“God bless America”

ბრუკლინში ძალიან ბევრი პარკია, სადაც ადამიანს შეუძლია სიცხეს დაემალოს, სკამზე ჩამოჯდეს, ან ბალახზე გაკოტრიალდეს, ბავშვები საქანელაზე აქანაოს, კალათბურთი ითამაშოს და ა.შ.  ჩემს სახლთან ახლოსაც არის ერთი ასეთი პარკი, ბენსონჰერსტის პარკი. დღეს საღამოს სწორედ ამ პარკში მივსეირნობდი, ცალ ხელში დორიტოსი მეჭირა, მეორეში კოკა–კოლა და ბალახზე წამოსაგორებელ ადგილს ვეძებდი, როცა მუსიკის ხმა მომესმა – იქვე, პარკში, რამდენიმე ხანში შესული ადამიანი კონცერტს მართავდა. მე დორიტოსისგან გაწითლებული თითები და პირი მოვიწმინდე და მათ წინ, ბალახზე დავჯექი. მსმენელი ბევრი არ იყო – იქვე, პარკის სკამებზე ჩამწკრივებული მოხუცები და ათოდე უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი. მოხუცები იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურ სიმღერებს მღეროდნენ, შიგადაშიგ წაიცეკვებდნენ კიდეც, ერთი სიტყვით, მშვენიერ დროს ატარებდნენ.

Untitled

შემდეგ, უცებ ორგანიზატორმა ახალი სიმღერის გამოცხადებისას გახარებულმა ვიღაცას მიმართა – “Oh, you’re here.” მე მივტრიალდი და მაღალი, ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი დავინახე, რომელსაც გეზი მიკროფონისკენ ჰქონდა აღებული. მან ორგანიზატორი გადაკოცნა და მაშინვე მიკროფონს დაეპატრონა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ საჯარო მოხელე იყო. მან მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებს და პარკში შეკრებილ მსმენელებს. “სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ამ ლამაზი ქალაქის საზოგადოება გარეთ გამოვიყვანო, რათა მათ ერთმანეთს სითბო აჩუქონ.”- დაახლოებით ასეთი შინაარსის სიტყვა წარმოთქვა. შემდეგ ყველას დაგვიარა და ხელი ჩამოგვართვა. მე ისევ ბალახზე ვიჯექი და ჩემი დორიტოსიანი ხელი გავუწოდე. ჩემ შემდეგ გვერდით მდგარ რუს ოჯახთან გადაინაცვლა. სანამ ხელს ჩამოართმევდა, შვილმა დაასწრო და უთხრა – “My dad voted for you”. ის ცოტა ხანს შეყოვნდა მათთან, რაღაცაზე საუბარი გაუბა, შემდეგ სხვებთან გადაინაცვლა და ბოლოს ისევ ისე შეუმჩნევლად გაქრა, როგორც მოვიდა. მოგვიანებით, ყური მოვკარი, იმ რუს ბიჭს მამა რომ უხსნიდა, სენატორია და მასზე მაღლა აღარავინ არ დგასო. სახლში რომ მოვედი, დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ ის კაცი ნიუ იორკის სენატორი ჩაკ შუმერი იყო.

მოსაღამოვდა და კონცერტი ლამპიონების შუქზე გრძელდებოდა. ჯგუფის პიანისტს, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე ხნიერი იყო, შუქი არ ჰყოფნიდა და ორი კაცი იძულებული იყო მის თავთან ფანრებით ხელში მდგარიყვნენ.

მალე ერთი ახალგაზრდა შვკანიანი გოგონა გამოჩნდა, რომელიც მომღერლებისკენ გაემართა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა პარკის ადმინისტრაციიდან იყო. ბრუკლინში ყველა პარკს საკუთარი ადმინისტრაციული შენობა აქვს, რომლებსაც, ჩემი დაკვირვებით, ძირითადად საწყობად იყენებდნენ. გოგონამ მომღერლებს უთხრა, რომ უკვე სახლში მიდიოდა და სკამები, რომლებზეც ისინი ისხდნენ, შენობაში უნდა დაებრუნებინათ. მოხუცები წამოიშალნენ და ყველამ თითო სკამს დაავლო ხელი. სამწუხაროდ, მხოლოდ მე მივეშველე. როდესაც სკამები მივიტანეთ და უკან მოვბრუნდით, აღმოვაჩინე, რომ ჩემგან მარცხნივ მჯდომი ამერიკელი ცოლ–ქმრიდან ცოლს მომღერლებისთვის თავისი გასაშლელი სკამი დაეთმო, მისი ქმარი კი თავისაზე ისევ ისე კომფორტულად იჯდა. ცოლი გვერდით ჩაიცუცქა და მის სკამს ეყრდნობოდა.

ზოგი მომღერალი ფეხზე დადგა, ზოგმაც დასაჯდომი ადგილი იპოვა. კონცერტი ისევ გაგრძელდა, თუმცა დიდხანს არა. მალე ჩვენკენ მომავალი პოლიციის ოფიცერი დავინახე. ის მომღერლებთან მივიდა, ცოტა ხანს ესაუბრებოდა. შემდეგ კონცერტის ორგანიზატორს უხმეს. მალე პარკის ადმინისტრატორი გოგონაც გამოჩნდა. რას ლაპარაკობდნენ არ მესმოდა, მაგრამ ორგანიზატორი, დაბალი მოხუცი ქალი ადმინისტრატორს გაბრაზებული ელაპარაკებოდა და ხელს მისკენ იშვერდა. ამ დროს ჩემ გვერდით მსხდომი წყვილი ამოძრავდა. “They’re gonna shut them down” – თქვა ქმარმა და თავისი სკამიდან წამოიმართა. სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ დაუთმო სკამი ცოლმა და არა ქმარმა. ამ უკანასკნელს სქელი ტანი და კიდევ უფრო სქელი ფეხები ჰქონდა, რომლებსაც ძლივს ადგამდა. “It was a really nice evening and it’s so sad” – მომიტრიალდა ცოლი. მე დავეთანხმე. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ელექტრო ენერგია, რომელიც ხმის გამაძლიერებლებს კვებავდა, არა გენერატორიდან, არამედ ადმინისტრაციის შენობიდან მოდიოდა(ვიღაცამ გენერატორზე არ იზრუნა). ადმინისტრატორი გოგონა კი ჩიოდა, რომ უკვე 9–ის ათი წუთი იყო, ის კი, ჩვეულებრივ, შენობას 8–ზე კეტავდა და სახლში მიდიოდა.

საბოლოოდ, მოხუცმა მომღერლებმა პოლიციელისა და ადმინისტრატორის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. მხოლოდ, პროტესტის ნიშნად ერთხმად სიმღერა დაიწყეს – “God bless America, my home, sweet home”. მას ჩემ გვერდით მდგარი წყვილიც აყვა. ქმარი გაბრაზებული მღეროდა. შემდეგ ორგანიზატორმა მადლობა გადაგვიხადა და დაგვემშვიდობა. მე ავდექი და წამოვედი, თან უკან ვიყურებოდი. მომღერლების ნაწილი მანქანებისკენ გაეშურა, ნაწილი კი შექუჩულიყო და ისევ რაღაცას არჩევდნენ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s