თავისუფალი ვარდნა

ყოველგვარი ცერემონიების გარეშე გადახტა. უბრალოდ, ხიდის მოაჯირზე ავიდა და ქვასავით გადაეშვა მდინარეში. მტკვრის მღვრიე წყალმაც მაშინვე გადაყლაპა. ხიდიდან დაახლოებით ოცდაათი მეტრის მოშორებით, ნაპირთან ვდგავარ. ხმას არ ვიღებ, არც ვაპირებ, რომ ამოვიღო.

ხიდზე სამი-ოთხი წუთის წინ შევნიშნე. დილის ხუთი საათია და დანახვისთანავე მივხვდი,  რატომ მოვიდა. ცოტა ხანი გაუნძრევლად იდგა, მაგრამ სხვებივით ძალას არ იკრებდა, არც ყოყმანობდა. მას მდინარეში გადახტომამდე ნახტომი უკვე ჰქონდა  გაკეთებული. ასეთებს ადვილად გამოარჩევ. ყოყმანის დროს, ადამიანს შეიძლება გადააფიქრებინო, მაგრამ ამისნაირების შეჩერებას აზრი აღარ აქვს. ისინი უკვე ცოცხლები აღარ არიან.  რაღაცაზე ფიქრობდა, ან  იხსენებდა. ცოტა ხანში, ჩემი მზერა დაიჭირა. ლამპიონის შუქზე მისი სახე ნათლად ჩანდა, თვალებიც. ისინი ერთდროულად მემუქრებოდნენ და მემუდარებოდნენ კიდეც, რომ ხელი არ შემეშალა. ის სიკვდილის თავისუფლებას ითხოვდა.

მდინარის ქაფიან ყვითელ ზედაპირზე ალაგ-ალაგ პლასტმასის ბოთლების მეტი არაფერი ჩანს. მტკვრისთვის ისიც უკვე პლასტმასის ბოთლია, ოღონდ მასზე არქიმედეს კანონი ჯერ არ იმოქმედებს. მტკვრისთვის ყველა ერთია: გათავნული მოთამაშე და შვილმკვდარი დედა, გაუპატიურებული ქალიშვილი და გასაუპატიურებელი ბოზი, ფულიანი და უფულო, მოღალატე და ნაღალატარი. ხანდახან ყვითელი, ხანდახან ნეხვისფერი წყალი ყველას იტევს, ყველას ყოფნის. თანაც, სუფთა წყალში ყელამდე მძღნერში ჩაფლული კაცი თავს ვერ დაიხრჩობს. ამისათვის მტკვრისნაირი მდინარე სჭირდება, ისედაც განავლით სავსე მდინარეში სამუდამოდ რომ გაუჩინარდეს.

როგორც ჩანს, ნების თავისუფლება აღსრულებულია. მე ისღა დამრჩენია მყრალ სანაპიროს ცოცხით გავუყვე და სასოწარკვეთილი ხალხის სასაფლაოს დინებას თვალი მივადევნო. დღეს მან თავისი დოზა უკვე მიიღო.

ჩემი და შენი ფეხები (სიზმარი)

მელიქიშვილისა და კეკელიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდგარი შუქნიშანი ყველამ იცის და თან არავის უყვარს. არ მეგულება ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ქუჩის ერთ მხარეს დადგება და ყოველთვის ბოლომდე დაიცდის, სანამ ციფრები ორმოცდაათიდან ნულამდე ჩამოვა, მწვანე კაცი გამოანათებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა გზაზე.

ჩემს სიზმარშიც სწორედ ამ შუქნიშანთან ვიდექი. მწვანე შუქს ველოდი. არსად არ მეჩქარებოდა. უცბად, შემთხვევით ჩემგან მარჯვნივ მდგარი გოგონასათვის ფეხი დამებიჯა. ყურადღება არ გამიმახვილებია, ოდნავ შევეხე. მან კი მეორე მხრიდან მომიარა და იმავე ფეხზე დამაბიჯა, რომელზეც რამდენიმე წამის წინ მე დავადგი. შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და ციფრებს მიაშტერდა. არ მიყვარს, როდესაც ვინმე ფეხს მაბიჯებს. აუცილებლად იმავე ქმედებით უნდა ვუპასუხო. “ფეხს რომ დაგაბიჯებენ, შენც თუ არ დადგავ, დედა მოგიკვდება.” – მითხრა ერთხელ ვიღაცამ, პატარა რომ ვიყავი. მას შემდეგ, ხალხმარვლობაშიც კი, თუ ვინმე ფეხს დამადგამს, აუცილებლად მოვნახავ, ჩუმად მივეპარები, თითქოს მის ძილში ბალიშით გაგუდვას ვაპირებდე და მეც დავაბიჯებ. პატარაობაში ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ არ მინდოდა, ვინმეს წინდაუხედავობის გამო დედაჩემი მოეკლა. შემდეგ მართალია მივხვდი, რომ ვერც ფეხის დაბიჯება და ვერც გატეხილ სარკეში ჩახედვა დედაჩემს ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ ეს ცრურწმენა ჩვევად გადამექცა და ახლაც, როდესაც რომელიმე მეგობარი შემთხვევით ფეხს დამადგამს, თავისას თვითონვე მიშვერს ხოლმე, “აჰა, დამაბიჯე, შე იდიოტოო”.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, მე იმ გოგონას მეორედაც დავადგი ფეხი. მანაც იგივე გაიმეორა და როდესაც სამაგიეროს გადასახდელად ფეხი ავწიე, მან დამიყვირა: “გაჩერდი!” სახეზე სულ გაწითლებულიყო და ზედ ეწერა, თუ კიდევ ერთხელ გავბედავდი ფეხის დადგმას, მზად იყო, ორივე ფეხით ზედ შემმდგომოდა. მე ერთხანს გაუნძრევლად ვუყურებდი. მერე კი, უცბად სიცილი წამსკდა. მასაც გაეღიმა. მივხვდი, ისიც ჩემსავით უფრთხილდებოდა დედამისის სიცოცხლეს ბავშვობაში და მასაც უშვერდნენ ფეხებს მეგობრები, როდესაც შემთხვევით დააბიჯებდნენ.

ამასობაში, 50 წამიც ამოიწურა და ის ის იყო მწვანე კაცი უნდა გამოჩენილიყო და ქუჩაზე ერთად  გადავსულიყავით, როცა დედაჩემის შეუვალი ხმა მომესმა: ” ადგომის დროა!” ოხ, დედაჩემო! ასე მიფასებ სიკვდილისგან შენს მრავალ დახსნას?! სხვა რა გზა მრჩებოდა. ავდექი და ლექციაზე წამოვედი. თუმცა, იმ ნაცნობ შუქნიშანთან რომ დავდექი, გვერდზე მდგარი გოგონა შევნიშნე. ჩუმად მივუახლოვდი და ფეხი ძლიერ დავაბიჯე. “იდიოტო! რას აკეთებ?! ჩემი ბალერინკა!” იღრიალა მშვენებამ და ხელი ფეხსაცმელზე იტაცა. გულში ვიფიქრე, ვაი ჩემს პატრონს–მეთქი და გზაზე ისე გადავირბინე, მწვანე კაცისაგან დილა მშვიდობისას თქმას აღარ დავლოდებივარ.

მთავარი თემა

არმენა პაპა. დილაადრიან ნაწვიმარ დაღმართზე ჩამქრალძრავიან მანქანას მოაგორებს. აქვე, ელავაზე აიყვანა ბოლო კლიენტი. თენდება. უკვე დროა სახლში წავიდეს. გზადაგზა რადიოს უსმენს:

მთავარი თემით ეთერშია ახალი ამბები რვა საათზე. ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ საღამოს, ცნობილი ჟურნალისტის, ოთარ ჟღენტის თვითმკვლელობამდე მის სახლში შეღწევას პოლიცია ცდილობდა. სამართალდამცველები მის ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებას აპირებდნენ. “ჩვეულებრივი ამბავია. გაშიფრულმა აგენტმა თვითლიკვიდაცია მოახდინა.” – აცხადებს ჟურნალისტთან საუბარში სუიციდის ფაქტის შემსწრე პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი.

დაღმართი ჩამთავრდა. არმენა პაპა ძრავს ქოქავს და რადიოც ითიშება. მანქანა სამების ეკლესიას გვერდს უქცევს და მისგან მარჯვნივ უხვევს. ზოზინ-ზოზინით ასამდე მეტრსაც გაივლის და ერთ-ერთ ჭიშკართან ჩერდება. არმენა პაპა თავისი ძველი “ომეგადან” გადმოდის, ტაქსის ტრაფარეტს ხსნის და წინა სავარძელზე აგდებს. რკინის ჭიშკარს რაც შეიძლება ნელა აღებს, რომ არ დაიჭრაჭუნოს, გაეღვიძებათ. ხუთსაფეხურიან ხის კიბეს აივლის და სახლში შედის. უკვე გათენდა. მაგრამ სახლში ჯერ კიდევ სძინავთ. ბავშვების ოთახში ფეხაკრებით შედის. ცოტა ხანში უკვე ადგომა და სკოლისთვის გამზადება მოუწევთ. არმენა პაპა თავად წაიყვანს შვილიშვილებს სკოლაში. ორივეს ბალიშის ქვეშ თითო-თითო რკინის ლარიანს უდებს. თვითონ კი, იქვე, ხის სკამზე ჩამოჯდება და თანდათან რულიც მოერევა.

ნიუტონის კანონი

„დგაფ, დგუფ.“ – წვიმის წვეთები მძიმედ ეხეთქებიან ფანჯარას. მაგრამ სახლში მაინც ვერ აღწევენ. ის ფანჯრის წინ ზის. თითქოს რაღაცას გასცქერის, მაგრამ თან არსად არ იყურება. თითქოს ეშინია, მაგრამ არ ღელავს. არც იცინის და არც ტირის, არც მოწყენილია და არც გახარებული. უბრალოდ ფანჯრის წინ ზის და რაღაცას გასცქერის, ან იქნებ-არც. ”დგაფ, დგუფ” –  წვიმა იმატებს მაგრამ მან იცის, რომ ისინი მაინც მოვლენ, აუცილებლად მოვლენ, ქვეყანა რომ იქცეოდეს, მოვლენ. წარსულზე ფიქრობს, იცის  ვეღარაფერს შეცვლის(არც აპირებს), მაგრამ მაინც ფიქრობს. ცდილობს საკუთარი კეთილი საქმე გაიხსენოს – ვერ ახერხებს. არც ისეთი ხალხი იცის, ვისაც დიდად ანაღვლებს ცოცხალი იქნება თუ მკვდარი. მხლოდ ის იცის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სიმართლეს ამბობდა და იგივეს წერდა, „ერთი-ერთში.“ უბრალოდ, ბოლო დროს ეუბნებოდნენ, რომ „ზედმეტი მოსდიოდა“. „როგორ შეიძლება სიმართლე ზედმეტი იყოს?“ – ფიქრობდა.  ”დგაფ, დგუფ!” ამჯერად ეს წვიმა არ არის. მისი სახლის კარია. ”დგაფ, დგუფ!” აი სტუმრებიც მოვიდნენ. ”გააღეთ, ვიცით რომ სახლში ხართ!” აღებს, მაგრამ არა კარს – ფანჯარას. ”დგაფ, დგუფ!” ”მოქალაქე ჟღენტო, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ საბოტაჟსა და სახელმწიფოს მტერთან თანამშრომლობაში. გააღეთ კარი!” ”დგაფ” – ღია ფანჯრამდე გრძელი ხმა აღწევს. კარი უკვე ძირს გდია. სტუმრებიც სახლში შემოდიან. იგი ფანჯრის რაფაზე დგას. წვიმის წვეთები სახეში ეცემა. ნაბიჯს ჰაერში აკეთებს. ვერ გაფრინდება. მერვე სართულიდან მოწყვეტით წავა ასფალტისაკენ. ნიუტონის კანონია ასეთი. სახელმწიფოს ერთით ნაკლები მტერი ჰყავს. ვაშა, ვაშა! მადლობა ნიუტონს.

”დგაფ, დგუფ”, წვიმა იკლებს. სახლში მაინც შემოაღწია, თუმცა… შემოაღწია?

ვალიკო ძია

ჩვენს ეზოში ერთი ნაომარი კაცი ცხოვრობდა. ვალიკო ერქვა. ბავშვები ყოველთვის ვალიკო ძიას ვეძახდით და მალე ისე მიეჩვია, უფროსებსაც სთხოვდა, ვალიკო ძია დამიძახეთო. ცალი ფეხი არ ჰქონდა და ყოველთვის ძველი ხის ყავარჯნებით დადიოდა. ფეხი აფხაზეთის ომში დაკარგა. ნაღმზე ამიფეთქდაო, ამბობდა.

ეზოში ერთი გრძელი ხის სკამი იდგა. ვალიკო ძია სულ იქ იჯდა. ხშირად დაგვიძახებდა ბავშვებს, გვერდზე მოგვისვამდა და ათას ამბავს გვიყვებოდა. გვიამბობდა, როგორ მოკლა სამი რუსი ჯარისკაცი და გალში მთვრალმა როგორ შეუგდო სახლში ხელყუმბარა აფხაზურ ოჯახს. ხშირად უთქვამს, მოსაპარი თუ იქნება, მოიპარეთ ბიჭებო, მოსაკლავი მოკალით და (მესამეს თქვენ თვითონ მიხვდებით). მხოლოდ ასე გახდებით ვაჟკაცებიო. თავის დროზე თავნის გულისთვის იმდენი ხალხი მყავს დაყაჩაღებული, ამისთვის მედალს რომ იძლეოდენ, პირველს მე შემხვდებოდაო.

ვალიკო ძია უფროსებს არ უყვარდათ. ლოთს და ახვარს ეძახდნენ. ყველა მაღაზიაში და ყველა მეზობელთან ვალი ჰქონდა და არავის უბრუნებდა. მამაჩემსაც ეჯავრებოდა და ყოველთვის მეუბნებოდა, მაგ მკვლელს და ყაჩაღს ახლოს არ გაეკაროო. მაგრამ  ვალიკოს ბავშვებისთვის  ყოველდღე ახალ-ახალი “საგმირო” ისტორიები ჰქონდა და მეც მიძნელდებოდა მამაჩემის გაფრთხილების შესრულება. რა თქმა უნდა, ახლაღა ვხვდები, რომ უმეტესობას იგონებდა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა. ვალიკო ძია თითქმის ყოველდღე ისევ იმ ხის სკამზე ზის. მე და ჩემი მეგობრები გავიზარდეთ და ეზოში ვალიკო ძიას გვერდზე აღარ ვსხდებით ხოლმე, მაგრამ სულაც არ დაუკარგავს მსმენელი. ბავშვები ხშირად მიუსკუპდებიან და უსმენენ. სწორედ ისე, როგორც ჩვენ ადრე.

თუმცა მათ ახლა ვალიკო სულ სხვა ისტორიებს უყვება ხოლმე. უამბობს, როგორ გადაარჩინა სამი რუსი ტყვე ნაღმზე აფეთქებას თავისი მარცხენა ფეხის ფასად. იმასაც უამბობს, გალელებს როგორ გადააფიქრებინა ერთ-ერთი აფხაზური ოჯახის ამოწყვეტა. ბავშვებს ეუბნება, რომ ყოველდღიურად უნდა ილოცონ და შაბათ-კვირას ეკლესიაში იარონ, რათა ნამდვილი ვაჟკაცები გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ, იმასაც მოვკარი ყური, როგორ ლოცავდა სუფრაზე მამაჩემი ვეტერანებს ვალიკო ძიას თამადობით. წმინდა კაციო, ასეც კი მოიხსენია სადღეგრძელოს დროს. მეზობლებსაც აღარ ეჯავრებათ. გულთბილად ესალმებიან ხოლმე.

წმინდა კაცია ვალიკო ძია.

გადამფრენი ჩიტები

-დავიწყო გიგი მას?

-დაიწყე.

-ერთხელ სამი არის სამი; ორჯერ სამი არის ექვსი; სამჯერ სამი არის ცხრა; ოთხჯერ სამი არის თორმეტი… – სანამ მეცხრეკლასელი  ბესო დაფასთან დგას და გამრავლების ტაბულას ყვება, გიგი მასი თავისი მაგიდიდან ფანჯრის წინ ინაცვლებს.-…ხუთჯერ სამი არის თხუთმეტი..-ღრუბლების დაბლა ოცამდე გადამფრენი ფრინველი ქაოტურად მიფრინავს. თბილ ქვეყნებში მიდიან, რა ედარდებათ. შეუძლათ ზამთარს მზიან მხარეში დაემალნონ. არც სამსახური აწუხებთ, არც ბანკის კრედიტები, არც  ცოლის წუწუნი. ნეტა, ადამიანსაც შეეძლოს გადაფრენა, ფიქრობს. მაგრამ ვინ მისცა გიგი მასს ფრთები. ერთი ჩვეულებრივი მათემატიკის მასწავლებელია. ვერც ვეღარავინ იტყვის ახალგაზრდაო.39 წლისაა. სადაცაა, ისიც მიაღწევს იმ ჯადოსნურ ციფრს,- რვაჯერ ხუთი არის ორმოცი….- ვითომ მხოლოდ რიცხვია, ორად ორი ციფრი. მაგრამ ისედაც ნახევრად გადათეთრებული თმის ყოველ დავარცხნაზე, მეათედი სავარცხელზე რჩება; მეექვსე სართულზე შესვენების გარეშე ვეღარ ადის; ფრუსტრაცია და პროსტატიტი კი, უფრო ახლო ძმაკაცები გახდნენ ვიდრე ჰიუ ჰეფნერი და ტინტო ბრასი.-ექვსჯერ ცხრა არის ორმოცდათოთხმეტი… – არადა, ნახევარი სიცოცხლის წინ, ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. მხატვრობაზე ოცნებობდა; ის და თეოც ყოველთვის გამორჩეული წყვილი იყვნენ და ბევრ უჩვეულო და გიჟურ რამეებს აკეთებდნენ ერთად. ახლა თეო მისი ორი შვილის დედაა, ღამღამობით ხვრინავს და საბანს თავისკენ ქაჩავს. ქმარი კი, მოლბერტის ნაცვლად დაფაზე მუშაობს, გამრავლების ტაბულას უწერს მეცხრეკლასელ ბესოს და მის კლასელებს. საიდან სად მოხვდა, ან ეს ყლინჯი რამდენი ხანია რაც უკეთია. ოცნებებში ყველაფერი სხვანაირი იყო, მაგრამ ვინ მისცა გიგი მასს ფრთები.

კაცი, რომელიც ხიდზე გადიოდა

თბილისში ბევრი ხიდია. ყველა მტკვარზეა გადებული და ყველა უშნოა. ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ზოგი ფეხებდაგრეხილი იქნებოდა, ზოგი ღიპიანი, ზოგი დიდცხვირა და ასე შემდეგ. უმეტესობას არც არანაირი ისტორია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ყოველ დღე ზურგზე ათასი მანქანა და ათასი კაცი გადაუვლის და გადმოუვლის ხოლმე. ხიდებსაც სხვა რა დარჩენიათ, მობზუებულები მინდობიან თავიანთ ბედს.

მაგრამ, ზოგჯერ თბილისურ ხიდებზეც ხდება საინტერესო ამბები. ამ ქალაქში, ალბათ,ა რ მოიძებნება  ხიდი, რომლიდანაც კაცი მტკვარში არ გადამხტარა თავის მოსაკლავად. ამიტომაც, ბევრ უკანასკნელ ფიქრს და სიტყვას ინახავენ ეს პირქუში ბებრები. ხანდახან საინტერესო დიალოგსაც მოჰკრავენ ხოლმე ყურს მათ ზურგზე მოსეირნეებისაგან.

აი, ახლა, უფერული ცხოვრების მქონე ერთ-ერთ თბილისურ ხიდზე, ორი ახალგაზრდა მოსეირნობს. გოგო და ბიჭი. გოგო, მაღალი, სწორთმიანი, გრძელფეხებიანი და მოხდენილცხვირიანი, ლაღად მოდის. ბიჭი კი, მასზე ერთი თავით დაბალი, სქელწარბიანი, ჩაფსკვნილი და მოკლეკისრიანი, აშკარად აღელვებულია და ლამისაა ნაბიჯიც კი აერიოს.

გოგო:

-იმ კაცის ამბავი იცი, რო დათვრა და ამ ხიდის მოაჯირზე რო დადიოდა?

ბიჭი:

-არა ნინო, არ ვიცი…

ნინო:

-მოგიყვე? დათვრა და მოაჯირზე გადი-გამოდიოდა…

ბიჭი სიტყვას აწყვეტინებს:

-ნინო, ნინო დაიცა რაღაც უნდა გითხრა.

-ხო, კაი, გისმენ დათო.

დათო მთელ თავის ძალღონეს იკრებს, ღრმად ისუნთქავს, ნინოს თავის უხეშ მარჯვენას ხელზე ჰკიდებს და აჩერებს:

-ნინო მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!- ლამის გაჰკივის. ალბათ, ზედმეტი ჰაერი ჩაისუნთქა.

ნინო მაშინვე სიარულს აახლებს. თავს დაბლა ხრის. რამდენიმე წამით თავის მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელს მოძრაობაში აკვირდება. შემდეგ ისევ მაღლა წევს, უყურებს და ეუბნება:

-ის კაცი თან ამბობდა ჩემს ბედს ვცდიო. ხიდიდან გადავარდა. ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

-ნინო, მიყვარხარ!!!

-შენ იცი ცურვა?

 

 

პ.ს. მე აქ ვარ, მიყვარხარ და ყველაზე მაღალი ხიდის მოაჯირზეც გავივლი და მტკვარსაც გადავცურავ.

პ.პ.ს.(ჩამატებულია ორი თვის შემდეგ) მოგატყუე.