კარლო კაჭარავა – კაცი ბნელი 90-იანებიდან

Karlo-Kacharava-2

როდესაც იმ ქალაქში, სადაც მითიური წითელი ღილაკი აქვთ, „პერესტროიკას“ გეგმავდნენ, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, მიტოვებულ აუდიტორიაში რამდენიმე სტუდენტი იკრიბებოდა. სწორედ იქ იწყებოდა იმ ხელოვნების შექმნა, რომელსაც იქამდე საერთო არაფერი ჰქონდა წითელ ყელსაბამებთან, 9 მაისთან, კომკავშირის ყრილობებთან, თუ დიდ და პატარა ბელადებთან, მაგრამ ახლა სწორედ მას ეხმიანებოდა.

ამ ჯგუფს „მეათე სართული“ ერქვა და მისი ერთ–ერთი წევრი იყო ახალგაზრდა, რომელსაც ბავშვობაში არ უყვარდა მათემატიკა და ჯარში თმის ცვენა დაეწყო, რომელსაც მოსკოველმა მაწანწალებმა „ბათინკების“ გულისთვის სცემეს და სიკვდილის შემდეგ ათეულობით ნეკროლოგი მიეძღვნა. ეს იყო ახალგაზრდა, რომელმაც ავტოკალმით დახატულ თავის ნახატში ჩაწერა:“მე არ ვარ ის, რაც თქვენ გგონიათ, მე არ ვარ არც ის, რაც თქვენ არ გგონიათ. მე არ ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო“. ამ ახალგაზრდას კარლო ერქვა. კარლო კაჭარავების ოჯახში დაიბადა, 1964 წელს, საბურთალოზე, ოთხსართულიანი “ხრუშოვკის”, მესამე სადარბაზოს მეორე სართულის ბინაში. კარლო განათლებით ხელოვნებათმცოდნე იყო, მოწოდებით მხატვარი, საკუთარ თავს კი მხოლოდ პოეტს უწოდებდა.

ის, რომ ბავშვობაშიც განსაკუთრებული იყო, ამას ჩემთან საუბარში მისი და, ქალბატონი ლიკაც ადასტურებს. ჩვენ იმ სახლში ვსხედვართ, სადაც კარლო ცხოვრობდა – იმ “ხრუშჩოვკაში”, იმ სადარბაზოში, იმ სართულზე, იმ ბინაში. ოთახის კედლები მთლიანად კარლოს ნახატებითაა დაფარული. მე თავზე მისი ცნობილი სურათი, „მუშეტე“ დამყურებს. ქალბატონი ლიკა მიყვება, რომ თანატოლებში მისი ორი წლით უფროსი ძმის უპირატესობა ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამას კარლო ყოველთვის გრძნობდა და განიცდიდა კიდეც. განიცდიდა იმიტომ, რომ ხშირად მისი არ ესმოდათ. ამიტომაც წერდა: „მე კი ვიღაც თოფიანი კარდინალები დამცინიან, როცა ვსაუბრობ ჟან–პოლ რიხტერზე, ანდა დობლინზე“.

მართალია, ბევრს მისი არ ესმოდა, მაგრამ ვისაც ესმოდა, კარგად ხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. ამიტომაც, კარლოს გარდაცვალების შემდეგ, გია ბუღაძე დაწერს წერილს – „ლიდერი გარდაიცვალა“ და იტყვის:“კარლოს ცხოვრება და შემოქმედება დიდი, გრანდიოზული გზაა, რომელზეც როგორც მთავარ მაგისტრალზე, უნდა იმოძრაოს ქართულმა კულტურამ და მისმა თაობამ.“ კარლო გარკვეულწილად მართლაც მაგისტრალი იყო, მაგისტრალი, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ საზოგადოებას დასავლურ კულტურასთან აკავშირებდა. ყველას უკვირდა, თუ როგორ ახერხებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში ამდენი ინფორმაციის მოძიებას. კარლო იმ დროის ქართული „ვიკიპედია“ იყო ხელოვნებაზე. მისგან სწავლობდნენ სხვები თანამედროვე კონცეფციებისა და იდეების შესახებ. თავად კარლოც, ყოველთვის ცდილობდა, რომ მხატვრობაში ახალი მიმართულებები დაენერგა, იქნებოდა ეს ნეოექსპრესიონიზმი, ტრანსავანგარდი, თუ რაიმე სხვა. ის ყოვეთვის განიცდიდა, რომ პოსტმოდერნულ ხელოვნების რუკაზე საქართველო არ არის და თავისი ბოლო პუბლიკაციაც(„რატომ არ არის საქართველო?“) სწორედ ამ თემას მიუძღვნა.

საერთოდ, კარლო არტ–კრიტიკოსი იყო, მაგრამ მისი ანალიზი იმდენად სიღრმისეულია, რომ თავის წერილებში ყოველთვის ცდებოდა ხელოვნების პრობლემებს და სოციოლოგისთვის შესაშური სიზუსტით აღწერდა და აფასებდა სოციალურ–კულტურულ საკითხებს. თუ მის წერილს –„საუბრები სოციალური პრობლემატიკის ასპექტებზე უახლოეს ქართულ მხატვრობაში“ – წაიკითხავთ, ყველაფერს მიხვდებით. მიხვდებით და შეიძლება ჩემსავით იფიქროთ, რომ ეს წერილი უახლოესი პერიოდის „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ არის. ამ წერილში ის აღწერს საბჭოთა პარადიგმიდან გამოსულ ერს, რომელსაც ყველაფერზე ზერელე წარმოდგენა აქვს და მისი ცოდნა „ლოზუნგისებურად განზოგადებულია“, ის წერს, რომ რეალობასთან ვერშეგუებული საზოგადოება მისგან მოწყვეტილ ღირებულებებსა და მითებში იმალება; წერს, რომ „მამათა და შვილთა“ კონფლიქტი, რაც პროგრესის ამომავალი წერტილია, აქ მიუღებელია და აუცილებელია, შვილი ყველაფერში ჰგავდეს მამას. ის წერს სოციალურ რასიზმზეც, კვაზი–ელიტაზეც და ყველაფერზე, რასაც იმ ქაოსურ სივრცეში ხედავდა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ კარლოს წერილები დღესაც არანაკლებ აქტუალურია, როგორც მაშინ, როდესაც ისინი იწერებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ნააზრევი და შემოქმედება დროსა და სივრცეს ნაკლებად ემორჩილება, რაც თავისთავად, მხოლოდ “დიდ ადამიანებს” შეუძლიათ(იმავე აზრზე იყო ჟურნალ “არტ ინ ამერიკას” კრიტიკოსი, როდესაც კარლოს მხატვრობაზე წერდა:”ისტორიული გროტესკი და ბედისწერის წინააღმდეგ ამხედრებული ეს უზარმაზარი შემოქმედება ბოლომდე ინარჩუნებს იდუმალების, ორიგინალობის, გენიალობის ელფერს. მათი ავტორეი დროის მიღმაა”).

ქალბატონი ლიკა ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ კარლო ერთ ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ის საქართველოში ბევრი ხელოვანის პოპულარიზაციას ახორციელებდა, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი სივრცე(ის გაზეთები, სადაც მისი წერილები იბეჭდებოდა, “7 დღე”, “რუბიკონი”, მცირეტირაჟიანი იყო), რომ ეს შემოქმედება ვრცელ აუდიტორიამდე მიეტანა. ამიტომაც, ყველაფერი ახალი ხდებოდა სნობური და რჩებოდა რაღაც ვიწრო წრეებში ჩაკეტილი, რაც კარლოს ძლიერ აღიზიანებდა.

იმ სივრცეს, სადაც კარლო მოღვაწეობდა, მისი მეგობარი, დათო ჩიხლაძე თავის წიგნში(“Fემინინე/Fემინინე”) აღწერს:
“კარლო შეწუხებული იყო, ამ რომანის გაგრძელებას რომ ვეღარ ვბეჭდავდი(პურიტანული ცენზურის გამო; ამავე მიზეზით ზვიად გამსახურდიამ გააფუჭა მშვენიერი თარგმანი ალენ გინზბერგის ლექსისა “ღმუილის სქოლიო”, რაზედაც მე გაზეთ “რუბიკონის” ერთ-ერთ ნომერში მივუთითებდი; ამ მიზეზის გამო ჯერაც ვერ ვბეჭდავთ ჰენრი მილერის, ტომი ტრანტინოს, ჩარლზ ბუკოვსკის, ნორმან მეილერისა და სხვა იმ ადამიანების ნაწერებს, ვისაც დღევანდელი კულტურა რეალურად ეყრდნობა – ანდა, ვბეჭდავთ მათ ნართაული შესწორებებით, როგორც ამას რუსები აკეთებენ.; მათაც ხომ ჩვენნაირი მორალი აქვთ ლიტერატურაში, რაც ამორალობა უფროა.)”

რაც შეეხება მხატვრობას, კარლოს ნახატებში თითქმის ყოველთვის იყვნენ მისტიკითა და დრამატიზმით სავსე ჩრდილოელი ქალები(მის ცხოვრებაშიც ბევრნი იყო ჩრდილოეთიდან, მაგრამ დიდი ხნით იქ არცერთი არ დარჩენილა). კარლოს მხატვრობა სხვებისგან მის შემოქმედებაში ნახატისა და ტექსტის ერთიანობით ადვილად გამოსარჩევია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნებოდა მისი პოეზია, ფრაზა თუ უბრალოდ დასათაურება. ტექსტი კომპოზიციასთან ყოვეთვის მთლიანობაში მოდიოდა. კარლოს მხატვრობის დაწვრილებითი ანალიზი ბატონ გია ბურაძეს ვთხოვე:

“ის არ იყო მხატვარი განათლებით, ის იყო ხელოვნებათმცოდნე. ეს მას აძლევდა ძალიან დიდ უპირატესობას, რადგან ნაკლები სიმძიმეებით იყო დატვირთული(მაგრამ, თან ჰქონდა ძალიან დიდი მისწრაფება ლიტერატურასთან ურთიერთობით შეევსო ე.წ. პროფესიული დანაკლისი და ეს ყველაფერი მისთვის პლიუსად იქცა). რამდენადაც მას არ შეეძლო აკადემიური ხატვა, იმდენად იყო უფრო თავისუფალი და უშუალო. ამის არაჩვეულებრივი გასმოხატვის ხერხები იყო გერმანულ მხატვრობაში. გერმანული ექსპრესიონისტული გაერთიანების „Dიე Bრüცკე“-ს („ხიდის“) ლიდერის, ერნსტ ლუდვიგ კირხნერის ესთეტიკა კარლოს ესთეტიკაზე პირდაპირ ჯდება. ეს იყო: აბსოლუტური შინაგანი კონცენტრაცია, სრული პათეტიკა, ჩაღრმავებულობა და კარგი გაგებით ეგოიზმი(ეგოცენტრიზმიც შეიძლება ითქვას, რადგან ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა). და სწორედაც, გარკვეული ელემენტები(ვთქვათ შტრიხის დადების, ან გამოყენების ექსპრესიული მანერა, ლოკალურ ტონებზე ფერის დატანვის და ა.შ.) კარლოსთვის ძალიან მისაღები იყო. მას ეს ყველაფერი ძალიან ორგანულად გამოსდიოდა და ესეც იყო კარლოს მომხიბვლელობა. მანამდე, ექსპრესიული ტიპის აზროვნება ჩვენთან საერთოდ არ იყო კულტივირებული. მინდა გითხრათ, რომ კარლომ თუკი რამე შემოიტანა და დაამკვიდრა, მან პირველ რიგში, გერმანულ ექსპრესიონიზმს გაუხსნა გზა. ხოლო თავისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე, კარლომ მიაღწია იმას, რაც მართლა უნიკალური იყო. ეს იყო მისი მონოქრონული ნამუშევრები. აქ გაერთიანება მოხდა ექსპრესიული გამოცდილების, ლიტერატურული ინტენციისა და, რაღა თქმა უნდა, კარლოს სამყაროსი.”

ძალადობა, ომი, ეკონომიკური კრიზისი, დემორალიზებული საზოგადოება და დანგრეული კულუტურლი ნორმები – ეს 90-იანი წლების დასაწყისში არსებული გარემოა. კარლოს შემოქმედება ყოველთვის მას ეხმიანებოდა, ერთგვარად აირეკლავდა. მისი პოეზია “ფოთის ელევატორთან დაიბადა” და არა მდიდრულ სალონში. მისი ლექსები ჭიათურის მაღაროებიდან აღმოცენდა და არა რომანტიზმიდან. „იქ, სადაც არ ისვრიან, შენი სამშობლო აღარაა.” _ წერდა კარლო და წერდა მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც ისვრიან.

ხელოვანებიდან, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ყველაზე მძიმედ სწორედ კარლო განიცდიდა. ალბათ, ამიტომაც გაუცრუვდა იმედები და ალბათ, ამიტომაც გადახაზა თავის ერთ-ერთ ნახატზე(რომელიც 1988 წელსაა დახატული) წარწერა:”მთელი ეს ბოლო დრო [რაღაც დროიდან] მთლიანად მოლოდინია რაღაცის.” ეს “რაღაც” ძალადობა და ტკივილი აღმოჩნდა და სხვა არაფერი. სწორედ ამ “რაღაცამ” იმსხვერპლა კარლოც: მოსკოვში, ქუჩაში მას დაყაჩაღების მიზნით თავს მაწანწალები დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. კარლო ტვინში სისხლჩაქცევით ერთი წლის შემდეგ, თბილისში გარდაიცვალა. ეს მოხდა 1994 წელს, როდესაც იგი 30 წლის იყო(იქამდე მან 1000 ფერწერული ტილოს დახატვა, 3000-მდე გრაფიკული ნამუშევარის შექმნა და 1500 ლექსის დაწერა მოასწრო).

კარლოს შემოქმედება, ისევე, როგორც მისი სიკვდილი, საქართველოს უახლოესი ისტორიის იმ მძიმე მონაკვეთის ალბათ ყველაზე კარგი ილუსტრაციაა.

One thought on “კარლო კაჭარავა – კაცი ბნელი 90-იანებიდან

  1. Pingback: კვირის ART აღმოჩენები | Le blog de Marita

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s