ბოლო მერხზე მჯდარი ჩუმი კლასელი

ეს ბლოგი ფეხბურთს არ ეხება, მაგრამ ეხება  დევიდ ბექჰემის ვარცხნილობებისა და ბრაზილიური ფეხბურთის პოპულარობის პერიოდს, როცა ყველას თურქულ-ჩინური ყვითელი მაისურები ეცვათ 9, 10 და 6 ნომრებით(და უკეთეს შემთხვევაში, რონალდოს, რივალდოსა და კარლოსის სახელებით). ეს არის დრო, როდესაც რონალდო ყველას უყვარდა, მაგრამ ერჩივნათ ვარცხნილობით მაინც ბექჰემისთვის მიებაძათ. ეს არის პერიოდი, როდესაც გოლის გატანას ყველანი რაულისავით არათითზე კოცნით აღვნიშნავდით(სანამ ფეხბურთში ბეჭდების ტარება აიკრძალებოდა). მაშინ ეზოში ყველა ერთი და იმავეზე ვსაუბრობდით: რამდენ წამში გარბოდა კარლოსი 100 მეტრს, რა მანძილიდან შეეძლო ბექჰემს გოლის გატანა და კალაძე უფრო მაგარი იყო, თუ ვიღაც მეორე იტალიელი მცველი, რომლის სახელსაც “ნესტლეთი” იმახსოვრებდნენ.

რაც შეეხება კალათბურთს, მასზე საუბარი მხოლოდ ერთ ადგილას იყო შესაძლებელი – სკოლის სპორტულ დარბაზებში(თითქმის ერთადერთ ადგილას, სადაც კალათბურთის ფარი იყო და ნამდვილად ერთადერთ ადგილას, სადაც კალათს ბადე ეკიდა(ზოგჯერ ნახევრად ჩამოხეული, მაგრამ მაინც). ვარჯიშზე მისული ბავშვები გახურებისას ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ხანდახან, კალათბურთზეც. მაშინ კალათბურთის ჩვენი ცოდნა უმეტესწილად ფინალებში მონაწილე გუნდებით და ჯორდანით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ეს იყო სხვადასხვა ბავშვური თუ ურბანული მითები ჯორდანის ნახტომის სიმაღლეზე, რიპ ჰამილტონის ნიღაბზე, ვოლასების ძმობა-არძმობაზე, კობის სახელის ეტიმოლოგიაზე, რობერტ ორისა და ვილ სმიტს შორის კავშირზე და ა.შ. მაშინ ყველას საყვარელი კალათბურთელი, რაღა თქმა უნდა, ჯორდანი იყო, მაგრამ იმ დროს(2000-იანების დასაწყისში) მისი მზე ჩაესვენებოდა და თანაც, მისი კარიერის 99% თითქმის არავის არ გვქონდა ნანახი. ამიტომაც, იძულებულები ვიყავით, კალათბურთის მეფის გარდა კიდევ ვინმე სხვაც აგვერჩია საქომაგოდ. ასეთ მოთამაშეთა რიგებს მიეკუთვნებოდნენ: ვინს კარტერი თავისი უმაგრესი სლემ დანკების გამო, შაკი – ჩამონგრეული ფარების გამო, კობი – ბაზერბითერების გამო, აივერსონი – სტრიტბოლის სტილისა და განგსტერული ტიპაჟის გამო, ბენ ვოლასი – თავისი უცნაური ვარცხნილობისა  და ჰაბიტუსის გამო, რიპ ჰამილტონი – თავისი ნიღბის გამო და ტიმ დანკანი, რომელიც ყველამ იცოდა, რომ მაგარი იყო, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდებოდა, რატომ.

იმ დროს ჩვენს სიმპატიებს კალათბურთელების(ისევე, როგორც ფეხბურთელთა უმრავლესობის) მიმართ, მნიშვნელოვანწილად ვიზუალური მახასიათებლები განსაზღვრავდა. და ვინ იყო ტიმ დანკანი? არც არავინ, ის არც ეფექტური ჩატენვებით გამოირჩეოდა და არც ლაღი მოძრაობებით.

tim-duncan

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ეს იყო ერთი, არაფრითგამორჩეული, ბავშვური სახის მქონე ტიპი, რომელიც არც როდმანივით ჩხუბისთავობით იყო ცნობილი, არც კობისავით მექალთანეობით. ის ბევრს ალბათ იმ თანაკლასელს აგონებდა, რომელიც ყოველთვის თავისთვის წყნარად იჯდა ბოლო მერხზე და უმეტესობას მისი კლასში ყოფნა არც კი ახსოვდა. კალათბურთის მოედანზეც ყოველთვის ასეთი იყო – ჩუმი, და ყველას ძვირად დაუჯდებოდა, მისი პარკეტზე ყოფნა თუ დაავიწყებოდათ. ის თითქმის არასდროს ცდებოდა, არასდროს აცილებდა, ამიტომაც უწოდებდნენ ასეთ დროს “ჩუმ მკვლელს”.  2005 წელს, როდესაც დანკანმა და “სპურსმა” ემინემის დეტროიტელი “ცუდი ბიჭები” –  “პისტონსი” დაამარცხეს, გრეგ პოპოვიჩმა დანკანზე თქვა:”დანკანის თამაში ისეთი ხმოვანი, ფუნდამენტური და დროდადრო შეუმჩნეველია, რომ თუ ის ბევრს არ ჩააგდებს, ხალხი ფიქრობს, “არც არაფერი გაუკეთებია.””

სწორედ ამიტომ, ჩვენი ბავშვური გონება დანკანის “წონას” სათანადოდ ვერ აღიქვამდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ დიდი კალათბურთელი და უწყინარი ადამიანი იყო. მახსოვს, ადრე მისი ფორმაც მქონდა. “ზბორებზე” სავარჯიშოდ თუ მას არ ვიცვამდი, მთხოვნელების რიგი მიდგებოდა. ტიმი ყველას გვიყვარდა. არ ვიცოდით რატომ, მაგრამ მაინც.

ახლა, როდესაც 37 წლის ტიმის კარიერა ბოლო დღეებს ითვლის, ძალიან მინდა ის და თავისი უკვე ლეგენდადქცეული “სპურსი” მეხუთედ გახდნენ ჩემპიონები. ფინალებამდეც ხომ ასე ჩუმად მოვიდნენ. ყველა ძალიან დაკავებული იყო მელოთი, კევინ დურანტით, კობი-ჰოვარდის “ჰარმონიული” წყვილით, ლებრონით, კარით და ა.შ. ისევ ყველას დაავიწყდა, რომ ამ ხმაურიანი და ბობოქარი “მოსწავლეების” გარდა, კლასში, ბოლო მერხზე ისევ თავისთვის, ჩუმად იჯდა ერთი ტიპი, რომლის გუნდსაც, უკვე 5 წელია, ბებრების გუნდს უწოდებენ.

პ.ს. ის ფორმა უნდა ამოვქექო, იმედი მაქვს, დედაჩემს არ გადაუგდია.

7 thoughts on “ბოლო მერხზე მჯდარი ჩუმი კლასელი

    • რა მაგარი სახელი აგირჩევია შენმა მზემ :)))
      სადაა, არ გადამაქექინო მთელი სახლი

      • არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ერთხელ რომ მეცვა ზაფხულში სახლში ეგ მახსოვს :))))

  1. სპურსი არ მიყვარდა არასდროს და განსაკუთრებით არც არასდროს ვერკვეოდი კალათბურთში. შესაბამისად ლეგენდებიდან ჩემი საყვარელი კალაბურთელი პიპენი იყო(ჩიკაგოც ზოგადად ცოტ-ცოტა მიყვარდა), გუნდებიდან ლეიკერსი თავისი კობით, ბოსტონი აღმოსავლეთში და ცალკე აივერსონი. აი დანკანი ბუნდოვნად მახსოვს მაგიტო, როდმანი და სასტავები უფრო რო ხმაურიანები იყვნენ ზუსტად მაგიტო. მაგრამ ეს ამხელა შესავალი იმიტო მოვაყოლე, სუფთად ახლა რო ვიწყებდე კალათბურთის ყურებას, დანკანის და სპურსის ფანი გავხდებოდი აუცილებლად. ძალიან მაგარი პოსტია!

  2. კარგი წერილი იყო, თუმცა რაღა დაგიმალო და პირველი აბზაცი მეცნო მარტო.. მიუხედავად ამისა მაინც მომინდა დამეწერა კომენტარი შენგან არც ისე ხშირ სპორტთან დაკავშირებულ პოსტებზე, თუმცა მეორედ გადავავლე თვალი მიმზიდველი სათაურის მქონე მოგონებას და გადავწყვიტე ავტორისთვის მადლობა მომეხადა უბრალოდ ინტელექტის ამაღლებისთვის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s