რა ხდება თურქეთში – პარკის გადარჩენისთვის დაწყებული პროტესტიდან მასობრივ შეტაკებებამდე

31 მაისს სტამბულში, ტაკსიმის მოედანთან ახლოს მდებარე გეზის პარკში მშვიდობიანი აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. აქციის მონაწილეებს პარკი 4 დღის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული და მისი რეკონსტრუქციის გეგმის გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის დაშლას  კი პროტესტის ბევრად უფრო დიდი ტალღა მოჰყვა და სტამბულის ქუჩები მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების ადგილად იქცა.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გეზის პარკის სტამბულის ცენტრის ერთ-ერთი იშვიათი მწვანე ზონაა. მათი თქმით, რეკონსტრუქციის გეგმა ამ ზონას გაქრობას  და მის სასტუმროებითა და მაღაზიებით ჩანაცვლებას გულისხმობდა. ტაკსიმის მოედანი, რომელთან ახლოსაც მდებარეობს პარკი, ტურისტებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილია. აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთს ეჭირა ოსმალი სულთნის ტანსაცმელში გამოწყობილი თურქეთის პრემიერ მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტო წარწერით:”ხალხი შენ არ დაგიჩოქებს”.

“ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ გვყავს თაიფ ერდოღანი,” – განუცხადა გეზის პარკში მყოფმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კორაი სალისკანმა “როიტერის” ჟურნალისტს. “ისინი ჩვენ არ გვისმენენ, ეს არის უკმაყოფილების ზაფხულის დასაწყისი,” – დაამატა მან.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ გეზის პარკში შეკრებილი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, უკვე ორმხრივმა დაპირისპირებამ სტამბულის ქუჩებში გადაინცავლა.

აქციის დაშლა

საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზით დაშლა გეზის პარკში (ფოტო:AFP)

“ათასობით ადამიანი, რომლებსაც არასდროს არ გამოუხატავთ ძალადობა და არ ჩაუდენიათ არაფერი, გარდა ჯდომისა და შეძახილების ყვირილისა, ცრემლსადენი გაზით დაახრჩვეს… ისინი არ არიან მწერები, ისინი მოქალაქეები არიან. ისინი არ არიან მტრები პოლიციისთვის, ისინი არიან მოქალაქეები, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს პოლიცია… სამწუხაროდ, პოლიცია მოქალაქეებს არამარტო მტრებად მიიჩნევს, არამედ როგორც მწერებს, ისე ექცევა და გაზს ასხამს.” – წერს თურქულ გამოცემა “რადიკალში” ისმეტ ბერკანი.

30 მაისი, გეზის პარკი. აქციის მონაწილეები მართავენ მჯდომარე აქციას ხეების მოჭრისთვის ხელშესაშლელად. (ფოტო:AP)

31 მაისის მოვლენებს აქტიურად გამოეხმაურა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური პრესა, მაგრამ ტელევიზიების უმრავლესობა, ისევე, როგორც თავად პრემიერ მინისტრი, შაბათამდე დუმდნენ. დემონსტრანტები თურქულ მედიას სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ მიმდინარე მოვლენებზე სიახლეებს უცხოური პრესიდან იგებდნენ. შაბათს ერდოღანი აქციის დაშლასა და შეტაკებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიცია ყოველთვის შეასრულებდა თავის მოვალეობას, რადგან ტაკსიმის მოედანზე არ შეიძლება ექსტრემისტები ველურებივით დარბოდნენ. “ისინი ქვაფენილებს ყრიან და ადგილობრივი მაღაზიების ვიტრინებს ამტვრევენ. ეს არის დემოკრატია?” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რომელმაც უარყო დემონსტრანტების მიერ დადებული ბრალი, რომ ის დიქტატორია.

“ადამიანებს მობეზრდათ საჯარო დისკუსიების ნაკლებობა, უპატივცემულობა, უკანონობა და ამ ხელისუფლების ავტორიტარიზმი.” – აცხადებს სირი სურეიია ონდერი, ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის წარმომადგენელი, რომელიც შეტაკებისას დაშავდა.

1 ივნისს, შაბათს, მწვავე შეტაკებების შემდეგ, პოლიცია იძულებული გახდა ტაკსიმის მოედანი დაეტოვებინა. დემონსტრანტები გამარჯვებას ზეიმობდნენ. “ჩვენ გავიმარჯვეთ, გეზის პარკი ისევ ჩვენია,” – ეუბენებოდა ერთ-ერთი დემონსტრანტი “გარდიანის” კორესპონდენტს. რამდენიმე ადამიანმა პოლიციის მანქანები გადმოატრიალა და გრაფიტით მოხატა:”ეს ჩვენი მუზეუმია, იმ დღეების მოგონებები, როდესაც თურქეთს დიქტატორი მართავდა”. – აუხსნა ერთმა დემონსტრანტმა “გარდიანის” ჟურნალისტს.

პროტესტი სტამბულში

სოციალურ ქსელებში გავრცელებული სურათი: გაი ფოკსის ნიღბიანი დემონსტრანტი, რომელიც უკრავს აკორდეონზე შეტაკებების დროს

შაბათის სტამბულის ცენტრში, რამდენიმე მოხალისე ექიმმა და სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებმა სახელდახელოდ სამედიცინო პუნქტები მოაწყო, სადაც შეტაკებებში დაშავებულ დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ. “ჩვენ დაახლოებით ასამდე ადამიანს დავეხმარეთ,” – უთხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა(რომელმაც ანონიმურობა არჩია) “გარდიანის” კორესპონდენტს – “პოლიცია ახლა ძალიან მძიმე ცრემლსადენ გაზს იყენებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.”

უკვე კვირას, ორ ივნისს “საერთაშორისო ამნისტიამ” გაავრცელა ცნობა 2 დაღუპულისა და ათასი დაშავებულის შესახებ. “სამარცხვინოა ასეთი ულმობელი პასუხი ტაკსიმის აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.” – განაცხადა “ამნისტია ევროპის” თავჯდომარემ, ჯონ დალუისენმა.

“Human Rights Watch”-ის მთავარი მკვლევარი თურქეთში, ემა სინკლარ-ვები აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუწყნარებელია თურქეთის ხელისუფლება განსხვავებული აზრის მიმართ.

“მთელს მსოფლიოში, თუ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას მიმართავს, მაშინ ყოველთვის არის იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ის სუსტია, ხოლო მისი მოქმედებები – მცდარი. თუ სახელმწიფოს სჯერა, რომ ის მართალია, მაშინ ის მოქალაქეებთან პოლიტიკოსებს ან ადგილობრივ მოხელეებს გააგზავნიდა დასარწმუნებლიად.” – წერს თურქული გამოცემის “ვატანის” ჟურნალისტი, რუსენ ვარიკი.

ტექსტი შედგენილია შემდეგი წყაროების გამოყენებით:

http://www.bbc.co.uk/news/world-europe-22732139

http://www.bbc.co.uk/news/world-europe-22744728

http://www.bbc.co.uk/news/world-europe-22740506

http://www.guardian.co.uk/world/2013/jun/01/turkey-istanbul-erdogan-demo-protests

8 thoughts on “რა ხდება თურქეთში – პარკის გადარჩენისთვის დაწყებული პროტესტიდან მასობრივ შეტაკებებამდე

  1. არადა საბაბია ეგ🙂
    მწვანე ზონები სტამბოლში ბევრია.
    ეგ პარკი გაშენდა მას შემდეგ, რაც მანდ დაანგრიეს მე-18 საუკუნის სელიმის სასახლე. ახალი სავაჭრო ცენტრი იმ სასახლის ასლი უნდა იყოს.
    აი, წარმოიდგინე ახლა, რომ დავანგრიოთ დარეჯანის სახსახლე და იქ პარკი გავაშენოთ. მერე მაგ სასახლის აღდგენა მოინდომონ საუკუნის მერე. აი ეგეთი სიტუაციაა.

    სინამდვილეში მიზეზი მეჩეთია, რომელიც უნდა აშენდეს მაგ უბანში და არა პარკი და სავაჭრო ცენტრი. უბრალოდ ფაბლიქ სფეისის დაცვა და ეკოლოგია უფრო პოპულარული თემაა და ეგ წამოწიეს წინ. თან დასავლეთისთვისაც ძალიან გასაგებია.🙂

    • ლევან, ამ ვერსიის შესახებ სად შეიძლება ვრცლად წაკითხვა?

      • უფ ეს ორი დღეა ფეისბუქში დიდი ამბებია🙂 ქართულენოვანი იქნება თუ უცხოურენოვანი.
        2012 წელს იყო მაგ პროექტის განხილვები, პროცესი სასამართლო და ერთი ამბავი. არ ვიცი საერთაშორისო მედია რამდენად დაინტერესდა, მაგრამ ჰურუეთს თუ ნახავ იქ ეწერება. მე იქ ვიყავი როცა უკვე იყო დიდი ამბები მაგაზე და გამოსვლები🙂

      • ფბ-ში კი აღარ ვარ, მაგრამ თვალყურს მეც ვადევნებ მედიას და ასეთი თვალსაზრისი არ ამომიკითხავს. დავძებნი, აბა…

  2. ყველაფერს ერთად და არაფერს🙂
    სინამდვილეში პოლიტიკური ბრძოლაა რომ ერდოღანი მოაშორონ, იმიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეს აგერ 10 წელია მგონი ზის. პარტიის აკრძალვას ცდილობდა თურქეთის პროკურატურა – მაგრამ მოიგო პროცესი აბდულა გიულმა (პრეზიდენტი ვინცაა ერდოღანის პარტიიდან) სულ 2 თუ 3 ხმით თუ არ ვცდები. სამხედროები დაასუსტა. არჩევნებს ვერ უგებენ. ჰოდა რა ქნან აბა?🙂

    სხვამხრივ კი თაქსიმი არის უმეჩეთო ზონა. ვინც სტამბოლში ყოფილა – მანდ 3 ეკლესიაა რა არც ერთი მეჩეთი. სამლოცველოა მარტო პატარა ისეთი რომ თუ არ იცი, ვერც მიაგნებ.
    ახლა მოსახლეობას უნდა მეჩეთი. საკითხი სასამართლომდე მივიდა და იქ მოიგეს პროცესი და სასამართლომ დაადგინა რომ მეჩეთის აშენების ნება აქვთო. ოპოზიცია ამბობს რომ თაქსიმი არის სეკულარიზმის სიმბოლო და იქ მეჩეთის აშენება არ შეიძლება.

    მოკლედ ერდოღანი მეც არ მევასება და თუ მოაშორებენ ძალიანაც კარგი იქნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალია.
    სასახლე დაანგრიეს და მისი აღდგენა ლეგიტიმურია და კარგი. თან ძალიან ლამაზი სასახლე იყო და პროექტიც კარგია.
    მეჩეთის პროექტიც არის ძალიან ლამაზი – ულტრთანამედროვე არქიტექტურით – შეხედავ და მიხვდები რომ 21 საუკუნის შენობაა და არა ისე ჩვენ რომ ძველი ეკლესიაბის კლონებს ვდგამთ და არ ჩანს ახალი ეპოქა როა,
    გარდა ამისა რა დამნაშავეა ადამიანი რომ მაგ უბანში ცხოვრობს და მორწმუნეა? რატომ არ უნდა ჰქონდეს მეჩეთი? სისულელეა.
    თან ათათურქი იყო ათეისტი და სოციალისტი და ისლამს განიხილავდა მტრად🙂 ასე რომ რაღაცეები შეიცვალოს მის მერე ეგეც ლოგიკურია. უბრალოდ ზღვარს თუ დაიცავენ. ჯერ-ჯერობით ერდოღანის “ისლამიზაცია” არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა გარედან ასე ჩანს, თუმცა თავად თურქები ბევრად მტკივნეულად აღიქვამენ და გვიკამათია ამაზე ბევრი.🙂

    მოკლედ ძაან ვრცლად კი დავწერე, მაგრამ რასაც ეს ამბები მოჰყვა – ეგ მარგუმენტები ჩემთვის არ ჩანს მთლად დამაჯერებლად🙂 სხვა საქმეა რომ გლობალურად ოპოზიცია მართალია იმ მხრივ, რომ ერდოღანის დროს რაღაც-რაღაცეები მართლა შეიცვალა, ის, რაზეც თურქული სეკულარიზმი დგას. და თეორიულად შესაძლებელია ეს ოდესმე დამთავრდეს ირანიზაციით. რბილ ისლამისტებს ჩაანაცვლებენ უფრო მაგარი ისლამისტები. და მერე კიდევ უფრო ხისთავები და იქნება მოლასტანი. ოპოზიცია ამას ებრძვის რეალურად და ამ საქმეში კარგია თუ წარმატებულები იქნებიან.

  3. ადამიანი შიდა სამზარეულოს რომ იცნობს, სულაც არ ეჩვენება ასე რომანტიულად მიმდინარე მოვლენები. მეც მივხვდი და ბევრიც ამბობს, რომ ეს ბაღის დარბევა უბრალოდ ბოლო წვეთი იყო. სულაც არ ვფიქრობ, რომ ამდენი ტიპი ბაღის გამო იბრძვის. ისინი ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებიან, რომელიც რაც უფრო მეტს ვკითხულობ, სულ უფრო და უფრო ემსგავსება პუტინისას.
    პ.ს. მადლობა ამდენი საინტერესო დეტალისთვის.

    • მეგობრები მყავს იქ. ერთი თურქი ამერიკაშია ნასწავლი, მუშაობდა იქ 20 წელზე მეტი. პროდასავლელზე იქეთაა კიდევ და ერდოღანს ვერ იტანს რა დონეზე ვერც გამოვხატავ… მაგრამ რაა იცი, საკმაოდ ხშირად მიწევს იქ ყოფნა და ნამდვილად არ მგონია, რომ ერდოღანი იყო რაღაც დიქტატორი ან რამე. და არც განსაკუთრებული სილამიზაცია იგრძნობოდა. აგერ ჰელოუინზეც ვიყავი და რაც აქ ამბავია ამ ჰელოუინზე სატანურია ესაა ისაა, იქ სიმშვიდე იყო. მეჩეთში შეგიშვებენ შორტებში მაგალითად. და რავი. რამადანზე როცა ჭამა ეკრძალებათ მუშაობს კაფეეები და ვისაც არ ერამადანება შეხვალ და გემსახურებიან ვეულებრივად.
      თუმცა გარკვეული მცოცავი ცვლილებები მიდიოდა. მორწმუნეთა რაოდენობა იზრდება, მეჩეთებისაც. ადგილობრივ სეკულარისტებს აწუხებთ ეს ამბავი, იშინიათ კლერიკალიზმის.
      ბოლოს არყის გაყიდვა შეიძღუდა ღამით. მაღაზიაში ვერ იყიდი 10 მერე. მაგრამ ბარში დალევ. აი ეგაა რა. ეგეთი ამბებია.
      საინტერესო ქვეყანაა ისე და ძალიან ცუდად ვიცნობთ. არადა ამხელა მეზობელია და ასეტი მნიშვნელოვანი მეზობელი ჩვენთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s