პრიზმული საზოგადოება

თუ თქვენ ჯერ არ გაგიგიათ ვინ არის ედვარდ სნოუდენი, მაშინ თქვენ ახლაც არ იცით, რომ „პრიზმაში გატარებენ“.  ედვარდ სნოუდენი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს(NSA – National Security Agency) უკვე ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც ბრიტანულ „გარდიანს“ პროექტ „პრიზმაზე“ საიდუმლო დოკუმენტები მიაწოდა. პრიზმა ეს არის NSA -ს სპეციალური პროგრამა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს „მაიკროსოფტის“, „გუგლის“, „ფეისბუკის“, „იაჰუს“, „სკაიპის“, „ეფლის“ „ვერაიზონის“ და სხვა მსხვილი კომპანიების მონაცემებზე, თქვენს ელექტრონულ ფოსტებზე, მიმოწერებზე, სურათებზე, ვიდეოებზე, სატელეფონო საუბრებზე, ვიდეოკონფერენციებზე, დოკუმენტებზე და ა.შ. მოკლედ, ყველაფერზე. როგორც ერთ-ერთ დოკუმენტში იყო მითითებული, ეს ყველაფერი ჩამოთვლილ კომპანიებთან შეთანხმებით ხორციელდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელთა ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი პროგრამის შესახებ პირველად გაიგეს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მისი შექმნის მოტივად (რაღა თქმა უნდა)ტერორიზმთან ბრძოლას ასახელებენ.

edward snowden

რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, ის ამ წუთისთვის აშშ-ს სახელმწიფოსთვის არაოფიციალურად ნომერ პირველი დამნაშავეა.  მაგრამ თუ სნოუდენი რამეშია „დამნაშავე“, მხოლოდ იმაში, რომ მან მთელს მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ მიმდინარეობს თანამედროვე სამყაროში ტოტალური კონტროლი.

საერთოდ ხომ ასეა – ყველაფერს აქვს ნათელი და ბნელი მხარე. ინფორმაციული ტექნოლოგიებიც, სამწუხაროდ მხოლოდ ნათელმხრიანი ფენომენი არ აღმოჩნდა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, მისი „მოპარვაც“ გააადვილა. ჩვენთვის ახალი ამბავი არაა, თუ როგორ ახერხებენ ნებისმიერი სატელეფონო საუბრის ჩაწერას, ფარულ ვიდეოგადაღებას, კომპიუტერიდან პირადი ინფორმაციის მოპარვას და ა.შ.

ეს ყველაფერი აჩენს შეგრძნებას, რომ ჩვენ „ტრუმანის შოუში“ ვცხოვრობთ. ჩვენ ყველანი ერთ დიდ პავილიონში ჩაკეტილი ტრუმანები ვართ, რომლებსაც ყოველ წუთას აკვირდებიან. თანამედროვეობამ ამ „რეალითი შოუს“ განსახორციელებლად ხომ უკვე  შექმნა ყველანაირი საშუალება.

უკვე დიდი ხანია, რაც ბევრი სახელმწიფოსთვის ძალაუფლების(და მისი გადამეტების) ლეგიტიმაცია გარე საფრთხეს ეფუძვნება. როდესაც შენ ტელევიზორი 24-საათიან რეჟიმში გეუბნება, რომ შენს, შენი შვილების, შენი მშობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან კომუნისტები(ან „იანკები“ საპირისპიროდ), ბენ ლადენები, ალ ქაედები, ვიღაც ჩეჩენი ტინეიჯერები და ა.შ.  შენთვის პრიორიტეტული საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხდება. ამ დროს შენ ბევრ რამეზე თვალს ხუჭავ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, დამატებით პრივილეგიებს ანიჭებ.  აი ასე ეხსნება სახელმწიფოს ხელები იმისათვის, რომ შეიჭყიტოს ყველას საძინებელში, სამსახურში, კომპიუტერში, და როდესაც შენ გიჩნდება კითხვა, თუ რატომ იჭრება შენს პირად ცხოვრებაში, ის გიხსნის, რომ სინამდვილეში შენ და შენს თანამოქალაქეებს გიცავთ საფრთხისგან, რომელიც ძალიან ხშირად ილუზორულიცაა.

ეს ყველაფერი ქართული რეალობისთვის არახალია. ჩვენ ხომ ტერორიზმის ისეთი სასაცილო და უხარისხო იმიტაციების მომსწრენი ვართ, როგორიც „ენვერი“ და „ენვერი 2“-ია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ ადამიანს „უსმენდა“ და ზოგიერთი მათგანის საძინებელში ვიდეოკამერებით „იჭყიტებოდა“.

მაგრამ ქართული რეალობა ძალიან სპეციფიკურია. გარდა იმისა, რომ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით რეჟიმში, რომელსაც ტოტალიტარულ სისტემასთან უამრავი საერთო ჰქონდა, ჩვენ გვერდით ახლაც არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ტოტალიტარულ სახელმწიფოში გაატარეს, სახელმწიფოში, რომელსაც შემოკლებით „სსრკ“ ერქვა, ვრცლად კი – „დაასმინე შენი მეზობელი“.  ამ ფაქტორით შეგვიძლია ბევრი ფენომენი ავხსნათ: ის, რომ ადამიანები დღეს პატივს არ სცემენ სხვების პირად ცხოვრებას, მათ პიროვნულ სივრცეს, ის, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი მეზობელი გეია, თუ არა, ის, რომ ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია სხვისი ცხოვრების განსჯა და მასში ცხვირის ჩაყოფა, ის, რომ ადამიანები სხვების პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას ითხოვენ. – ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუარა ტოტალიტარიზმის ნაყოფი.

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ადამიანის პირად ცხოვრებას იცავს(კონსტიტუციის მე-20 მუხლი), მაგრამ იგივე კანონმდებლობა(კონსტიტუციის მე-7 მუხლი) გვეუბნება, რომ სამართალდამცავებს მოსამართლის ბრძანების გარეშეც შეუძლიათ ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა – „თუ ამის საჭიროება არსებობს“. გამოდის, რომ ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიერ უდანაშაულო ადამიანთა თვალთვალსა და მოსმენაზე, ვსაუბრობთ არა კანონდარღვევაზე, არამედ კანონიერ ქმედებაზე.

თუ თქვენთვის ეს ყველაფერი ახალია, მაშინ გეტყვით:“დილა მშვიდობისა, და იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვეღარ გნახავთ, შუადღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა და ღამე მშვიდობისა.“ გაიღიმეთ ტრუმან, აბაზანის სარკის უკან კამერაა.

truman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s