სქელი ყვითელი წიგნები, ძმები სტრუგაცკები და მაღალი თაროები

ჩემი სახლი, რომელშიც ოცი წელი და კიდევ ზუსტად ათი დღე გავატარე, მიტოვებულია. საიმედოდაა ჩარაზული. მხოლოდ ერთი სარკმელია ღია ჰაერის სამოძრაოდ, მაგრამ როდესაც შიგნით შედიხარ, მაინც ჩახუთული ჰაერი გხვდება. იქ დაახლოებით კვირაში ერთხელ მივდივარ და ყოველ გადასვლაზე ორ რამეს ვაკეთებ – დედაჩემის დატოვებულ ყვავილებს ვრწყავ და ჩემს კარადაში წიგნების თაროებს მტვრისგან გულდასმით ვასუფთავებ. მეშინია, ჩემი თეთრი წიგნები არ დაჭკნენ, დახმნენ და დაყვითლდენ. ყვითელი წიგნები არ მიყვარს. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ანტიპათია შეუგნებელი იყო. ერთხელ კი, როდესაც ამაზე დავფიქრდი, ასეთი დამოკიდებულების მიზეზს მივხვდი: ჩვენს სახლში ერთი ოთახი მთლიანად წიგნების თაროებით იყო სავსე. მათზე პაპაჩემის, მამიდაჩემის, მამაჩემისა და დედაჩემის წიგნები ეწყო. ისინი გარკვეული სპეციფიკის მიხედვით იყო განლაგებული. მაგალითად, კლასიკური ფრანგული ლიტერატურა სულ მაღლა ერთად ეწყო, მათ დაბლა ქართული პოეზიის რამდენიმეტომეული იყო ჩამწკრივებული, მერე ისტორიული რომანებიმოდიოდა და ასე შემდეგ. პატარაობაში მხოლოდ დაბლითა თაროებს ვწვდებოდი, ისიც, თუ მაგიდაზე ავბობღდებოდი. იქ კი, ჩემდა სამწუხაროდ, სულ რუსული სამეცნიერო ლიტერატურა ან ჩემთვის გაუგებარი და უცნაური რომანები ელაგა. ისინი ყველანი სქელები და ყვითლები იყვნენ. ზედ ყველას მამაჩემის ან დედაჩემის(ან მჩუქნელის) სახელები და წლები ეწერა. ალბათ, უმრავლესობა თავის დროზე სახელმძღვანელოები იყო, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ და ამიტომაც ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას დებდნენ.

ერთხელ, ბებიაჩემმა მე და ჩემს დას წიგნების წაკითხვისთვის რომ გვაქეზებდა, იმ ამბავს მოგვიყვა, თუ როგორ წაიკითხა მამაჩვენმა ათი წლის ასაკში „დიდი მოურავი“ და როგორ არ დაუჯერა მასწავლებელმა, როდესაც ეს ამბავი უთხრა. მამაჩემი კი ამდგარა და წიგნის შინაარსი თავიდან ბოლომდე მოუყოლია. მახსოვს, მე და ჩემი და ამ ისტორიით აღფრთოვანებულები ვიყავით და დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენს თაროებზე “დიდ მოურავს“ ვეძებდით. ოღონდ, რატომღაც, ამას უფროსებისგან მალულად ვაკეთებდით.  ჩვენ ვეძებდით წიგნს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ყველაზე სქელი უნდა ყოფილიყო(რახან მას „დიდი“ ერქვა), თუმცა, დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ის არც ისე დიდი იყო. ძალიან გაგვიხარდა და გადავწყვიტეთ, ჩვენც წაგვეკითხა, თუმცა, წიგნი მხოლოდ ჩემმა დამ წაიკითხა. მისგან განსხვავებით, ბავშვობაში წიგნების კითხვა არ მიყვარდა. მას სკოლის პერიოდში მთელი თაროები ჰქონდა გადაკითხული, მე კი ჩემს კოლექციაში ათზე ოდნავ მეტ წიგნს თუ შევაგროვებდი: ორიოდე წიგნი დედაჩემის ძალდატანებით მქონდა წაკითხული, კიდევ რამდენიმე მფრინავ ცოცხზე მომჯდარი სათვალეებიანი ბიჭუნას ხათრით და კიდევ ცოტა ისტორიის სიყვარულის ხათრით.  ამას დამატებული „ტომ სოიერის“ თხუთმეტი გვერდი, რომელიც ცხრა წლისამ წავიკითხე და ექვსასგვერდიანი „წითელი და შავი“ რომელსაც თექვსმეტი წლისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი. მაგრამ როცა სტუდენტები გავხდით, ადგილები გავცვალეთ და ახლა ჩემი და თითქმის აღარაფერს აღარ კითხულობს(გარდა ეკონომიკის ხუთკილოიანი სახელმძღვანელოებისა) მე კი პირიქით, ყველაფერს გარდა სასწავლო მასალებისა.

მახსოვს, როცა მეოთხე კლასში ვიყავი, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ყველაფერი დაიწვა. დამრიგებელმა გვთხოვა, სახლებიდან თითო–თითო წიგნი მიგვეტანა. მაშინ მამაჩემმა თაროდან ერთ–ერთი რუსული რომანი გადმოიღო. მის ყდაზე მუნდირიანი კაცი ეხატა, რომელსაც ცალი თვალი ბუდიდან უვარდებოდა და თავის ქალა ჰქონდა ახდილი. მამაჩემმა ღიმილით მითხრა, რომ ასეთი წიგნი იმ შენი სკოლის ბიბლიოთეკაში არ ექნებათო. ეს ძმები სტრუგაცკების რომანი იყო. მე ის სიამაყით ჩავიდე ჩანთაში და სკოლაში წავიღე, მაგრამ როდესაც დამრიგებელს მივეცი, მას ირონიულად გაეღიმა და მითხრა, რაც ზედმეტი იყო, ის გამოგატანესო. ჩემი მეოთხეკლასელი პიროვნება შეურაცხყოფილი დარჩა და თავის მერხთან იმედგაცრუებული დაჯდა. ვერ ხვდებოდი, ვისზე გავბრაზებულიყავი, დამრიგებელზე, თუ მამაჩემზე. საბოლოოდ, ორივეზე გავბრაზდი, მაგრამ არაფერი მითქვამს.

მერე თანდათან მეც გავიზარდე და უფრო მაღალ და უფრო საინტერესო თაროებსაც მივწვდი, მაგრამ სქელი, ყვითელი წიგნებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება(მიუხედავად იმისა, რომ მის აბსურდულობას ვაანალიზებ) დამრჩა და დამრჩა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ კლასიკური ლიტერატურა ახლაც არ მიყვარს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s