რეპრესირებული ბელადის დაბრუნება

„ეხლა მთავრობა რომ შეიცვალა, აღარ გვეშინია და გამოვიტანეთ [ძეგლი], დავდგით სტალინის დაბადების დღეს.“ _ ამბობს სოფელ აკურას მცხოვრები, რომელიც სტალინის ბიუსტს სახლში ორი წელი ინახავდა და თანასოფლელებთან ერთად ძველ პიედესტალზე ახლახან დააბრუნა.
ახმეტაში კი, სტალინის აღდგენილი ძეგლის წინ ორატორი იქ შეკრებილ პუბლიკას მგზნებარედ მიმართავს: “დიდება დიდ სტალინს! გაუმარჯოს პირველ ოქტომბერს, საქართველოს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის დაბადების დღეს!“
ძველი რეჟიმი საბჭოთა სიმბოლიკას აქტიურად ებრძოდა, მაგრამ კომუნიზმის სიმბოლოების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი აგრესიული და შეიძლება ითქვას, კომიკურიც კი იყო. ყოველ შემთხვევაში, კინოს სახლის თავზე უვარსკვლავოდ დარჩენილ სარს რომ ავხედავ ხოლმე, ასეთი შთაბეჭდილება მექმნება. იმავეს ვფიქრობ, როდესაც მახსენდება, ღამე როგორ ქურდულად გააპარეს სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან. ძეგლის უეცარი „გაქრობის“ სცენა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეს ანტისაბჭოური პოლიტიკა ძალიან ზედაპირულია და თავის თავში თვალთახედვიდან თუ ცნობიერებიდან სიმბოლოების უბრალოდ უხეშ ამოძირკვას გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებაში ასეთი აგრესიული ჩარევა კი, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს იწვევს – პროტესტს.


საქართველოში ჯერ კიდევ არის თაობა, რომელიც სტალინის სიყვარულით გაიზარდა. სტალინი მათთვის გმირია, ბელადია, მამაა. რეჟიმს არც არასდროს უცდია მათთვის სტალინის უარყოფითი ფენომენობა საფუძვლიანად დაემტკიცებინა. როდესაც ისინი დილით ქუჩაში გამოდიან, და საკუთარი „მამის“ პიედესტალი ცარიელი ხვდებათ, ისინი შეურაცხყოფილები ხდებიან, ბრაზდებიან. თუმცა, ბუნებით ისეთივე მორჩილები რჩებიან, როგორებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იყვნენ და თავს იმის უფლებას არასდროს აძლევენ, რომ რეჟიმს ხმამაღლა უსაყვედურონ, მისი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ. მაგრამ წყენა მაინც რჩებათ, არ ივიწყებენ. და მაშინ, როდესაც ძველ რეჟიმს ახალი ცვლის და ეს უკანასკნელი მათ ამის შესაძლებლობას აძლევს, ისინი თავიანთ წყენას ახმოვანებენ: აბრუნებენ სტალინის ძეგლებსა და ბიუსტებს ძველ პიედესტალებზე; იკრიბებიან ოკუპაციის მუზეუმის წინ და მის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან ბელადს “ცუდი არაფერი გაუკეთებია“; გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ხატით ხელში მის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს იხდიან. ახალი პოლიტიკური რეალობა მათ ამის ნებას რთავს, რადგან ამ თემას ტაბუს ხსნის.

6 thoughts on “რეპრესირებული ბელადის დაბრუნება

  1. უკუღმართების ქვეყანაა ეს. შუალედი არ არსებობს. კერპთაყვანისმცემლობაზე გიჟდება ეს ხალხი. როგორ შეიძლება ეს მაოხრებელი მკვდარი გიყვარდეს. თუმცაარცის არაა სწორი, მისი არსებობა უარყო და საერთოდ გააქრო. იყოს ის ზეგლი, თუ ასე აუცილებელია, ოღონდ მუზეუმში. ბოლოს და ბოლოს ნეაპოლში რუდუნებით უვლიან იმ აივანს, პინოჩეტი რომ გადმოდგებოდა და ქადაგებდა და სტუმრებსაც სიმაყით აჩვენებენ.ეს იყო ბოროტი ურჩხული, მაგრამ ისტორიის კუთვნილება და ეპოქის ავტორი, გვერდს ვერ აუვლი

    • ისე, კარგი პარალელია, მაგრამ ამის მიუხედავად, არ მგონია იტალიელებს ისეთი მითოსური წარმოდგენა ჰქონდეთ მუსოლინიზე, როგორც აქ სტალინზე აქვთ.

      • ალბათ. სავარაუდოდ, სწორედ ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორიც უნდა იყოს, ანუ ჯანმრთელი, ფანატიზმის გარეშე🙂

  2. ჩემი აზრით, ძეგლი იქნება თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს (თუმცა მე პირადად მისი არსებობა სტალინიზმის მილიონობით მსხვერპლის შეურაცხყოფად მიმაჩნია)… საგანგაშო ის არის, რომ პიროვნებებისადმი ფანატიკურ დამოკიდებულებას ვერ გადავეჩვიეთ და უფლება რომ მოგვცენ, ყველა პრეზიდენტს ან პრემიერს “გავაძეგლებდით”…

    • მაგრამ სტალინის შემთხვევაში მარტო ეს ჰერიოზაცია არ არის. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი “ერის საამაყო შვილია”. აქ მისი დანაშაულის არაღიარებაცაა, ყველაფერთან ერთად.

  3. ძეგლი რას გვიშავებს, ძეგლი იქნება თუ არა რა მნიშვნელობა აქვს და ა.შ. ეს ფრაზები ხომ უბრალო ფრაზები არაა, მარტივად რომ ვთქვათ ზუსტად იმ ფანატიზმის გამოხატულებაა რასაც ჩვენვე ვებრძვით, არა? ამიტომ ძალიან არ მესმის როცა ამბობენ ძეგლი რას გვიშავებს.. ძეგლი ძეგლია, რა უნდა დაგიშავოს.. მაგრამ სადმე დავით აღმაშენებლის ძეგლს რომ ვუყურებთ თავიდან აშენებს საქართველოს თუ რა… ისიც არაფერს არ “აშავებს” და რა მნიშვნელობა აქვს გვედგება თუ არა? მიუღებელია ეს მიდგომა და რა ვქნა.. საქართველოში სტალინის ძეგლი მხოლოდ იმიტომ დგას რომ საქართველოში დაიბადა (ანუ ამ ფანატიზმის მთავარი მიზეზი ეგაა), საბჭოთა პერიოდში საქართველოსთვის “დაპყრობილი” და “დამორჩილებული” ერის სტატუსის ერთადერთი კონტრიბუცია სტალინის ქართველობა იყო, ჩვენ ხომ ამით ყველა აზერს და ყველა უკრაინელს ვჯობდით (და ვინ იცის, ყველა რუსსაც).. არა! არ არის ეს კარგი… ფანატიზმი სტალინის კი არა სულ რომ მაჰათმა განდი მოგვევლინოს, იმისიც არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s