თავად მოხუცი ეროვნებით აფხაზია, მაგრამ ის ისევე არ პასუხობს აფხაზებს აფხაზურად, როგორც ქართველებს ქართულად და რუსულად(თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს, სადაც აფხაზი მესაზღვრეები მის კუნძულზე ჩამოსხდებიან და ის ნერვიულად ამბობს ორ ფრაზას – “ცოტა ღვინო მაქვს” და “ვის ეძებთ?”). მოხუცი ვერბალური ენის ყველა ფორმაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ არ უნდა საკუთარი თავის რომელიმე მხრისთვის მიკუთვნება. ის იფარებს დაჭრილ ქართველს, მაგრამ მის საძებნელად მოსულ აფხაზებსაც და ქართველებსაც ერთნაირი გულგრილობით პასუხობს, რომ მას არავინ უნახავს. მოხუცი თავისი დუმილით ირჩევს პოზიციას, რომელიც აფხაზი-ქართველის, გამარჯვებული-დამარცხებულის, მართალი-მტყუანისა და ყველანაირი დიხოტომიის მიღმაა. სწორედ ამიტომაც, ის გადადის კუნძულზე საცხოვრებლად, იმისთვის რომ განცალკევდეს ყველასგან, ქართველისგანაც და აფხაზისგანაც არამხოლოდ აზრობრივად, არამედ გეიგრაფოულადაც. თუმცა, საბოლოოდ, ის არა მათგან შორს, არამედ მათ შორის აღმოჩნდება.

მოხუცის გადაწყვეტილება შეიძლება მრავალგვარად ინტერპრეტირდეს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის არის დიდი ჰუმანისტი და მისთვის არა რომელიმე მხარე, არამედ ადამიანია მთავარი, რადგან მტრის დაჭრილ ჯარისკაცს იფარებს და უვლის. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირიქით, მას ერთნაირად სძულს ყველა და ამიტომაც ავლენს გულგრილობასა და უხეშობას ყველას მიმართ ერთნაირად(ხოლო ჯარისკაცის შეფარება ავხსნათ შიშის მოტივით, ან შვილიშვილის(რომელიც ამ ჯარისკაცს იპოვნის) გამო სისუსტის გამოჩენით). მაგრამ ჩემი აზრით, ის არც ამ ორი პოლუსიდან რომელიმეზე თავსდება. ის ამ პოლუსებს მიღმაა და ამავდროულად, მათ შორისაც(როგორც მდინარის ორ ნაპირს შორის). მისთვის სულ ერთია საომარი კონფლიქტის მიზეზი – მიწა, რადგან შვილიშვილის კითხვაზე, თუ ვისია ეს კუნძული, პასუხობს:”მისი შემქმნელის”. პერსონაჟს სახელიც კი არ აქვს, ის არის უბრალოდ “ბაბუა”(სხვა პერსონაჟებისთვის) და “მოხუცი კაცი”(ტიტრებში). სახელის არქონა კი იდენტობის არქონას, მასზე უარის თქმას გულისხმობს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩნდება კითხვა – თუ ის უარს ამბობს ყველანაირ იდენტობაზე, მაშინ რა სურს მას? ჩემი აზრით, მოხუცს უბრალოდ საკუთარი “კუნძული” უნდა, ამ სიტყვის სიმბოლური და პირდაპირი გაგებითაც. მას სურს საკუთარი ადგილის დამკვიდრება იქ, სადაც ერთმანეთს თითოეულ გოჯს ეცილებიან, მას სურს სიმშვიდე მძვინვარებაში. მას არ უნდა, ითვლებოდეს აფხაზად, ან ქართველად, მას არ უნდა ითვლებოდეს კეთილად, ან ბოროტად. მას უბრალოდ უნდა რომ იყოს ის, ვინც არის.

Advertisements

თანდებულთა დაპირისპირება

თუ თქვენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსული მედიასაშუალებებით თვალს აქტიურად ადევნებთ, მაშინ შეამჩნევდით, ან ისედაც გეცოდინებათ, რომ რუსულად “უკრაინაში” ითქმის “на Украине”, “ზე” თანდებულით და არა “ში”–თი. სახელმწიფოებთან მიმართებაში ზოგადი წესის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში(გარდა კუნძულ–სახელმწიფოებისა) “ში”–თანდებული გამოიყენება. უკრაინა ერთადერთი გამონაკლისია. რუსები “ზე” თანდებულებს მხარეებისა და რეგიონების მიმართებით გამოიყენებენ, მაგალითად – “на Камчатке”, “на Краснадаре” და ა.შ.

რაღა თქმა უნდა, ამ გამონაკლისის წარმოქმნაში მთავარი როლი ეტიმოლოგიამ ითამაშა. სიტყვა უკრაინა წარმოქმნილია სიტყვა “украинный”–სგან ანუ, კიდეზე მყოფისგან. დალიას სასაუბრო ლექსიკონში(XIX საუკუნის შუა ხანები) სიტყვა “украинный” ასე არის განმარტებული – “Украйный, украинный, крайний, у краю, на краю чего находящийся; дальний пограничный, порубежный, что на крайних пределах государства. Украй, украйна, область с краю государства или крайняя. Ныне Украйной зовут Малую Русь (Малороссию)…” თუმცა, საინტერესოა, რომ მაშინაც კი რუსულ სასაუბრო მეტყველებაში უკრაინის, როგორც ქვეყნის მიმართ გამოიყენებოდა “ში” თანდებული. ამის გადასამოწმებლად საკმარისია, საძიებო სისტემებში იმდროინდელი კლასიკოსების ლექსები მონახოთ, სადაც უკრაინა იქნება ნახსენები:

Мазепы враг, наездник пылкий,

Старик Палей из мрака ссылки

В Украйну едет в царский стан…

ალექსანდრ პუშკინი.

როგორც ლინგვისტები აღნიშნავენ, “на Украине”–ს გამოყენება რუსულ სასაუბრო ენაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, 1993 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი, უკრაინულმა ხელისუფლებამ რუსებს მიმართა, რომ გამოეყენებინათ “В Украйне” და ამ საკითხზე დავაც სწორედ იქიდან იღებს სათავეს. თუმცა, ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა რუსულიდან “на Украине”–ს ამოძირკვა. ოფიციალურ დოკუმენტებში, მედიაში, თუ უბრალოდ საუბარში, ძირითადად სწორედ ამ უკანასკნელ ფორმას ვხვდებით.

თუმცა, იყო ერთი გამონაკლისიც: როდესაც 2001–2009 წლებში რუსეთის ელჩი უკრაინაში ვიქტორ ჩერნომირდინი იყო, ის ოფიციალურ დოკუმენტებში შემდეგნაირად იწოდებოდა – Чрезвычайный и Полномочный Посол Российской Федерации в Украине Виктор Черномырдин”. 2009 წლიდან მოყოლებული კი, რუსეთის საელოჩო ისევ “ზე” თანდებულზე გადავიდა.

ეს ყველაფერი ბევრს შეიძლება უბრალო ნიუანსად მოეჩვენოს, მაგრამ არავინ არ უნდა დააკნინოს ენის და ენობრივი სტრუქტურების მნიშვნელობა, რადგან ენა ის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ სამყაროს აღვიქვამთ(ამ შემთხვევაში კი, რუსული ენა ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც რუსულად მოსაუბრე ადამიანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აღიქვამს). მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ენის გამო ჩვენ იმავე სამყაროს აღქმაში შეზღუდულებიც ვართ:

“ენა მოიცავს ლიტერატურის მთელ სფეროს ისევე, როგორც ის ხაზი, რომელთანაც თავსი იყრის ცა და დედამიწა, და ადამიანისთვის ნაცნობი სამყარო საზღვრებს მოხაზავს. ენა იმდენად მასალის მარაგი როდია, რამდენადაც ჰორიზონტი, უფრო სწორად, იგი ერთდროულადაა ტერიტორიაცა და მისი საზღვრებიც,”  – როლან ბარტი(“წერის ნულოვანი დონე”).

როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი, სტატისტიკური რუსი თუნდაც მექანიკურად, იყენებს რეგიონისადმი მისადაგებულ ფორმა “на Украине”–ს, დიდია შანსი, რომ მის ცნობიერებაში ამ ფორმამ ძალიან მცირე დაბრკოლება მაინც შექმნას უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღქმის დროს. უკრაინა თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში იყო კიდე, პროვინცია. ენასაც(თავისი მახასიათებლებითურთ) სწორედ ისტორია ქმნის. ამიტომაცაა ენობრივი ნორმების შეცვლა და დარღვევა ასეთი რთული.

ხოლო დღეს, როდესაც ევროკავშირთან ასოცირებაზე ვიქტორ იანუკოვიჩის უარმა ასიათასობით უკრაინელი “ევრომაიდანზე” გამოიყვანა. ისინი ამ ქმედებით არაპირდაპირად სწორედ ამ მყარი ენობრივი ნორმის დანგრევას ცდილობენ, ხოლო ის 20–წლიანი დავა თანდებულებზე გრძელდება  – სად ცხოვრობენ უკრაინელები “на Украине” თუ “в Украине”?

უზიგზაგო არჩევნები

არჩევნები

არჩევნების დღე ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დასვენების დღეა, დღე, როდესაც შეგიძლია გვიანობამდე იძინო, ან პირიქით, რაც შეიძლება ადრე ადგე და საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად დილაადრიან გამოცხადდე. ეს არის ერთადერთი მოვალეობა, რომელიც ამ დღეს ჩვეულებრივ მოქალაქეს ეკისრება, ერთადერთი და ყველაზე საპასუხისმგებლო.

თუმცა, ეს დღე ყველასთვის დასვენებისთვის არ არის განკუთვნილი. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც არჩევნები ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული დღეა მის კალენდარში. ასეთი ხალხი ძირითადად დამკვირვებლები და ჟურნალისტები არიან, ადამიანები, რომლებმაც კენჭისყრის პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარება უნდა უზრუნველყონ.

მას შემდეგ რაც 18 წელი შემისრულდა, ეს ჩემი მეორე არჩევნებია. დილით 9 საათზე ვდგები, ვემზადები, ჩანთაში ვილაგებ კალამს, რვეულს, მხედველობის სათვალეს, ლეპტოპსა და ცესკოს უზარმაზარ სააკრედიტაციო ბარათს(ამ არჩევნებში, წინასგან განსხვავებით, მხოლოდ ამომრჩეველი არ ვარ და არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში ვაპირებ წასვლას, საიდანაც სტუდენტური ბლოგისთვის პრესკონფერენციებს გავაშუქებ). მე ჯერ საარჩევნო უბნისკენ მივდივარ, რომელიც ჩემი სკოლის შენობაშია განთავსებული. სკოლის ეზოში საერთოდ არავინ არ მხვდება. ეზოს ეს სურათი ძალიან დიდ კონტრასტს ქმნის წინა არჩევნებთან შედარებით, რომლის დროსაც სკოლის შესასვლელთან ერთგვარი კორიდორი იყო გაკეთებული – ერთ მხარეს ერთი პარტიის აქტივისტები იყვნენ ჩამწკრივებულნი, მეორე მხარეს კი – მეორისა. მეც ხან ერთ მხარეს წავიდოდი ჩემი მეზობლის ან სკოლელის მისასალმებლად, ან მეორე მხარეს და ასე ზიგზაგებით მივაღწიე კარამდე. დღეს კი ამავე ადგილას ისეთ სწორ ხაზზე მივდივარ, რომ ნებისმიერ ნასვამ ადამიანს, რომელსაც პატრული მანქანიდან გადმოსვლას და გავლას სთხოვს, ზუსტად განმეორება მოუნდებოდა.

უბანზე სულ ორიოდე ამომრჩეველი მხვდება. რეგისტრაციას უცბად გავდივარ, შევდივარ კაბინაში და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. შემდეგ მედიაცენტრში მივემართები. რუსთაველის მეტროდან ქობულეთის ქუჩამდე ფეხით მივდივარ. თბილი და წყნარი დილაა, ქუჩაში ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს. კარგა ხანს ვუნდები ქობულეთის აღმართზე იმ სახლის მოძებნას, სადაც ცენტრია განთავსებული. ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც მრგვალი ბაღის მიდამოებში ყველა აღმართს დავლაშქრავ, „აღთქმულ მიწამდეც“ ვაღწევ და ლიფტში შევდივარ.

მედიაცენტრის კორიდორში შესვლისას ხმაურსა და ოპერატორების მიერ გაჭიმულ უსასრულო კაბელებში ვიხლართები. ბოლოს დიდ ოთახში შევდივარ, სადაც სკამებზე მსხდომი(და ალაგ–ალაგ გაწოლილი) ჟურნალისტები და მათი განუყრელი ოპერატორები მხვდებიან. მე სულ ბოლოში, კამერების გვერდით ცარიელ სკამზე ვჯდები, ლეპტოპს ჩანთიდან ვიღებ და სამუშაოდ ვემზადები.

12 საათზე პირველი პრესკონფერენციაა. მე ნიუსს ვწერ და შემდეგ გაჭირვებით ვცდილობ, მედიაცენტრის უვარგისი Wi-Fi დავიჭირო და ნიუსი გამოვაქვეყნო. გამოცდილ ჟურნალისტებს usb მოდემები აქვთ წამოღებული და ინტერნეტიც ნორმალურად უმუშავებთ. პრესკონფერენციის შემდეგ 2–საათიანი შესვენება ცხადდება და ჟურნალისტებს მედიაცენტრის მეორე ბოლოში, იმ ოთახში უხმობენ, სადაც ეს–ესაა საჭმელი მოიტანეს. ყველაზე მშივრები არ აყოვნებენ, თავიანთ რვეულებსა და კამერებს ტოვებენ და იმ ოთახისკენ მიდიან. სხვები ნელ–ნელა იკრიფებიან. „წამოდი, თორემ ამათ ხელში, აღარაფერი შეგხვდება.“ – მეუბნებიან, როცა ხედავენ, რომ მე ჯერ კიდევ ლეპტოპში მაქვს თავი ჩახრილი. ბოლოს და ბოლოს, ბლოგზე ჩემს ნიუსსაც ვაქვეყნებ და იმ ტექსტსაც, რომელიც სხვა სტუდენტმა ცესკოდან ელ–ფოსტაზე გამომიგზავნა, ლეპტოპს ვხურავ და მეც ბოლო ოთახში გავდივარ. ოთახის სიმცირის გამო, აქ კიდევ უფრო დიდი ხმაურია. ყველა პიცას ჭამს, ან ცდილობს, რომ იქამდე მიაღწიოს და ერთი ნაჭერი აიღოს. დროზე მივასწარი ბოლოსწინა ნაჭერს. 10–მდე პიცისგან მხოლოდ ერთი ნაჭერიღა რჩება. შემდეგ ყველანი ისევ უკან ვბრუნდებით. 2 საათიდან ბრიფინგების სიხშირე იზრდება. მეც ნიუსს ნიუსზე ვწერ, პრესრელიზი პრესრელიზზე მომდის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „მრავალეროვანი საქართველო“… ყველა ორგანიზაცია ძირითადად, ერთი და იმავეზე საუბრობს – „სიწყნარეა, სიწყნარეა, ნეტა დღის ბოლომდე სულ სიწყნარე იყოს.“ ბრიფინგების დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტები იწყებენ წუწუნს – „რა სიწყნარეა“; „რა მომაბეზრებელია“; „რამე მოხდეს, ნეტა ვინმე მაინც სცემონ“. მათგან განსხვავებით, ოპერატორებს მოწყენილობის არაფერი ეტყობათ. ხმამაღლა ჰყვებიან ახალ–ახალ ანეგდოტებს და ხანდახან სასაცილო ხმით რაიმე სევდიან სიმღერას წაუმღერებენ, მაგრამ მერე ახსენდებათ, რომ ბრიფინგი მიმდინარეობს და ჩუმდებიან(ან პირიქით, ხმას უწევენ – გააჩნია, ტრიბუნასთან მათთვის რამდენად პრიორიტეტული ადამიანი დგას).

8 საათის მოახლოებასთან ერთად ბრიფინგებს შორის შუალედებიც სულ უფრო და უფრო მცირდება. მეც ნიუსს ვაქვეყნებ და მაშინვე ახლის წერას ვიწყებ. ინტერნეტი ისევ უვარგისად მუშაობს და თანდათან ვრგძნობ, რომ ძალიან ვიღლები. 9 საათზე ბოლო ბრიფინგსაც ვაშუქებ – ერთ–ერთი ორგანიზაცია ცესკოს წარმატებულ არჩევნებს ულოცავს. მედიაცენტრი თანდათან იცლება. ჩემ გვერდით სულ 3–4 კამერაღა რჩება. მე ლეპტოპს ჩანთაში ვიდებ და მოვდივარ.

სახლში მიმავალი ივანიშვილის ბიზნესცენტრის თავზე ფოერვერკს ვხედავ. ალბათ, ეს დღეს ყველაზე დიდი ხმაურია თბილისში. სახელმწიფოს გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრისთვის არჩევნები წლის ყველაზე დიდ სანახაობად იქცა. სხვა დროს ამ შოუს ფოერვერკი მთელი დღის განმავლობაში არ აკლდა,  დღეს კი ძალიან ბევრს გაუცრუვდა იმედები. დღეს ყველამ გზა საარჩევნო უბნის კარამდე ზიგზაგების გარეშე გავიარეთ. ბიზნესცენტრის თავზე ეს ფოერვერკი კი სხვა შოუს ნაწილია.

2012 წლის ფსიქოდელიური ქრონიკები

ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წლის იანვარში სტუდენტური სასწავლო გამოცემისთვის

(c) "ცხელი შოკოლადი

(c) “ცხელი შოკოლადი”

მწერალი და ესსეისტი პაატა ქურდაძე პარიზში ცხოვრობს და 3 ათასი კილომეტრით დაშორებულ ქართულ რეალობაზე წერს. თემა, რომელსაც მის წიგნებსა და ბლოგებში ყველაზე დიდი ადგილი უკავია, ქართული პოლიტიკური რეალობაა. ამას ის იმით ხსნის, რომ საქართველოში პოლიტიკა აბსოლუტურად ყველაფერშია. ის ხანდახან 20 წლის წინ მიტოვებულ თბილისსაც უბრუნდება ხოლმე. ჩვენ მას თბილისში, სახლში ვესტუმრეთ და 2012 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გავესაუბრეთ.

პირველი ოქტომბერი არის ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების პირველი შემთხვევაა ქართულ რეალობაში. თქვენი აზრით, ასეთი პრეცენდენტის არსებობა რას შეცვლის პოლიტიკურ კულტურაში, ცნობიერებაში?

ბევრს შეცვლის. საერთოდ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ყოველთვის გარკვეულ კვალს ამჩნევს. მე, ზოგადად პროგრესის მჯერა და რომ მკითხოთ, საერთოდ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ყველა ხელისუფლებამ რაღაც პროგრესი მოიტანა(რაღა თქმა უნდა, იდეალური არცერთი არ იყო და თავისებურად, ყველა ხელისუფლება ცუდია. კარგი ხელისუფლება საქართველოს ჯერ არ ჰყოლია). პოზიტიური რა შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ის, რომ უბრალოდ, არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა თავისებურად თვითონვე გამარჯვებულს აქცევს რაღაც ჩარჩოებში და აიძულებს, მომავალი არჩენებისთვის იფიქროს, რომ თვითონაც მოუწევს ხელისუფლების ამავე გზით გადაბარება. რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ სააკაშვილის ხელისუფლება, ის თავისივე “ვარდების რევოლუციის” წარმატების მსხვერპლი გახდა, რადგან ამ რევოლუციამ ასწავლა ხალხს ხმის ამოღება. საკუთარი უფლებების მოპოვებისა და დაცვის გემო ადამიანებმა სწორედ ამ დროს იგრძნეს.

 თქვენს წიგნში, „ფსიქოდელიური ქრონიკა 2009“, ძველი ხელისუფლების სახეების იმიჯი და დისკურსი განიხილეთ, სადაც პოლიტიკური ელიტის ორმაგ ენაზე საუბრობთ(ერთი მხრივ, ზრდილობიანზე და დახვეწილზე ევროპელებთან ურთიერთობისას და მეორე მხრივ, აღგზნებულსა და აგრესიულზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში). როგორ შეადარებდით ახლანდელი მმართველი გუნდის ვერბალურ შესაძლებლობებსა და სტილს წინამორბედთან?

მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია შევადარო. ახალ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან ლაპარაკის შედარებით ადამიანური სტილი აქვს. რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება ვერბალური წამოცდომები, არცოდნა, აროგანტულობა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით. ყოველ შემთხვევაში,მათ ნაკლებად ახასიათებთ ის ცინიზმი, რასაც მე ყოველთვის ვგრძნობდი სააკაშვილსი გუნდისგან და რის გამოც მათ მიმართ უარყოფითად განვეწყვე. რაც შეეხება საგარეო ენას, მე მათი ლიდერის საგარეო ენას ფაქტობრივად არ ვიცნობ, რადგან საზღვარგარეთჯერჯერობით არავის, ან ძალიან ცოტას ელაპარაკება. როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა და იმდროინდელმა კოალიციამ გაიმარჯვა, მახსოვს, სააკაშვილი საფრანგეთში სერიოზულ პოლიტიკურ ტოკ-შოუებში პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა. იქ ისხდნენ ექსპერტები, რომლებსაც პოლიტიკური კულტურის ძალიან მაღალი დონე აქვთ. მათთან შედარებით, სააკაშვილი მხოლოდ პოლიტიკური ბავშვი იყო, მაგრამ რისკავდა და ელაპარაკებოდა. მან ამით მიაღწია იმას, რომ ევროპა გარკვეულწილად შეაჩვია აზრს, რომ არსებობს ასეთი „ბედ ბოი“, რომელიც რაღაცას აკეთებს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ისინი იმდენად იშვიათად ესაუბრებიან თავიანთ დასავლელ პარტნიორებს, რომ თითქოს რაღაც თვითიზოლაციას მიმართავენ. ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ივანიშვილს დასავლეთში არ იცნობენ და მის ბექგრაუნდიც არ იძლევა იმის საშუალებას რომ მან აპრიორი კარგი შთაბეჭდილება დატოვოს(რადგსნ როგორც ცნობილია მდიდრები ხელისუფლებაში ზოგადად არსად არ უყვართ). მას გაცილებით მეტი საერთაშორისო გახსნილობა და ურთიერთობები სჭირდება, ვიდრე დღეს აქვს.

გარკვეული ნორმაა, რომ ხელოვანთა რაღაც ნაწილი რეჟიმს უჭერს მხარს. ეს ძირითადად იმ კატეგორიის ხელოვანები არიან, ვინც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში იღებენ მონაწილეობას, სამაგიეროდ კი, მმართველი პარტიის პროპაგანდას ეწევიან(თქვენ ერთ-ერთ თქვენს წერილში, ასეთი ხალხის ქმედებას ვიღაცის “მატარებელზე შეხტომას” უწოდებთ). როდესაც მმართველი გუნდი იცვლება, ეს ხელოვანები ავტომატურად ხდებიან ერთგვარი მარგინალები და მათი(როგორც ძველი რეჟიმის ნაწილის) ვარსკვლავებიც ქრება. ოქტომბრის არჩევნები ამის ნათელი დასტურია. თქვენ როგორდაახასიათებდით ამ ტიპის ადამიანებს? ვინ არიან ისინი და რა ადგილი უკავიათ ხელოვნებაში?

ჩვეულებრივი ოპორტუნისტები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.ვნახე კიდევაც ადამიანები სწორედ ამ “მატარებლიდან”, “მიშას მატარებლიდან”, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ “აი, თავისუფლად ამოვისუნთქეთო”. მე რომ ვეკითხები, თქვენ რა გიჭირდათ „თავისუფლად ამოსასუნთქი“-მეთქი, მეუბნებიან, “რას ლაპარაკობ, ძალიან განვიცდიდითო”. ეს ცოტა საბჭოთა სტილის იპოკრიზმს წააგავს, წითელ ინტელიგენციას რასაც უწოდებენ: მშვენიერი ურთიერთობა გაქვს ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდას ეწევი, თან წუწუნებ რომ მორალურად დათრგუნული ხარ. ასეთი ადამიანები, ჩემი აზრით, ტრაგი-კომიკურები არიან. თუმცა, ვერ მოსთხოვ ყველა ხელოვანს, რომ იყოს ნონ-კონფორმისტი.არც ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნაში არის რაღაც ახალი. ხელოვანებისს შემოქმედებ დიდი ნაწილი სწორედ შეკვეთებითაა დამზადებული და შექმნილი თითქმის მის ყველა დარგში, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება.…მაგალითისთვის, რენესანსის ყველაზე დიდი შედევრები პაპისა და მაღალ იერარქიის შეკვეთებითაა შესრულებული.

დაახლოებით ასევე იყო საბჭოთა კავშირში. უამრავი დიდი ხელოვანი იძულებით ემსახურებოდა საბჭოთა პროპაგანდას. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, პროპაგანდისტული ნამუშევრების ხარისხი ხშირად გვავიწყებენ მათარათავისუფალ წარმომავლობას. მიშას „მატარებლის მგზავრები“ არ არიან მაიაკოვსკები და ეიზენშტეინები. ჩემთვის მათი უმრავლესობა არის უბრალოდ პატარა ოპორტუნისტი.მათ პიროვნული შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვცდილობ, უბრალოდ, არსადაა მათი შექმნილი ნორმალური პროდუქტი. ვერ მანახებთ ვერაფერს ხარისხიანს, რაც 2000-იან წლებში მათ შეუქმნიათ.

ახლანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება საპატრიარქოსა და სასულიერო პირებისადმი წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია. ახალი მმართველი გუნდი ბევრად უფრო აქტირუად თანამშრომლობს ეკლესიასთან და ახლო ურთიერთობების დამყარებასაც ცდილობს. თქვენ რა მოტივს ხედავთ ამ ახალ სტრატეგიაში?

მე ნაწილობრივ არ დავეთანხმები თქვენს კითხვას. ჩემს ბოლო წიგნში საკმაოდ ბევრი მიწერია საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულებაზე.არასოდეს საქართველოში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, რადგან მათ შექმნეს ის ინტელექტუალური და სულიერი სიცარიელე, რომელიც ეკლესიამ დაიკავა. როდესაც ამის საშუალებას მისცემ, ეკლესია ყოველთვის დაისაკუთრებს კიდევ უფრო მეტ ადგილს, ვიდრე მას უკავია. ეს ყველა ეკლესიას ეხება(მათ შორის კათოლიკურსაც). უბრალოდ, ეს ეკლესიის ერთგვარი მზარდი ბუნებაა. ის, რაც საქართველოში მოხდა, მე მჯერა, რომ არის ქართული კულტურის პოლიტიკის არარსებობა. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, ის არის კოალიცია, რომელში შემავალი პარტიების უმრავლესობა აშკარადულტრამემარჯვენე ნაციონალისტები არიან. მათთვის ეკლესიასთან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად ბუნებრივია. მე გაცილებით ამორალურად მიმაჩნია, როდესაც ვითომ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე აწყობილი ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ რელიგიურ “რენესანსს” საქართველოში.

ისედაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებით გაჯერებულმა ახალმა ხელისუფლებამ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა მიიღო სააკაშვილის ამ სპეკულაციური პოლიტიკით, რომელმაც ძალიან დიდი როლი მიანიჭა ეკლესიას. ეს უკანასკნელი აღმოჩნა ისეთ მდგომარეობაში, რომ დღეს, პირდაპირ, თუ ირიბად, ფაქტობრივად, ნებისმიერ სახელმწიფო საქმეში ერევა.ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 90-იანების ბოლოს, ჩანდა ეკლესიის აღზევების ნიშნები. მახსოვს ერთ-ერთ ახლადდაარსებულ გაზეთთან ვაპირებდი თანამშრომლობას, და როდესაც მათ ვუთხარი, რომ რელიგიაზე წერა აუცილებელი იყო და ვაპირებდი კიდეც, ასე მიპასუხეს _ რელიგიას არ ვეხებითო. ეს მითხრა ხალხმა, რომელიც მომდევნო 8 წლის განმავლობაში განაგებდა ქართულ კულტურას, პოლიტიკას. მათ დაუშვეს, ის, რომ ფაქტობრივად რელიგიამ ისედაც სუსტი პოზიციების მქონე კულტურა ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, ეკლესიას თავისი ადგილი აქვს. ვის რა უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესია. უბრალოდ, ის ძალიან დიდი დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში. მასმთლიანად უჭირავს კულტურისათვის განკუთვნილი სივრცე და ეს ძალიან ცუდია.

„ფსიქოდელიური ქრონიკის“ ერთ–ერთ თავში(„პატარა უკულტურო რევოლუცია“) თქვენ საპროტესტო კულტურასა და საქართველოში პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხებით. მაგალითისთვის იმდროინდელ(2009 წლის აპრილი) მოვლენებს და „უცნობის“ „საკანს“ განიხილავთ. 2012 წლის სექტემბერში კი, იყო სტუდენტების საპროტესტო მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ.რა განსხვავებები დაინახეთ ამ მოძრაობასა და უახლოეს წარსულში გამართულ სხვა საპროტესტო გამოსვლებს შორის?

პირველ ყოვლისა, ეს იყო ახალგაზრდების პროტესტი. მის წინამორბედებში კი, ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა საშუალო ასაკის და უფრო უფროსი ადამიანები იყვნენ(რა თქმა უნდა, იქაც იყვნენ სტუდენტები, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით). ყველაზე პრინციპული განსხვავება იყო ის, რომ ეს პროტესტი გამოიწვია არა რაღაც პოლიტიკურმა შეცდომებმა, არამედ ადამიანის ღირსების შელახვამ. როგორც მახსოვს, თავად სტუდენტებსაც არ სიამოვნებდათ, როდესაც პოლიტიკოსები მიდიოდნენ მათ აქციებზე და მე ეს ძალიან მომწონს. მაგრამ აქ, ჩემი აზრით, რაღაც ეგოისტური მომენტიც იყო: მგონია, რადგან იმ კადრებში ძირითადად ახალგაზრდებზე ძალადობას აჩვენებდნენ, მათ გააცნობიერეს, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ მათგანს შემთხვეოდა. ძალიან უბრალო შემთხვევის გამო(თუნდაც მარიხუანას მოწევაზე, ან ქუჩაში შელაპარაკების გამო), ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ. ასეთი მსუბუქი დანაშაულები მთელს მსოფლიოში ხდება, მაგრამ ამის გამო შენს სიცოცხლეს მთლიანად ხაზი არ უნდა ესმოდეს.

რაც შეეხება „უცნობს“,ახალგაზრდებს არანაირად არ შეეძლოთ საკუთარი თავის იდენტიფიციტრება მოეხდინათ კაცთან, რომელიც გამოდის ფეხბურთის მოედნის ცენტრში და მუხლებზე დროშაზე ეცემა საყოველთაო ოვაციების თანხლებით.ეს თქვენი თაობისთვისკი არა, ჩემთვისაც კი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცხო და გროტესკული პათეტიკაა.

თქვენს აუდიობლოგში „თბილისს ვეღარ იცნობ“, იმ სიმბოლოებზე საუბრობთ, რომლებიც პარიზს თავის ხიბლს აძლევენ და არასდროს იცვლებიან. მართალია, იქვე ამბობთ, რომ თბილისში ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ დაძველებას ვერ ასწრებს, მაგრამ მაინც, რა ასოცირდება თქვენთვის თბილისთან, რა არის(ან იყო) თქვენთვის თბილისის სიმბოლო?

საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი. მხედველობაში მაქვს რაღაც განსაკუთრებული ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ზოგ ქალაქს ახასიათებს. დღეს კი ამბობენ, სადღა არის ასეთი ურთიერთობებიო, მაგრამ მე ახალი თაობის ნაწილში ამას მაინც ვხედავ. როგორც მამა რომ შეხედავს პატარა შვილს და აღმოაჩენს რაღაც მოძრაობას, სიცილს, თუ ნებისმიერ სხვა მანერას, და მიხვდება, რომ ეს ყველაფერითითქოსმისია, ამ ასაკში ისიც ასე იქცეოდა. ესგენეტიკურად გადაცემული რეფლექსური მოძრაობები, აზროვნება და მანერებია. სწორედ ასეთი მოვლენაა თბილისური ურთიერთობები და „თბილისელობა“ – „გენეტიკურად გადაცემული“. რა თქმა უნდა, მასში მარტო კარგი არ არის. ყველა ქალაქს აქვს რაღაც კარგი და ცუდი., თბილისს ბევრი აქვს ასეთი “გენეტიკურად ცუდიც”, რომელიც ხანდახანძალიან თვალში საცემია, თუმცა უფრო და უფრო ნაკლებად.

რაც შეეხება არქიტექტურას,…ქალაქი თეატრის დეკორაციას არ უნდა დაამსგავსო. ამის გამკეთებლებს ალბათ ეს მოსწონთ. ვიღაცას შეიძლება მართლა ასეთი ჰგონია ევროპა, მაგრამ ის სინამდვილეში ასეთი არ არის. “თავმოყვარე” ევროპულ ქალაქის ცენტრში ასე ადვილად ვერ ჩადგავ შუშის შენობას, ვერ გაჩეხავ ტყეს. ამას იქ არავინ არ გაპატიებს და ამ საქმეს გადაგაყოლებენ. მე უფრო კონსერვაციის მომხრე ვარ, ვიდრე რესტავრაციის. იმედი მაქვს, რომ ძველი ქალაქის ის ნარჩენები მაინც შენარჩუნდება, რაც დარჩა.

თქვენს ერთ-ერთ ბოლო წერილში, “ბეკეკა და დიდი დიპლომატია”, ქართულ დიპლომატიას და ზოგადად, უცხოელებთან ურთიერთობას, ბეკეკას ქცევას ადარებთ(მგლისა და კრავის ცნობილი იგავიდან), რომელიც ნებისმიერ სხვას თავისზე უპირატესად მიიჩნევს. ამ წერილში თქვენ აბსტრაქტულ მეორე პირს მიმართავთ, რომელშიც სავარაუდოდ, ქართულ მენტალიტეტს გულისხმობთ და მას “მარადიულ ბეკეკას” უწოდებთ. როგორ ფიქრობთ, ეს დაუძლეველი ფსიქოლოგიაა?

დაუძლეველი არ არის, მაგრამ ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული _ ჩვენი ცხოვრების შესახებ შემთხვევით მოსულ სტუმრის აზრს უფრო მეტად ვითვალისწინებთ ვიდრე ოჯახის წევრებისას. ეს აბსოლუტური უწიფობისა და პროვინციალიზმის ნიშანია. მაგალითად, მე ვიღაცას ჩემს მოსაზრებას ვუზიარებ, მას კი საპირწონედ მოჰყავს ვიღაც ამერიკელი ექსპერტი, რომელსაც უკვე მეორე ქართველი ცოლი ჰყავს, საქართველო ძალიან უყვარს… და “იმას უფრო დაეჯერება”. “ევროპულობის” ხაზგამსმელი ნიშანი პრინციპულობაა. როდესაც ევროპელი შენში პრინციპებსა და მათ ერთგულებას ხედავს, ის პატივს გცემს და როდესაც მის ყველა ნათქვამზე ტაშს უკრავ, ის უბრალოდ ხდება “პატარა თეთრი ადამიანი ”(ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა და გულისხმობენ უმნიშვნელო ადამიანს, რომელიც, მესამე სამყაროს ქვეყანაში მოხვედრილი, მოულოდნელად „ვარსკვლავი” ხდება). ჩვენთან ასეთი “პატარა თეთრი ევროპელები” ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან და მათი ერთგვარი კულტივირება, როგორც ყოველთვის, თვალშისაცემია.არ ვამბობ, რომ მათ საერთოდ არ უნდა მოვუსმინოთ, პირიქით. მაგრამ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავზე მუშაობა, იმისთვის, რომ ამ “პატარა თეთრი ევროპელის” დონეზე მაინც დავაყენოთ საკუთარი თავი. თუ ასე არ ვიზამთ, მაშინ გაგრძელოთ ეს კომიკური დაპირისპირება უცხოელ ექსპერთთა და მეგობართა აზრებით? ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია რომელიმე თავისი მეგობარი, ან ფავორიტი უცხოელი ექსპერტის მოსაზრება მოიყვანოს, განსხვავებული აზრის ერთადერთ არგუმენტად. შემდეგ რა ვქნათ?მათი კომპეტენცია და დიპლომები ვადაროთ ერთმანეთს? უცხოელ ექსპერტთა ოლიმპიადა მოვაწყოთ? აი ეს არის ჩემთვის “ბეკეკობა”. საკუთარი პრინციპებისა და აზრის უპატივისცემლობა..

“God bless America”

ბრუკლინში ძალიან ბევრი პარკია, სადაც ადამიანს შეუძლია სიცხეს დაემალოს, სკამზე ჩამოჯდეს, ან ბალახზე გაკოტრიალდეს, ბავშვები საქანელაზე აქანაოს, კალათბურთი ითამაშოს და ა.შ.  ჩემს სახლთან ახლოსაც არის ერთი ასეთი პარკი, ბენსონჰერსტის პარკი. დღეს საღამოს სწორედ ამ პარკში მივსეირნობდი, ცალ ხელში დორიტოსი მეჭირა, მეორეში კოკა–კოლა და ბალახზე წამოსაგორებელ ადგილს ვეძებდი, როცა მუსიკის ხმა მომესმა – იქვე, პარკში, რამდენიმე ხანში შესული ადამიანი კონცერტს მართავდა. მე დორიტოსისგან გაწითლებული თითები და პირი მოვიწმინდე და მათ წინ, ბალახზე დავჯექი. მსმენელი ბევრი არ იყო – იქვე, პარკის სკამებზე ჩამწკრივებული მოხუცები და ათოდე უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. მოხუცები იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურ სიმღერებს მღეროდნენ, შიგადაშიგ წაიცეკვებდნენ კიდეც, ერთი სიტყვით, მშვენიერ დროს ატარებდნენ.

Untitled

შემდეგ, უცებ ორგანიზატორმა ახალი სიმღერის გამოცხადებისას გახარებულმა ვიღაცას მიმართა – “Oh, you’re here.” მე მივტრიალდი და მაღალი, ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი დავინახე, რომელსაც გეზი მიკროფონისკენ ჰქონდა აღებული. მან ორგანიზატორი გადაკოცნა და მაშინვე მიკროფონს დაეპატრონა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ საჯარო მოხელე იყო. მან მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებს და პარკში შეკრებილ მსმენელებს. “სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ამ ლამაზი ქალაქის საზოგადოება გარეთ გამოვიყვანო, რათა მათ ერთმანეთს სითბო აჩუქონ.”- დაახლოებით ასეთი შინაარსის სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ ყველას დაგვიარა და ხელი ჩამოგვართვა. მე ისევ ბალახზე ვიჯექი და ჩემი დორიტოსიანი ხელი გავუწოდე. ჩემ შემდეგ გვერდით მდგარ რუს ოჯახთან გადაინაცვლა. სანამ ხელს ჩამოართმევდა, შვილმა დაასწრო და უთხრა – “My dad voted for you”. ის ცოტა ხანს შეყოვნდა მათთან, რაღაცაზე საუბარი გაუბა, შემდეგ სხვებთან გადაინაცვლა და ბოლოს ისევ ისე შეუმჩნევლად გაქრა, როგორც მოვიდა. მოგვიანებით, ყური მოვკარი, იმ რუს ბიჭს მამა რომ უხსნიდა, სენატორია და მასზე მაღლა აღარავინ არ დგასო. სახლში რომ მოვედი, დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ ის კაცი ნიუ იორკის სენატორი ჩაკ შუმერი იყო.

მოსაღამოვდა და კონცერტი ლამპიონების შუქზე გრძელდებოდა. ჯგუფის პიანისტს, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე ხნიერი იყო, შუქი არ ჰყოფნიდა და ორი კაცი იძულებული იყო მის თავთან ფანრებით ხელში მდგარიყვნენ.

მალე ერთი ახალგაზრდა შვკანიანი გოგონა გამოჩნდა, რომელიც მომღერლებისკენ გაემართა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა პარკის ადმინისტრაციიდან იყო. ბრუკლინში ყველა პარკს საკუთარი ადმინისტრაციული შენობა აქვს, რომლებსაც, ჩემი დაკვირვებით, ძირითადად საწყობად იყენებდნენ. გოგონამ მომღერლებს უთხრა, რომ უკვე სახლში მიდიოდა და სკამები, რომლებზეც ისინი ისხდნენ, შენობაში უნდა დაებრუნებინათ. მოხუცები წამოიშალნენ და ყველამ თითო სკამს დაავლო ხელი. სამწუხაროდ, მხოლოდ მე მივეშველე. როდესაც სკამები მივიტანეთ და უკან მოვბრუნდით, აღმოვაჩინე, რომ ჩემგან მარცხნივ მჯდომი ამერიკელი ცოლ–ქმრიდან ცოლს მომღერლებისთვის თავისი გასაშლელი სკამი დაეთმო, მისი ქმარი კი თავისაზე ისევ ისე კომფორტულად იჯდა. ცოლი გვერდით ჩაიცუცქა და მის სკამს ეყრდნობოდა.

ზოგი მომღერალი ფეხზე დადგა, ზოგმაც დასაჯდომი ადგილი იპოვა. კონცერტი ისევ გაგრძელდა, თუმცა დიდხანს არა. მალე ჩვენკენ მომავალი პოლიციის ოფიცერი დავინახე. ის მომღერლებთან მივიდა, ცოტა ხანს ესაუბრებოდა. შემდეგ კონცერტის ორგანიზატორს უხმეს. მალე პარკის ადმინისტრატორი გოგონაც გამოჩნდა. რას ლაპარაკობდნენ არ მესმოდა, მაგრამ ორგანიზატორი, დაბალი მოხუცი ქალი ადმინისტრატორს გაბრაზებული ელაპარაკებოდა და ხელს მისკენ იშვერდა. ამ დროს ჩემ გვერდით მსხდომი წყვილი ამოძრავდა. “They’re gonna shut them down” – თქვა ქმარმა და თავისი სკამიდან წამოიმართა. სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ დაუთმო სკამი ცოლმა და არა ქმარმა. ამ უკანასკნელს სქელი ტანი და კიდევ უფრო სქელი ფეხები ჰქონდა, რომლებსაც ძლივს ადგამდა. “It was a really nice evening and it’s so sad” – მომიტრიალდა ცოლი. მე დავეთანხმე. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ელექტრო ენერგია, რომელიც ხმის გამაძლიერებლებს კვებავდა, არა გენერატორიდან, არამედ ადმინისტრაციის შენობიდან მოდიოდა(ვიღაცამ გენერატორზე არ იზრუნა). ადმინისტრატორი გოგონა კი ჩიოდა, რომ უკვე 9–ის ათი წუთი იყო, ის კი, ჩვეულებრივ, შენობას 8–ზე კეტავდა და სახლში მიდიოდა.

საბოლოოდ, მოხუცმა მომღერლებმა პოლიციელისა და ადმინისტრატორის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. მხოლოდ, პროტესტის ნიშნად ერთხმად სიმღერა დაიწყეს – “God bless America, my home, sweet home”. მას ჩემ გვერდით მდგარი წყვილიც აყვა. ქმარი გაბრაზებული მღეროდა. შემდეგ ორგანიზატორმა მადლობა გადაგვიხადა და დაგვემშვიდობა. მე ავდექი და წამოვედი, თან უკან ვიყურებოდი. მომღერლების ნაწილი მანქანებისკენ გაეშურა, ნაწილი კი შექუჩულიყო და ისევ რაღაცას არჩევდნენ.

 

პრიზმული საზოგადოება

თუ თქვენ ჯერ არ გაგიგიათ ვინ არის ედვარდ სნოუდენი, მაშინ თქვენ ახლაც არ იცით, რომ „პრიზმაში გატარებენ“.  ედვარდ სნოუდენი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს(NSA – National Security Agency) უკვე ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც ბრიტანულ „გარდიანს“ პროექტ „პრიზმაზე“ საიდუმლო დოკუმენტები მიაწოდა. პრიზმა ეს არის NSA -ს სპეციალური პროგრამა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს „მაიკროსოფტის“, „გუგლის“, „ფეისბუკის“, „იაჰუს“, „სკაიპის“, „ეფლის“ „ვერაიზონის“ და სხვა მსხვილი კომპანიების მონაცემებზე, თქვენს ელექტრონულ ფოსტებზე, მიმოწერებზე, სურათებზე, ვიდეოებზე, სატელეფონო საუბრებზე, ვიდეოკონფერენციებზე, დოკუმენტებზე და ა.შ. მოკლედ, ყველაფერზე. როგორც ერთ-ერთ დოკუმენტში იყო მითითებული, ეს ყველაფერი ჩამოთვლილ კომპანიებთან შეთანხმებით ხორციელდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელთა ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი პროგრამის შესახებ პირველად გაიგეს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მისი შექმნის მოტივად (რაღა თქმა უნდა)ტერორიზმთან ბრძოლას ასახელებენ.

edward snowden

რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, ის ამ წუთისთვის აშშ-ს სახელმწიფოსთვის არაოფიციალურად ნომერ პირველი დამნაშავეა.  მაგრამ თუ სნოუდენი რამეშია „დამნაშავე“, მხოლოდ იმაში, რომ მან მთელს მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ მიმდინარეობს თანამედროვე სამყაროში ტოტალური კონტროლი.

საერთოდ ხომ ასეა – ყველაფერს აქვს ნათელი და ბნელი მხარე. ინფორმაციული ტექნოლოგიებიც, სამწუხაროდ მხოლოდ ნათელმხრიანი ფენომენი არ აღმოჩნდა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, მისი „მოპარვაც“ გააადვილა. ჩვენთვის ახალი ამბავი არაა, თუ როგორ ახერხებენ ნებისმიერი სატელეფონო საუბრის ჩაწერას, ფარულ ვიდეოგადაღებას, კომპიუტერიდან პირადი ინფორმაციის მოპარვას და ა.შ.

ეს ყველაფერი აჩენს შეგრძნებას, რომ ჩვენ „ტრუმანის შოუში“ ვცხოვრობთ. ჩვენ ყველანი ერთ დიდ პავილიონში ჩაკეტილი ტრუმანები ვართ, რომლებსაც ყოველ წუთას აკვირდებიან. თანამედროვეობამ ამ „რეალითი შოუს“ განსახორციელებლად ხომ უკვე  შექმნა ყველანაირი საშუალება.

უკვე დიდი ხანია, რაც ბევრი სახელმწიფოსთვის ძალაუფლების(და მისი გადამეტების) ლეგიტიმაცია გარე საფრთხეს ეფუძვნება. როდესაც შენ ტელევიზორი 24-საათიან რეჟიმში გეუბნება, რომ შენს, შენი შვილების, შენი მშობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან კომუნისტები(ან „იანკები“ საპირისპიროდ), ბენ ლადენები, ალ ქაედები, ვიღაც ჩეჩენი ტინეიჯერები და ა.შ.  შენთვის პრიორიტეტული საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხდება. ამ დროს შენ ბევრ რამეზე თვალს ხუჭავ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, დამატებით პრივილეგიებს ანიჭებ.  აი ასე ეხსნება სახელმწიფოს ხელები იმისათვის, რომ შეიჭყიტოს ყველას საძინებელში, სამსახურში, კომპიუტერში, და როდესაც შენ გიჩნდება კითხვა, თუ რატომ იჭრება შენს პირად ცხოვრებაში, ის გიხსნის, რომ სინამდვილეში შენ და შენს თანამოქალაქეებს გიცავთ საფრთხისგან, რომელიც ძალიან ხშირად ილუზორულიცაა.

ეს ყველაფერი ქართული რეალობისთვის არახალია. ჩვენ ხომ ტერორიზმის ისეთი სასაცილო და უხარისხო იმიტაციების მომსწრენი ვართ, როგორიც „ენვერი“ და „ენვერი 2“-ია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ ადამიანს „უსმენდა“ და ზოგიერთი მათგანის საძინებელში ვიდეოკამერებით „იჭყიტებოდა“.

მაგრამ ქართული რეალობა ძალიან სპეციფიკურია. გარდა იმისა, რომ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით რეჟიმში, რომელსაც ტოტალიტარულ სისტემასთან უამრავი საერთო ჰქონდა, ჩვენ გვერდით ახლაც არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ტოტალიტარულ სახელმწიფოში გაატარეს, სახელმწიფოში, რომელსაც შემოკლებით „სსრკ“ ერქვა, ვრცლად კი – „დაასმინე შენი მეზობელი“.  ამ ფაქტორით შეგვიძლია ბევრი ფენომენი ავხსნათ: ის, რომ ადამიანები დღეს პატივს არ სცემენ სხვების პირად ცხოვრებას, მათ პიროვნულ სივრცეს, ის, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი მეზობელი გეია, თუ არა, ის, რომ ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია სხვისი ცხოვრების განსჯა და მასში ცხვირის ჩაყოფა, ის, რომ ადამიანები სხვების პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას ითხოვენ. – ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუარა ტოტალიტარიზმის ნაყოფი.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ადამიანის პირად ცხოვრებას იცავს(კონსტიტუციის მე-20 მუხლი), მაგრამ იგივე კანონმდებლობა(კონსტიტუციის მე-7 მუხლი) გვეუბნება, რომ სამართალდამცავებს მოსამართლის ბრძანების გარეშეც შეუძლიათ ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა – „თუ ამის საჭიროება არსებობს“. გამოდის, რომ ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიერ უდანაშაულო ადამიანთა თვალთვალსა და მოსმენაზე, ვსაუბრობთ არა კანონდარღვევაზე, არამედ კანონიერ ქმედებაზე.

თუ თქვენთვის ეს ყველაფერი ახალია, მაშინ გეტყვით:“დილა მშვიდობისა, და იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვეღარ გნახავთ, შუადღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა და ღამე მშვიდობისა.“ გაიღიმეთ ტრუმან, აბაზანის სარკის უკან კამერაა.

truman

ბოლო მერხზე მჯდარი ჩუმი კლასელი

ეს ბლოგი ფეხბურთს არ ეხება, მაგრამ ეხება  დევიდ ბექჰემის ვარცხნილობებისა და ბრაზილიური ფეხბურთის პოპულარობის პერიოდს, როცა ყველას თურქულ-ჩინური ყვითელი მაისურები ეცვათ 9, 10 და 6 ნომრებით(და უკეთეს შემთხვევაში, რონალდოს, რივალდოსა და კარლოსის სახელებით). ეს არის დრო, როდესაც რონალდო ყველას უყვარდა, მაგრამ ერჩივნათ ვარცხნილობით მაინც ბექჰემისთვის მიებაძათ. ეს არის პერიოდი, როდესაც გოლის გატანას ყველანი რაულისავით არათითზე კოცნით აღვნიშნავდით(სანამ ფეხბურთში ბეჭდების ტარება აიკრძალებოდა). მაშინ ეზოში ყველა ერთი და იმავეზე ვსაუბრობდით: რამდენ წამში გარბოდა კარლოსი 100 მეტრს, რა მანძილიდან შეეძლო ბექჰემს გოლის გატანა და კალაძე უფრო მაგარი იყო, თუ ვიღაც მეორე იტალიელი მცველი, რომლის სახელსაც “ნესტლეთი” იმახსოვრებდნენ.

რაც შეეხება კალათბურთს, მასზე საუბარი მხოლოდ ერთ ადგილას იყო შესაძლებელი – სკოლის სპორტულ დარბაზებში(თითქმის ერთადერთ ადგილას, სადაც კალათბურთის ფარი იყო და ნამდვილად ერთადერთ ადგილას, სადაც კალათს ბადე ეკიდა(ზოგჯერ ნახევრად ჩამოხეული, მაგრამ მაინც). ვარჯიშზე მისული ბავშვები გახურებისას ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ხანდახან, კალათბურთზეც. მაშინ კალათბურთის ჩვენი ცოდნა უმეტესწილად ფინალებში მონაწილე გუნდებით და ჯორდანით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ეს იყო სხვადასხვა ბავშვური თუ ურბანული მითები ჯორდანის ნახტომის სიმაღლეზე, რიპ ჰამილტონის ნიღაბზე, ვოლასების ძმობა-არძმობაზე, კობის სახელის ეტიმოლოგიაზე, რობერტ ორისა და ვილ სმიტს შორის კავშირზე და ა.შ. მაშინ ყველას საყვარელი კალათბურთელი, რაღა თქმა უნდა, ჯორდანი იყო, მაგრამ იმ დროს(2000-იანების დასაწყისში) მისი მზე ჩაესვენებოდა და თანაც, მისი კარიერის 99% თითქმის არავის არ გვქონდა ნანახი. ამიტომაც, იძულებულები ვიყავით, კალათბურთის მეფის გარდა კიდევ ვინმე სხვაც აგვერჩია საქომაგოდ. ასეთ მოთამაშეთა რიგებს მიეკუთვნებოდნენ: ვინს კარტერი თავისი უმაგრესი სლემ დანკების გამო, შაკი – ჩამონგრეული ფარების გამო, კობი – ბაზერბითერების გამო, აივერსონი – სტრიტბოლის სტილისა და განგსტერული ტიპაჟის გამო, ბენ ვოლასი – თავისი უცნაური ვარცხნილობისა  და ჰაბიტუსის გამო, რიპ ჰამილტონი – თავისი ნიღბის გამო და ტიმ დანკანი, რომელიც ყველამ იცოდა, რომ მაგარი იყო, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდებოდა, რატომ.

იმ დროს ჩვენს სიმპატიებს კალათბურთელების(ისევე, როგორც ფეხბურთელთა უმრავლესობის) მიმართ, მნიშვნელოვანწილად ვიზუალური მახასიათებლები განსაზღვრავდა. და ვინ იყო ტიმ დანკანი? არც არავინ, ის არც ეფექტური ჩატენვებით გამოირჩეოდა და არც ლაღი მოძრაობებით.

tim-duncan

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ეს იყო ერთი, არაფრითგამორჩეული, ბავშვური სახის მქონე ტიპი, რომელიც არც როდმანივით ჩხუბისთავობით იყო ცნობილი, არც კობისავით მექალთანეობით. ის ბევრს ალბათ იმ თანაკლასელს აგონებდა, რომელიც ყოველთვის თავისთვის წყნარად იჯდა ბოლო მერხზე და უმეტესობას მისი კლასში ყოფნა არც კი ახსოვდა. კალათბურთის მოედანზეც ყოველთვის ასეთი იყო – ჩუმი, და ყველას ძვირად დაუჯდებოდა, მისი პარკეტზე ყოფნა თუ დაავიწყებოდათ. ის თითქმის არასდროს ცდებოდა, არასდროს აცილებდა, ამიტომაც უწოდებდნენ ასეთ დროს “ჩუმ მკვლელს”.  2005 წელს, როდესაც დანკანმა და “სპურსმა” ემინემის დეტროიტელი “ცუდი ბიჭები” –  “პისტონსი” დაამარცხეს, გრეგ პოპოვიჩმა დანკანზე თქვა:”დანკანის თამაში ისეთი ხმოვანი, ფუნდამენტური და დროდადრო შეუმჩნეველია, რომ თუ ის ბევრს არ ჩააგდებს, ხალხი ფიქრობს, “არც არაფერი გაუკეთებია.””

სწორედ ამიტომ, ჩვენი ბავშვური გონება დანკანის “წონას” სათანადოდ ვერ აღიქვამდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ დიდი კალათბურთელი და უწყინარი ადამიანი იყო. მახსოვს, ადრე მისი ფორმაც მქონდა. “ზბორებზე” სავარჯიშოდ თუ მას არ ვიცვამდი, მთხოვნელების რიგი მიდგებოდა. ტიმი ყველას გვიყვარდა. არ ვიცოდით რატომ, მაგრამ მაინც.

ახლა, როდესაც 37 წლის ტიმის კარიერა ბოლო დღეებს ითვლის, ძალიან მინდა ის და თავისი უკვე ლეგენდადქცეული “სპურსი” მეხუთედ გახდნენ ჩემპიონები. ფინალებამდეც ხომ ასე ჩუმად მოვიდნენ. ყველა ძალიან დაკავებული იყო მელოთი, კევინ დურანტით, კობი-ჰოვარდის “ჰარმონიული” წყვილით, ლებრონით, კარით და ა.შ. ისევ ყველას დაავიწყდა, რომ ამ ხმაურიანი და ბობოქარი “მოსწავლეების” გარდა, კლასში, ბოლო მერხზე ისევ თავისთვის, ჩუმად იჯდა ერთი ტიპი, რომლის გუნდსაც, უკვე 5 წელია, ბებრების გუნდს უწოდებენ.

პ.ს. ის ფორმა უნდა ამოვქექო, იმედი მაქვს, დედაჩემს არ გადაუგდია.