რატომ გვიყვარს სტალინი

ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნებულია ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ვებ–გვერდზე

არსებობს ერთი ასეთი საინტერესო საიტი –  www.feradi.info სადაც სხვადასხვა კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციებს შეხვდებით. ყველა ეს ძნელადაღსაქმელი და თვალებისამაჭრელებელი მონაცემები იმდენად კარგადაა დალაგებული(და სადაც საჭიროა, ახსნილი), რომ აღქმის პროცესს საკმაოდ ამარტივებს. დღეს სწორედ ამ საიტზე გადავაწყდი ვიზუალიზაციას “ქართველებო, თქვენი გმირი მასობრივი მკვლელია” ამ ვიზუალიზაციაში რიცხვებითაა აღწერილი სტალინის რეჟიმის მიერ დახოცილიები და რეპრესირებულები. ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადია და ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასეთი ადამიანი ეროვნულ გმირად მიაჩნდეს?

ფოტო:AP

ფოტო:AP

ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია. ზოგი სტალინის კულტის ეპოქაში იზრდებოდა და მისდამი სიყვარული იქიდან მოყოლებული ენერგებოდა, რაც აზროვნება დაიწყო. ასეთი ადამიანისთვის სტალინის ტირანად აღიარება იგივე იქნებოდა, მორწმუნემ ღმერთის არსებობა რომ უარყოს. არსებობს კიდევ საკმაოდ პოპულარული ახსნა: “სტოკჰოლმის სინდრომი”, პარადოქსული მოვლენა, როდესაც მსხვერპლს აგრესორი უყვარდება. ჩვენ ხომ ყველას გვსმენია ამბები იმის შესახებ, თუ როგორ დასტიროდნენ გულაგებში გამომწყვდეულები სტალინს. “შიში შეიქმნს სიყვარულსა”. მაგრამ ამ მიზეზით ჩვენ მხოლოდ ასაკოვანი ადამიანების სტალინისადმი სიყვარული შეგვიძლია ავხსნათ, თუმცა სტალინს ეროვნულ გმირად უფრო ახალგაზრდა ადამიანებიც მიიჩნევენ.

კავკასიის ბარომეტრი 2012 – კვლევა “სტალინი საქართველოში დღეს”

სოციალურ თეორიებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საკუთარი თავის წარდგენის/თვითპრეზენტაციის თეორიებს. თვითპრეზენტაცია გულისხმობს კომუნიკაციისა ადამიანის გამიზნულ ქცევას მეორე ადამიანზე შთაბეჭდილების მოსახდენად. კომუნიკაცია არ არსებობს საკუთარი თავის წარდგენის გარეშე, რადგან თითოეულ ადამიანს ესაჭიროება მეორეზე გარკვეული რაოდენობით ინფორმაცია, სანამ მასთან კონტაქტს დაამყარებს. პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მძაფრია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემპათიის ჩამოყალიბებაში. სწორედ პირველი შთაბეჭდილება ამყარებს სხვადასხვა წესებსა და როლებს კომუნიკაციისას. ჩვეულებრივ, თვითპრეზენტაციისას ადამიანი ძირითადად ყურადღებას საკუთარ წარმატებებზე(ამ სიტყვის მაქსიმალურად ფართო გაგებით) ამახვილებს. რა შუაშია ეს ყველაფერი სტალინთან? საქმე ისაა, რომ როდესაც ქართველი უცხოელთან თვითპრეზენტაციას ახდენს, მას ზოგჯერ სჭირდება საკუთარი თავის წარდგენის ერთ–ერთი ელემენტი – სოციალური ასოციაციები. ამ ელემენტის ასახსნელად ჩემივე მოხსენებას მოვიშველიებ:

სოციალური ასოციაციები (social associations):

სოციალური ასოციაციები ეს არის გამოხატვის არაპირდაპირი გზა, როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ სხვადასხვა წარმატებულ და ცნობილ სოციალურ ერთობასთან არიან დაკავშირებული(მაგ. ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრობა,მომღერლის თაყვანისმცემლობა და ა.შ.). აქ საკმაოდ საინტერესოა ორი ტერმინიტერმინი(რომლებიც არ არის ლირის შემოტანილი): BIRing(basking in reflected glory) და CORFing (cutting off reflected failure). BIRing-ი და CORFing -ი არის  დიქოტომიური ცნებები. BIRing-ი სიტყვასიტყვით ნიშნავს არეკლილი დიდებით ტკბობას(ხელების მოთბობას), ანუ, ვიღაცის მოპოვებული წარმატებაში ჩაზიარებას, ხოლო CORFing -ი სიტყვასიტყვით არეკლილი წარუმატებლობის ჩამოჭრას ნიშნავს და გულისხმობს საკუთარი თავის ისეთი ერთობისაგან ჩამოცილებას, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა. (მარკ ლირის მიხედვით)

ამ შემთხვევაში, როდესაც ქართველი არაქართველს საქართველოზე ესაუბრება(ან ახდენს საკუთარი თავის, როგორც ქართველის პრეზენტაციას), ის სტალინს, როგორც მეოცე საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე დიდ ისტორიულ ფიგურას BIRing-ისთვის იყენებს. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფიგურა უარყოფითია, თუ დადებითი, რადგან აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სტალინი დიდი ისტორიული ფიგურაა – სწორედ ეს არის წარმატება, დიდება, ანუ “glory”, რომლის “არეკვლაც” რიგით ქართველს სჭირდება. ხოლო თუ ის აღიარებს, რომ სტალინი მკვლელია, ის ამ ერთადერთ საშუალებას მოისპობს.

კითხვაზე “რატომ მაინცდამაინც სტალინი?” პასუხის გაცემა მარტივია. სტალინი ერთადერთი ქართველია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. სტალინი არის ყველა დროის ყველაზე ცნობილი ქართველი, ამიტომაც, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში მას მივმართავთ.

“კავკასიის ბარომეტრის 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ.” – წერია feradi.info–ს მიერ მომზადებული ვიზუალიზაციის თავში. მე მაინც მჯერა, რომ თუ ჩვენ ამ 45%–ის “განწყობას” ჩავუღრმავდებით, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ჩავეძიებით, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ სტალინი ერთ–ერთი ყველაზე დიდი მკვლელია. ამის დასტურია ისიც, რომ კავკასიის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, “გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს” 64% პასუხობს “ნამდვილად არ მინდა”(და მხოლოდ 4%–ის პასუხია “ნამდვილად მინდა”). ასევე, ვფიქრობ, რომ სტალინის პოპულარულობის შემცირებაც საკმაოდ მარტივია(მაგრამ რთულადგანსახორციელებელი): ჩვენ უნდა გავაცნოთ მსოფლიოს საკუთარი კულტურა. თუ ჩვენ მოვახდინოთ სხვა ისტორიული ქართველების “ვიზუალიზაციას”, წარვუდგენთ მსოფლიოს დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ერეკლე მეორეს, გადავიღებთ ფილმს, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე წარმატების მოპოვება შეეძლება და ყველას გავაცნობთ ჩვენს ერთ ისტორიულ ფიგურას მაინც, ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ კვლევებში უფრო მეტი ადამიანი აღიარებს სტალინს მკვლელად. იქამდე კი, ჩვენ მისი სახელი უბრალოდ გვჭირდება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s