სტივენ დედალოსის დადგომა ასაფრენ ბილიკზე

ჯოისი ალბათ იმ მწერლების კატეგორიას განეკუთვნება, ვისზეც ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს და ვისაც ყველაზე ცოტა კითხულობს. ამას განაპირობებს ის, რომ მკითხველთა საკმაო ნაწილს ასეთი მწერლების ენა არ ესმის. მაგრამ ჯოისის პირველი რომანი, “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას”, მკითხველისგან ზებუნებრივ ძალებს სულაც არ მოითხოვს . მთავარია, ყურადღებით იკითხო და არ დაგეზაროს კომენტარების გადახედვა. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ქართველი ახალგაზრდებისთვის საკმაოდ აქტუალურია.

A_Portrait_of_the_Artist_as_a_Young_Man_by_James_Joyce
“ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” არ არის უბრალო წიგნი. ეს არის ადამიანის აზროვნების გარდატეხის პროცესის ჩვენება. ჯოისი აღწერს სტივენ დედალოსს, მორწმუნე ბავშვს და სტივენ დედალოსს, მოზარდს, რომელსაც ეცვლება მსოფლმხედველობა და ახალგაზრდობისას კარგავს რწმენას.
“ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” ეს არის დიდი მოგზაურობის დასაწყისი. ამ დიდ მოგზაურობას კი, როგორც მოგეხსენებათ, “ულისე” ჰქვია. “…პორტრეტი…” აღწერს სტივენ დედალოსის(ალბათ, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პერსონაჟის) ჩამოყალიბების პროცესს. დედალოსი ასაკის მატებასთან ერთად, სამყაროს სხვანაირ აღქმას იწყებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მისი მოსაზრებები ნაციონალისტურ ეიფორიაში ჩავარდნილ გარშემომყოფთა აზრებს არ ემთხვევა. მისთვის ყველა ის ღირებულება, რომლებიც დანარჩენებისთვის წმინდა და შეურყეველია, არის ბადეები, რომლებიც მას აკავებენ. “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” არის ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, რასაც ჯოისი იაკობისა და ღმერთის შერკინებასაც ადარებს. იაკობი, ამ შემთხვევაში, სტივენ დედალოსია(მისი ნახევრადავტობიოგრაფიული პერსონაჟი), ხოლო ღმერთი – ირლანდია, კათოლიციზმი, ოჯახი და მეგობრის ფრაზა “გახდი ერთ–ერთი ჩვენგანი”.

წიგნი ჯოისმა დაწერა “ახლას ნაკდის” გამოყენებით, ანუ მწერალი აღწერს იმას, თუ რას ხედავს, განიცდის და ფიქრობს პერსონაჟი ახლა, რაც მკითხველს ეხმარება, დედალოსს არა უბრალოდ გარედან დააკვირდეს, არამედ სამყაროს მისი თვალით შეხედოს და თან სრული სურათი მიიღოს.

საბოლოოდ, დედალოსი ტოვებს ირლანდიას და მიდის ევროპაში “…რათა მემილიონჯერ შევიცნო გამოცდილების ნამდვილობა და ჩემი სულის სამჭედლოში გამოვჭედო ჯერ არ შექმნილი ცნობიერება ჩემი ხალხისა.” – ამ წინადადების მეორე ნაწილი სულაც არ არის გასაკვირი. ჯოისი ხომ ორგანულად ვერ იტანდა გელური აღორძინების პროგრამას, რადგან მას აბსურდულად მიიჩნევდა. მას აღიზიანებდა ირლანდიელი ნაციონალისტები, რომლებმაც წარსულის რომანტიზირება დაიწყეს. ჯოისი მათ მუდმივად და ღიად აკრიტიკებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ისინი ისტორიას რეალურ სახეს უკარგავდნენ. სწორედ ამიტომ, ჯოისი ქმნის სტივენ დედალოსს, იმ დროისთვის არატიპურ ირლანდიელს, რათა ფარისევლობაში ჩაძირულ ქვეყანას ნამდვილი ირლანდიელი აჩუქოს.

დედალოსის მიზანია “მოძებნოს ცხოვრების თუ ხელოვნების ის ფორმა, რომელშიც შენი სული შეუზღუდავად და თავისუფლად შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას.” სწორედ ამიტომაც ჰქვია მას დედალოსი და არა იკაროსი. დედალოსი ხომ ფრთებს ქმნის იკაროსისთვის. ფრთები კი სწორედ შეუზღუდავი და თავისუფალი გამოხატვის სიმბოლოა(იკაროსი შეიძლება ირლანდიად მივიჩნიოთ).

“ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” არ არის ისეთი რთული საკითხავი, როგორც “ულისე”. ეს წიგნი “ულისემდე” თითქმის ათი წლით ადრეა დაწერილი და “ცნობიერების ნაკადის” მეთოდით ჯოისი მხოლოდ ბოლო გვერდებზე იყენებს. თუმცა, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სქოლიოში ხშირი “გადარბენა” არ მოგიწევთ. ამიტომაც, ორი სანიშნე გამოიყენეთ.

ეძღვნება ჯოისის დიდ მოყვარულოს, აკაკი მელქაძეს

2 thoughts on “სტივენ დედალოსის დადგომა ასაფრენ ბილიკზე

  1. ორი სანიშნე სჭირდება ჯოისს, კი🙂
    წიგნის ფესტივალზე შევიძინე და წავიკითხავ – ამ პოსტმა დამაინტერესა. მადლობა ავტორს🙂

    • მოხარული ვარ, ჩემმა პოსტმა რომ მოგცა მოტივაცია
      შენც მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s